განახლდა:07:02:38 AM GMT

>>> კულტურა ლიტერატურა ვის ერგება პრემია?!
ბანერი

ვის ერგება პრემია?!

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 1435 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

ეს კითხვა მაშინვე გაჩნდა, როგორც კი გაცხადდა, რომ რუსი ოლიგარქი ალექსანდრე ებრალიძე ქართველ მწერლებს საუკეთესო ნაწარმოებისათვის დავით აღმაშენებლის პრემიას გადასცემდა. ამ კითხვას ორი კითხვა იქვე, სასვენი ნიშნის დასმამდე მოყვა – მწერალს თუ რენეგატს? ამ ორ კითხვას კიდევ ორი ამდენი კითხვა დაემატა და გაჩნდა კითხვების მთელი კასკადი, რომლებმაც ჩვენი ისედაც აფორიაქებული საზოგადოება კიდევ უფრო დაძაბა, დააეჭვა და დამუხტა, ცხადია, უარყოფითად.

დავიწყოთ იმით, თუ ვინ ბრძანდება წყალობის გამღები: თავად ბატონი ებრალიძე განაცხადებს, რომ ქართველია და საქართველოს კეთილდღეობისათვის მზადაა ყველაფერი გაიღოს – მატერიალური დახმარებაც და სულიერ-მორალური ხარკიც. ყოველი შემთხვევისათვის, მისი გამოსვლების (რაც ბოლო ხანს მომრავლდა) პათოსი ასე იკითხება. მაშინ, დავაზუსტოდ: “ქართველი ემიგრანტი” საქართველოში, რამდენადაც ვიცი, სულ რაღაც 5-6 წელი ცხოვრობდა, მთელი კაპიტალი – რომლის სოლიდური ნაწილიც ჩაფიქრებული აქვს საქართველოს შესწიროს – რუსეთში ცხოვრებისა და საქმიანობისას დააგროვა და ასე გულუხვიც მხოლოდ ბოლო ორი წელია გახდა. მაშ, რასთან გვაქვს საქმე – პატრიოტიზმთან თუ ავანტიურასთან? ქველმოქმედებასთან თუ ანგარებასთან?

არანაკლებ დამაფიქრებელია ქართველი თუ რუსი ბიზნესმენის სიკეთის გასაწევად “თვალდადგმული” ობიექტიც – ქართული მწერლობა! ხოლო, ამ პერსონის მიერ პრემიის სახელდებისათვის დავით აღმაშენებლის შერჩევა - უბრალოდ მკრეხელურია! (სამწუხაროდ, სხვა განსაზღვრებას ვერ ვპოულობ).

... კონკურსი მაინც ჩატარდა. ვინ იღებდა მასში მონაწილეობას, რა ჟანრის ნაწარმოებები იყო წარდგენილი, ან რა შემადგენლობის იყო ჟიური – ამაზე ბევრი კი არა, თითქმის ვერაფერი შევიტყვეთ;

ფაქტის წინაშე პირადად მე დილის საინფორმაციო ბლოკით აღმოვჩნდი, როცა “მოამბემ” გადმოსცა, რომ ალექსანდრე ებრალიძის დაწესებული დავით აღმაშენებლის პრემია (მოდი და ნუ გაგეცინება?!) - 55 ათასი ამერიკული დოლარი გადაეცა კონკურსში გამარჯვებულ სამ მწერალს 20-20 ათასი დოლარის ოდენობით, ანუ ბატონმა ქველმოქმედმა იმ 55-ს 5-ც მიუმატა და არც ერთ კონკურსანტს გული არ დასწყვიტა.

ამ დროის საინფორმაციო გამოშვებაში არ დასახელებულა გამარჯვებულთა გვარები, მაგრამ ფაქტის კომენტარისათვის სიუჟეტის ავტორს უკვე ეზრუნა და პირველი შემფასებელიც შეერჩია: პოეტი, რომანისტი, პერფორმერი დავით-დეფი გოგიბედაშვილი ეკრანზე დაახლოვებით წუთნახევარი გამოჩნდა და მოასწრო თავისი გაოცებაცა და გულისტკივილიც ჩაეტია ამ მოკლე დროში. განსაკუთრებით ყურს მომხვდა ცნობილი სლოგანისა და მოძრაობის "STOP RUSSIA" ავტორის აღშფოთებული კითხვა: - ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ყველაფერი ეს “ფე-ეს-ბე”-ს პროვოკაცია და მისი პროგრამის ნაწილია?...

შემდეგ საინფორმაციო გამოშვებებში სხვა კომენტარები გაკეთდა, ითქვა იმის შესახებ, თუ როგორ სთხოვეს მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს, ქ-ნ მაყვალა გონაშვილს თავი შეეკავებინა ამგვარი კონკურსისაგან; ერთმა კარგმა მწერალმა ისიც თქვა – თავიდან მეც წარვადგინე ჩემი წიგნი, მაგრამ მერე, როცა გამახსენდა ორი წლის წინ როგორ გადაუარა რუსის ტანკმა ჩემს ქვეყანას, უკან გამოვიტანე ჩემი განაცხადიო; კიდევ ბევრი ითქვა, მაგრამ მე ყველაზე გულწრფელი, გასაგები, გამოკვეთილი პოზიციისა და ყურს მიღმა არგასატარებელი დავით-დეფის სიტყვები მივიჩნიე, ამიტომ დავურეკე და მოკრძალებულად ვთხოვე ამ ფაქტთან დაკავშირებით ორიოდ კითხვაზე ეპასუხა. დამთანხმდა, და რადგან ძლიერ მოუცლელი იყო, მე კი არ მინდოდა ამ ფაქტის კონსტატაციას ოპერატიულობა დაეკარგა, ერთგვარი ბლიც-ინტერვიუთი შემოვიფარგლე. გულახდილად გითხრათ, დეფისთან საუბრისათვის ეს პროზაული თემა მეტად მწირი და მილიმეტრიანი განზომილებისაა, ამიტომ საუბრის დასაწყისშივე შემდეგი შეხვედრა “დავიბევე”, როცა პირადად მას თავისუფალი სულ ცოტა 4-5 საათი ექნება, მე კი სასაუბრო თემა – მწერლობა, კინემატოგრაფია, ფილოსოფია, მხატვრობა, არქიტექტურა, მედია...

დეფი, სანამ ებრალიძის პრემიას შევეხებით, მოკლედ მითხარით საერთოდ თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე და მის ტენდენციებზე რას ფიქრობთ, არის თუ არა კრიზისში ქართული მწერლობა?

თანამედროვე ქართული ლიტერატურა მრავალფეროვანია. ეს არის ღია სივრცე, სადაც ყველა მწერალს ჰყავს თავისი მკითხველი. ის არ არის კრიზისში, უფრო მეტიც, თავისუფლად შეიძლება თანამედროვე ქართულმა მწერლობამ მსოფლიო ბაზარზე მონახოს თავისი ადგილი, - ამისათვის საჭიროა შეირჩეს აქტუალური თემა, გაკეთდეს კარგი თარგმანი, სწორად გაითვალოს მარკეტინგი და ქართული ნაწარმოები მსოფლიო ლიტერატურაში უპირობოდ დაიმკვიდრებს თავის ადგილს.

ასეთი ნახტომისათვის ფინანსებია საჭირო. აგერ, გამოჩნდა კაცი, რომელიც ქართველ მწერლებს დახმარებას სთავაზობს. თქვენ ამ აქციას “ფე-ეს-ბე”-ს პროექტად თვლით. რა გაძლევთ ამ განაცხადის მიზეზს?

რუსეთს აქვს სიკეთის გაკეთების უნარის ნაკლებობა. როცა ქველმოქმედებაზე მიდგება საქმე, ყველა ჩანაფიქრი, ყველა გეგმა მუშავდება “ფე-ეს-ბე”-ში, ნებისმიერი “კეთილი ნაბიჯი” შემოწმებას გადის პუტინთან და მხოლოდ მისი თანხმობით ხორციელდება. პუტინთან დაახლოვებული კულტივირებული ადამიანის წყალობა არის წინასწარგამიზნული, დაგეგმილი მოსყიდვა ჩვენი შემოქმედებითი პოტენციალისა.

გამოდის, რომ მტერი მარტო ჭკვიანი კი არა, ბრძენი ყოფილა, რახან ასე ოსტატურად გვართმევს ყველაზე სანუკვარს! ჭკუის ნაკლებობას რომ არც ქართველები ვუჩივით? რას ვახვედრებთ ამ ხრიკებს?

მტრის ჭკუას ჩვენ ვახვედრებთ მოთმინებასა და გამძლეობას. ერთიცა და მეორეც ჩვენი ტრადიციის ნაწილია!

მაშ, ის ადამიანები, რომლებმაც პრემია მიიღეს, ტრადიციას ღალატობენ?...

ეს ადამიანები არიან თავისუფალნი თავიანთი არჩევანის გაკეთებისას. ყოველი ჩვენგანი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას. მე არავის განვსჯი, მაგრამ ვამხელ. არ განვსჯი იმიტომ - რომ არ ვიცი; მხილებით კი ვამხელ და ვეტყვი, რომ ცდებიან, არასწორ ნაბიჯს დგამენ. ამ ნაბიჯს ერთადერთ გამართლებას მოვუძებნი მაშინ, თუ რუსის ჯილდოს აიღებენ და უპატრონო ბავშვებს გადაურიცხავენ, ათას გაჭირვებულს შეეშველებიან. მაშინ ამაზე იმასაც კი ვიტყვი – კაცურად მოიქცა-თქო... პირადად მე არასოდეს მივიღებ ამ ტიპის კონკურსში მონაწილეობას, სანამ ომია, სანამ რუსული ტანკები აქვე დგას.

ე.ი.?

იცით, რუსეთ-ბრიტანეთის ომის დროს მატარებელმა დაიგვიანა; ბაქანზე ლოდინით დაღლილი რუსი მგზავრი ამბობს: - ომია და მატარებელი სულ იგვიანებს... ლოდინით დაღლილი ბრიტანელი მგზავრი ამბობს: - მატარებელი იგვიანებს, რადგან ომია! მე ცივილიზებულ ბრიტანელს მინდა ვგავდე...

*   *   *   *   *

Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი