- საქართველოს რთული გეოპოლიტიკური მდებარეობა და
- მოსახლეობის მცირერიცხოვნება.
მოსახლეობის მცირერიცხოვნება საქართველოს სახელმწიფოს საშუალებას არ აძლევდა ეწარმოებინა აგრესიული პოლიტიკა, სხვა ხალხების დაპყრობა და დარბევა (ცალკეული გამონაკლისების გარდა. მხედველობაში გვაქვს - XII-XIII საუკუნეები - ვ.შ); არის მოსაზრება, რომ გეოპოლიტიკურ "მერიდიანული ღერძის" მიმოქცევის ფარგლებში მცხოვრებმა ხალხმა რაც შეიძლება სრულფასოვნად უნდა განაკუთვნოს თავი (სახელმწიფო წყობით და საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეგნებით) ან დასავლეთს, ან აღმოსავლეთს _ თუ სურს შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა. (ა.ჯოხაძე)
საქართველოსათვის პოლიტიკური ორიენტაციის არჩევის საკითხი ჯერ კიდევ IV საუკუნიდან დგას, როცა ქართველებმა ქრისტიანობა მიიღეს და ამით გარკვეული არჩევანი გააკეთეს ქრისტიანულ ბიზანტიასა და მაზდეანურ ირანს შორის.
მაგრამ რელიგიური ფაქტორი XV საუკუნემდე ორიენტაციის საკითხში გადამწყვეტ როლს მაინც არ თამაშობდა. აქ წინა პლანზე იყო წამოწეული სახელმწიფო ინტერესი, რომელიც აგებული იყო რეალურ ანგარიშზე, მოკლებული იყო ავანტიურას და ფანტაზიას. ზემოთ აღნიშნული მოსაზრების საპირისპიროდ (ან დასავლეთი ან აღმოსავლეთი), ქართველი სახელმწიფო მოღვაწეები სხვა პოლიტიკას ატარებდნენ: ირანსა და ბიზანტიას, ორ დიდ მოქიშპე მტერს შორის, საქართველოს შეეძლო თავი გადაერჩინა ორივესაგან დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოებით, დარჩენილიყო მესამე ფაქტორად, არ მიმხრობოდა არც ერთის კოალიციას და ამით სამუდამოდ ხიდი არ ჩაეტეხა მეორე მეზობელთან. ამ პოლიტიკის საუცხოო ნიმუშია ვახტანგ გორგასლის მეფობა და ქმედება, მისი ურთიერთობა ირანთან და ბიზანტიასთან.
მაგრამ როგორი იყო ჩვენს წინაპართა მოქმედება იმ ვითარებაში, როცა საქართველო (ან მისი რომელიმე ნაწილი) უკვე დაპყრობილი ჰქონდა მტერს, როგორც ეს იყო VI საუკუნეში, მეფე გუბაზის მკვლელობის მომენტში (554 წ.) მეფე გუბაზის მოკვლას ბიზანტიელი სარდლების მიერ მოჰყვა საგარეო ორიენტაციის გადასინჯვის მცდელობა ორატორ აიეტის მიერ ირანელთა სასარგებლოდ. აიეტს დაუპირისპირდა ფარტაძე, რომლის სიტყვა აგებული იყო ორ პრინციპზე: სარგებლიანობაზე და უმჯობესობაზე, რომელიც ერთიანდებოდა ერთ დევიზში _ "თავდაცვის მიზნით სუვერენიტეტის შეზღუდვა, როგორც უმცირესი ბოროტება," ლოგიკური დასაბუთებით ფარტაძემ დაარწმუნა შეკრებილნი, რომ უმჯობესია ისევ ბიზანტიასთან დარჩენა, მაგრამ მასთან უფრო პრინციპული პოლიტიკის წარმოება, ვიდრე ირანისკენ გადახრა.
თურქეთის მიერ კონსტანტინეპოლის დაპყრობისა და ერთიანი საქართველოს ცენტრალიზებული სახელმწიფოს დაშლის შემდეგ წინა პლანზე წამოიწია რელიგიურმა საკითხებმა და დაიწყო ქვეყნის ინტერესების სარწმუნოების თვალსაზრისით გაზომვა. ამით იყო გამოწვული ქრისტიანულ რუსეთზე ორიენტაციის აღება.
პირველ მიწერ-მოწერას და ელჩების გაგზავნას მოსკოვში იწყებენ კახეთის მეფეები XV საუკუნის ბოლოდან. თავის ნაშრომში "საქართველოს საგარეო პოლიტიკა", რომელიც ემიგრაციაშია შექმნილი 1934 წელს, ნოე ჟორდანია სამართლიანად წერდა: "იცოდნენ კი ამ ახირებულმა პოლიტიკოსებმა არა თუ მოსკოვის მმართველობის სისტემა, არამედ მისი გეოგრაფიული საზღვარი მაინც? იმ დროს, როცა კახეთი ითხოვდა მისგან ჯარით შველას, რუსეთის სამხრეთის საზღვარი გადიოდა მდინარე ოკაზე (დღევანდელი მოსკოვისა და რიაზანის გუბერნიების შორის), ქვემოთ მდებარეობდა კაზაკების დამოუკიდებელი რესპუბლიკა, იმის ქვევით ყირიმისა და ასტრახანის სახანო, მერე კიდევ ჩერქეზეთი _ ერთი სიტყვით, არავითარი საშუალება რუსეთიდან რაიმე სამხედრო დახმარების მიღების. პოლონეთი გაცილებით უფრო ახლო მდებარეობდა ჩვენგან, ვიდრე მაშინდელი რუსეთი. არავითარი რეალური დახმარება მოსკოვიდან არ მიუღია საქართველოს არც ერთ გაჭირვებულ მდგომარეობაში, ხოლო რუსეთში კი მიდიოდნენ ქართველები, შედიოდნენ იქ სამხედრო სამსახურში და თავს დებდნენ მოსკოვისათვის.
ამ ფანტასტიურმა ავანტიურისტულმა ცალმხრივმა ორიენტაციამ რუსეთზე სრულიად შეცვალა საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობა და საფუძვლად დაედო ყველა უბედურებას, რაც შემდგომ საქართველოს თავს დაატყდა ირანისა და თურქეთისაგან. ვახტანგ VI-ისა და სულხან-საბა ორბელიანის მცდელობას ორიენტაცია აეღოთ ევროპაზე _ შედეგი არ მოჰყოლია _ ევროპას თავისი პრობლემები ჰქონდა, და პატარა საქართველოსთვის, რომელიც დაქუცმაცებულიც იყო, თავს არ შეიწუხებდა. ამას მოჰყვა ვახტანგ VI-ის დიდი შეცდომები საგარეო პოლიტიკაში, რამაც იგი იძულებული გახადა გადახვეწილიყო რუსეთში და ქვეყანა უპატრონოდ მიეტოვებინა.
სიტუაცია მცირეხნით გამოასწორა ერეკლე II-ის მამამ თეიმურაზ მეორემ, მაგრამ XVIII საუკუნის 60-იანი წლებიდან კვლავ რუსეთზე ცალმხრივად ორიენტაციის აღებამ, გეორგიევსკის ტრაქტატის დადებამ, რითაც ძალზე გაღიზიანდა ირანი და თურქეთი, საბოლოო ჯამში ქართული სახელმწიფოებრიობის მოსპობა გამოიწვია. ყოველივე ეს იყო დიდი ტრაგედია ქართველი ხალხისათვის.
ქართველ თერგდალელულებს კარგად ესმოდათ, რომ რუსეთის ბატონობის მძიმე პირობებში შეუძლებელი იყო დამოუკიდებლობაზე ფიქრი. ამიტომ მათ მთელი აქცენტი გადაიტანეს ხალხის გამოფხიზლებაზე., ქვეყნის სამეურნეო აღორძინებაზე და ერის დამოუკიდებლობისათვის შემზადებაზე. ნიკო ნიკოლაძე მიუთითებდა, რომ "ნაციონალური მისწრაფების გადაჭარბება საქართველოს იმ საყასპოში ურგავს თავს, საცა ეხლახან ტყავი გააძრეს პოლშას და სისხლი დაუშვრეს ჩერქეზებს." ამიტომ, დროებით, სანამ შავი ზღვიდან გასავალი სრუტე ოსმალოს ხელშია, სანამ სამხრეთით ოსმალეთი და სპარსეთი გვაკრავს, აღმოსავლეთით ლეკი და თათარი, ჩრდილოეთით _ რუსეთი, ბევრიც რომ ვიწრიალოთ, იმ პოლიტიკას ვერ ავცილდებით, რომელიც აურჩევიათ საქართველოს უაღრეს გმირებს ბევრი ცდის, ძებნის და მსხვერპლის შემდეგ... რა ძალამ და აუცილებლობამ ეს დევები გატეხა, ის ახლაც უცვლელად არსებობს; მას ვერც ჩვენ ვერც მოვერევით'(ნ. ნიკოლაძე)
2008 წლის ბოლოს გარდაცვლილი ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი სემუელ ჰანთინგტონი თავის ნაშრომში "ცივილიზაციათა შეჯახება" ასაბუთებს, რომ მალე საერთაშორისო ურთიერთობებში დასავლეთის ქვეყნები სულ უფრო და უფრო მცირე როლს ითამაშებენ, საერთაშორისო ურთიერთობათა მთავარი ღერძი დასავლეთსა და დანარჩენ სამყაროს შორის წყალგამყოფ ხაზს გაუყვება.
ამ უაღრესად საინტერესო ნაშრომში ბევრი საინტერესო საკითხია დასმული, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად საქართველოსაც ეხება.
ს. ჰანთინგტონი სწორად აღნიშნავს, რომ "ცივ ომში' საბჭოთა კავშირის დამარცხების და მისი დაშლის შემდეგ დასავლეთი ძალაუფლების მწვერვალზე იმყოფება. ამავე დროს და ალბათ, სწორედ ამის შედეგად, არადასავლურ ცივილიზაციებში სულ უფრო აშკარად იჩენს თავს ფესვებისაკენ დაბრუნების ფენომენი. ამ ბოლო დროს თანდათან აშკარად იკვეთება იაპონიის საკუთარ თავში ჩაღრმავებისა და "გააზიურების" ტენდენცია. სულ უფრო ხშირად ისმის ლაპარაკი ნერუს მემკვიდრეობის დასასრულსა და ინდოეთის "ინდუიციაზე", სოციალიზმისა და სახელმწიფოებრიობის დასავლური იდეების მარცხზე ახლო აღმოსავლეთში და, ამდენად, მის "რეისლამიზაციაზე", ყოველივე ამას კი ვლადიმერ პუტინის და დიმიტრი მედვედევის რუსეთში ატეხილი გაცხოველებული კამათიც ემატება რუსეთის ვესტერნიზაციის შესახებ, ისევე როგორც საქართველოშიც _ ამერიკა თუ რუსეთი?
ძალაუფლების მწვერვალზე მყოფი დასავლეთი პირისპირ შეეჯახა არადასავლეთს, რომელიც სულ უფრო მზარდ მისწრაფებას, სურვილს და შესაძლებლობასაც ავლენს თავისებურ არადასავლურ ყაიდაზე მოაწყოს სამყარო.
წარსულში არადასავლურ საზოგადოებათა ელიტას, ჩვეულებრივ, ის ხალხი წარმოადგენდა, ვინც ყველაზე მეტად იყო ნაზიარები დასავლურ იდეებს. ოქსფორდში, სორბონაში თუ სენდჰერსტში ჰქონდა განათლება მიღებული და დასავლური შეხედულებები და ფასეულობები გათავისებული, ხოლო უბრალო ხალხი, არადასავლური ქვეყნების მოსახლეობა - მკვიდრი კულტურისადმი ერთგულებას ინარჩუნებდა. დღეს მდგომარეობა აშკარად შეიცვალა. ბევრ არადასავლურ ქვეყანაში თავს იჩენს ელიტის მიდრეკილება დევესტერნიზაციისაკენ, მაშინ, როცა დასავლური კულტურა, ცხოვრების სტილი და წეს-ჩვეულებანი ნელ-ნელა პოპულარული ხდება ხალხის მასებში. (მაგ საქართველოში)
ს. ჰანთინგტონი მიუთითებს, რომ საომარი კონფლიქტი დასავლურ სახელმწიფოთა შორის წარმოუდგენელია, დასავლეთს სამხედრო ძლიერებაშიც ტოლი არ ჰყავს. თუ იაპონიას არ ჩავთვლით, დასავლეთს არც ეკონომიკური მეტოქე უპირისპირდება ( თუმცაღა ვარაუდობენ, რომ 2020 წლისთვის ჩინეთი ამერიკას გადაუსწრებს ეკონომიკის კუთხით _ ვ.შ) ის საერთაშორისო პოლიტიკურ ორგანიზაციებშიც დომინირებს, უსაფრთხოების ინსტიტუტშიც და იაპონიასთან ერთად, ეკონომიკურშიც. ნებისმიერ გლობალურ პოლიტიკურ დავას აშშ-ის ბრიტანეთისა და საფრანგეთის, ეკონომიკურს კი _ აშშ-ის, გერმანიისა და იაპონიის მმართველი წრეები აგვარებენ (გერმანია და იაპონია ჯერ უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები არ არიან და პოლიტიკაში ჯერ კიდევ გადამწყვეტ სიტყვას ვერ ამბობენ ამადაც _ ვ.შ.) გაეროს უშიშროების საბჭოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადაწყვეტილებანი, რომლებიც პრაქტიკულად დასავლეთის ინტერესებს შეესაბამება, _ ხაზს უსვამს ს. ჰანთინგტონი, მსოფლიოს წარედგინება საერთაშორისო თანამეგობრობის მისწრაფებათა გამომხატველ დოკუმენტად.
თვით ფრაზა "საერთაშორისო თანამეგობრობა", განაგრძობს ავტორი, ერთგვარ ევფემისტურ კრებით სახელად იქცა ("თავისუფალი სამყაროს" ნაცვლად), რამაც აშშ-ის და სხვა დასავლური ძალების ინტერესებით განპირობებულ ქმედებებს საყოველთაო კანონიერების სახე უნდა მისცეს. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო ეკონომიკური ინსტიტუტების მეშვეობით, წერს ს. ჰანთინგტონი, დასავლეთი თავის ეკონომიკურ პოტენციალს აფართოებს და იმ ეკონომიკურ პოლიტიკას ახვევს თავზე სხვა ერებს, რომელიც თვითონ მიაჩნიათ სასურველად. თუ ყოველივე ამას საქართველოს პრიზმით შევხედავთ, სურათი აქაც თვალსაჩინოა: ფაქტია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ე.წ. "რეკომენდაციები" (სინამდვილეში მკაცრი მოთხოვნები) აქ ეროვნული წარმოების განვითარებას არ უწყობს ხელს და საქართველოს დასავლეთის სანედლეულო დანამატად აქცევს. საქმე იქამდე მივიდა, რომ საქართველოში აღარ იწარმოება ტომატ-პასტაც კი, აღარაფერს ვამბობთ სხვა პროდუქციაზე. ქვეყანაში გაბატონებულია "იმპორტის ლობი", რომელთაც ხელს აძლევს ყველაფრის უცხოეთიდან შემოტანა კონტრაბანდის გზით და შემდგომში გადასახადების გადაუხდელად გამდიდრება.
სტრატეგიული ნედლეულის (ჯართი, ხე-ტყე, ოქროულობა, ინტელექტის გადინება) უცხოეთში გატანამ ქვეყანა გააჩანაგა და ეკოლოგიური და სოციალური კატასტროფის პირას მიიყვანა. სავალუტო ფონდისა და სხვა ეკონომიკური ორგანიზაციების მიერ "ლობირებული" უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები, ცხადია, წინააღმდეგობას ვერ უწევენ ამ "რეკომენდაციების" მომცემთ. ეკონომიკურ და პოლიტიკურ წრეებშიც საეჭვოდ მომრავლდნენ ე.წ. "ლობისტები", რომლებიც სავალუტო ფონდსა და უცხოურ ფირმებს (ბოლო წლებში რუსულს) ხშირად ანტიეროვნულ საქმეებშიც უჭერენ მხარს, ცხადია, გარკვეული საზღაურის ნაცვლად (ე.წ. "ტროას ცხენის სინდრომი").
არადასავლური ქვეყნების ნებისმიერ საარჩევნო სიაში, განაგრძობს ს. ჰანთინგტონი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ნამდვილად მოიპოვებდა ფინანსთა მინისტრებისა და ზოგიერთი სხვა პირის მხარდაჭერას, მაგრამ ამომრჩევლის ძირითადი მასა ალბათ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფიციალური პირების გიორგი არბატოვისეულ დახასიათებას უფრო გაიზიარებდა: "ესენი არიან ნეობოლშევიკები, ძალიან რომ უყვართ სხვისი ფულის ექპსოპირაცია; არადემოკრატიული, უცხო ეკონომიჯური წესებისა და პოლიტიკური სისტემების თავს მოხვევა და ეკონომიკური თავისუფლების ჩახშობა".
უშიშროების საბჭოსა და მის გადაწყვეტილებებზე დასავლეთის ლამის ერთპიროვნულმა დომინირებამ, რასაც დროდადრო ჩინეთი თუ ეწინააღმდეგებოდა, შესაძლებელი გახადა ძალის გამოყენებაც კუვეიტიდან ერაყის გამოსადევნად, ერაყის მიერ უკვე გამოცდილი იარაღის განადგურებაც და შემდგომში ამგვარი იარაღის წარმოების აკრძალვაც, ბოლოს კი რეჟიმის ძალით შეცვლაც. დასავლეთი ეფექტურად იყენებს საერთაშორისო ინსტიტუტების, სამეხდრო ძლიერების და ეკონომიკურ რესურსებს მსოფლიოს იმგვარად სამართავად, რომ საკუთარი გავლენაც შეინარჩუნოს და დასავლური პოლიტიკური თუ ეკონომიკური ფასეულობანიც თითქმის იძულებით საყოველთაოდ გაავრცელოს. ეს ეხება კულტურის სფეროსაც. როგორც ვ.ნაიპოლი ამტკიცებს, დასავლური ცივილიზაცია "უნივერსალური ცივილიზაციაა", რომელიც "ყველა ადამიანისთვის ზედგამოჭრილია". ზედაპირულ დონეზე, დასავლური კულტურის მნიშვნელოვანმა ნაწილმა მართლაც Eშეაღწია დანარჩენ მსოფლიოში. თუმცა უფრო ძირეულ დონეზე დასავლური წარმოდგენები საფუძვლიანად განსხვავდებოდა სხვა ცივილიზაციებში გაბატონებული წარმოდგენებისაგან.
ინდივიდუალიზმის, ლიბერალიზმის, კონსტიტუციონალიზმის, თავისუფლების, კანონის უზენაესობის, დემოკრატიის, თავისუფალი ბაზრის, სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნის დასავლური იდეები ხშირად ძალიან სუსტ გამოძახილს პოულობს ისლამურ, კონფუციანურ, იაპონურ, ინდურ, ბუდისტურ და მართმადიდებლურ კულტურებში, - განაგრძობს ს. ჰანთინგტონი. ამგვარი იდეების პროპაგანდა დასავლეთის მხრიდან სანაცვლოდ იწვევს რეაქციას "დემოკრატიული იმპერიალიზმის" წინააღმდეგ. ამის ნათელი მაგალითია არადასავლურ კულტურებში რელიგიური ფუნდამენტალიზმის აქტიური მხარდაჭერა ახალგაზრდა თაობის მიერ. თავისთავად მოსაზრება "უნივერსალური ცივილიზაციის" არსებობის შესახებ, წმინდა დასავლური იდეაა, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება უმეტეს აზიურ საზოგადოებათა პარტიკულარიზმს, მათ ძირეულ შეხედულებებს ერთი ხალხის მეორისაგან განსხვავების თაობაზე: მართლაც, _ წერს ს. ჰანთინგტონი, როგორც სხვადასხვა საზოგადოებაში ჩატარებულმა ღირებულებათა შედარებითმა კვლევამ დაადასტურა, "დასავლეთისათვის ყველაზე უფრო ფასეული ღირებულებანი მსოფლიო მასშტაბით ყველაზე ნაკლებად ფასობენ" პოლიტიკურ სფეროში, რა თქმა უნდა, ამ განსხვავებას ყველაზე ნათლად ადასტურებს აშშ-ისა და დასავლეთის სხვა დიდ სახელმწიფოთა მცდელობანი "სხვებიც აზიარონ" დემოკრატიისა და პიროვნებების უფლებათა დასავლურ იდეებს. არადასავლურ საზოგადოებაში კი, წერს ავტორი, ის ან დასავლეთის კოლონიალიზმის ნაყოფია, ან იძულების (საქართველოში ამას იძულების ხასიათი აქვს, რადგან დასავლეთი და აშშ სხვადასხვა ბერკეტებით აიძულებს ხელისუფლებაში მყოფ ყოფილ ნომენკლატურას და ნაციონალურ მოძრაობას გაატაროს ე.წ. დემოკრატიული რეფორმები, რომლის არსი ხელისუფლებას არც ესმის _ ვ.შ)
ს. ჰანთინგტონი აღნიშნავს, რომ მომავალში მსოფლიო პოლიტიკის ცენტრალური ღერძი, როგორც ჩანს, იქნება კონფლიქტი "დასავლეთსა და დანარჩენებს შორის" და არადასავლური ცივილიზაციების საპასუხო რეაქცია დასავლეთის ძლიერებასა და ღირებულებებზე (ს. ჰანთინგტონის ეს თეზისი კარგად დაადასტურა 2002 წლის 11 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარმა უძლიერესმა ტერაქტებმა, რომლებმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და რომელმაც დასაბამი მისცა მუსულმანური და ქრისტიანული ცივილიზაციების ფაქტიურ დაპირისპირებას. აგრეთვე რუსეთ-საქართველოს საომარმა კონფლიქტმა 2008 წელს).
ამგვარი რეაქცია, როგორც წესი, არაერთგვაროვანია ან სამი სხვადასხვა ფორმის კომბინაციას წარმოადგენს. ერთი უკიდურესობაა, როცა არადასავლურ სახელმწიფოებს, ბირმისა და ჩრდილოეთ კორეის მსგავსად, შეუძლიათ ბოლომდე იზოლაციის გატარებას შეეცადონ, საკუთარი საზოგადოებანი დასავლეთის "გამრყვნელი ზეგავლენისაგან" დაიცვან და ამის შედეგად დასავლეთის მიერ მართული გლობალური საზოგადოებისაგან გარიყულნი დარჩნენ. თუმცა მსგავსი კურსის საზღაური ძალიან მძიმეა და ცოტა ქვეყანა თუ მისცემს თავს ამგვარი ფუფუნების ნებას. მეორე ალტერნატივა იგივეა, რაც :გამარჯვებულის მიმხრობის" ტაქტიკა საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში: დასავლეთთან შეერთების მცდელობა და მისი ღირებულებებისა და წესრიგის "გათავისება" (საქართველოში ეს მოდელია დღეს დამკვიდრებული _ ჩვენ გამარჯვებულ დასავლეთს ვემხრობით).
მესამე ალტერნატივაა დასავლეთის "გაწონასწორების" ცდა საკუთარი ეკონომიკური და სამხედრო განვითარების გზით, სხვა არადასავლურ სახელმწიფოებთან დასავლეთის წინააღმდეგ თანამშრომლობით და ტრადიციული ღირებულებების, ცხოვრების წესის დაცვითა და შენარჩუნებით, მოკლედ მოდერნიზაცია, მაგრამ ვესტერნიზაციის გარეშე (ს. ჰანთინგტონი).
თუ გავითვალისწინებთ ჩვენი ძველი წინაპრების გამოცდილებას XV საუკუნემდე, სწორედ ეს მესამე ალტერნატივაა დღეისათვის ყველაზე მისაღები საქართველოსათვის, ერთის გამოკლებით _ დასავლეთის წინააღმდეგ ვინმესთან თანამშრომლობა არ ღირს, არც ღიად, არც ფარულად, დანარჩენი უეჭველად გასაკეთებელია _ ეკონომიკური და სამხედრო გაძლიერება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ტრადიციული ღირებულებების, ცხოვრების წესის დაცვა და შენარჩუნება, ყოველივე კარგის გადმოღება ხანგრძლივი განსჯის შედეგად როგორც დასავლეთიდან, ასევე აღმოსავლეთიდან და თუნდაც რუსეთიდან. ეს იქნებოდა ჩვენი წინაპრების ტრადიციების გაგრძელება. გამოჩენილი ქართველი მოაზროვნენი ხაზს უსვამდნენ, რომ ქართველობის მისია იყო და ისევ უნდა იყოს დასავლეთისა და აღმოსავლეთის კულტურათა სინთეზი. აქედან შეიძლება ასეთი დევიზი ჩამოყალიბდეს პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით _ "თანამშრომლობა ყველა ძალასთან, მაგრამ არშესვლა აშკარად არც ერთ სამხედრო ბლოკში, არც ნატოში და არც რუსეთის მიერ შექმნილ რაიმე გაერთიანებაში." არც ნატოს ქვეყნები და არც რუსეთი პატარა საქართველოს გულისათვის ერთმანეთს თავს არ დაესხმიან მათი წესდებიდან გამომდინარე. ეს საკუთარ თავზე გამოვცადეთ 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის დროს. სუსტს არავინ ანგარიშს არ უწევს, არც აშშ-ი და არც თითქოს "დასუსტებული" რუსეთი. "ჩვენს დროში მიღებული არ არის ანგარიშის გაწევა სუსტებისათვის _ ანგარიშს უწევენ მხოლოდ ძლიერებს" (ი.სტალინი). თავის მხრივ რუსეთი დღეს მკაცრი ალტერნატივის წინაშე დგას: თუ მას უნდა, რომ შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა დღეს არსებულ საზღვრებში, მაშინ ის აღმოსავლური ტიპის ავტორიტარულ სახელმწიფოდ უნდა დარჩეს. თუ რუსეთის ნამდვილი ვესტერნიზაცია დაიწყო, მაშინ მისი დაშლა გარდაუვალია. რუსეთი დღეს პირველ ვარიანტს ირჩევს ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად. დასავლეთიდან ნატოს და აღმოსავლეთიდან ჩინეთ-იაპონიის მიერ შევიწროვებული რუსეთის აგრესიული ენერგია უმცირესი წინააღმდეგობის ზონაში, ანუ ახლო და შუა აღმოსავლეთისაკენ, მათ შორის კავკასიისკენ მიილტვის, რომელიც მახლობელი აღმოსავლეთის კარიბჭეა. დასუსტების მიუხედავად ყველა უფრთხის რუსეთს მისი ბირთვული პოტენციალის გამო. რუსეთი არც არასდროს იყო აყვავებული ეკონომიკის ქვეყანა, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით ის ანგარიშგასაწევი ძალა იყო და დღესაც რჩება. დღევანდელმა ხელმძღვანელობამ ეკონომიკას ჯერჯერობით ისეთი ვერაფერი მოუხერხა, მაგრამ სამხედრო ძლიერების საკითხს მაინც ჯეროვან ყურადღებას აქცევს და ამბიციებს არასოდეს დათმობს, განსაკუთრებით კავკასიაში, სადაც ნატოს შემოსვლას ის ალბათ არ შეურიგდება.
საქართველოს ხელისუფლებამ ბევრჯერ განახორციელა უშედეგო მცდელობანი ნატოში და ევროკავშირში საქართველოს გასაწევრიანებლად, რამაც ძალზე გააღიზიანა რუსეთი. ეს შორეული პერსპექტივაა და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ იქ სიხარულით არავინ გველოდება. საქართველომ, ალბათ ამ ეტაპზე გარკვეული დაბალანსებული ნეიტრალიტეტი უნდა შეინარჩუნოს, განავითაროს თავისი ეკონომიკა, გაძლიერდეს სამხედრო თვალსაზრისით და თუ შემდგომ მას დაუდგა უკიდურესი აუცილებლობა, მხოლოდ მაშინ უნდა გააკეთოს არჩევანი ამა თუ იმ მხარეს. შეიძლება უკეთესი აღმოჩნდეს ურთიერთობის განვითარება ევროპასთან და ჩინეთთან, ვიდრე ამერიკა-რუსეთთან. მანამდე კი ვიაროთ ჩვენი გზით, გავატაროთ დამოუკიდებელი საშინაო და საგარეო პოლიტიკა. ნუ ვიქნებით მხოლოდ სხვისი დახმარების იმედზე, ჩვენს სატკივარს მხოლოდ ჩვენ თუ ვუმკურნალებთ. ამას ჯერ კიდევ ერთი საუკუნის წინ გვასწავლიდა ნიკო ნიკოლაძე: "ჯერ არსად, არც ერთ ქვეყანაში მაგალითი არ უნახავს კაცს, რომ რომელიმე ხალხი ან საზოგადოება ამაღლებულიყოს სხვისი დახმარებით, თუ არა საკუთარი შრომით და ჯანით... დროა თვალი გამოვახილოთ და დავრწმუნდეთ, რომ დამხმარებელი და გამკეთებელი ჩვენს თავზე უკეთესი არასოდეს არ გვეღირსება."
ძირითადი ფაქტორი სახელმწიფოთაშორის, ერთაშორის ურთიერთობებში ნაციონალური ინტერესებისათვის ბრძოლაა. ასეთია რეალობა. ნაციონალური ინტერესებისათვის კი თავის მხრივ განმსაზღვრელია:
- ა) ერის თავისუფალი და დამოუკიდებელი სახით არსებობა;
- ბ) სამხედრო ხიფათისა და სუვერენიტეტის დაკარგვის (ან შეზღუდვის) თავიდან აცილება;
- გ) ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის უზრუნველყოფა;
- დ) საერთაშორისო სარბიელზე საკუთარი პოლიტიკური სტატუსის შენარჩუნება;
- ე) მოკავშირეების შენარჩუნება.
ამა თუ იმ საკუთარი ნაციონალური ინტერესების უზრუნველყოფა დამოკიდებულია ამ ქვეყნის ნაციონალურ ძალაზე.
ნაციონალური ძალის დახასიათებისას მორგენტაუ გამოჰყოფს 9 ძირითად პარამეტრს:
- ქვეყნის გეოგრაფიული ადგილსამყოფელი (ხელსაყრელია თუ არა გეოპოლიტიკური თვალსაზრისით).
- ქვეყნის ბუნებრივი რესურსები (შეუძლია თუ არა საკუთარი თავის უზრუნველყოფა ომის პირობებში სურსათითა და სიცოცხლისუნარიანობისათვის აუცილებელი ნედლეულით)
- საწარმოო შესაძლებლობები (ახალი ტექნოლოგიები, როგორაა ათვისებული ბუნებრივი რესურსები).
- სამხედრო პოტენციალი (სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, ზურგის უზრუნველყოფის დონე)
- მოსახლეობა (მისი ოდენობა საომარი და სამშვიდობო ოპერაციების უზრუნველსაყოფად)
- ეროვნული ხასიათი (კულტურული ღირებულებების შკალა, მოსახლეობის სიმპატიები და ანტიპატიები: უნარი, დიდხანს და შეუპოვრად ისწრაფოდეს დასახული მიზნისკენ, და ითმინოს გაჭირვება და დროებითი წარუმატებლობანი ან პირიქით, პირველივე სერიოზული ბარიერის შეხვედრისთანავე ჩაიქნიოს ხელი, ომში მობილიზების უნარი)
- "ნაციონალური მორალი" (უჭერს თუ არა ხალხი თავის მთავრობას მხარს, განსაკუთრებით ომის დროს)
- დიპლომატიის ხარისხი (იმგვარად წარმართონ სახელმწიფოს ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან, რომ უზრუნველყონ მისთვის საკუთარი ნაციონალური ძალის შესაბამისი ადგილი მსოფლიოში)
- მართვის ხარისხი (გულისხმობს მთავრობის, ხელისუფლების მიერ საზოგადოებრივი აზრის იმგვარ ხელმძღვანელობას, წარმართვას, როგორიც ამ ხელისუფლებას გატარებული პოლიტიკური კურსისადმი ხალხის სრულ მხარდაჭერას მოუტანდა).
ამ 9 პარამეტრიდან პირველის გარდა (გეოგრაფიული ადგილსამყოფელი), 8 პარამეტრის ცენტრში არსებითად ადამიანი დგას, ადამიანის მოქმედების საშუალებით ხორციელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობა, ჩვენი ნაციონალური ინტერესების დამაკმაყოფილებელი ნაციონალური ძალა ისევ ჩვენზე ყოფილა დამოკიდებული. არ არსებობს იმ რვიდან რომელიმე პარამეტრი, რომლის გაუმჯობესებაც არ შეიძლებოდეს, თუ კი საამისოდ საკმარისი საერთო ნება გაგვაჩნია.(მ. ბიჭაშვილი). ამ საერთო ნების ჩამოყალიბებაში დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ხელისუფლებას, რომელიც ღრმად ეროვნული უნდა იყოს და არა ისეთი, როგორიც კომუნისტების მმართველობის პერიოდში იყო, რომელმაც 21 ათასი კვადრატული კილომეტრი ტერიტორია ჩვენს მეზობლებს საჩუქრად დაურიგა დღევანდელებივით.
« ფორუმი »



































