განახლდა:07:02:38 AM GMT

>>> კულტურა ლიტერატურა რატომ არ ენდობა პოლინა შარლოტას
ბანერი

რატომ არ ენდობა პოლინა შარლოტას

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 1021 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

ამასწინათ, ერთი უწყინარი სატელევიზიო არხით შევიტყვე, რომ გასულ წელს ჩატარებულა წიგნის მოყვარულთა გამოკითხვა, რომელმაც გამოავლინა დღემდე ყველაზე პოპულარული ათი ნაწარმოები. მათი უმრავლესობა ჭეშმარიტი შედევრია, თუმცა არის ისეთიც, რომლის ავტორიც კი, პირადად მე, არ ვიცოდი და მჯერა, მხოლოდ ეკრანიზაციის წყალობით მიიპყრო მკითხველის ყურადღება. აღნიშნული სია ასე გამოიყურება: პირველ ადგილზეა “შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი”, მეორეზე – “სამი მუშკეტერი”, მესამეზე – “რომეო და ჯულიეტა”, შემდეგ ასეთი თანმიმდევრობაა: “გრაფი მონტე-კრისტო”, “ქარწაღებულნი”, “დონ კიხოტი”, “80 ათასი კილომეტრი წყალქვეშ”, “ანა კარენინა”, “ტიტანიკი”, “ჯეინ ეარი”.

ვფიქრობ, “გამარჯვებულ” ნაწარმოებთა ადგილების განაწილება კი არა, ზოგიერთის ათეულში მოხვედრაც უკვე საკამათოა, რადგან არჩევანის გასაკეთებლად მხატვრული ლიტერატურის სივრცე უსაზღვრო და უმდიდრესია, ყოველი ჩვენგანი კი დამოუკიდებელი შემფასებელი და ინდივიდუალური გემოვნების პატრონია.

და მაინც, განვაზოგადებ ჩატარებული ტესტის შედეგს და ვიტყვი, რომ დასახელებული წიგნების უმრავლესობას ჩვენ ბავშვობაში ვეზიარეთ და, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ძნელია დაიჯერო, რომ ესა და ეს დღემდე ვიღაცისთვის სამაგიდო წიგნია, (აბა, წარმოიდგინეთ, 40 წლის მამაკაცს როგორ ათენდება კაპიტან ნემოს თავგადასავლის კითხვისას, ან როგორ იმშრალებს თვალებს 50 წლის ქალბატონი მშვენიერი აიდესა და გრაფ მონტე-კრისტოს გაურკვეველი სიყვარულის ამბის კეთილი დასასრულისას! ნ.კ.).

ადამიანები ყველაზე მეტად იმ მცნებაზე ვერ თანხმდებიან, რასაც მარადიული ღირებულება ჰქვია. ამ მხრივ ლიტერატურაში კონსენსუსი მიღწეულია და გარკვეული ღირებულებების მქონე ნაწარმოები კლასიკად მოიხსენიება. ღირებულება დროს არ ექვემდებარება, ღირებულება ღირებულებად რჩება, მაშასადამე, კლასიკაც მარადიულია! – ეს მყარი, უცვლელი, ერთხელ და სამუდამოდ დამტკიცებული თეორემაა.

...და მაინც ჩნდება “მაგრამ”, რომელიც მომდევნო სიტყვებს მთლიანობაში კითხვის ფორმას აძლევს: -მაგრამ, მას რომ აღარ კითხულობენ? მაგრამ, ის რომ ისეთი აქტუალური აღარაა, როგორც გამოქვეყნების დროს იყო? მაგრამ, დღეს რომ შეუძლებელია ასე მოხდეს? და ა.შ. ეს პირობითი “მაგრამ” უნდობლობასა და ეჭვს გამოხატავს, ორჭოფული და შემფასებლური დამოკიდებულება კი კლასიკას ყოველთვის აჩრდილივით სდევს, რამეთუ ყოველ ეპოქას თან ახლავს ღირებულებების გადაფასება, ახალი ფასეულობების გაჩენა და, რა თქმა უნდა, ინდივიდუალური დამოკიდებულება ძველისა და ახლის სინთეზისას.

სწორედ ამ ინდივიდუალობისა და კლასიკურის შეუთანხმებლობაზე მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება, რომელიც საინტერესოს გარდა, უცნაური და არატრადიციული მეჩვენა. ლიტერატურაში რომ ყოველგვარი სიახლე – ჟანრული თვალსაზრისით, შინაარსით თუ ფორმით – საინტერესოა და თავისებურად ტრადიციიდან გადახვევას ნიშნავს, ეს გასაგებია, მაგრამ ამგვარი ნოვატორობა რომ უფრო ძველის ლოგიკური გაგრძელებაა და არა უცნაური მოულოდნელობა – ესეც ფაქტია. ამგვარი ფაქტის წინაშე დავდექი მაშინ, როცა გავეცანი რუსი თანამედროვე მწერლის პოლინა დაშკოვას რომანს “რეალობის გრძნობას”, სადაც მან გამოხატა თავისი დამოკიდებულება შარლოტა ბრონტეს ცნობილი წიგნის “ჯეინ ეარის” მთავარი გმირისადმი.

რამდენიმე სიტყვით შევჩერდეთ ორ მწერალ ქალზე:

შარლოტა ბრონტესა და პოლინა დაშკოვას ერთმანეთთან საუკუნენახევარი აშორებს. ისინი გეოგრაფიულად დაშორებულ ქვეყნებში დაიბადნენ – პირველი ინგლისში, მეორე – რუსეთში.

ინგლისელი მწერალი ქალის ცხოვრება ბავშვობიდან დათრგუნული იყო. თავის ფიქრებს, განცდებსა და ოცნებებს ის ფურცლებს ანდობდა – 7 წლიდან წერდა ზღაპრებსა და ლექსებს. ალბათ ეს ზღაპრები იყო ერთადერთი “ადგილი” სამყაროში, სადაც პატარა შარლოტა თავს ბედნიერ და უდარდელ ადამიანად თვლიდა. დედა ადრე გარდაეცვალა, მამა – მღვდელი პატრიკ ბრონტე, ბუნებით მეამბოხე, მაგრამ გაორებული სულის, უხეში და მკაცრი კაცი ყოფილა. დაქვრივებულმა ექვსი შვილის რჩენა და მოვლა-პატრონობა რომ ვეღარ შეძლო, ბავშვები პანსიონატში მიაბარა. ასე რომ, შარლოტას ჯერ მშობლების სითბო და სიყვარული მოაკლდა; შემდეგ, ქალიშვილობისას, სიღარიბის გამო, ათასი დაბრკოლების გადალახვა მოუხდა; მერე თვითდამკვიდრებისათვის, რასაც მისი სამწერლო კარიერის შექმნა წარმოადგენდა, ხანგრძლივი და შეუპოვარი ბრძოლა; ამას თან დიდი უბედურებაც დაემატა – ერთმანეთის მიყოლებით ჭლექით გარდაიცვალნენ დები და ერთადერთი ძმა; ბოლოს კი, ფეხმძიმედ მყოფი ძლიერ გაცივდა და 37 წლის ასაკში მწერალი ქალი გარდაიცვალა.

სიცოცხლის ხანმოკლე პერიოდში შარლოტა ბრონტემ მოასწრო რამდენიმე რომანის შექმნა. ცხოვრების უსამართლობასა და მასთან უთანასწორო ბრძოლის ასაწერად აირჩია თავისი მასწავლებლის - უილიამ თეკერეის გზა და კრიტიკული რეალიზმის ერთ-ერთ მკაფიო წარმომადგენლად შევიდა მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში.

რუს მწერალს პოლინა დაშკოვასაც, აღმოჩნდა, რომ 7 წლის ასაკში დაუწერია პირველი ზღაპარი, თანაც ლექსად. ძირძველი მოსკოველი ინტელიგენტების ოჯახში დაბადებულ გოგონას არც სითბო და სიყვარული აკლდა, არც სწავლა-განათლება. ყველანაირი ყურადღებით გარემოცული ბავშვი, თავადაც ნიჭიერი და გენეტიკურად ინტელიგენტი, სკოლაში შესვლისთანავე ფიქრობდა მომავალ პროფესიაზე, ისევე, როგორც ყველა მისი თანატოლი; ხან მამასავით ექიმობას აპირებდა, ხან კი ბალერინობას. მაგრამ, სკოლის დამთავრებისთანავე მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში ჩააბარა და მისთვის ყველაზე სასიამოვნო საქმის კეთება – მწერლობა გადაწყვიტა. ბავშვობისდროინდელ სურვილს – ბალერინობას – შემდეგში პოლინა დაშკოვამ რომანი “ადგილი მზის ქვეშ” მიუძღვნა, არშემდგარი მკურნალისა და არჩეული პროფესიების შესახებ კი აი, რას ამბობს: - ექიმსა და მწერალს შორის არის რაღაც საერთო. ამ პროფესიებს აერთიანებს უდიდესი პასუხისმგებლობა, ადამიანის გულწრფელი სიყვარული და მისი გაგება. მწერლობის ხელობის შესწავლა, მედიცინისაგან განსხვავებით, შეუძლებელია, ეს ძალზე ინდივიდუალური შრომაა... ექიმისგან განსხვავებით, ხარ შენ და მხოლოდ მწერლის მაგიდა. მწერალი მარტოსულია, რომელსაც უნდა შესწევდეს სმენის უნარი, მაგრამ არა მოსმენილით დატყვევება. იგი უნდა დარჩეს ისეთი, როგორიც არის, თუმცა, ნამდვილი მწერალი არასოდეს არ ასახავს საკუთარ თავს. ის იგონებს გმირს, მაგრამ ამ გმირში საკუთარ თავს მხოლოდ გარკვეული “სიღრმის დონეზე” მოიაზრებს. გავიხსენოთ ტოლსტოი – “მე – ეს ნატაშა როსტოვაა”...

როგორც ხედავთ, ამ განაცხადში ორიგინალური არაფერია, მეტიც – დოგმატური და სტერეოტიპური ფორმულაა მწერლისა და მისი შემოქმედების ურთიერთდამოკიდებულების შესახებ. მაგრამ, პოლინა დაშკოვამ მაინც მოახერხა გამოკვეთილიყო სამწერლო ასპარეზზე და ერთხმად დაემკვიდრებინა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე რუსი მწერლის სახელი. იგი ითვლება სოციალური პროზის ოსტატად და მისი რომანების ფრანგულ და გერმანულ ენებზე თარგმნილი ვერსიებიც, რუსულთან ერთად, უკვე 30 მილიონ ეგზემპლარზე მეტი ტირაჟითაა გამოცემული. რითი მოახერხა მწერალმა ქალმა ასეთი პოპულარობის მოხვეჭა?

ჩემი აზრით, მომგებიანი ლიტერატურული ჟანრების – ისტორიულ-სათავგადასავლო და კრიმინალურ-დეტექტიურის ორიგინალური შეხამებით, დამაინტრიგებელი სიუჟეტების რეალობასთან დამაჯერებლად შეზავებით, პოსტმოდერნისტული ელემენტების გემოვნებიანი ჩართვით და, რასაკვირველია, გამართული, კლასიკური ენით.

სწორედ ამგვარი მხატვრული ძიებების დროს გამოვლინდა პოლინა დაშკოვასა და შარლოტა ბრონტეს შორის კონფლიქტი. მხატვრული ლიტერატურა პირობითისა და რეალურის დუეტია, ამიტომ აღარ ჩავსვი ბრჭყალებში ორი მწერლის ურთიერთობის აღმნიშვნელი სიტყვა, ისედაც გასაგებია, რომ რუსი მწერლის დაბადებამდე 150 წლის წინ გარდაცვლილი ინგლისელი ლედი კოლეგის თავდასხმას ვერაფრით ვერ მოიგერიებდა. ამ “საბრძოლო პოზიციის” გარკვევა დროს მივანდოთ, რადგან ყველაზე ზუსტი პასუხი შარლოტა ბრონტეს მხრიდან ის იქნება, თუ ნახევარი საუკუნის შემდეგ მის წიგნებს ისევ წაიკითხავენ.

ახლა კი მივუბრუნდეთ პოლინა დაშკოვას პრეტენზიას: მისი გაღიზიანებისა და შეტევის ობიექტი 1847 წელს გამოცემული რომანის “ჯეინ ეარის” მთავარი გმირია. როგორც იცით, აღნიშნული რომანი ავტობიოგრაფიული ხასიათისაა, ერთ-ერთი საუკეთესოა შარლოტა ბრონტეს შემოქმედებაში და მკითხველის სამსჯავროზე გამოტანისთანავე უდიდესი წარმატება ხვდა წილად. თარგმნილია სხვადასხვა ევროპულ ენაზე და დღემდე ბესთსელერად მიიჩნევა. ეს არის ისტორია მოკრძალებული, მაგრამ ამაყი და დამოუკიდებელი ობოლი გოგონასი, რომელიც მედგრად იბრძვის წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრების გზაზე და საბოლოოდ იმარჯვებს. მარტოხელა მეომარის გულკეთილობასა და სულის სისუფთავეში ეჭვი რომ ვინმეს შეეტანა, ჯერ ერთი, ჯეინ ეარი იმთავითვე სამაგალითო გმირი არ გახდებოდა, მეორეც – ის დროს ვერ გაუძლებდა, რადგან “ჯეინ ეარი” პირველ რიგში ერთი დადებითი პერსონის თავგადასავალია, ის ნაწარმოების ცენტრია და თუ ასეთ ცენტრს ბზარი გაუჩნდებოდა, მის ირგვლივ ყველაფერი ნამსხვრევებად იქცეოდა; ასე რომ, აღარც დანარჩენი პერსონაჟები დაგვაინტერესებდა, აღარც რეალობის მხატვრული აღწერა და აღარც სხვა რამ, რაც არ უნდა ოსტატურად და დამაჯერებლად მოეწოდებინა ავტორს. საუკუნენახევარია მკითხველი შარლოტა ბრონტეს რომანის “ჯეინ ეარის” თაობაზე ერთ აზრს იზიარებს: ეს არის კარგი წიგნი კეთილი გმირითა და “ჰეფი ენდით”, სადაც “ობლის კვერი ცხვა და გვიან გამოცხვა”, და ეს ტკბილი კვერი დამსახურებულად ერგო დაუმსახურებლად ტანჯულ კეთილ სულს, ნათელი და გაუტეხელი ხასიათის ადამიანს.

2002 წელს გამოქვეყნდა პოლინა დაშკოვას დეტექტიური რომანი “რეალობის გრძნობა”. ფაბულა ასეთია: მოსკოვში ჩადენილია ორმაგი მკვლელობა – ამერიკელი მამაკაცისა და რუსი ახალგაზრდა ლამაზი ქალის. მიმდინარეობს გამოძიება. აშკარაა, რომ მკვლელობა შეკვეთილია, მაგრამ რა მოტივით? ამ ბუნდოვანი საქმის გასარკვევად გამოძიებაში ერთვება ამერიკული მხარეც, რადგან ერთი მსხვერპლი შტატების მოქალაქეა. ოკეანისგაღმიდან პროცესზე დასაკვირვებლად აგზავნიან ახალგაზრდა მერი გრიგს, რომელიც ორმაგი რეზიდენტის ერთადერთი ქალიშვილია. მერი წარმოშობით რუსი მაშა გრიგორიევაა, მაგრამ ეს გასაიდუმლოებული ამბავია და ამის შესახებ მხოლოდ რამდენიმემ იცის.

მაშა-მერის თავგადასავალი მისი სამშობლოში დაბრუნებამდე დაიწყო: თავიდანვე გულჩათხრობილი გოგონას მშობლები ქორწინებიდან მალე გაიყარნენ. მაშას მამა ამერიკაში გადასახლდა. მერე დედაც დაკარგა – ავტოკატასტროფამ ქალიცა და მისი მეორე ქმარიც იმსხვერპლა, და დაობლებულმა მაშამ პანსიონატში ამოყო თავი. როგორც წესი, პანსიონატში ცხოვრება საამური სრულებითაც არ არის, მაგრამ ჯეინ ეარისაგან განსხვავებით, მას “დაკარგული” მამა იხსნის – გავლენიანი და ყოველმხრივ უზრუნველყოფილი რუსი ემიგრანტი ერთადერთ შვილს ამერიკაში წაიყვანს.

მაგრამ, უკანმოტოვებულ დროს უკვე ჩამოუყალიბებია ბავშვის ბუნება. მამა გრძნობს, რომ გოგონა ძალზე ნიჭიერი, მაგრამ მეტად თავისებური ხასიათის ადამიანია. ეს “აღმოჩენა” ყველაზე მკაფიოდ გამომჟღავნდება მამა-შვილის ერთ-ერთი საუბრისას, როცა მაშა კოლეჯში მიცემულ დავალებაზე – “ჯეინ ეარის” წაკითხვასა და განხილვაზე - თავის აზრს გამოთქვამს:

“...სინამდვილეში ხომ თავზარდამცემი, საშინლად საძაგელი არსებაა ეს ჯეინი, პატივმოყვარე და სასტიკი. ამ წიგნში გმირები იყოფიან კარგებად და ცუდებად მხოლოდ და მხოლოდ ერთი ნიშნით – როგორ დამოკიდებულებაში არიან ისინი მთავარ გმირთან, რომელიც, რასაკვირველია, ავტორის ალტერ-ეგოა. დამოუკიდებლად არც ერთი პერსონაჟი არ არსებობს. ყოველმა მათგანმა, რომელმაც მას აწყენინა ან რაიმეთი შეუშალა ხელი, უნდა გადაიხადოს დამცირებით, გაკოტრებით, სიკვდილით. ყველა კაცს, თუ მასში რაიმე მამაკაცურია, აუცილებლად სწორედ ის უნდა შეუყვარდეს და დაიტანჯოს. ქალები, თუ ისინი ბებრები და მახინჯები არ არიან, აუცილებლად შტერები უნდა იყვნენ. პატარა ობოლი ადელიც კი სულელი და ცარიელი არსებაა მხოლოდ იმიტომ, რომ ლამაზია. აი, საიდან წამოვიდა ტელესერიალები და ეს საპნის მონსტრები – დადებითი ქალები ტკბილი მოკრძალებითა და მიამიტი სხივიანი თვალებით, სისხლისმოყვარე ქვეშეცნეულობას რომ მალავენ...”…

გოგონას ამ მონოლოგიდან ჩანს, რომ ის არატიპიური მკითხველიცაა და არაორდინარულად მოაზროვნეც. ჯეინ ეარის ასეთი მკაცრი შეფასება მეტად სუბიექტურია, მაგრამ გადის დრო და ჩვენ ვხედავთ, რომ სწორედ ამ სუბიექტური დამოკიდებულების წყალობით გახსნა მკვლელობის საქმე მერი გრიგმა:

ერთ-ერთი ეჭვმიტანილი არის შინამოსამსახურე ქალი, რომელიც არანაირად არ იძლევა უნდობლობის საბაბს; ასაკოვანი შინაბერა მოწესრიგებული, მშვიდი და მზრუნველი ადამიანია, დღედაღამ იმ ოჯახის წევრებზე ფიქრობს, რომელთაც ემსახურება. დეტექტივები ვერც კი შეამჩნევდნენ, მკვლელობის ადგილის აღმომჩენი და ამდენად პირველი მოწმე რომ არ ყოფილიყო. ამ ძლივსშესამჩნევ არსებას ერთი ახირება აქვს – განუყრელად დააქვს შარლოტა ბრონტეს “ჯეინ ეარი”, რომელიც, თურმე პირველად 14 წლისას წაუკითხავს და 48 წლის ასაკშიც პირვანდელი გატაცებითა და სიამოვნების ჟრუანტელდავლილი თითებით ფურცლავს გაზეპირებულ წიგნს. მერი გრიგს, თავისი დაკვირვებისა და გამჭრიახობის წყალობით, არ გამორჩება ეს დეტალი, კოლეჯში სწავლისას ჯეინ ეარზე შექმნილ შთაბეჭდილებასა და შინამოსამსახურე ქალის ახირებას შორის პარალელს გაავლებს და... ირკვევა, რომ რეალობა და ნაწარმოების ფაბულა ერთმანეთს ემთხვევა: შინამოსამსახურე ქალი საკუთარი თავის ასოცირებას ახდენს ჯეინ ეართან. მას თავდავიწყებით უყვარს ოჯახის უფროსი – წარმატებული და სიმპათიური პოლიტიკოსი, რომელსაც ჰყავს მეუღლე და საყვარელი. ქალს ისღა დარჩენია მოთმინებით დაელოდოს თავისი ბედნიერების საათს, თუმცა იმით მაინც აჩქარებს სანატრელი დროის მოახლოვებას, რომ ხელს უწყობს პოლიტიკოსის ცოლის ფსიქიურ ავადმყოფად გადაქცევას. მთავარი კონკურენტის ჩამოშორების შემდეგ ქარაფშუტა საყვარელი დიდ პრობლემას აღარ წარმოადგენს... მანამადე კი მოუვლის თავის კერპს, ცივ ნიავს არ მიაკარებს, საბრალოს ისიც ეყოფა, რომ მისტერ როჩესტერივით გიჟი ცოლი ჰყავს, საყვარელიც ისეთივე ხარბი და სულელია, როგორც შარლოტა ბრონტეს რომანში... ხოლო, როცა “ოცნების პრინცი” სულ მარტო დარჩება, მიხვდება, რომ მის გვერდით ყოველთვის მხოლოდ ერთი ერთგული ადამიანი იყო. სწორედ მაშინ დადგება საბოლოო გამარჯვების დღე! – მოკრძალებული შინამოსამსახურე სამუდამოდ “ბატონის” გვერდითაა, ის და მეტი არავინ! და თუ ზოგჯერ რეალობა საყვარელ წიგნში მოთხრობილ ფაქტებს არ ემთხვევა, არაფერია, ამის გამოსწორება შეიძლება...

ასეთია პოლინა დაშკოვას დამოკიდებულება შარლოტა ბრონტეს “ჯეინ ეარისადმი”. ჯეინ ეარის ჭკუა მისი გმირის ეშმაკობასთან წყვილდება, ჯეინის სიფიცხე – მისი გმირის სპარტანულ თავშეკავებულობასთან, სიყვარულით ორივეს უყვარს და ორივე თავდაუზოგავად იბრძვის ბედნიერებისათვის – ორივე ფარულად, მაგრამ საკუთარი მეთოდებით. სხვა პარალელებზეც შეიძლება საუბარი, მაგრამ, ვფიქრობ, ანალიზისთვის ზემოჩამოთვლილიც საკმარისია;

რა მოიგო პოლინა დაშკოვამ შარლოტა ბრონტეს გამოწვევით? ჩემი აზრით, რუსი მწერლის აგორებულ კონფლიქტს შემდეგი მიზეზები აქვს: ერთი - მწერლის მიერ მწერლის მიუღებლობა; მეორე – როგორც ქალი ქალს არ ეთანხმება, არ სჯერა მისი და რომანის დადებით გმირს საკუთარ უარყოფით გმირს ახვედრებს; მესამე – დაგროვილი ნეგატიური მუხტის გამოსავლენად რუსი მწერალი იყენებს დღეს ყველაზე პოპულარული ჟანრის – პოსტმოდერნიზმის ელემენტს, რითაც მოდურ ტენდენციასაც და სუბიექტურ განწყობასაც ერთნაირად აკმაყოფილებს (ანუ ორ კურდღელს ერთად იჭერს! ნ.კ.).

რაც შეეხება იმას, დააკლდა თუ შეემატა რამე შარლოტა ბრონტეს ”ჯეინ ეარს”, ამაზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ რა ინტერპრეტაციისათვისაც არ უნდა გამოიყენონ ჯეინ ეარის სახე, ის მაინც ძლიერი ქალის სიმბოლოდ დარჩება, რომელიც ყოველი დროის თავდასხმასა და სიმკაცრეს გაუძლებს. ყველაზე მთავარი კი მაინც ის არის, რომ რახან 21-ე საუკუნეში შარლოტა ბრონტე ისევ განსჯის მიზეზია, მისი ალტერ-ეგო ჯეინ ეარი კი თუნდაც მხატვრული ხერხების ძიებისათვის გემრიელი ლუკმა, ჩანს ღირებულების თვალსაზრისით ის ისევ აქტუალურია. კლასიკა ხომ კლასიკად რჩება!..

Share

კომენტარები 

0 # gia 2010-02-09 21:38  
tqvens yvela statiashi chveni azrebi ertmanets 80-85 procentit emtxveva

gia sixarulidze
ციტირება
 

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი