"ტიციანს უყვარდა წითელი მიხაკი და მამულს ლოცავდა ყანწით და წიგნით" - შოთა ნიშნიანიძის ლექსის ეს სტრიქონები ერთგვარ შესავლად გამოგვადგება იმის მაუწყებლად, რომ საქართველო ტიციანმა დღესაც დალოცა ახალი წიგნით, რომელიც ჯერ სულ 200 ეგზემპლარად დაიბეჭდა. ტიციან ტაბიძეს ახალი და უახლოესი ქართული ლიტერატურის ისტორიკოსის ამპლუაში ქართული საზოგადოება პირველად გაიცნობს უნივერსიტეტის პროფესორის ლადო მინაშვილისა და მთარგმნელის თემურ ჯაგოდნიშვილის ძალიახმევით - ეს გახლავთ, რბილად რომ ვთქვათ – აღმოჩენა, რეალურად კი სენსაცია, რადგან ქართველმა მკვლევარებმა მხოლოდ 80 წლისთავზე მოიძიეს ტიციან ტაბიძის ნარკვევი ახალი ქართული ლიტერატურის შესახებ, რომელიც XIX საუკუნის ქართველ მწერლებზე საინტერესო ცნობებს და მათი შემოქმედების ერთგვარ შეფასებას მოიცავს.
რა გზა გამოიარა, რა ისტორია და თავგადასავალი აქვს ტიციან ტაბიძის ნარკვევს, რომელიც 1929 წელს რუსულ ენაზე დაიწერა _ ამის შესახებ შესავალ ნაწილში მოგვითხრობს წიგნი ,,ახალი ქართული ლიტერატურა” (XIX საუკუნე - XX საუკუნის 30 წლებამდე), რომლის რედაქტორია უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ლადო მინაშვილი. წიგნში, რომელიც უნივერსიტეტის გამომცემლობამ დაბეჭდა, შესულია ტიციან ტაბიძის ნარკვევი ,,ახალი ქართული ლიტერატურა” როგორც ქართულ, ისე რუსულ ენაზე, მას თან ერთვის ლადო მინაშვილის მოკლე მიმოხილვა ტიციან ტაბიძის ნარკვევისა მისი სტრუქტურისა და შინაარსის თაობაზე.
ტიციან ტაბიძის ახალი ნარკვევის აღმოჩენის თაობაზე ცოტამ თუ იცის... წიგნში მოცემული ინფორმაცია იმდენ თემას ხდის სადისკუსიოს, რომ, იმედია, ექსპერტები და მკვლევარები მას ინტერესით ჩაუღრმავდებიან. სწორედ ამ პათოსით ჩავეძიეთ ბოლომდე ტიციან ტაბიძის სულის კიდევ ერთი გასაღების მფლობელს, ბატონ ლადო მინაშვილს, რომელსაც წილად ხვდა ბედნიერება ტიციანი ახალი ამპლუით სომხეთიდან საქართველოში გამოეხმო... როგორ მოიპოვა ინფორმაცია ბატონმა ლადო მინაშვილმა ტიციან ტაბიძის სომხურ ენაზე გამოცემული ნარკვევის შესახებ? - აქედან იწყება ისტორია იმ წიგნისა, რომელზეც ვსაუბრობთ.
ლადო მინაშვილი, წიგნის რედაქტორი, პროფესორი:
2002 წლის გაზაფხულზე თბილისში გაიმართა ქართველოლოგთა საერთაშორისო სიმპოზიუმი, სადაც სხვებთან ერთად მოხსენება წაიკითხა სომეხმა ქართველოლოგმა ერევნიდან ჰრაჩია ბაირამიანმა. მისი მოხსენების თემა იყო ,,ლიტერატურის კორიფეთა მეგობრობა - კულტურათა დაახლოების მნიშვნელოვანი ფაქტორი (ეღიშე ჩარენცი და ტიციან ტაბიძე)”. ჰრაჩია ბაირამიანმა თავის დროზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ლიტერატურის ისტორიის კათედრის ასპირანტურა დაამთავრა და აქვე, თბილისში დაიცვა დისერტაცია ქართულ-სომხურ ლიტერატურულ ურთიერთობებზე. ამჟამად იგი მოღვაწეობს ერევანში, არის ერევნის უნივერსიტეტის პროფესორი. იგი ბრძანდებოდა ბატონ სოლომონ ხუციშვილის ასპირანტი. და აი, მან ქართველოლოგთა საერთაშორისო სიმპოზიუმზე წარმოდგენილ მოხსენებაში აღნიშნა, რომ 1931 წელს გამოჩენილი სომეხი პოეტის ეღიშე ჩარენცის გულმოდგინებით გამოიცა ტიციან ტაბიძის მოკლე ნარკვევი _ ,,ახალი ქართული ლიტერატურა, მე-19 საუკუნე” სომხურ ენაზე. რა თქმა უნდა, ამან ჩემი ყურადღება მიიქცია. ეღიშე და ტიციანი კარგი მეგობრები იყვნენ. ეღიშე ხშირად ჩამოდიოდა თბილისში, რომელიც, სომხეთის მგოსნის სიტყვებით რომ ვთქვათ, ,,სავსებით თვითმყოფად სამყაროს წარმოადგენდა თავისი ხალისიანი ცხოვრებით, პურ-მარილით და წეს-ჩვეულებებით”. ტიციან ტაბიძის მეუღლე ნინო ტაბიძე თავის უაღრესად საინტერესო წიგნში ,,ტიციან ტაბიძე და მისი მეგობრები” აღნიშნავს, რომ ,,ყოველთვის, როდესაც კი ჩარენცი თბილისში ჩამოდიოდა, სტუმრად ეწვეოდა ტაბიძეების ოჯახს”. და თურმე, ერთ მშვენიერ დღეს, ტიციანის სამუშაო მაგიდაზე ეღიშეს თვალი მოუკრავს ტიციანის ხელნაწერისთვის ახალი ქართული ლიტერატურის (მე-19 საუკუნე) შესახებ და ტიციანისთვის უთხოვია, რომ ნაშრომი დასრულებისთანავე მისთვის გაეგზავნა, რათა სომხურად ეთარგმნა და ერევანში გამოეცა. ეს ის პერიოდია, როდესაც ჩვენს მწერლებს უკეთილშობილესი იდეა ამოძრავებთ _ ცოტათი დათბეს ურთიერთობები ჩვენსა და სომხებს შორის. მოგეხსენებათ, 20-იან წლებში სომხებმა ომი წამოგვიწყეს _ დაძაბული ურთიერთობები და პროვოცირებული კონფლიქტები დღემდე გრძელდება. და აი, ამ უკეთილშობილესმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის იმ პერიოდში წარმოქმნილი სიცივის ატმოსფერო დაეთბო, ასე ვთქვათ, კულტურათა დიალოგით და ამით გაეფანტა ურთიერთუნდობლობის ბურუსი. მათ კარგად ესმოდათ, რომ ჩვენ უახლოესი მეზობლები ვართ და ერთმანეთი ჰაერივით გვჭირდებოდა. ჩარენცს სურდა, რომ ორი ქვეყნის ინტელიგენციის წარმომადგენლებს შეესწავლათ ერთმანეთის ისტორია, სულიერი და მატერიალური ფასეულობანი და იგი ადვილად ხელმისაწვდომი გაეხადათ საზოგადოების ფართო წრეებისთვის. ასე გადაწყვიტა მან ეთარგმნა ტიციანის დაწერილი ქართველი ერის ლიტერატურის ისტორია და სომეხი ხალხისთვის გაეცნო თავისი მოძმე ერის სულიერი ფასეულობა. ტიციანს, სავსებით გასაგები მიზეზების გამო, ნარკვევი რუსულ ენაზე ჰქონდა დაწერილი _ მას სურდა რუსულენოვანი ხალხებისთვის, მომავალში უკვე საბჭოთა კავშირში შემავალი ერებისთვის გაეცნო ჩვენი ლიტერატურა. ტიციანს როგორც კი დაუსრულებია ნაშრომი, იგი ეღიშესთვის გაუგზავნია. ეღიშემ ნარკვევი ღურბანიანს სომხურ ენაზე ათარგმნინა. მართლაც, 1931 წლის მიწურულს ერევანში გამოიცა ტიციან ტაბიძის წიგნი სათაურით ,,ახალი ქართული ლიტერატურა, მე-19 საუკუნე”. გამოცემის დაბალი პოლიგრაფიული დონით უკმაყოფილო ჩარენცმა ერთი ეგზემპლარი მდიდრული ყდით დაამზადებინა და ავტორს გაუგზავნა. როგორც ტიციანის მეუღლე ნინო ტაბიძე წერს: ,,ამ წიგნის ერთი ეგზემპლარი ეღიშე ჩარენცის წარწერით ჩვენთან ინახება”.
როგორც მოგახსენეთ, ტიციან ტაბიძის ნარკვევის არსებობის შესახებ მხოლოდ ჰრაჩია ბაირამიანის მოხსენებიდან შევიტყვე – ადრე ყურადღება არ გამიმახვილებია ნინო ტაბიძის წიგნში ,,ტიციან ტაბიძე და მისი მეგობრები” ამოკითხულ იმ ფრაზაზე, სადაც ქალბატონი ნინო ეღიშეს მიერ ტიციანისთვის ნაჩუქარ ერთადერთ ეგზემპლარზე მიუთითებს. თუმცა, როგორც კი შევიტყვე ამის შესახებ, ბატონ ჰრაჩიას ვთხოვე, სომხურ ენაზე ნათარგმნი წიგნი ჩემთვის გამოეგზავნა. მისგან მომივიდა გამოცემის ქსეროასლი და მომაწოდა თბილისში წაკითხული მისი მოხსენებაც.
აკად. გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში, ტიციან ტაბიძის არქივში, აღ მოჩნდა ტიციან ტაბიძის ნარკვევის ავტოგრაფი რუსულ ენაზე. ავტოგრაფზე მიგვითითა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული აკაკის კაბინეტის მეცნიერ-თანამშრომელმა ნანა ფრუიძემ.
ტიციან ტაბიძის ქალიშვილის, ქალბატონ ნიტა ტაბიძის და შვილიშვილის, ქალბატონ ნინო ანდრიაძის თანხმობის მიღებისთანავე გადავწყვიტე, ამ ნარკვევს დაუყოვნებლივ ეხილა დღის სინათლე საქართველოშიც. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ნარკვევი, გარდა სომხეთისა, არსად არ უნდა იყოს დაბეჭდილი. შევუდექით საქმეს. გარკვეულად რთული აღმოჩნდა ტიციან ტაბიძის ავტოგრაფული რუსული ტექსტის გამოსაცემად მომზადება, რამდენადაც ავტოგრაფი სავსეა ჩასწორებებით. არის ძნელად ამოსაკითხი ადგილები.
აუცილებლად ჩავთვალეთ, ტიციან ტაბიძის რუსულ ენაზე დაწერილ ნარკვევს დართვოდა ქართული თარგმანი, შეჯერებოდა სომხურ გამოცემას, რათა ცხადი გამხდარიყო, რა მიმართებაში იყო სომხური თარგმანი ავტოგრაფთან, ჩასწორდა თუ არა სომხეთში გაგზავნილი ტექსტი სრულყოფის მიზნით და ა.შ.
ტიციან ტაბიძის ავტოგრაფი გამოსაცემად მოვამზადეთ მე და თემურ ჯაგოდნიშვილმა, იგი შესანიშნავი ფოლკლორისტი და ჟურნალისტია, ამავე დროს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთ მიმართულებას ხელმძღვანელობს. ტექსტი რუსულიდან ქართულად მანვე თარგმნა, ხოლო სომხურ გამოცემასთან შეადარა შესანიშნავმა პოეტმა ზეზვა მედულაშვილმა. როგორც შედარებამ ცხადყო, ტიციან ტაბიძის ავტოგრაფის ტექსტი საბოლოოა. სომხური თარგმანი ზუსტადაა შესრულებული და პრაქტიკულად არავითარ ცვლილებას არ შეიცავს.
გარდა იმისა, რომ ტიციან ტაბიძის აქამდე სრულიად უცნობი ნარკვევის არსებობა ქართული საზოგადოებისთვის, თქვენი წყალობით, ცნობილი გახდება, საინტერესოა, რა ლიტერატურული ღირებულება აქვს ამ ნარკვევს?
ეს არის ახალი ქართული ლიტერატურის ისტორია, რომელიც მოიცავს XIX საუკუნის ლიტერატურულ პროცესთა, მწერალთა მიმოხილვა-ჩამონათვალს XX საუკუნის 20-იანი წლების ჩათვლით. ამ დროისათვის ჩვენ ახალი ლიტერატურის ისტორია, როგორც ასეთი, არ გვაქვს, თუ არ ჩავთვლით კიტა აბაშიძის ,,ეტიუდებს” და ვახტანგ კოტეტიშვილის `ქართული ლიტერატურის ისტორიას~. მე-19 საუკუნის ლიტერატურის ისტორიის ფუძემდებელი, მართალია, ილია ჭავჭავაძე გახლავთ, მაგრამ ისტორიები, როგორც ასეთი, არ გვქონდა, ამიტომაა ერთ-ერთი პირველი ტიციან ტაბიძის ლიტერატურის ისტორიაც.
როგორც ჩანს, ტიციან ტაბიძის ნარკვევი გამიზნულია რუსულენოვანი, საზოგადოდ, არაქართველი მკითხველისათვის და, ამდენად, ძირითადად უფრო ინფორმაციული ხასიათისაა, ხშირ შემთხვევაში ვრცელ თხზულებათა სიუჟეტები გადმოცემულია კომპაქტურად. ნარკვევი მთლიანობაში დაწერილია დიდი აღმაფრენით, უშუალო ნაგრძნობზე დაფუძნებული დაკვირვებებით, მიგნებებით. ყველაფერი, ბუნებრივია, ეყრდნობა სათანადო კრიტიკული ლიტერატურის ღრმა ცოდნას _ ყოველივე ეს ნაშრომს ესეისტურ-კრიტიკულ ხასიათს ანიჭებს.
ნარკვევის ავტორი საგანგებოდ ზრუნავს, რომ უცხოელ მკითხველს აჩვენოს სიფართოვე და სიღრმე ქართული მწერლობისა, განიხილოს იგი მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში. მასში შეიძლება ზოგიერთი რამ სადავო იყოს, მაგრამ ნარკვევი, თავისთავად, ძალზე საინტერესოა.
ფართო ჰორიზონტის კაცია ტიციანი, იგი არა მარტო პოეტია, არამედ შესანიშნავი ლიტერატორიცაა. მას მოსკოვის უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. მისი წერილები, მაგალითად, ვაჟა-ფშაველაზე მისი უბრწყინვალესი ნარკვევი, რომელიც უძღვის ვაჟა-ფშაველას პირველ ტომს, მომავალში ბიძგი გახდა უამრავი საინტერესო დაკვირვებისა და მიგნებისა. ტიციანს საინტერესო ნარკვევი აქვს დაწერილი ილიაზე, დავით კლდიაშვილზე, მაგრამ ასეთი გაბმული ისტორია _ იოანე ბატონიშვილის ,,კალმასობიდან” დაწყებული ვიდრე შიო არაგვისპირელამდე, არ გვქონია.
როგორც ითქვა, ტიციან ტაბიძეს ეს ნარკვევი გამიზნული ჰქონდა ძალიან ფართო მკითხველისთვის. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მის სიცოცხლეში ამგვარი რამ ვერ განხორციელდა, მხოლოდ სომეხ მკითხველს მიეცა მისი გაცნობის შესაძლებლობა თავის ენაზე. უნდა ვიფიქროთ, რომ არა მარტო ქართველი, არამედ, საერთოდ, ფართო მკითხველის წინაშე ტიციან ტაბიძის ეს ნარკვევი ახლა წარდგება _ მისი დაწერიდან 80 წლის შემდეგ.
რამდენადაც თქვენი წიგნიდან გახდა ცნობილი, ნარკვევი 1929 წელს დაიწერა. საინტერესოა, იმ მძიმე პერიოდში როგორ ახერხებს ტიციან ტაბიძე ღიად ისაუბროს რუსეთის ინტერესებზე საქართველოსთან მიმართებაში და ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედების განხილვისას მიუთითოს ისეთ შტრიხზე, რომელიც საქართველოს იმჟამინდელ მდგომარეობას აღწერს - "ბულბულის ხვედრი სულაც ვერ შემსუბუქდება, თუ გალია ოქროსი იქნება" _ ტიციანის ეს სითამამე მართლაც რომ საგულისხმოა...
გეთანხმებით, თამამია ტიციანი რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის თემასთან დაკავშირებით, იგი ყველაფერს საღად ხედავს.
მიუხედავად იმისა, რომ კონიუნქტურა არსებობდა, ტიციანი ფაქიზად მაინც ახერხებს თავისი სათქმელის თქმას. და ეს იწერება 30-იანი წლების დასაწყისში, როდესაც საქართველოში ატმოსფერო უკვე მძიმდება. და იცით, რომ ტიციანი დახვრიტეს ბოლოს... მეუღლემ ჯერ კიდევ არ იცოდა ამის შესახებ, 40-იანი წლების ბოლოს მას ტიციანი ისევ ცოცხალი გონია, იქით პასტერნაკი ამშვიდებდა _ ნამდვილად ვიცი, რომ ცოცხალიაო, არადა ტიციანი 1938 წელში დახვრიტეს.
სომეხი ხალხისთვის რამდენად იქნებოდა საინტერესო ეს ნარკვევი, რომელიც ეღიშე ჩარენცმა თავის დროზე ერევანში გამოსცა?
ტიციან ტაბიძის ნარკვევი სომეხი ხალხისთვის იმდენად უნდა იყოს საინტერესო, რამდენადაც ჩვენთვისაა საინტერესო - რა ხდება მეზობელ ქვეყნებში, რა კულტურის მატარებელია ეს ხალხი, რითი ცხოვრობს, რა ასულდგმულებს? - ამას ყველაზე უკეთ მწერლობა გვაჩვენებს. ჩვენთვის ღირებულია პროგრესულად მოაზროვნე სომეხი მწერლების ბრძოლა სომეხი და ქართველი ხალხების ერთობისთვის - მათ შორის კულტურული დიალოგის წარმართვისთვის. როდესაც მეცხრამეტე საუკუნის 20-იან წლებში ქართველებსა და სომხებს შორის ომი ატყდა, ოვანეს თუმანიანმა ერევანში მცხოვრებ თავის შვილებს მტკიცედ მოთხოვა, რომ ამ ბინძურ ომში არ ჩარეულიყვნენ - ეს ულამაზესი ფაქტია.
ამ წიგნის პოპულარიზაცია ალბათ აუცილებელია, რათა ყველა ქართველმა იცოდეს ტიციან ტაბიძის ახლად აღმოჩენილი ნარკვევის შესახებ... მისი გაცნობა საინტერესო იქნებოდა სკოლის პედაგოგებისთვისაც, რომლებიც მოსწავლეებს XIX საუკუნის ქართულ მწერლობას ასწავლიან... ამ წიგნის დამხმარე სახელმძღვანელოდ აღიარებაც, ალბათ, ურიგო არ იქნება. თქვენ რა კამპანიას გეგმავთ ამ მიმართულებით?
ტიციან ტაბიძის ნარკვევის აღმოჩენა მართლაც სენსაციაა ლიტერატურული ცხოვრებისთვის. იგი ნელ-ნელა გაიკაფავს გზას სამეცნიერო წრეებში და ახალგაზრდობაშიც და, იმედია, მომავალში, როცა ტიციანის ახალი კრებული გამოვა, მასში შევა ეს ნაშრომიც. უპირველეს ყოვლისა, ვფიქრობ, ეს კამპანია გამიზნული უნდა იყოს ჯერ მაინც უმაღლესი სკოლისთვის, პროფესორ-მასწავლებლებისთვის, ახალი ქართული ლიტერატურის მკვლევარებისთვის, სტუდენტი-ახალგაზრდობისთვის, მასწავლებლებისთვის, თუმცა ამ წიგნის სკოლებისთვის მიწოდება, ამ ეტაპზე, განუხორციელებლად მეჩვენება. ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუკი მასწავლებლები სკოლის მოსწავლეებს, ტიციან ტაბიძის შემოქმედების განხილვისას, ასეთი ნარკვევის შესახებ ცნობას მიაწოდებენ და XIX საუკუნის მწერალთა ღვაწლზე საუბრისას ტიციანის შეფასებებს მოიშველიებენ, რაც შეიძლება სადისკუსიო თემადაც აქციო. მთავარი ის არის, რომ ამ არაჩვეულებრივი ნაშრომით ტიციანის შემოქმედება, მისი პოეტური, ლიტერატურული და კრიტიკულ-ესეისტური მემკვიდრეობა გამდიდრდა. ეს ისტორიაა უკვე, ჩვენი ლიტერატურის ისტორია, რომლიდანაც ბევრი რამ საჭირო და მომავლისთვის გასათვალისწინებელია.

















კომენტარები
დიდი მადლობა ამ საიტის დამაარსებელს yes yes yes :) ციტირება
ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქართველები ნიჭიერი ხალხი ვართ. yes yes yes ციტირება
კიდევ ყოჩაღ!!! ძალიან მაგარია!!! აბა, შენ იცი, კიდევ ბევრჯერ გვასიამოვნე კარგი სიუჟეტებით. გეუბნებოდი, ბუბლიცისტიკა შენი სფეროა-მეთქი! სიამოვნებით წავიკითხე და ვნახე. ციტირება
კარგი და გასაგები სტილით შესრულებული; სასარგებლო და შემეცნებითი ქართველი ხალხის, მისი მომავალი თაობის სულიერი ზრდისთვის .
დიდი მადლობა ავტორს. ციტირება
ყოჩაღ!!! მაგარია!!! ვიცოდი, რომ კარგი ჟურნალისტი ხარ. ციტირება
ამაზე საინტერესო სამეცნიერო მასალა დღეს მე ბევრგან არ წამიკითხავს! მადლობა საიტის დირექციას, რომ მისცა საშუალება ავტორს _ კიდევ ერთი სიცოცხლე შეეძინა ჟურნალისტის ნაშრომს… ციტირება