ალბათ, რომელიმე ახირებულმა ბავშვმა თავის დროზე ისიც იკითხა - რომელი ბებერი იყო ალაზანში ჩაკიდებული, ან იმ საცოდავს, თითქოს თავისი არ ჰყოფნიდა, ჩემი ცოდო რატომღა ეკიდა, მაგრამ არა მგონია ამდენი კითხვიდან ერთზე მაინც მიეღო პასუხი.
დაახლოვებით იგივე მდგომარეობაში ვარ ახლა მე, და, სამწუხაროდ, არა მხოლოდ მე! არა, ცხენოსნობის თამაშს კი არ ვგულისხმობ, უპასუხოდ დარჩენილი კითხვები მაწუხებს... თუმცა, მარჩიელობით რომ არ დაგღალოთ - ნეტავი რისი თქმა უნდა ამ ბავშვური ცელქობის გახსენებითო, სათქმელს ცოტა შორიდან დავიწყებ:
1997 წელს თბილისელები უჩვეულო სანახაობის მოწმენი გახდნენ: სასტუმრო ’’ივერიას’’ (მაშინ ასე ერქვა) წინ დავით აღმაშენებლის ძეგლი იდგმებოდა. ნაწილ-ნაწილ მოჰქონდათ მონუმენტის ფრაგმენტები და ერთმანეთს ამწეს საშუალებით ადგამდნენ. კაუჭზე ხან მხედართმთავრის ბიუსტი იყო გამობმული, ხან ცხენის ტორსი, ხან ზეცისკენ აღმართული ხელი... მის ირგვლივ მოფუსფუსე ადამიანები ჭიანჭველებს ჰგავდნენ - ზოგი მუშაობდა, ზოგი შესცქეროდა... ორივეს ერთად ფოტორეპორტიორები ’’ახერხებდნენ’’ - თვალით საინტერესო კადრს მოძებნიდნენ, აპარატს ობიექტისკენ მიმართავდნენ და საუკუნო ფოტოსურათიც ხელთ ჰქონდათ. ასე დაფიქსირდა განუმეორებელი წამები ფოტოხელოვან რამაზ ნაცვლიშვილის კამერით, რომლის ექსკლუზიურ კოლაჟსაც შემდეგი ტექსტი დავურთე:
”როცა ქართული ელიტის პატარა ჯგუფს მერაბ ბერძენიშვილმა თავის სახელოსნოში ’’დავით აღმაშენებლის’’ თაბაშირის ასლი წარუდგინა, უმეტესობას ასეთი კითხვა დაებადა - როგორ გაეტეოდა 9 მეტრიანი ფიგურა შენობიდან. ხელოვანის ვერსიათაგან მაინცადამაინც დამაკმაყოფილებელი არც ერთი არ აღმოჩნდა: სახელოსნოს სახურავს ავხდი და ზემოდან გადავახტუნებ, ან კარიდან გასვლისას დაიხრება და თუ მაინც ვერ გაეტია, ჩამოვა ცხენიდან და ისე გავაო... დაეჭვებულებმა დიდხანს უარეს გარშემო თაბაშირის სკულპტურას მრავლისმთქმელი და ცნობისმოყვარე მზერით, დიდხანს იფიქრეს ვის ’’ნახელავს’’ აგონებდათ ძეგლი - მირონის, ფიდიასის, მიქელანჯელოს თუ მანცუს ქანდაკებებს, და როცა ვერც ამ კითხვას მოუძებნეს პასუხი, გულჩათხრობილებმა დატოვეს დარბაზი...
ურთულესი მისია იკისრა მერაბ ბერძენიშვილმა - ’’ქართველთა ღმერთკაცის სახის გამოკვეთა, ქვაში თავმოყრა ერის სიდიადისა, ძალისა და გონიერებისა...
არავინ იცის, რამდენი ესკიზი დახატა ოსტატმა ძეგლზე მუშაობისას (ქვა წარწერით - აქ აღიმართება დავით აღმაშენებლის ძეგლი - კარგახანს "ამშვენებდა" რესპუბლიკის მოედანს). თუმცა, არც ისე ძნელი მისახვედრია, რა ტექნიკური პრობლემები წამოიჭრებოდა იდეის გაჩენისთანავე, შემოქმედებითზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
დრომ ერთ სასწორზე "შეაგდო" ორი "უკეთესნი და უდიდესნი მოქმედი ერისა" - დავით აღმაშენებელი და მერაბ ბერძენიშვილი, ძლევამოსილი მეფე და დიდი მოქანდაკე...
როგორი უნდა ყოფილიყო ძეგლი? პომპეზური - მრისხანე, ყოვლისმპყრობელი მბრძანებელი, თუ სადა - სიცოცხლის ბოლოს ბერად აღკვეცილი ასკეტი?
უბრალო სამოსელსა და წუღებში, დაუნალავ ცხენზე ამხედრებული, ერთ ხელში ეტრატითა და ზეაწეული მარჯვენით, ჩვენს წინაშე წარსდგა სრულიად უჩვეულო სახე მეფეთ-მეფე დავით აღმაშენებლისა.
ამ ქანდაკებაში ჩაეტია მთელი დრო, რაც დავითმა ჩვენამდე გამოიარა: სწორედ ესაა ხელოვნების ძალა და მიზეზი შემოქმედის უკვდავებისა...”
ამ წერილის სათაურია "ორნი ერთ სასწორზე".
თითქმის 10 წლის შემდეგ დავით აღმაშენებლის ძეგლი დიღომში გადაიტანეს. ატყდა ხმაური, საზოგადოების დიდი ნაწილი აღშფოთებული კითხულობდა - რა მიზეზით ”გააჭენეს” (თუ გააძევეს?) დიდი მხედართმთავარი ცენტრიდან და ახალ ბინად დიღმის ტერიტორია შეურჩიეს. ამ გაშლილი, ძველი თბილისური უბნის საწინააღმდეგო ვის რა უნდა ჰქონდეს, მაგრამ ყოფილი სავანე ხომ თავად ძეგლის ავტორმა შეარჩია? ჩანაფიქრის სრულყოფისათვის რომ დიღმის მოედანი ყოფილიყო უფრო შესაფერი, მონუმენტზე მუშაობის ხანგრძლივ პროცესში ვერ მიხვდებოდა? ავტორისა და საზოგადოებისთვის გაცემული პასუხი ერთადერთ არგუმენტს დაეყრდნო: დედაქალაქის სტუმარს პირველი ეგებება ერის სიამაყე, მეფეთ-მეფე დავითი! სწორედ რომ გულისხმიერი დამოკიდებულებაა ქართული სტუმარ-მასპინძლობის იდეისადმი ”ჭენების პროცესის” ავტორთაგან; მაგრამ, მე ისე მახსოვს, თბილისს, დასავლეთის გარდა, სხვა შემოსასვლელებიც უნდა ჰქონდეს; იქ ვინღა დავაყენოთ? გთავაზობთ ალტერნატიულ ვარიანტს: კახეთის მხრიდან - სააკაძე, ქვემო ქართლის მხრიდან - გორგასალი... დანარჩენზე თქვენ იზრუნეთ, ”ჭენებაში” ბადალი მაინც არ გყავთ...
როგორც გავიგე, აღმაშენებლის ძეგლის ადგილ-მდებარეობის ცვლილებამ ავტორს ისე ატკინა გული, კინაღამ სიცოცხლეს გამოესალმა. ამის მიზეზი ის უფრო უნდა იყოს, დიდოსტატის აზრიც კი რომ არ უკითხავთ, არამც თუ ამ აზრის იგნორირება მოეხდინათ. მინდა ვიკითხო, ასეთი რამ ცივილიზებულ, ინტელიგენტურ სამყაროში საერთოდ თუ ხდება, თორემ კაცთმოყვარე, ჰუმანური, ღვთისნიერი ადამიანები ამას არ კადრულობენ!
ახლახანს საზოგადოება სწორედ რომ შეძრა ქუთაისში ”დიდების მემორიალის” აფეთქებამ, რომელსაც ემსხვერპლა ორი უდანაშაულო ადამიანი (გარდაცვლილთა ოჯახებს თანაგრძნობას ვუცხადებ). მემორიალის ავტორი, ბატონი მერაბ ბერძენიშვილი, რამდენადაც ვიცი, საქმის კურსშიც კი არ ჩააყენეს, რომ მისი შემოქმედების ეს ფურცელი - მემორიალი - სამუდამოდ უნდა აღგვილიყო პირისაგან მიწისა. არც საზოგადოებას განუმარტეს, თუნდაც P.S., თუ რატომ იყო ეს ფაქტი გარდაუვალი, რადგან ის მიზეზი, რაც მონუმენტის აფეთქების აუცილებლობაში ჩვენს დასარწმუნებლად ”გამოიყენეს”, რბილად რომ ვთქვათ, სასაცილოა (სატირალი რომ არა). ნუთუ ვინმეს გულუბრყვილოდ სჯერა, რომ ძეგლის გაქრობით ისტორიასაც გააქრობს?
ამ კითხვებზე, როგორც წერილის დასაწყისში მოგახსენეთ, პასუხებს რომ ამაოდ ველი, ფაქტია. მაშ, რაღად ირჯებიო, ვინმე თუ მკითხავს, მე მაინც არ დავტოვებ უპასუხოდ და ვეტყვი:
ამ წერილით გამოვხატავ ჩემს, როგორც მოქალაქის, პოზიციას, და არა მარტო ქართული მონუმენტური ქანდაკების სიამაყეს, არამედ მსოფლიო რანგის ხელოვანს, დიდ შემოქმედს, ღმერთთან მოსაუბრე ოსტატს, ბატონ მერაბ ბერძენიშვილს ბოდიშს ვუხდი ჩემი დაგვიანებული პროტესტისთვის იმ ბარბაროსობის წინააღმდეგ, რასაც მისი შემოქმედებისადმი იჩენენ.
ხელოვნება გულის სისხლს მოითხოვსო - სიტყვის დიდოსტატმა ბრძანა. უსისხლოდ დარჩენილი გული მხოლოდ იმ მიზეზით ცემს, რომ ახალი უნდა შექმნას, და იმ ახალმა კი თავის მხრივ ახალი სისხლით შეავსოს გული. ეს ჯაჭვური რეაქცია განაპირობებს მსოფლიო შედევრების შექმნას კაცობრიობის ისტორიაში. მაგრამ, მე არ ვიცი, რა შეიძლება მოყვეს ამგვარი ჯაჭვის გაწყვეტას. ეს კი უკვე კიდევ ერთი უპასუხო კითხვაა...

















კომენტარები
შევცვლით, დაე იდგნენ, რომ წარსულის შეცდომები აღარ გავიმეოროთ!!! ციტირება
გოჩა ბაქრაძე ციტირება
ქუთაისში მომხდარმა ტრაგედიამ მართლაც შეძრა საზოგადოება!ხელ ისუფლების უპასუხიმსგებლო გადაწყვეტილებამ იმსხვერპლა დედა-შვილი.ამის გამო ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში მთავრობის პასუხისმგებლობი ს საკითხი დადგებოდა,მაგრა მ ვართ კი ,,ცივილიზებული''სამყაროს ნაწილი?!,,ვარდების მთავრობა''ყველანაირად ცდილობს ჩვენში ყველაფერი ღირებული ჩაკლას!ყველამ ბოდიში უნდა მოვუხადოთ ბატონ მერაბს,რადგან სწორედ მისი მსგავსი შემოქმედნი ქმნიდნენ და ქმნიან ცივილიზებული სამყაროს ხელოვნების ისტორიას!დიდი მადლობა წერილის ავტორს. ციტირება