განახლდა:07:02:38 AM GMT

>>> კულტურა ლიტერატურა ბლა, ბლა, ბლა, “რედისონ ბლუ” და ენაბლუ ლიდერები
ბანერი

ბლა, ბლა, ბლა, “რედისონ ბლუ” და ენაბლუ ლიდერები

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 1021 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

უფრო უპრიანი იქნებოდა, თუ სათაურის ”ჩამონათვალს” უკუთანმიმდევრობით დავალაგებდი, მაგრამ, რახან შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, დავტოვე ისე, როგორც გულმა და გონებამ მიკარნახა. ჩემი ამჟამინდელი სათქმელი 14 აპრილმა გამოიწვია - დედა ენის დღემ. ეს დღე პოზიციასაც და ოპოზიციასაც წელიწადში ერთხელ ახსენდება, ახსენდება ისე, როგორც ახალი წელი და აღდგომა; აქედან პირველი - როგორც მხიარულებისა და მეგობრებთან ერთად ზეიმის ზენიტი, მეორე - როგორც სერიოზული, ძირითადად ოჯახურ წრეში შესასრულებელი რიტუალი. ცხადია, არსებობს სხვა ღირშესანიშნავი დღეებიც, - შობა, დაბადების დღე, სახელის დღე, მაგრამ აღდგომასა და ახალ წელს ვერაფერი შეედრება, - მარტო ღამის 12 საათის ჩამოკვრის მოლოდინში გაწელილი წამები რად ღირს?!

14 აპრილი, როგორც საბჭოთა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი დღე, 1978 წელს გათენდა. ”საქართველოს სსრ პარტიის ყველა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებსა და დაწესებულებაში, თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, უზრუნველყოფილია თავისუფალი ხმარება რუსული, აგრეთვე იმ ენებისა, რომლითაც მოსახლეობა სარგებლობს. რაიმე პრივილეგიები ან შეზღუდვები ამა თუ იმ ენის ხმარებაში არ დაიშვება.” - ასეთი გახლდათ საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობა.

ამ ენით უთქმელ სიბოროტეს საპროტესტო აქციები მოყვა, საყოველთაო დაძაბულებამ კულმინაციას მიაღწია, აშკარა გახდა, რომ ხალხსა და მთავრობას შორის შეჯახება გარდაუვალი იყო... მაშინ ყველაფერი უსისხლოდ დამთავრდა - ედუარდ შევარდნაძემ მოახერხა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას ქართველებისთვის დაეთმო ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადება. თუმცა ამ ეპოქალურ მოვლენას ახალი სერიოზული საფრთხე მოყვა: უცბად აფხაზმა ”პატრიოტებმა” ”გამოიღვიძეს” და სასწრაფოდ მოითხოვეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საქართველოდან რუსეთის ფედერაციის დაქვემდებარებაში გადატანა! ...მაშინ ეს საკითხიც უსისხლოდ მოგვარდა - მოთხოვნა უარყოფილ იქნა და ის რამდენიმე კულტურულ-ეკონომიური დათმობა, რომელმაც უმთავრესი ჩაანაცვლა, სალაპარაკოდაც არ ღირს.

დიახ, ორი ურთულესი, არა მგონია ვინმემ პათეტიურობაში ჩამითვალოს თუ ვიტყვი - ერის ყოფნა-არყოფნის ტოლფასი პრობლემა მშვიდობიანად მოგვარდა და ამის მიზეზი უპირველესად საზოგადოების მონოლითურობა, ერთსულოვნება და სრული კონსოლიდაცია იყო. ქვეყნის პირველი კომუნისტიც კი ხალხის გვერდით დადგა. ვერ გეტყვით, როგორ და რა ხერხები გამოიყენა იმ პოლიტიკურ თამაშში, მაგრამ ფაქტია, რომ ენაც შევინარჩუნეთ და ტერიტორიაც.

ამ დღიდან 5 წლის შემდეგ დედა ენას ძეგლი დაუდგეს და როგორც ვიცი, ასეთ თემაზე - წიგნზე - შექმნილ სკულპტურულ მონუმენტს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.

ეროვნული მოძრაობის აღმავლობის დროს 14 აპრილს დედა ენის ძეგლთან შეკრება და სხვადასხვა ღონისძიებების გამართვა წესად იქცა, მაგრამ უკანასკნელი წლებისაგან განსხვავებით, მაშინ სახალხო ზეიმში დისიდენტიც და სასახლის კარის პოეტიც ერთად მონაწილეობდა. უკანასკნელი წლებისაგან განსხვავებით-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ ეჭვი მაქვს 14 აპრილს დედა ენის ძეგლთან თავმოყრაზე ოპოზიციურ პარტიებში კენჭისყრა, ან ესა-მესას მსგავსი გათვლა იმართება, შემდეგ კი გამარჯვებული ღონისძიების ჩატარების დროს ხელისუფლებასთან ათანხმებს, რომ ორი მტრული ბანაკის წარმომადგენლები ერთმანეთს არ გადაეყარონ და ზეიმმა ელფერი არ დაკარგოს.

კენჭისყრაში დამარცხებულები სხვა, არანაკლებ ეფექტურ და ორიგინალურ ფორმებს იყენებენ დედა ენის დღის აღსანიშნავად. საილუსტრაციოდ შარშანდელი 14 აპრილი აუცილებლად გამოდგება, რადგან ამ დღეს თბილისის მერის არჩევნების ფონზე უნდა ჩაევლო და ჩვენმა ოპოზიციონერმა ლიდერებმაც ძალ-ღონე არ დაიშურეს: ერთმა (უფრო ზუსტად ორმა, მაგრამ გა-ერთ-ებულმა) რუსთაველის პროსპექტზე მოაწყო სვლა (საერთოდ ამას გასეირნება ჰქვია) და იმ სავაჭრო ობიექტების მხილება, რომლებსაც უცხოური, სწორედ რომ ენის მოსატეხი სახელები აქვთ; მეორემ მთაწმინდაზე იაკობ გოგებაშვილის საფლავს მიაშურა და ფიცი დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში ენის დაცვას იკისრებდა; თვითონ ”ადრესატთან”, ე.ი. ყველაზე სრულფასოვნად, ენის დღისადმი პატივის მიგება ერგოთ ქრისტიან-დემოკრატებს. გაიმართა, მაგრამ რა გაიმართა! მათი ერთ-ერთი ლიდერი როლში ისე შეიჭრა, რომ დაუფიქრებლად თქვა -1978 წლის 14 აპრილს ქართველი ხალხი ისეთივე ერთსულოვანი იყო, როგორც 2008 წლის აგვისტოს ომშიო... ჩანს, ემოციებმა სძლიეს, თორემ როგორ დაავიწყდებოდა, თუ რა მკაცრად და კატეგორიულად მოითხოვდნენ ქდ-ები იმ პირთა მხილებასა და საკადრისად დასჯას, რომლებმაც ომის დაწყებისთანავე ბარგი ჩაალაგეს და აეროპორტსა და წითელ ხიდს მიაშურეს...

და მაინც, სახელმწიფო ენაზე ზრუნვა, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს ხელმძღვანელობის საქმეა, პირდაპირაც და ირიბადაც. ეს ასეა! მის მოვლაზე და დაცვაზე პასუხი ჩვენ ყველას მოგვეთხოვება, მაგრამ ათმაგად იმას, ვისაც ქვეყნის მართვის სადავეები უპყრია ხელთ.

7 წლის წინ ენის დაცვა სახელმწიფო სტრუქტურას - ენის პალატას ევალა, მაგრამ იგი გაუქმდა. რატომ? - სახელმწიფოს კიდევ ერთი ზედმეტი რგოლი არ სჭირდებაო, - უპასუხეს ამ კითხვის ავტორს. მშობლიურ ენას რომ რგოლს შეადარებ, თანაც ზედმეტს (ალბათ ჟანგიანს და გაღუნულს), სასიკეთოს რაღას უნდა ელოდო?! არადა, დარწმუნებული ვარ, ენის პალატას არსებობა რომ არ შეეწყვიტა, დღეს დედაქალაქის ცენტრში აღმართულ მთავარ სასტუმროს უბრალოდ ისევ ქართულად ერქმეოდა ”ივერია” და არა ”რედისონ ბლუ”... ბევრ რამეს ერქმეოდა ისევ ქართული სახელი და ალბათ ის ჩვენი ერთი (თუ ორი) ოპოზიციონერი ლიდერიც რუსთაველზე სეირნობას სხვა დროისათვის გადადებდა...

ენის პალატის, ანუ ენის სიწმინდის დამცველის ფუნქცია, განათლების სისტემას გადაეცა. ეს პროცედურა განათლების იმ მინისტრმა განახორციელა, რომელმაც დაფაზე ”ბავშვი” ვერ დაწერა... რა ვქნათ, ხდება-ხოლმე, წერით ყველა სწორად ვერ წერს... თქმით ხომ მაინც თქვა სწორად? აი, ჩვენს სოფლის მეურნეობის დღევანდელ მინისტრს კი ვერ გაუმართლა, წამოსცდა - ყველაფერს გავაკეთებთ ხორცეულის გაზრდისათვისო. მესაქონლეობა რომ ისეთივე უძველესი ტრადიციული დარგია საქართველოში, როგორც მევენახეობა, ეგ მაინც არ უნდა შეგშლოდა, შე კაი კაცო, ბოლოსდაბოლოს სოფლის მეურნეობაში ცოდნით თუ არა სტატუსით პირველი პირი არა ხარ?

ენის პალატის გაუქმებისა და ენის დაცვის გაურკვეველი ბედით შეფიქრიანებულმა ყოფილმა თავმჯდომარემ რომ თქვა - ენის სახელმწიფო პალატა არ არის საგანმანათლებლო დაწესებულება, ფიგურალურად რომ ვთქვათ ეს მოაზრებული იყო ენის პოლიციადო, სახელმწიფოს ახალმშენებლებმა ”სიტყვაზე დაიჭირეს” - ენის მთავარ პოლიცმაისტერის პოსტთან გამოთხოვება ენანება და უჭირსო... ასე რომ, სახელმწიფომ უარი განაცხადა ენის პოლიციის ყოლაზე! აქ კი დაზუსტებაა საჭირო: ენას არ აკადრეს პოლიციელი, თუ პოლიციელს არ სჭირდება ენა? პირადად მე ლამის მეორე უფრო დავიჯერო, როცა, მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელს ვუსმენ, თუმცა ”ვუსმენ” არასწორი იქნება, რადგან, რაც არ უნდა გავფაციცდე და ტელევიზორსაც ბოლო ხმაზე ავუწიო - არაფერი მესმის, მარტო ვხედავ ჩვენი ახალგაზრდა ანალიტიკოსი ფუნჩულა ტუჩებს როგორ აცმაცუნებს. სხვებს რომ არ ეთქვათ - ნეტავ გაგვაგებინა ეს კაცი რას ლაპარაკობსო, - საკუთარი ყურთასმენით ძლიერ შევშფოთდებოდი.

არანაკლებ ვიტანჯები (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოსმენისას. რა დაშავდებოდა მას რომ სიტყვების სროლაც ისევე ყოჩაღად შეეძლოს, როგორც კალმის?

განსაკუთრებით გულდაწყვეტილი ვრჩები კახა ბენდუქიძის ტელეეკრანზე გამოჩენისას, რადგან ყველა ერთხმად აღიარებს, რომ იგი უნიჭიერესი კაცია და მეც მინდა ამ აზრის სისწორეში დავრწმუნდე. ამაში ეჭვის შეტანის საბაბს მისი ფინანსური იმპერია ნამდვილად არ მოგცემს, თუმცა ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ნიჭთან ერთად იღბალიც უნდა დაყვეს კაცს, თორემ იმდენ გონიერ ადამიანს ვიცნობ თვიდან თვემდე თავი ძლივს რომ გააქვს... ჰოდა, გამოჩნდება თუ არა ეკრანზე კახა ბატონი, გულმოდგინედ მოვემზადები-ხოლმე მის მოსასმენად, მაგრამ მალევე ვრწმუნდები, რომ გადაყლაპული სიტყვების, ხვნეშისა და დაუმთავრებელი წინადადებების მიღმა აზრის გამოტანა ჩემს ძალებს აღემატება. ამ დროს ვრწმუნდები, რა ზუსტი ყოფილა ბატონი გურამ დოჩანაშვილი, როცა ჩემი ცხოვრების ერთ ბედნიერ დღეს ინტერვიუზე დამთანხმდა და რაღაც კითხვაზე ასე მიპასუხა - ვერ შემიძლიაო. ასე მარტო გურამ დოჩანაშვილს შეუძლია - სურვილი და უნარი გააერთიანო, თქვა არა კატეგორიულად, პრეტენზიულად, არამედ სინანულით, გულდაწყვეტით - ვერ შემიძლია. როგორი კომპოზიტია?! ცოტა არ იყოს, მეხამუშება კიდეც ბატონი გურამის ”სახსოვარის” ამ კონტექსტში გამოყენება, მაგრამ უფრო ზუსტად ჩემს მდგომარეობას ვერ გადმოვცემ: მოსმენის სურვილი მაქვს, მაგრამ ვერ შემიძლია.

გათენდება 15 აპრილი და ენის დღეც და მისი დაცვის საკითხიც ერთი წლით ყველას დაავიწყდება. მანამდე კი ამ თემაზე საუბარი არის მარტო ბლა, ბლა, ბლა... გალაკტიონის თხოვნა - ”ოღონდ ქართულად ილაპარაკე” - ასეა თუ ისე ხომ სრულდება, და თუ ეს ქართული რამდენად გასაგებია - ამას მნიშვნელობა არ აქვს...

Share

კომენტარები 

0 # khatuna kacharava 2011-04-17 19:31  
როგორც ყოველთვის მაღალი კლასია, განსაკუთრებით ზომიერი ირონია და იუმორი მხიბლავს. ველი შემდგომ პუბლიკაციებს,
თქვენი ერთგული მკითხველი
ციტირება
 
0 # თამარ ფულარია 2011-04-16 19:07  
ბატონო ლევან მე დადარაჯებული ვარ თქვენს ყოველ ახალ სიტყვაზე, ძალიან ნასიამოვნები დავრჩი. რა თქმა უნდა მეც მომფხანა გული თქვენმა სიტყვებმა, მაგრამ რა, ტელევიზია უაზრო, უგემოვნებო შოუებმა წალეკა, თქვენ და თქვენნაირებს ხშირად უნდა ეთმობოდეს სატელევიზიო ეთერი. ჯანი და დიდხანს სიცოცხლე მოგცეთ უფალმა. ციტირება
 
+1 # მანანან 2011-04-16 16:07  
ბატონო ლევან ჯანმრთელობას და დიხანს სიცოცხლეს გისურვებთ,იცით რა არის ჩემი სურვილი? ამ უაზრო ტელესერიალების ნაცვლად ,ტელეთერიდან ხშირად გავიგონოთ თქვენი ხმა
თუ როგორ უნდა ვილაპარაკოთ ქართულად…
ციტირება
 
+1 # ნინო მჭედლიშვილი 2011-04-15 18:50  
იქნებ, მართლაც მოიცალოთ ქართული მწერლობისათვის, თანაც დავით დეფისთანაც გქონიათ დრო წინასწარ დაბევებული ციტირება
 
0 # ნინო მჭერლიშვილი 2011-04-15 18:26  
დიდი მადლობა , როგორც ყოველთვის ,ეჰლაც თქვენი ყურადგების ობიექტი კველაზე საჭორბოროტო საკითხია, მადლობთ,რომ განსხვავებით, პრესისა და ტელევიზიის ჟურნალისტთა დიდი უმრავლესობისაგა ნ (ჩემი გაუმართლებელი ოპტიმიზმი არ მაძლევს უფლებას ვთქვა "ყველასაგან") ზრუნავთ მშობლიურ ენაზე, არ გავიწყდებათ ილია… ამ ენას ხომ მჰოლოდ ჩვენ მოვიხმართ ,მხოლოდ ჩვენზეა მისი ყოფნა არყოფნა დამოკიდებული… მოკლედ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, თქვენი საქმის ნამდვილი პროფესიონალი ხართ. ციტირება
 
+1 # ლაშა თაბაგარი 2011-04-15 16:50  
ნელ-ნელა უახლოვდებით ჩემი თხოვნის თემას. მოუთმენლად ველი თქვენ სტატიას თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე ციტირება
 
+1 # მარინა 2011-04-14 20:39  
უცნობს ვეთანხმები!!! ციტირება
 
0 # რუსუდან მეტრეველი 2011-04-14 19:16  
შესანიშნავი სტატიაა. გული მომფხანა. ციტირება
 
+2 # მანანა შელია 2011-04-14 19:02  
ასეთი სიამოვნებით დიდი ხანია არაფერი წამიკითხავს. ციტირება
 
+1 # уцноби 2011-04-14 16:36  
Тквени донис журналистеби интернетши масалис гамоквекнебит шемоифарглебиан , машин родесац "ваи журналистеби" картул енас сашинлад амахинджебен. рац шеидзлеба хширад унда гагватамамод асети магалпрофесиона лури церилебит! ციტირება
 

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი