განახლდა:07:02:38 AM GMT

ბანერი

აზრები

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 428 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

არ უყვარს ორი სიტყვა, ჟურნალისტი და ინტერვიუ . . .

დაგვთანხმდა მხოლოდ იმიტომ, რომ სტუდენტი ჟურნალისტი ვარ. შეხვედრა თბილი მიღებით იწყება. . .

სახლში სამი საყვარელი ადგილი აქვს – სამუშაო მაგიდა, სადაც ნაფიქრი ფურცელზე გადმოაქვს. მაგიდა სადაც დასრულებული ნაწარმოები "შემოწმებას გადის" და სავარძელი სადაც საყვარელ ავტორებს კითხულობს. ოთახი სადაც უკვე მარავალი წელია მისი შემოქმედება იქმნება ფურცლების ქაოსშია გახვეული, მაგრამ ეს ქაოსი მილიმეტრებში გაზომილი მისეული წესრიგია. საუბარს იწყებს თუმცა მელევე წყვეტს "ჩემი აზრები თქვენ რაში დაგაინტერესებთ, საქმეზე ხართ მოსული, მომეცით კითხვები".

როგორ ფიქრობთ, რა არის მწერლობის ფუნქცია (დანიშნულება)?

არამც თუ მხოლოდ მწერლობის,ყოველი შემოქმედების მთავარი დანიშნულება არის, რომ ყოველი ნაწარმოების შემდეგ ადამიანი გახდეს უკეთესი ვიდრე იყო. ჰენდელს უთქვამს დიად კომპოზიტორს, „მე ბედნიერივიქნები რომ ჩემი მუსიკის წყალობით მსმენელი გახდეს უკეთესი ვიდრე არისო“.

მე არ მინდა ხაზი გავუსვა ლიტერატურას, ყოველგვარი შემოქმედებითის დანიშნულება არის უკეთესობისკენ სვლა. მაგალითად ჩვენი არაჩვეულებრივი მხატვრები დიმიტრი ერისთავი, თენგიზ მირზაშვილი, ზურაბ ნიჟარაძე, ირაკლი ფარჯიანი, რაში თორდია, რომელთა შემოქმედებაც ნამდვილად არის უკეთესობისკენ სვლა. ასევეა მუსიკაშიც დიადი კომპოზიტორები გახლავთ რევაზ ლაღიძე, ბიძინა კვერნაძე. მათი ურთულესი კომპოზიციები გამოირჩევა მელოდიურობით.

სწორედ ეს არის ჭეშმარიტი ხელოვნება და როცა ხელოვანი გადავა იმაზე რომ შექმნას რთული და დასაბნევი მსმენელისთვის, და მსმენელზე მაღლა დადგება ის არავითარი ხელოვანი არ არის. საკმაოდ რთულად მღეროდნენ იშხნელიბი, მაგრამ მღეროდნენ ისე, რომ კი არ დაებნიე არამედ თვითონ დასულიყვნენ მსმენელამდე

რა მოუტანა საქართველოს დასავლეთ ევროპულ კულტურასთან დაახლოებამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ?

ჩვენ დროს პირველი იყო განვითარების შესაძლებლობა კითხვა და ეხლა კითხვა იცით, რითი არის კარგი არამც თუ კითხვა, უბრალო მაგალითი, რომ ავიღოთ ჩვენ რადიოთი ვუსმენდით რადიო გადაცემებს ვთქვათ ფეხბურთის და გადმოსცემს დიქტორი ბურთი . . ., სახიფათო მდგომარეობა და უცებ ჩვენ წარმოგვიდგებოდა გოლი გავიდა, თუ მე- კარემ აიღო თუ 11მეტრიანი დანიშნეს, რაღაც ათასი მოქმედება. ტვინი ვარჯიშდებოდა, ახლა კი მხართეძოზე შეგიძლია ტელევიზორში უყურო ყველაფერს, ადამიანი უფრო მოდუნებულია. ეს კომპიუტერი კიდე დიდი მტერია კაცობრიობის, ეს ზედაპირული. ადამიანი თვითონ კი არ მოი პოვებს მზამზარეულად ეწოდება, რა როგორ არის, რას რა ჰქვია და ჩვენ რომ ეს გაგვეგო ტვინის დაძაბვა გვიჭირდებოდა და არა კომპიუტერზე რაღაცას რომ დააჭერენ ხელს და პირდაპირ იოლად იღებენ. დუნდება ტვინი ჯობია, რომ თვითონ იაზროვნოს ადამიანმა, შეიძლება დაიხმაროდა დრო დაზოგო, მაგრამ ეს უნდა იყოს დამხმარე და არა ძირითადი.

ისეთ განვითარებულ ქვეყანაში, როგორიცაა გერმანია, თურმე ეხლა გამოდის, ლიტერატურა ან დეტექტივი ან პორნოგრაფია და ამასთან მცირე მოცულობის, რადგან ტექნიკა ისე განვითარდა რომ ადამიანი გადასულია ტექნიკაზე და ლიტერატურისთვის ცოტა დრო რჩება, რაც არის საოცარი ადამიანის მოსპობის. როგორც ზოგიერთ ნაწარმოებს რომ იღებენ – ეკრანიზაცია ეგეც არა მწამს, რა მაღალ დონეზეც არ უნდა იყოს, მაინც გაცილებით ნაკლებია ვიდრე მკითხველი თვითონ რომ წარმოიდგენს. ის უკვე მზამზარეულია, ეს თავმოყვარეობის ამბავია სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ. თქვენ რომელი გირჩევნიათ თქვენი იდეალური ქალი, რომ იყოს თქვენი შექმნილი თუ რაც არ უნდა კარგი გაკეთებული სხვისი? ლიტერატურას ეს მადლი აქვს. მე მაქვს, მოთხრობები, რომელიც იტალიასა და ესპანეთში მიმდინარეობს მე დიდი ხნის განმავლობაში გაუსვლელი ვიყავი საბჭოთა კავშირიდან და 1988 წელს წამიყვანეს ესპანეთში, ამ დროს ვატერ(პო)ლოო უკვე დაწერილი მქონდა. აღმოვჩნდი ესპანეთში და წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა, ნუ როგორ იმოქმედებდა, ვიყავი აღფრთოვანებული.

მერე კი წავიკითხე ქ. მანანა გიგინეიშვილის მიერ ნათარგმნი „პლატევიუ და მე“ და წარმოიდგინეთ „პლატევიუ და მე“–მ მომცა უფრო მეტი, უფრო მაჩვენა ესპანეთი ვიდრე თვალით ნანახმა. რადგან ხიმენესი დიადი მწერალია, ლიტერატურით უფრო აღვიქვი ესპანური სული ვიდრე, საკუთარი თვალით, ასეთი ბედნიერებაა კითხვა. ჩემს ნაწარმოებში ამბობს კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა ვინ უფრო ნახა ნიგერია მე თუ ვინც ნახაო როგორ თუ შენო? ეკითხება ხელმძღვანელი, ყოვლად ზედაპირული საბჭოთა ელემენტი. იქიდან ვიციო ნიგერია უკეთო რომ ნიგერიაში სამი დიდი მწერალიაო - შიონკა, ჩინუა აჩებე და გაბრიელ ო’ ხარაო.

თანამედროვე ქართულ ლიტერატურას რომელ ლიტერატურული მიმდინარეობის ფარგლებში მოაქცევდით? 

რისი აღწერის საჭიროებაც მოითხოვს იმის მიხედვით უნდა გახდეს მწერალი რომანტიკოსი, რეალისტი თუ სხვა.მარტივი რეალიზმი ტოლსტოიმ გახადა საოცრად ამაღლებული. ასევე ბეთხოვენი არის მაგის კარგი მაგალითი მის ურთულეს ნაწარმოებს აქვს უმარტივესი ნოტები. რომელი მეტია, სიმარტივის აყვანა სიდიადემდე, თუ ძალიან გავრცობები, გადახვევები გადმოხვევები და რთულად გადმოცემა. ეს საჭიროების და მიხედვით უნდა იყოს სწორი და დამაჯერებელი. 

"სამოსელ პირველში" ვკითხულობთ: "ის ნიადაგი, სადაც მცენარე"მტაცებელი იზრდება, ცუდია. მცენარის ბრალი კი არაა მწერებს, რომ ხოცავს და ასე იკვებება, ნიადაგის ბრალია." როგორ ფიქრობთ ეს ცუდი ნიადაგი შეიძლება იყოს "ცუდი" ლიტერატურა? 

გაჭირვებაში, უფრო ჩნდებიან შემოქმედები ვიდრე მოწესრიგებულ ქვეყანაში, სადაც ადამიანი ყველაფრით უზრუნველყოფილია, ასეთ გარემოში ადამიანი დუნდება. ჩვენ სოციალისტურ რაღაც საშინელ დროში ვიზრდებოდით და როცა ასე უჭირს ქვეყანას, მაშინ მოდიან უფრო ძლიერი მწერლები. გურამიშვილი დღეს ყველაზე მეტად საჭიროა ჩვენთვის. ყაზბეგი რა დროშიც არ უნდა იყოს არ კარგავს იმ კეთილშობილებას, რომელიც მის შემოქმედებას ახლავს. ყველაფერი ხომ კეთილშობილებიდან ამომდინარეობს. საქართველოში ამ მძიმე სოციალისტურ ხანაში ისეთი მწერლები წამოვიდნენ როგორებიც არიან: ჭაბუა ამირეჯიბი, რეზო ინანიშვილი, საოცარი ჯემალ ქარჩხაძე, გურამ რჩეულიშვილი. ასეთი მწერლები ვერ იქნებიან მაგალითად შვეიცარიაში სადაც ყველაფერი მოწესრიგებული და უზრუნველყოფილია. 

უხამსი ლიტერატურა ახსენეთ და შეიძლება რომ ეს უხამსი ლიტერატურა იყოს ის ნიადაგი? 

ჩვენ ბავშვობაში ჩამოჰქონდათ ფილმები სულ სიკეთეზე, ძველი რობინ ჰუდი, დედოფლის მეკობრეები, კლასიკა, იქ იყო კაცობა ამას გვაჩვენებდნენ, მაგის გამო ჩვენ გვიჩნდებოდა კითხვა ამ ყოვლად გონება დასაბინდ ეპოქაში, რა არის სიკეთე? ამ ფილმებით ჩვენ ვიხიბლებოდით და ვიგებდით რა არის თავისუფლება. აი ასეთი შეცდომა მოუვიდა მთელ ისეთ სახელმწიფოს, რომელიც გაანგარიშებული იყო რომ ადამიანი მოესპოთ. აქვე საოცრად საგულისხმოა, რომ მე–8კლასში გვასწავლიდნენ „შუშანიკის წამებას“ არადა არც ძველი ქართული ვიცოდით და არც ქრისტიანობა. ამას აკეთებდნენ იმისთვის რომ ეთქვათ, აი ჩვენ ვასწავლით აგიოგრაფიას, სასულიერო ლიტერატურას ასეთი კარგი ქვეყანა ვართო, მაგრამ ეს იყო ჩვენთვის ტანჯვა რადგან არ ვიცოდით არც ძველი ქართული და არც ქრისტიანობა,ის ორი რამ რაზეც დგას ეს დიადი ნაწარმოები. იმ ფილმებით ჩვენ ვიხიბლებოდით რა არის თავისუფლება.მაგათ დიდი შეცდომა მოუვიდათ მთელი, ისეთ სახელმწიფოს, რომელიც გაანგარიშებული იყო რომ ადამიანი მოესპოთ, არვიცი ნუ ეგ როგორ მოუვიდათ. 

რა გავლენა აქვს ლიტერატურას ადამიანზე? 

ჩვენ გავიზარდეთ ათეისტურ ხანაში, იცით რა ძნელი დრო გვქონდა? მე თავს კი არ გაცოდებთ უბრალოდ ეს სიმართლეა. ამ დროს კი გურამ რჩეულიშვილს აქვს მოთხრობა „შაშას რევოლუცია“ ისეთი, რელიგიური მოთხრობაა, ამაღლებული და თან როდის? მაგრამ მას აქვს უმაღლესი წვდომა, სული წმინდა აწერინებს, სულიწმინდა პატრონობს. მის გვერდით კი იყვნენ მატერიალისტი მწერლები. მატერიალისტური მწერლობა არის კეთილმოწყობიდან გამომდინარე, და არა მარტო, შიშიც განაპირობებს გმირობა ხანდახან აფექტურია და ის მთელი თავისი სიცოცხლით აღრესად გაბედული მართალი კაცია. 

მიუხედავად იმ საშინელებისა დღეს მგონი უარესია, მაშინ დაკანონებული იყო ეს სოციალიზმი, გადაწყვეტდა ჩემი თაობის კაცი მიიღოს თუ არა სოციალიზმი. ეხლა ვინ რას იძახის ვერ გაიგებ. ეს ვითომ დემოკრატია, რომ ჰქვია. ეხლა ასაბნევად მეტი პირობებია, ეხლა უფრო ძნელია. იქ გარკვეული იყო იმ გარკვეულში შეებრძოლებოდი ეხლა გაურკვეველია, რა უბედურებაა ეს 200 პარტია, რომ იყო 90–იანებში. ყოველ შემოქმედს თანაბრად უნდა უყვარდეს ყველა რა შუაშია ვინ რომელ პარტიაში შევა, როგორც სასულიერო პირი ყველასთვის უნდა იყოს. ახალი თაობის მწერლებიდა რამდენიმე მართლა კარგი მწერალი გვყავს, მაგრამ მძაფრი როგორც ჩემთვის გურამ რჩეულიშვილი იყო ეგეთი არ არის. მიუხედავად იმისა, მე ამ თაობას უდიდეს პატივს ვცემ. ასეთ მოწამეობრივ დროს გამოსული სხვა არის ვიდრე ჩენ დროს რომ დაყოფილი იყო ეს რაღაც კანონზომიერებასავით არის. ამ მომწამვლელ გარემოში სასწაულად გვყავს ისინი. 

თქვენს უკანასკნელ რომანში "რაც უფრო მახსოვს და მეტად მაგონდება" გვხვდება არასალიტერატურო ენობრივი ფორმები, რაც განასხვავებს ამ რომანს თქვენი სხვა ნაწარმოებებისგან, რას გვეტყვით ამის შესახებ? 

სიტყვა არის ქრისტე ღვთის სიტყვა განუყოფელი სამებაში, მას თავისი ფუნქცია-დანიშნულება აქვს. ჩემთვის სამაგალითოა ძვ. წელთაღრიცხვის მე–18 საუკუნის ძველი ეგვი პტელი მწერალი, რომელიც ამომბდა „ნეტა მომაძებნინა ისეთი სიტყვა, რომელიც ჩემამდე არავის უთქვამსო, მე ხომ პირველად ვიტყოდიო“ წარმოიდგინეთ ეს არის მე–18 საუკუნე ჩვენამდე. სიტყვა უნდა იქმნებოდეს. აქვს ხანდახან ზემოდან უყურებენ 

ხოლმე კუთხურობას არადა ეს ბედნიერებაა გურული, კახური, იმერული დიალექტი. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ ვაჟას რომ არ ეწერა ფშაური დიალექტით, მან ისე შეუხამა ეს მწერლობას. და ამასთან მის წერილებში როგორი დახვეწილი ქართულია?. პარლამენტში რომ ლაპარაკობენ ერთმანეთს მიმართავენ კოლეგავ! კი ბატონო კოლეგა ამ შემთხვევაში აბსოლუტურად სწორია და როგორია ეხლა იმერელმა გლეხმა რომ უთხრას მეორეს „რა კარგი ყმაწვილია კოლეგავ?“ ვთქვათ, როცა თოხნიან ისინი ერთმანეთს ეტყვიან, „რა კარგი ბოვშვია ბოშო?“ ბოშო უფრო ნამდვილი არ არის, ვიდრე კოლეგა? ანუ გააჩნია! რომ იძახიან კარგი მწერალია ხელად შეატყობ ხელწერითო, არ მჯერა მაგის, რადგანა რისი საჭიროებაც შეიქმნება იმის მიხედვით უნდა გადაერთოს მწერალი სულ სხვა სტილზე და ამის შასუალებას გვაძლევს ჩვენი მართლა დალოცვილი და ღვთისნაწყალობები ქართული. აქ ამ ნაწარმოებში არის ჩემი აღსარებები საკითხავად მართლაც განსხვავდება სხვა ნაწარმოებებისგან, ამ ნაწარმოებში არეულდარეულობაა და როგორ შეიძლება არეულდარეულობა მე დავწერო მარტივი ენით, იქ უნდა იყოს აბურდული ენა და განგებ ვუშვებ ხოლმე გრამატიკულ შეცდომებს იმიტომ რომ არეულდარეულობაში ვერ იტყვი კაცი დავარცხნილ ფორმებს. გააჩნია რა სიტუაციაა. 

რას იზამთ ვინმეს თუ შეამჩნევთ, რომ ბიბლიოთეკაში წიგნს ხევს? 

მგონი კარგი პასუხი მაქვს, პარტისტული წიგნი რომ დახიოს სულ სხვა არის და დონკიხოტი სულ სხვა. „წიგნს გააჩნიაო“ ამბობს ჩემი გმირი და დღესაც მაგ აზრზე ვარ. 

ეს, რომ თქვენი საყვარელი წიგნი იყოს? 

რა მოხდა ეხლა, სულელი რბილი სიტყვაა და, დეგენერატის მეტს რა გამოლევს. თავისი უბედურება ეყოფა კაი წიგნის დამხევს და თავისი ბედნიერება ცუდი წიგნის დამხევს. 

მოგწონთ ცხოვრება? 

ნაწარმოებში ჩემი „ძვირფასი“ გმირი პასუხობს „გააჩნია იმდღეს რას წავიკითხავო“.ცხოვრება როგორ შეიძლება ადამინს არ მოგწონდეს, იოანე ოქროპირი, უდიადესი ჩემთვის გამორჩეული წმინდანი, ამთავრებს ცხოვრებას სიტყვებით: „მადლობთ ღმერთო ყველაფრისათვისო“ ე.ი. ცხოვრება მოსწონს. . . 

თქვენს ნება-სურვილზე, რომ იყოს, ცხოვრებას როგორ მოაწყობდით? 

ნაწარმოებში ეს უტოპიად ჩათვალეს. იმდროის ერთმა კრიტიკოსმა ეს ძალადობააო როგორ შეიძლებაო რომ დაიჭირო და . . . . იგივე კრიტიკოსმა მერე დაწერა რომ სწორი ყოფილაო, ახალგაზრდებისთვის თავის დროზე უნდა გვეტაცა ხელი, რომ წაეკითხათ ლიტერატურაო. მე ვინ მომცა მოწყობის უფლება „ის“ თვითონ იძახის. უტოპიაა მაგარამ სასურველი უტოპია. უტოპია ერთ შემთხვევაში შეუძლებელია და მეორე შემთხვევაში ცოტა ფანტაზიაც არის. ნეტა ეს ფანტაზია გამართლდებოდეს, რადგან ლიტერატურას შეუძლია დიდი ბედნიერება მოუტანოს ადამიანს, მკითხველს. ამ ოცნების გამართლება კი არის ჭეშმარიტზე. 

მწერალი ყოველთვის აკლებს მკითხველს. მკითხველმა კი უნდა შეავსოს. მკითხველი არის რაღაც დიადი. მაგალითად ვეფხვი ხომ არის ძალიან მაგარი, მაგრამ ის არის კატის ოჯახობა და კატას რომ ეძახიან მკითხველს და ვეფხვი ვითომ მწერალია არ არის ასე. მწერალი კატის ოჯახოვანია და მკითხველიდან არის გამოსული, თუ მკითხველიდან არ არის გამოსული მწერალი არ არის. მკითხველი მეტია ჩემთვის ვიდრე მწერალი. მე ვგულისხმობ რა თქმა უნდა დიდ მკითხველს.

თაკო ლონდარიძე
ჟურნალი "91"
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Share

კომენტარები 

0 # ელენე 2012-01-19 17:58  
თაკოოო ძალიან კარგიააა ციტირება
 
0 # ნოდარ 2012-01-19 17:22  
ბატონ გურამთან ნებისმიერი შეხვედრა დიდი სიამოვნებაა მკითხველისთვის ციტირება
 
0 # მაია 2012-01-19 04:32  
წარმატებები, თაკო! ჟურნალისტიკაში ასეთი ექსკლუზივით შასვლა ცოტა არ არის… ციტირება
 

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი