იყო სპექტაკლი, აღთქმული მიწა,
დაგვძარცვეს, შეგვრჩა სორო.
ურჩხულებს ღვიძავთ, ურჩხულებს ღვიძავთ,
წარმოდგენებით ვხოვრობთ.
ვინ წარმოსახვით სახეებს ეძებს,
ვინ - წარმოსახვით სიზმრებს.
მოგონილი მზე ანათებს ქედებს,
და წარმოსახულ მინდვრებს.
ვინ წარმოსახულ დოლარებს ითვლის,
ვინ წარმოსახვით რიცხვებს,
თვალებში სუსხი ირევა ნისლის,
სადღაც მივყვებით ნისლებს.
ვიღაც სულ ახალ ოინს იგონებს,
ვუხმობთ მინავლულ დემონს.
თავდავიწყებით ვებრძვით სტრიქონებს,
ვაძლევთ სურნელს და გემოს.
ხან წარმოსახულ იმედს გავყვებით,
მერე გვგონია მოგვკლეს.
დაებერებათ ფიქრებს ძარღვები,
ქარი შეარხევს ფოთლებს.
ზოგჯერ ფრინფელებს ავედევნებით,
გვსურს ცა ლურჯი და წმინდა.
კმარა, მოგწყინდა წარმოდგენები,
ნაღდი ცხოვრება გვინდა.
* * *
სხეული დუმს და გონება ცდილობს,
რომ იზეიმოს სიცოცხლე მდარე.
ხან გამოჩნდება ღრუბლებში სპილო,
ხან დაინთქმება წყვდიადში მთვარე.
ხან სიზმარივით ნაზი და ღია,
იღვრება ხილვა რისიც მწყუროდა,
მარადი ფარდა ეხსნება წყვდიადს,
იჭრება სულში უსასრულობა.
* * *
დნება საღამო თბილი და რუხი,
ზეცა უცნაურ ბგერებს გამოსცემს.
მოსულ გაზაფხულს საზღაურს ვუხდი,
ვუბრუნებ ისევ მწვანე სამოსელს.
ვჩუქნი სიცოცხლეს, ძარღვებს და კუნთებს,
მთებმა ღრუბლები მხრებზე დაიდეს.
შენდობას ვუთვლი და სანთელს ვუნთებ,
დაცემულ გმირებს, მებრძოლ რაინდებს.
ირევა ხალხი, ფუსფუსებს, შფოთავს,
ზოგს ზღაპარი სწამს, ზოგს კიდევ მითი.
ვხვდები, კვლავ აღარ იქნება შოთა,
კვლავ არასოდეს მოვა დავითი.
* * *
მან მიიტაცა ღამის სიჩუმე,
ძველი ზღაპრები ძარცვა შეგნებით.
მერე ოცნებებს ხელი შეახო,
გამოაღვიძა ქვები კედლების.
ააშრიალა ჩუქურთმა თლილი,
ქანდაკებები ღამის თაღები.
ცას ნამსხვრევები ცვიდა ჩრდილის,
ეფინებოდა ძირს ზამბახები.
ბევრი იძია ნათელი, ბნელი,
ნახა დემონი, ურჩხულიც ნახა.
ბოლოს შეიძლო შეუძლებელი,
იპოვა სივრცე და გადალახა.
















