განახლდა:07:02:38 AM GMT

>>> კულტურა ლიტერატურა "იდეოლოგიზებული მაკულატურისგან" გათავისუფლებული თანამედროვე ლიტერატურა
ბანერი

"იდეოლოგიზებული მაკულატურისგან" გათავისუფლებული თანამედროვე ლიტერატურა

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 911 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

ქართული ენის დაცვის ლოზუნგით საყოველთაო გამოსვლები ლიტერატორებისთვის ტოტალიტარული მარწუხებისგან ლიტერატურული ღირებულებების გადარჩენისთვის ბრძოლის ტოლფასი იყო, რადგან ქართული ენის დაცვასთან ერთად მოსაპოვებელი იყო ის თავისუფლებაც, რაც იმ პერიოდში შეზღუდული მხატვრული აზროვნებისთვის აუცილებელ საკვებს წარმოადგენდა.

მაშინ ვითარების ტრაგიზმს ქმნიდა ამ სფეროში მოღვაწე არა მხოლოდ ცალკეული ადამიანების ბედის მსხვრევა მათი იდეოლოგიური ზომბირების გზით, არამედ ლიტერატურული პროცესის მთლიანი პარადიგმის წყვეტა, რასაც, როგორც წესი, ხანგრძლივი კულტურული რეაბილიტაცია ესაჭიროებოდა. ამ თემებზე ღია დისკუსიის გამართვა მხოლოდ ახლა გახდა შესაძლებელი, როცა საბჭოთა პერიოდისდროინდელ ტაბუდადებულ თემებს უკვე თამამად ხდის ფარდას თავისუფალი ქართული საზოგადოება. აღსანიშნავია, რომ გასული წლის 7-9 ოქტომბერს თბილისში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას _ "ტოტალიტარიზმი და ლიტერატურული დისკურსი" სამეცნიერო წრეებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სამეცნიერო მოვლენად იქცა. მწარე გამოცდილების თვალსაჩინოდ წარმოდგენა დღევანდელ ლიტერატურულ პროცესებს ერთგვარ ბიძგს მისცემს იმისთვის, რომ თანამედროვე პირობების გათვალისწინებით და შემოთავაზებული თავისუფლების სივრცეში ჭეშმარიტ ლიტერატურულ ღირებულებებს ემსახუროს.

წარსული ჭრილობების ნაკვალევზე სიარული სწორედ ამის შეხსენებაა. ამიტომ გახდა მეცნიერთათვის ეს თემა საკვლევი და გასაანალიზებელი, რის შესახებაც უფრო დეტალურად ივანე ჯავახიშილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ზოგადი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ირმა რატიანი გვესაუბრა.

რა მარწუხებში ექცევა ლიტერატურა ტოტალიტარული რეჟიმების პირობებში და ამ ხნის მანძილზე რა გამოცდილება დაგროვდა ამ მიმართულებით?

ლიტერატურა, მოგეხსენებათ, არის კონცეპტუალური რეაქცია რეალურად მიმდინარე პროცესებზე. კონტექსტი, რომლის წიაღშიც ყალიბდება მხატვრული ტექსტი, ყოველთვის პოულობს ასახვას ამავე ტექსტის აზრობრივ თუ გამომსახველობით შრეებში. თუკი გავითვალისწინებთ ლიტერატურის თანდაყოლილ სწრაფვას ინტელექტუალური და გამომსახველობითი თავისუფლებისაკენ, ცხადად შეიძლება წარმოვიდგინოთ ის წინააღმდეგობა, რომელიც ტოტალიტარული რეჟიმების პირობებში იქმნება მხატვრულ ტექსტსა და რეალურ კონტექსტს შორის. ტოტალიტარიზმის, როგორც ძალადობრივი მმართველობის უპირველესი ნიშანი იდეოლოგიური დიქტატურის შექმნაა, რაც გულისხმობს კლიშეების ფორმირებასა და დანერგვას, რაც, ცხადია, მნიშვნელოვნად ზღუდავს ლიტერატურული თავისუფლების ფარგლებს. ამის ნათელი მაგალითია გასული საუკუნის 20-იანი წლები, როდესაც ქართულ ლიტერატურაში დამკვიდრებული მოდერნისტული ტენდენციები კონცეპტუალურ ანტაგონიზმში აღმოჩნდა საბჭოთა დიქტატურის იდეოლოგიურ პრინციპებთან. სულიერი ღირებულებების დესტრუქციით აღნიშნული პოლიტიკური კურსი იმთავითვე დაუპირისპირდა შინაგანი, სულიერი ძიებით აღნიშნულ ლიტერატურულ პროცესს, რომელმაც, თავის მხრივ, ზუსტად აირეკლა ეპოქის კრიზისი _ ის საერთო სკეპტიციზმი და ნიჰილიზმი, რომელიც სუფევდა ინტელექტუალური ტერორით დათრგუნულ საზოგადოებაში. დაპირისპირებამ ტოტალიტარულ რეჟიმსა და მხატვრულ-ლიტერატურულ აზროვნებას შორის მტკივნეული გამოცდილების ათეული წლები მიითვალა და ქართული კულტურის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეტაპი შექმნა.

რაში გამოიხატება ის გავლენა ლიტერატურაზე, რასაც ტოტალიტარული სახელმწიფოები ახდენენ ამ სფეროში მოღვაწე პიროვნებებზე?

ამგვარი გავლენის გამოხატვის სხვადასხვა ასპექტები შეიძლება ჩამოითვალოს: პირველ ყოვლისა, მწერლების იდეოლოგიური ზომბირება და ტერორის გზით მათი ჩაყენება დიქტატურის სამსახურში. ამ დროს შიში ერთგვარი ჰერმესის ფუნქციას ასრულებს იერარქიულ სახელმწიფო მანქანასა და ხელოვნებას შორის, ხოლო, შედეგად, იქმნება ჭეშმარიტ მხატვრულ ღირებულებას მოკლებული იდეოლოგიზებული მაკულატურა. თუმცა, ამავე პროცესს მეორე მხარეც მოეძებნება დაუმორჩილებელი ნონკონფორმისტების ბრძოლის სახით _ მწერალი უპირისპირდება თავსმოხვეული ბედნიერების ზედაპირულ ილუზიას და ირჩევს შემოქმედებითი პროტესტის აქტიურ ფორმას. ასეთ შემთხვევაში მწერალი მარტივად იქცევა `მტრად~, ხოლო მისი შემოქმედება _ ანტისახელმწიფოებრივ მოღვაწეობად, რასაც ყოველთვის ერთი დასასრული აქვს: დასჯა. ამ მიზეზით დასჯილ ქართველ მწერალთა საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალი შეიძლება გაკეთდეს.

ბრძოლის რა მექანიზმები არსებობს ტოტალიტარული რეჟიმების წინააღმდეგ? ,,ირიბად ნასროლი ქვების” სტრატეგიას რამდენად სცნობს ამ პერიოდების ლიტერატურა?

ტრადიციულად, არსებობს ბრძოლის პირდაპირი და ირიბი გზები. პირდაპირი გზა, რასაკვირველია, განსაკუთრებული სიმამაცის მქონე შემოქმედთა ხვედრია: მწერლები მიდიან მსხვერპლზე, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ ყველა სხვა გზა ან კომპრომისია, რომელსაც ისინი ვერ დაუშვებენ, ანაც _ არსებობის გახანგრძლივების გაუმართავი მექანიზმი. შესაბამისად, მონური საზოგადოების `იდეალური ტიპის~ წინააღმდეგ ამბოხებული არა ერთი მწერალი შეგნებულად შეგებებია დახვრეტას, გადასახლებას, თუნდაც _ თვითმკვლელობას. არანაკლებ სუსხიანია `ირიბად ნასროლი ქვების~ სტრატეგია, თუმცა ის უფრო პარტიზანულ ბრძოლას ჩამოჰგავს _ პრინციპით: `ვიჩქაროთ ნელა~. მწერლები იბრძვიან მათ ხელთ არსებული ყველა იარაღით _ სატირით, ალეგორიით, ირონიით, აბსურდით; იბრძვიან საკუთარ ტერიტორიაზე და მის გარეთ _ ემიგრაციაში, ღიად და ,,იატაკქვეშეთში”. ორივე გზა ეფექტურია მიზნის მისაღწევად, თუმცა, პირველ შემთხვევაში, მწერალი თავად არის ტრაგიკული პერსონაჟი, რომელიც მხვერპლად ეწირება საკუთარ პრინციპებს, მეორე შემთხვევაში კი ის მხოლოდ ტრაგიკოსია, რომელიც ცდილობს, მითისქმნადობის მძაფრი პროცესით ჩაანაცვლოს რეალობა.

