განახლდა:07:02:38 AM GMT

>>> კულტურა ლიტერატურა ლევიათანი ანუ ურჩხულთან მეომარი ფანდორინი
ბანერი

ლევიათანი ანუ ურჩხულთან მეომარი ფანდორინი

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 1970 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

რუსი მწერლის ბორის აკუნინის "ლევიათანი" ქართულად ნათარგმნი მესამე წიგნია პროექტიდან "ერასტ ფანდორინის თავგადასავალი". "აზაზელისა" და "თურქული გამბიტის" შემდეგ შეუძლებელია ამ წიგნით არ დაინტერესდე. და მართლაც, "ლევიათანი", მისი "წინამორბედებივით", ერთი ამოსუნთქვით იკითხება, წაკითხვის შემდეგ კი გეუფლება შემდეგი წიგნის (ანუ ფანდორინის მორიგი თავგადასავლის) მოუთმენელი მოლოდინის გრძნობა.

ბორის აკუნინმა მკითხველის გული ფანდორინის წარდგენის პირველივე წუთიდან (წიგნიდან) სამართლიანად დაიპყრო: ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერიოდი(XIX ს-ის მე-2 ნახ.) კაცობრიობის ისტორიაში, განგების რჩეული მთავარი გმირი, და სრულყოფილი წერის მანერა. აი, სამი ძირითადი მიზეზი, რომლის გამოც მასზე ითქვა - აკუნინი რომ არ ყოფილიყო, ინტელიგენტური მკითხველი მას თვითონ გამოიგონებდაო.

აკუნინის დაჟინებული განაცხადის თანახმად ე.ფ.-ს თავგადასავალი კლასიკური კრიმინალური რომანია, მე კი ვიტყვი, რომ ის წმინდა წყლის პოსტმოდერნისტული ნაწარმოებია და მისი უზომო პოპულარობაც ერთგვარად ამ ეფექტური მიმდინარეობის წყალობაა: ისტორიული და რეალური მოვლენების ოსტატური ურთიერთკავშირი და მათი არაჩვეულებრივი ინტერპრეტირება, ინტელიგენტური იუმორი, მსუბუქად შეფუთული ირონია, ზომიერი დისტანცია ავტორს, გმირებსა და მკითხველს შორის. "ლევიათანი" ამ ჟანრის მოთხოვნების ყველა პუნქტს პასუხობს.

სათაურივე, რომელიც ყოველთვის პირველი სიტყვაა ნაწარმოებისადმი განწყობის შესაქმნელად, მიუთითებს იმაზე, რომ ფანდორინის მორიგი თავგასავალი მხოლოდ ერთი ამბავი არ არის, ეს მკითხველის გამოწვევაა!: ლევიათანი - ბიბლიური გადმოცემის მიხედვით - ურჩხულს ნიშნავს. გამოდის, ფანდორინი ამჯერად ურჩხულს უნდა შეებას და... ჩნდება პირველი ასოციაცია: ურჩხულთან მეომარი კაცი უკვე სცილდება კრიმინალური დეტექტივის გმირის ჩარჩოებს და რელიგიურ გმირთან ასოცირდება. ეფექტი მიღწეულია! (ეს ერთი! - იტყოდა ე. ფ.)

წიგნის სათაური ორიგინალური არ არის, მას უკვე ჰყავს წინამორბედი: მე-17 საუკუნის ინგლისელმა ფილოსოფოსმა თომას ჰობსმა თავის ფუნდამენტურ თხზულებას სახელმწიფოსა და პიროვნების პრობლემაზე ’’ლევიათანი’’ უწოდა. შეგახსენებთ, რომ ფილოსოფოსმა ბიბლიური ურჩხული გამოიყენა სახელმწიფოს სიმბოლოდ, რომელთან შებმული ადამიანიც დამარცხებისთვისაა განწირული. ჰობსი ამბობს, რომ ადამიანის საწყისი მდგომარეობა - "ყველას ბრძოლა ყველას წინააღმდეგ’’ - დამღუპველია და აუცილებელია ამ განუსაზღვრელი თავისუფლების შეზღუდვა, რაც დასრულდება სახელმწიფოსთან ხელშეკრულებით; როცა ამ პროცესის შედეგად ჩამოყალიბდება სამოქალაქო საზოგადოება, ბოლო მოეღება ველურ ინდივიდუალიზმს, ანარქიას და ქაოსიდან გადავინაცვლებთ წესრიგში.

ახლა ვნახოთ რა ხდება აკუნინისეულ "ლევიათანში": ცივილიზაციის ცენტრში - პარიზში - ხდება საშინელი დანაშაული, საზოგადოების მაღალი ფენის წარმომადგენლის - ლორდ ლითლბის სახლში დატრიალდება შემზარავი ტრაგედია: ღამით ბოროტმოქმედმა სიცოცხლეს 10 უდანაშაულო ადამიანი გამოასალმა. კრიმინალური დანაშაულის გარკვევისას მოქმედება ინაცვლებს ოკეანეში მცურავ გიგანტურ გემ "ლევიათანზე". მგზავრები ელიტარულ წრეს მიეკუთვნებიან და ეს არცაა გასაკვირი - ოკეანეში მოგზაურობა ხომ ძვირადღირებული ფუფუნებაა! საყურადღებო უფრო მგზავრთა სიჭრელეა: აქ არის ინგლისელი, იაპონელი, შვეიცარიელი, იტალიელი, ფრანგი, რუსი. ყველანი დანაშაულში ეჭვმიტანილნი არიან, თითოეული მათგანი იბრძვის გამართლებისათვის და მოქმედებს თავისი საკუთარი ხერხებით, რომლის დროსაც ავითარებს პოსტულატს "ადამიანი ადამიანისათვის მგელია", ანუ თომას ჰობსისეული "ლევიათანის" იდეას.

როგორც ირკვევა, პარიზში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზი ზღაპრული განძია. შესაძლოა განძს მალე მიაკვლიონ და აქ უკვე იწყება ბრძოლის მეორე ეტაპი: ყოფილი ეჭვმიტანილები ცდილობენ პერსპექტიული სიმდიდრე მის სახელმწიფოს დარჩეს. ეს სურვილი მხოლოდ პატრიოტული გრძნობით არ აიხსნება, აქ უფრო მეტია ჩადებული: სახელმწიფოსთვის ხარკის მირთმევით გადაიდგმება პირველი ნაბიჯი მასთან ხელშეკრულების დასადებად.

საინტერესოა სახელმწიფოსა და პიროვნების ურთიერთობის კიდევ ერთი პასაჟი და აი, რას ვგულისხმობ: ნაწარმოების დასაწყისშივე ვხვდებით კომისარ გოშს - სახელმწიფოსაგან სრული ნდობითა და უფლებამოსილებით აღჭურვილ მოხელეს, მეტიც - ის თავად პოლიციის მინისტრისა და პრეფექტისაგან არის ხელდასმული, როგორც საუკეთესო მეძებარი. ნაწარმოების ბოლოს კი ვხედავთ, როგორ ისარგებლა "რჩეულმა" განუსაზღვრელი ნდობით და როგორ იქცა დამსჯელი დამნაშავედ. კომისარს, როგორც ბოროტმოქმედს, გამოააშკარავებს ფანდორინი - ერთ-ერთი მგზავრი, ე.ი. სახელმწიფო პირს ადანაშაულებს რიგითი მოქალაქე... და კვლავ თომას ჰობს მოვიშველიებ: მისი აზრით, პიროვნება სავსებით უნდა ემორჩილებოდეს ხელისუფლებას, მაგრამ თუ ხელისუფლება ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, გამართლებულია ხელშეკრულების დარღვევა.

სხვათაშორის, სახელმწიფოს წინააღმდეგ ამხედრდა აკუნინის "ლევიათანის" მეორე მთავარი გმირი შარლ რენიე. დამნაშავედ იგი სწორედ სახელმწიფოს გულგრილობამ და საზოგადოების უარყოფამ ჩამოაყალიბა. ყველასაგან გარიყულმა და დამცირებულმა საკუთარი უფლებების დასაბრუნებლად მთელი ძალით გაიბრძოლა, მაგრამ დამარცხდა, თავის გადარჩენას თავადვე შეეწირა. ასეთ უთანასწორო ბრძოლაში მხოლოდ ფანდორინი იმარჯვებს, რადგან ის რჩეულია, ამგვარები კი ერთეულებია და მასისთვის სამაგალითოდ არ გამოდგება! თუმცა, აქვე მინდა დავამატო, რომ თვითონ ფანდორინი არასოდეს გრძნობს თავს გამარჯვებულად იმ ტრაგედიის გამო, რომელიც წლების წინ გადახდა ("აზაზელი") და სამუდამო დამღა დაასვა მის გულსაც და გარეგნობასაც - ახალგაზრდული სახისა და გაჭაღარავებული საფეთქლების კონტრასტი ყველასათვის მომენტალურად შესამჩნევია. გადატანილ უბედურებაზე თავშეკავებული და სიტყვაძუნწი ერასტ პეტროვიჩი მაინცა და მაინც გონებაზე მწყრალად მყოფ პერსონაჟს - რეჯინალდ მილფორდ-სტოუქსს გადაუშლის გულს: "...მეც ამისთანა უბედურება გადავიტანე. მეც, ისევე როგორც თქვენ, მემუქრებოდა განსჯის უნარის დაკარგვა. მე შევინარჩუნე გონება და გავამახვილე კიდევაც, მაგრამ საამისოდ გულის მოზრდილი ნაწილით გადავიხადე. დამიჯერეთ, თქვენს მდგომარეობაში სხვა გზა არა გაქვთ. ჭეშმარიტებას ნუ გაექცევით, როგორი მწარეც არ უნდა იყოს, ილუზიებში ნუ დაიმალებით. და რაც მთავარია, თავს ნუღარ დაისჯით, თქვენ დამნაშავე არა ხართ..." თანაგრძნობის მიზნით ნათქვამი აღსარება ერთადერთი შემთხვევაა, როცა ფანდორინი იხსნება და საკუთარ სულიერ მდგომარეობაზე საუბრობს. ამ სიტყვების შემდეგ ძნელია დაიჯერო მისი ავტორი საკუთარი გამარჯვებით ოდესმე თუ იზეიმებს.

ზემოთ აღვნიშნე, რომ სათაური "ლევიათანი" უკვე განგაწყობს რაღაც გრანდიოზულთან, მასშტაბურთან შესახვედრად. და იქვე სიურპრიზი: ფრჩხილებში მოცემული განმარტება - ჰერმეტული დეტექტივი. ამ მოულოდნელობით მძაფრდება ინტერესი, ეს ორსიტყვიანი დამაინტრიგებელი განაცხადი ერთმნიშვნელოვნად იკითხება: მოქმედება ვითარდება დახურულ სივრცეში, ანუ მკითხველი "განმარტოვდება" ურჩხულთან შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე და იქ რა დატრიალდება - ღმერთმა უწყის... ვერაფერს იტყვი, ეფექტი მიღწეულია.( ე.ფ. კი იტყოდა: -ეს ორი!)

მიუხედავად იმისა, რომ მოქმედება მხოლოდ ნაწარმოების დასაწყისში ხდება ხმელეთზე, ანუ გაშლილ სივრცეში, და ორი-სამი გვერდის შემდეგ გადავდივართ გემზე, ანუ ჩაკეტილ სივრცეში, მკითხველი არ იზღუდება. ოკეანის უკიდეგანო სივრცე აქ მხოლოდ ფონია, ამ ფონზე კი თავბრუდამხვევი დინამიკით ვითარდება მოვლენები, იძერწებიან პერსონაჟები, იხლართება ინტრიგები, იძაბება სიტუაცია და ემოციების ქარბორბალაში გავიწყდება, რომ კაიუტაში ხარ გამომწყვდეული.

აკუნინის "ლევიათანმა" კიდევ ერთ ლევიათანთან პარალელისაკენ მიბიძგა: ეს ჰერმან მელვილის "მობი დიკი" გახლავთ. მობი დიკი ანუ თეთრი ვეშაპი ზღვის ურჩხული ლევიათანია. მელვილი ფუტურისტი იყო. პირადად მე ფუტურისტული მიმდინარეობის მომხიბვლელობას ვერ აღვიქვავ, თუმცა გულწრფელად ვაღიარებ, რომ "მობი დიკი" დიდი წიგნია. მობი დიკს დევნიან, ე.ი.ბიბლიურ ურჩხულს თავს ესხმიან, მაგრამ რის სიმბოლოს - ამის მკაფიო პასუხი მგონი თავად მელვილსაც არ აქვს. თხრობის სტილი ძალზე მძიმე და დამღლელია, მაშინ, როცა აკუნინის "ლევიათანს" ერთი ამოსუნთქვით წაიკითხავ. ასე რომ, ამ ნაწარმოებებს შორის პარალელის გავლებისას მხოლოდ წყლის დიდი სივრცე და ზღვის ურჩხული შემრჩა. და თუ არჩევანის წინაშე აღმოვჩნდები - ოკეანეში სამოგზაუროდ "პეკოდით" წავიდე თუ "ლევიათანით", ამ უკანასკნელს ავირჩევ. (ეს ისე, ლირიული გადახვევა! ნ.კ.)

აკუნინი ისეთივე ფრთხილი და ზუსტია ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალების შემოთავაზებისას, როგორც სათაურის მორგების დროს. "ლევიათანში" ასეთი არის ოქროს მინიატურული ქანდაკება: ლორდ ლითლბის სახლში დატრიალებული უბედურების მიზეზად თავდაპირველად მიიჩნევენ ძარცვას, რამეთუ ლორდს ყველა იცნობდა როგორც აღმოსავლური იშვიათობების სახელგანთქმულ კოლექციონერს. ერთ-ერთი ვერსიით, მძარცველი არ ელოდებოდა პატრონის თავზე წამოდგომას და იგი სიცოცხლეს გამოასალმა, შემდეგ კი დაბნეულმა მხოლოდ ოქროს შივას სტატუეტს სტაცა ხელი, იმავე ვიტრინაში გამოფენილ ინდურ ხელსახოცში გაახვია, რათა ოქროს ბრწყინვალებას არ გაეცა, და მიიმალა. მეორე დღეს ერთმა უბრალო შემთხვევამ ოქროს შივა საზოგადოებას დაუბრუნა: 13 წლის ბიჭუნამ თევზაობისას ანკესი ფსკერს რომ ვეღარ მოაშორა, ჩაყვინთა და იქ შივა იპოვნა... არც ერთი სიტყვა მის შესაფუთ ხელსახოცზე, რომელიც, როგორც ნაწარმოების ბოლოს ირკვევა, განძის მოძებნის გასაღებია. ხელსახოცის არსებობა მხოლოდ ნაწარმოების ფინალში გვახსენდება, როცა აღმოჩნდება, რომ სწორედ ის ყოფილა დანაშაულის მიზეზი. მთელი ვნებათაღელვა და ორომტრიალი ნაჭრის ნაკუწის გამო დატრიალებულა. განხეთქილების ვაშლი ხელსახოცია! (ნუთუ არაფერი გახსენდებათ? ნ.კ.) სამაგიეროდ, არსად ჩანს ოქროს შივა, რომელსაც 10 უდანაშაულო ადამიანის მსხვერპლად შეწირვა ბრალდებოდა.

მართალია, შივას მინიატურა სულ ცოტა ნახევარ მილიონადაა შეფასებული, მაგრამ ლორდ ლითლბის უნიკალურ კოლექციაში სხვა არანაკლებ ძვირფასი ექსპონატები ინახება. მაშ, რატომ მაინცადამაინც შივა?

შივა არის ღმერთი შექმნისა და ნგრევისა ერთდროულად, ის დროის ღმერთია, ორსქესა არსებაა, რომელშიც ურთიერთგამომრიცხავი თვისებებია შერწყმული - ასკეტიზმი და მგრძნობიარობა, სიხისტე და გულმოწყალება;

შივა თავდაჯერებული, სამყაროს ძლევამოსილი მბრძანებელია, ყოვლისმპყრობელია და თან ერთგულთა მრისხანე დამცველი.

შივა მოცეკვავე ღმერთია, რომელიც მოძრაობით არეგულირებს სამყაროს წესრიგს, მაგრამ, როგორც კი ცეკვას შეწყვეტს, სამყაროში ქაოსი დაისადგურებს, ქაოსს კი ნგრევა მოჰყვება...

ლორდ ლითლბის საცავიდან შივას დაკარგვას თან მანიაკალური მკვლელობა მოსდევს, და, მართალია მას მალევე პოულობენ, უბედურებამ თავი უკვე აიშვა და ქაოსი მალე არ დასრულდება. ასე შემოიჭრება მრისხანე ინდური ღმერთი მკითხველის სამყაროში და სანამ დავივიწყებთ - გვაფრთხილებს: სისხლიანი ისტორია ამით არ დამთავრებულაო...

აკუნინის მწერლობის ორიგინალურობაზე, სიმბოლოებით აზროვნების სიღრმეზე, სტილზე, წერის მანერაზე, ერთი სიტყვით - მის ექსკლუზიურობაზე უამრავის თქმა შეიძლება. "ლევიათანი" ამის კიდევ ერთხელ დადასტურებაა. პირადად მე საშუალება მქონდა მომდევნო წიგნები წამეკითხა. ჩემთვის ყველა მათგანი ერთნაირად სრულფასოვანია და მიჭირს რომელიმეს მივანიჭო უპირატესობა. თვითონ ავტორმა აუდიტორიასთან ერთ-ერთ შეხვედრაზე განაცხადა: ფანდორინის პროექტის ყოველი წიგნი თავისი ხასიათით რომელიმე ცხოველთან ასოცირდება და იმის მიხედვით, თუ რომელ წიგნს გამოარჩევ და საუკეთესოდ ჩათვლი, შენს ხასიათს განვსაზღვრავო. რეაქციამ არ დააყოვნა და ერთ-ერთმა დამსწრე ქალბატონმა განაცხადა: ცხადია, ყველა წიგნი მომწონს, მაგრამ "აქილევსის სიკვდილი" განსაკუთრებით მიყვარსო. - თქვენ მარტორქა ბრძანდებით, - მშვიდად მიუგო მწერალმა, - მიზნის მისაღწევად არაფერზე დაიხევთ, მრისხანება დაუნდობლობაში გადაგდით და ამას მხოლოდ შედეგით ხვდებით... ამ პასუხით ადრესატი მეტად კმაყოფილი დარჩა, აუდიტორიაც გააქტიურდა და ბორის შალვოვიჩი კითხვების კორიანტელში აღმოჩნდა.

პირადად მე მარტორქასთან შედარებით დიდად ვერ მოვიხიბლებოდი, ამიტომ საწყის პოზიციაზე დავრჩები და გავიმეორებ, რომ ფანდორინის ყოველი თავგადასავალი ჩემთვის თანამედროვე ლიტერატურის შედევრია. ვიცი, "ლევიათანის" შემდეგი წიგნის ქართული თარგმანიც მკითხველს ისეთივე სიხარულსა და კმაყოფილებას მოუტანს, როგორიც მოჰყვა "აზაზელსა" და "თურქულ გამბიტს".

Share

კომენტარები 

+1 # ხათუნა კაჭარავა 2010-01-18 06:49  
ქართულ ჟურნალისტიკას აკლია ასეთი ინტელექტუალური ავტორები yes ციტირება
 

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი