ინა ჭარუაშვილს მიღებული აქვს მრავალი სხვადასხვა ჯილდო და სტიპენდია, მათ შორის 2002 და 2004 წლებში საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდია და 2002 წელს საერთაშორისო საფორტეპიანო აკადემიის სტიპენდია. 2006-2008 წ.წ. იყო ღჩMს შოირეე დ’ორე-ის სტიპენდიანტი, ხოლო 2008-2009 წ.წ. მიღებული აქვს პოლონსკის ფონდის ჯილდოები და სტიპენდიები. 2009-2010 წ.წ. შერჩეულ იქნა Anthony Salt marsh junior Ellowship-სთვის. საერთაშორისო კონკურსებზე მიღებულ პრემიებს შორის აღსანიშნავია:
- 1998 წელს ქალაქ ბეერ-შევაში ისრაელის დაარსების 50 წლისთავისთვის მიძღვნილ კონკურსზე მე-2 პრემია;
- 1999 წელს იტალიაში სენეგალიის საერთაშორისო კონკურსზე მე-2 პრემია; ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ იორკში იაკობ ფლიერის საერთაშორისო კონკურსზე მე-2 პრემია;
- 2001 წელს ანდორის საერთაშორისო კონკურსზე ანდორას სპეციალური პრიზი;
- 2002 წელს გერმანიის ქალაქ მურჰარდტში მთავარი პრიზი - მაყურებლის პრიზი; იყო
- 2003 წლის საქართველოს რესპუბლიკის კონკურსის დიპლომანტი;
- 2004 წელს იტალიაში კაზალე-მონდერტო კარლოს სოლივას სახელობის საერთაშორისო კონკურსზე პირველი პრემია;
- 2005 წელს თბილისში, მესამე საერთაშორისო კონკურსზე ოქროს მედალი და მე-5 პრემია.
ინა, ალბათ ადრეულ ასაკშივე გატყობდნენ, რომ განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი გქონდა...
ხელი იმ გარემოებამაც შემიწყო, რომ ჩემი მშობლებიც მუსიკოსები არიან - მამა ქალაქ გორის #2 მუსიკალური სკოლის დირექტორია, დედა - ამავე სკოლის პედაგოგი. თავიდანვე უცნაური ბავშვი ვყოფილვარ - საოცრად ცელქი და მოუსვენარი. ყველაფერს ვამტვრევდი და ვაფუჭებდი, ნაზად და ფაქიზად მხოლოდ მუსიკალურ ფირფიტებს ვეპყრობოდი. ჩემი დაწყნარების ერთადერთი საშუალება მუსიკა იყო. დედა ჩამირთავდა ხოლმე დოლიძის ოპერას "ქეთო და კოტე" და მეც მომენტალურად ვმშვიდდებოდი, ბოლომდე სულმოუთქმელად ვუსმენდი, დასრულებისთანავე კი დიდი ადამიანივით ამოვისუნთქებდი ხოლმე... მაშინ წლისაც კი არ ვიყავი... მერე დედამ სხვა ოპერებზე, სიმფონიურ და საფორტეპიანო მუსიკაზე "გადამიყვანა." 3 წლისა უკვე კლასიკური მუსიკის მოყვარული ვიყავი. როგორც დედა ამბობს, თანამედროვე საესტრადო მელოდიები არ მიზიდავდა.
ალბათ აქტიური ბავშვი იყავი და კულტურულ ღონისძიებებშიც იღებდი მონაწილეობას.
ორი წლის ასაკში კულტურის სახლის სცენაზე სიმღერა შევასრულე. მგონი მიკროფონის ხელა არც ვიყავი, ხელში ძლივს მეჭირა. კონცერტი ჩემი გამოსვლით დასრულდა. ყვავილები მომართვეს. კულისებში უნდა გავსულიყავი, სადაც დედა მელოდა, მაგრამ მე რატომღაც დარბაზში ჩავედი და წინა რიგის მაყურებელს სათითაოდ დავურიგე ყვავილები. ერთი სიტყვით, იმ დღეს დარბაზში დავიკარგე და დიდხანს მეძებდნენ.
6 წლის ასაკში, სანამ მუსიკალურ სკოლაში მიმიყვანდნენ, შემეძლო გვერდით ოთახიდან ფორტეპიანოზე აღებული ნოტის გამოცნობა. ერთი ნოტის გამოცნობა აბსოლუტურ სმენად ითვლება, მე კი შემეძლო ერთდროულად ხუთი-ათი ნოტის გამოცნობა. მუსიკალურ სკოლაში ჩემი პედაგოგი, ქალბატონი ვერა ხადური იყო, რომელიც თავის დროზე მამაჩემის მასწავლებელიც იყო.
სცენა ბავშვობიდან ძალიან მიყვარს, თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში. აუდიტორია არ მაკომპლექსებს, პირიქით, სტიმულსა და ხალისს მმატებს. ამიტომ პატარაობაში, რადგან უზომოდ ზარმაცი და თავნება ვიყავი, მხოლოდ მაშინ ვჯდებოდი ინსტრუმენტთან სიამოვნებით, როცა მპირდებოდნენ, რომ კონცერტზე დავუკრავდი.
გორის მუსიკალური სკოლის შემდეგ სწავლა თბილისში განაგრძე, არა?
გორის მუსიკალურ სასწავლებელში მასტერკლასის ჩასატარებლად თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი, ცნობილი პიანისტი ალექსანდრე გარბერი ჩამოვიდა. მეოთხე კლასში ვსწავლობდი, როცა მომისმინა და თქვა: ამ ბავშვმა გორის დონე ამოწურა და ცოდო იქნება თბილისში რომ არ გადმოიყვანოთო. მხოლოდ ორი წლის შემდეგ, ყოველგვარი მომზადების გარეშე ჩავაბარე თბილისის "ნიჭიერთა ათწლედში" (ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური სკოლა). მოვხვდი გარბერის კლასში, რომელიც სხვათაშორის, დღესაც ამბობს, რომ ჭარუაშვილისნაირი მოსწავლე არ ჰყოლია. შვილივით მექცეოდა, თავის პასპორტში ჩამწერა და სულ თან დავყავდი საერთაშორისო კონკურსებზე. სხვათაშორის, დედა ძალიან მიწყობდა ხელს, ყოველ გაკვეთილზე დამყვებოდა და პედაგოგის შენიშვნებს რვეულში იწერდა. მერე სახლში ერთად ვმუშაობდით ამ შენიშვნებზე.
შემდეგ ჩავაბარე თბილისის კონსერვატორიაში უფასო განყოფილებაზე. კონკურსში პირველ ნომრად მოვხვდი.
როგორც ვიცი, ლონდონის სამეფო მუსიკის კოლეჯში საკმაოდ რთულია მოხვედრა.
2006 წელს თბილისში ჩატარებულ პრესტიჟულ კონკურსს, მსოფლიოში განთქმული რუსი პიანისტი დიმიტრი ალექსეევიც ესწრებოდა. როცა მომისმინა, მირჩია, ბედი ლონდონის სამეფო კოლეჯში მეცადა. გავგზავნე ვიდეოკასეტა ჩემი შესრულებით. სანამ პასუხს გავიგებდი, კონსერვატორიის მაგისტრატურაში ჩავაბარე. სხვათაშორის, აქაც პირველ ნომრად მოვხვდი (უფასო განყოფილებაზე). მიუხედავად იმისა, რომ ლონდონის კოლეჯში მიღება დამთავრებული იყო, დადებითი პასუხი მომივიდა. ამ კოლეჯში სწავლა წარმოუდგენლად ძვირია და სპონსორისა და სტიპენდიის გარეშე იქ სწავლაზე ოცნებაც კი ზედმეტია. სპონსორი არ მყავდა. სტიპენდიის მოსაპოვებლად კი აუცილებელია შემფასებლების წინაშე პირადად წარსდგე. ძალიან გამიმართლა და შეიძლება ითქვას, რომ მე ერთადერთი ვარ, ვისაც მხოლოდ ვიდეოჩანაწერის მოსმენით დაენიშნა სტიპენდია.
სტიპენდიის თანხა საკმარისია იქ ცხოვრებისათვის?
მე სამწლიანი სტიპენდია მოვიპოვე. საკმაოდ სოლიდური თანხაა და გათვლილია გარდა სწავლის საფასურის გადასახდელად, ბინის ქირისთვის და კვების ხარჯებისათვის. ანუ, ზუსტად იმდენია, რაც მჭირდება იქ ცხოვრებისთვის. ლონდონში მაქვს მიღებული მაგისტრის, ასპირანტურის და ასევე არტისტის დიპლომი.
ამჯერად ლონდონის სამეფო მუსიკის კოლეჯში პედაგოგ-ასისტენტად ვმუშაობ, კერძოდ, ვამეცადინებ მოსწავლეებს. ვუკრავ კონცერტებზე, ვიღებ მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებში.
ლონდონში პირველად რომ ჩახვედი, ენის მხრივ პრობლემები ხო მარ გქონდა?
საერთოდ, ინგლისურს ბავშვობიდანვე ვსწავლობდი, თუმცა, რომ ჩავედი, მეგონა, ერთი სიტყვაც არ ვიცოდი. ყველაფერი მესმოდა, მაგრამ მთელი ერთი თვე ხმა არ ამომიღია. აქ სულ სხვანაირ ინგლისურს გვასწავლიან, რეალურად კი ლონდონში სულ სხვა სალაპარაკო ენაა. თუმცა, ერთი თვის შემდეგ აღარანაირი პრობლემა აღარ მქონდა, უკვე ჩვეულებრივად ვლაპარაკობდი. მეტსაც გეტყვით, ამ ერთი წლის წინ, ასპირანტურის დიპლომი რომ დავიცავი, ზუსტად ერთი საათი ვსაუბრობდი აუდიტორიის წინაშე კლასიკურ მუსიკაზე ქართული ხალხური მუსიკის გავლენის შესახებ.
საერთოდ ენებს ადვილად ვითვისებ, ვფიქრობ, რომ ამაში ჩემი სმენაც მეხმარება. სრულყოფილად ვიცი ინგლისური, რუსული, იტალიური, მესმის გერმანულიც. ამჟამად, რადგან მყავს ფრანგი მოსწავლეები, ფრანგულსაც ვსწავლობ. საერთოდ, სამი დღე მჭირდება, რომ უცხოენოვან გარემოს მოვერგო.
ინა, ვინ არის შენი საყვარელი კომპოზიტორი?
წლების განმავლობაში რახმანინოვი იყო ჩემთვის საყვარელი #1 კომპოზიტორი. ახლა კი, წლები რომ მომემატა, შუმანსა და ბრამსს ვანიჭებ უპირატესობას. თანამედროვე კლასიკური მუსიკა ნაკლებად მიზიდავს.
მოდი ისევ ლონდონს დავუბრუნდეთ. როგორ ცხოვრობ, როგორია იქ შენი დღის განრიგი?
საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მაქვს. წელიწადში ერთხელ თუ ვახერხებ საქართველოში ჩამოსვლას, ისიც რამე მიზეზით (კონცერტი, კონკურსი!..). რაც შეეხება ლონდონურ ცხოვრებას, კონკრეტული დღის განრიგი არ მაქვს, რადგან სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე (პედაგოგის ასისტენტობა), როდის რომელ პედაგოგს დავჭირდები, წინასწარ არ ვიცი. ეს სამუშაო ჩემი კვალიფიკაციის ამაღლებას ემსახურება. მოსწავლეებს მეტწილად შაბათ-კვირას ვამეცადინებ. გამოვდივარ კონცერტებზე, კონკურსებზე. თავისუფალ დროს ვმეცადინეობ. ადრე მეცადინეობას უფრო მეტ დროს ვანდომებდი, ახლა კი კონცერტის წინ სამი-ოთხი საათი ვემზადები, კონკურსისთვის კი დღეში რვა-ათი საათი ვმუშაობ. იშვიათად მრჩება დრო, რომ წავიდეთ თეატრში ან კონცერტზე. თავდაპირველად იმდენს ვმეცადინეობდი, ამის დროც არ მქონდა. ასე რომ, ყოველდღე, დილის 6 საათზე ვდგები. 6 საათსა და 45 წუთზე სახლიდან გავდივარ და ველოსიპედით (უფრო იაფი გვიჯდება), იშვიათად მეტროთი, მივდივარ სამსახურში.
სხვათაშორის, მინდა გითხრათ, რომ ველოსიპედის მართვა საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა და რადგან საავტომობილო გზაზე გვიწევს მოძრაობა, დიდ მობილიზებას მოითხოვს.
შენი აზრით, რით განსხვავდება ქართველი მსმენელი უცხოელი მსმენელისგან?
სამწუხაროდ, კლასიკურ მუსიკას საქართველოში სათანადო დაფასება არა აქვს. აქ მას საკმაოდ მცირერიცხოვანი, სპეციფიკური მსმენელი ჰყავს. საქართველოში კლასიკური მუსიკის კონცერტებს მხოლოდ მუსიკოსები ესწრებიან, შემთხვევითი ადამიანები - სხვა სფეროს წარმომადგენლები ამ კონცერტებზე არ დადიან. ფაქტობრივად კოლეგები ერთმანეთის კონცერტებს ესწრებიან და სამწუხაროდ, ისინი მოდიან არა იმისათვის, რომ ხელოვნებისგან სიამოვნება მიიღონ, არამედ იმიტომ, რომ ერთმანეთი აკრიტიკონ. თუმცა, ამ ბოლო დროს, რაც საქართველოში ჩამოსულ უცხოელთა რიცხვმა იმატა, კონცერტებს ხშირად მუსიკის უცხოელი მოყვარულებიც ესწრებიან. საზღვარგარეთ, კერძოდ კი ინგლისში კლასიკური მუსიკის კონცერტებს საკმაოდ ფართო მსმენელი ჰყავს. იქ იციან კარგი მუსიკის ფასი. კონცერტებს ესწრებიან ბიზნესმენები, იურისტები, ექიმები, სხვადასხვა ასაკის, პროფესიის და მისწრაფების ადამიანები. მათ მოსმენის დიდი კულტურა აქვთ. მსმენელი კონცერტზე მოდის იმისათვის, რომ სიამოვნება მიიღოს. ინგლისში, ჩვენგან განსხვავებით, ძალიან უყვართ და დიდ პატივსაც სცემენ კლასიკურ მუსიკას. კლასიკური მუსიკის კონცერტები ყველაზე პრესტიჟულ დარბაზებში იმართება.
ინა, სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?
თუ ბევრი კონცერტი მექნება, ალბათ სხვა სამუშაოზე უარს ვიტყვი. უფრო მეტი დრო დამრჩება სამეცადინოდ. კონცერტებიდან მიღებული გასამრჯელო საკმაოდ სოლიდური თანხაა და ჩემთვის ეს საკმარისი იქნება. საერთოდ, კონცერტები დიდი ხნით ადრე იგეგმება: ერთი წლით, ორი წლით ადრეც კი. უახლოეს მომავალში დაგეგმილი მაქვს კონცერტები ინგლისში, იტალიაში, გერმანიაში, მონღოლეთში, რუსეთში. ნოემბერში მაქვს კონცერტი ნიუ იორკის კარნეგი-ჰოლში... ძალიან მახარებს, რომ ჩემს კონცერტებზე თავისუფალი ადგილი არ არის...
როგორც ვიცი, შენი მეუღლეც მუსიკოსია.
მინდა აღვნიშნო, რომ ისევე როგორც მე, მასაც მუსიკოსი მშობლები ჰყავს. ორი წლის წინ, როცა გავთხოვდი, ყველასთვის მოულოდნელი იყო, ყველას ძალიან გაუკვირდა. ისიც კი მითხრეს: არ გვეგონა, ოდესმე თუ გათხოვდებოდიო. ასეთი იმიჯი იმიტომ მქონდა, რომ არასდროს არსად დავდიოდი, სულ ვმეცადინეობდი, მიაჩნდათ, რომ მუსიკის გარდა ჩემთვის არაფერი არსებობდა. ირაკლი თბილისში, ინგლისში წასვლამდე გავიცანი, მერე ლონდონში რომ წავედი, ინტერნეტის საშუალებით ვურთიერთობდით. ირაკლი კანადაში მიდიოდა სასწავლებლად, თუმცა ჩემს გამო გადაიფიქრა და ლონდონში სამეფო მუსიკის კოლეჯში ჩააბარა. სხვათაშორის, მანაც სტიპენდია მოიპოვა. როცა მშობლებს განვუცხადეთ, რომ ლონდონში მოვაწერდით ხელს, მამაჩემმა, როგორც ქართულ ტრადიციებზე აღზრდილმა კაცმა, გვითხრა, რომ ყველაფერი წესისამებრ უნდა ყოფილიყო, რომ ჯერ ხელი მოგვეწერა და მერე წავსულიყავით ინგლისში. ასეც მოვიქეცით, ირაკლი მშობლებთან ერთად მოვიდა ოჯახში და ყველაფერი ისე გავაკეთეთ, როგორც მამაჩემს სურდა.
მინდა გითხრათ, რომ ჩემი მეუღლე გარდა იმისა, რომ კარგი მუსიკოსია, სპორტიც ძალიან უყვარს. ლონდონში წასვლამდე პროფესიონალი ფეხბურთელი იყო, კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, უცხოეთის ერთ-ერთ გუნდში ჰქონდა შემოთავაზება და როცა დადგა მომენტი, საბოლოო არჩევანი გაეკეთებინა, მან მუსიკა აირჩია. თუმცა დღეს ის კოლეჯის საფეხბურთო გუნდშიც თამაშობს.
ერთი სიტყვით, ახლა ლონდონში ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ. სახლში ერთი ინსტრუმენტი გვაქვს. დღისით მე ვმეცადინეობ, ღამით - ირაკლი.
შეიძლება ითქვას, კონკურენტებიც ხართ. რომელი უფრო წარმატებული ხართ, როგორ ფიქრობ?
მე ყოველთვის ვამბობ, რომ ირაკლი მჯობია, ის კი - რომ მე ვჯობივარ. ერთმანეთის კონცერტებს ვესწრებით, მერე ერთმანეთს შენიშვნებს ვაძლევთ. ასეთი მიდგომა განვითარებაში გვიწყობს ხელს. ხშირად ერთ კონკურსში ვიღებთ ხოლმე მონაწილეობას. ხან მე ვიმარჯვებ, ხან - ის, და ამიტომ ხან მე ვწუხვარ მის გამო, ხან - ის გვითქვია კიდეც, რომ კონკურსზე ერთად აღარ გავიდეთ.
მინდა ვთქვა, რომ ბოლო პერიოდი ჩემთვის ძალიან წარმატებული იყო - ხშირად მიმიღია პირველი პრემია. 2009 წლის ივლისში ლონდონში საკმაოდ პრესტიჟული ”ჩაპელ-მედალის” კონკურსი ჩატარდა. ბოლოს ექვსი კონკურსანტი დავრჩით - ხუთი ბიჭი რუსეთთან იყო, საკმაოდ მაღალი დონის პიანისტები, მე ვიყავი მხოლოდ ერთი გოგონა. ჟიურის თავმჯდომარე რუსეთიდან იყო, ამიტომ იმედი არ მქონდა, რომ გავიმარჯვებდი, საბედნიეროდ, ჩემი მოლოდინი არ გამართლდა და პირველი პრემია მომანიჭეს. საერთოდ რუსი მუსიკოსები ძალიან ძლიერები არიან, ამიტომ განსაკუთრებით გამეხარდა ამ კონკურსზე გამარჯვება.
საქართველოში დაბრუნებაზე ხომ არ გიფიქრია?
ჯერჯერობით არა, რადგან როგორც უკვე გითხარით, აქ კლასიკურ მუსიკას სათანადო დაფასება არა აქვს, ინგლისში კი საუკეთესო პირობებია მუსიკოსის განვითარებისთვის.
და ბოლოს, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს პედაგოგებს. აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ ჩემს მუსიკოსად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი ჩემს მშობლებს მიუძღვით, მათ ყველანაირად შემიწყეს ხელი. რომ არა ისინი, მე არ ვიქნებოდი ის, რაც დღეს ვარ!
ელენე ხირსელიგაზეთი "ხალხის გაზეთი"regions.ge

















კომენტარები