რას კარგავს სახელმწიფო ლიტერატურული ღირებულების თვალსაზრისით იმ შემთხვევაში, როდესაც მარწუხებში აქცევს ამ სფეროს და რა გამოსავალი არსებობს რეალური ლიტერატურული სახეების გადარჩენისა ასეთ დროს?

დანაკარგი, ლიტერატურული ღირებულების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია: როგორც უკვე მოგახსენეთ, არსებობს იდეოლოგიზებული მაკულატურის შექმნის რეალური საფრთხე. ტოტალიტარული რეჟიმების პირობებში მხატვრული ლიტერატურის საკმაოდ დიდი სივრცე სახელმწიფო სისტემის ტრუბადურთა `შედევრებითაა~ ამოვსებული, რომლებიც, სამწუხაროდ, მხოლოდ ქრონოლოგიური და რაოდენობრივი თვალსაზრისით არიან მნიშვნელოვანნი: დაიწერა ამ დროს და ამდენი, თემა _ იდენტური. მაგრამ მხატვრული ლიტერატურა ვერ შეფასდება ვერც მხოლოდ ქრონოლოგიური და ვერც მხოლოდ რაოდენობრივი თვალსაზრისით, შეფასების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, კონცეპტუალურ და მხატვრულ ინოვაციებთან ერთად, ინტელექტუალური და რეპრეზენტაციული თავისუფლების ხარისხია, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდი. როდესაც პროცესი ხანგრძლივია, ანუ ტოტალიტარული მმართველობა თითქმის საუკუნეს ითვლის, ის, რასაკვირველია, განსხვავებულ პერიოდებს მოიცავს: მოინიშნება მეტად და ნაკლებად რადიკალური, შედარებით ლიბერალური, ინერტული ან პირიქით, გააქტიურებული და სხვა ტიპის პერიოდები, თუმცა ყოველი მათგანი სერიოზულ ზიანს აყენებს ლიტერატურული თავისუფლების იდეას. გამოსავალს ჩიხიდან მხოლოდ ნონკონფორმისტები პოულობენ. პარადოქსია, მაგრამ ჭეშმარიტი ლიტერატურული სახეების გადარჩენას უკიდურესად ტირანულ ვითარებაშიც კი არ ემუქრება საფრთხე, ვინაიდან ღირებულს გადაარჩენს დრო და არა ცალკეული ადამიანების ნება-სურვილი, როგორი წარმატებული დიქტატორებიც არ უნდა იყონ ისინი.

საქართველოს ისტორიაში როდის დადგა ლიტერატურისთვის ის მძიმე პერიოდი, როდესაც რეჟიმისთვის ანგარიშის გაწევა იქცა ამოსავალ წერტილად და რა მაგალითები არსებობს მისი დაკნინებისა?

ამ თვალსაზრისით ყველაზე რთული პერიოდი ქართულ ლიტერატურაში გასული საუკუნის 20-იან წლებში დადგა, როდესაც კომუნიზმი უტოპიური ოცნებიდან რეალიზებული პროექტის სახით ჩამოყალიბდა. ახალგაზრდა საბჭოთა წყობილება გაშლილი ფრონტით მკვიდრდებოდა იძულებით გაერთიანებული ქვეყნების ტერიტორიებზე; ყალიბდებოდა სპეციფიკური საბჭოთა ტექსტი, სადაც სხვა პოლიტიზებული ტერმინების გვერდით საპატიო ადგილი ეჭირა ცნებებს - `საბჭოთა მწერლობა~, `სოციალისტური რეალიზმი~, `საბჭოთა კრიტიკული სკოლა~, რომლებიც ზედმიწევნით კარგად გამოხატავდა იდეოლოგიის ნიშნით მარკირებული ლიტერატურის პრიორიტეტულობას და განსაკუთრებულ პრივილეგიებსა და პატივს ჰპირდებოდა მუზის მსახურებს. ერთი მხრივ - შიში, მეორე მხრივ - სტაბილური კეთილდღეობის გარანტია ძლიერი ბიძგი აღმოჩნდა მათთვის, ვინც ნაკლებად ფიქრობდა საუკუნო დიდებაზე. იქმნებოდა დითირამბული ლექსები და ოდები საბჭოთა ქვეყნის მესაჭეებზე; იწერებოდა სქელტანიანი რომანები საბჭოთა ადამიანების კოლექტიურ შრომასა და შრომით გმირობებზე, ძმობის, ერთობისა და თანასწორობისათვის მებრძოლი ხალხის ცხოვრებაზე და მათ დაუნდობელ ბრძოლაზე ჯერ კიდევ შემორჩენილ ბურჟუა-არისტოკრატებთან; საბჭოთა კრიტიკა ხოტბას ასხამდა ამგვარ ლიტერატურულ ექსპერიმენტებს და ამასაც არ სჯერდებოდა: უმოწყალოდ ასახიჩრებდა იშვიათობად ქცეული ხარისხიანი მწერლობის ინტერპრეტაციას. ამგვარი არასწორი, მიუღებელი ინტერპეტაციის მსხვერპლად არაერთი ქართველი მწერლის საეტაპო მნიშვნელობის მქონე ტექსტი იქცა. საშუალო ნიჭისა და შესაძლებლობის ავტორებმა კარგად აუღეს ალღო მიმდინარე პროცესს, თუმცა, სამწუხაროდ, ბზარი მეტრებსაც შეეპარათ: რა იყო ამის მიზეზი? ალბათ ის, რომ ყველანი ადამიანები ვართ.

ქართული ენის დაცვის დღე იყო თუ არა საქართველოში ლიტერატურის მარწუხებიდან განთავისუფლების დღეც, ამავე დროს, თუ ლიტერატურული ღირებულებანი ისევ დარჩა გადასარჩენი ჩვენი თანამემამულეებისგან?

ქართული ენის დაცვის დღე მრავალი თვალსაზრისით იყო უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოს ისტორიაში და, მათ შორის, ქართული ლიტერატურული რეალობის ტრანსფორმაციის თვალსაზრისითაც. ცხადი გახდა, რომ საზოგადოების მოქალაქეობრივი ნება, თუკი ის მომწიფებული და მონოლითურია, უფრო ძლევამოსილია, ვიდრე ნებისმიერი სახელმწიფოებრივი მანქანა. ამგვარი მოვლენა, ტრადიციულად, მუშაობს არა მხოლოდ როგორც ფაქტი, არამედ როგორც სტიმული იმისა, რომ ყურადღების მოდუნებამ საშიშ შედეგებამდე არ მიიყვანოს საზოგადოება. რაც შეეხება ღირებულებებს, ღირებულებები ყოველთვის გადასარჩენია: ყველა დროსა და ეპოქაში. ლიტერატურული ღირებულებების შკალას ხომ ბევრად განაპირობებს საზოგადოებრივი ღირებულებების შკალა, რომელსაც ის აირეკლავს? ამ თვალსაზრისით გამონაკლისს არც დღევანდელობა წარმოადგენს.

თავისუფლების რა ხარისხზე შეიძლება დღეს მსჯელობა ამ სფეროში და რამდენად ცდილობს დღევანდელი ლიტერატურა იმ სახეების გამომსახველობის სიზუსტე დაიცვას, რაც თანამედროვეობის ხასიათს კარგად წარმოაჩენს?

ლიტერატურული თავისუფლების ხარისხი დღეს ნამდვილად მაღალია. ვეჭვობ, რომ საგამომცემლო ან ფინანსური შეზღუდვების გარდა რაიმე სხვა ტიპის შეზღუდვები ვრცელდებოდეს მწერლებზე. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან ლიტერატურა, მისი სიღრმისეული გაგებით, რეალიზებული სათქმელის სფეროა. მონობა ყოველთვის და ყველა დროში შეიძლება აირჩიოს მწერალმა, მაგრამ, მთავარია, რომ ეს იყოს ნებაყოფლობითი და არა იძულებითი არჩევანი. თანამედროვეობის ხასიათის წარმოჩენა კი ლიტერატურის პირდაპირი მოვალეობაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის კარგავს აქტუალობასა და დინამიურობას და იქცევა ზნეობის სტატიკურ ქადაგებად. თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროცესი, ცხადია, მეტ-ნაკლები წარმატებით, მაგრამ ნამდვილად უსმენს თავისი დროის ხმებს: ხმათა წარმატებული გამა კი შემოქმედებითი თავისუფლების მიღწევის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

Share

კომენტარები 

0 # ინგა 2010-04-24 18:56  
მაგარია yes ციტირება
 

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი