დრამატურგიაში, თეატრში, მუსიკაში, მხატვრობაში, კინოში, არქიტექტურაში, ქორეოგრაფიაში, ტელევიზიაში, ცირკში, გამოყენებით ხელოვნებასა და ფოტოგრაფიაში.
ასეთი ხასიათის ჟურნალს მრავალმხრივი მნიშვნელობა აქვს. პირველი: გარდამავალ ხანაში მყოფ ჩვენს სახელმწიფოში სადღეისოდ შეუძლებელია, ხელოვნების ყველა დარგს თავისი პერიოდული გამოცემა ჰქონდეს. უფრო შესაძლებელია და რაციონალურიცაა, ერთ ჟურნალში დაიბეჭდოს ხელოვნების ყველა დარგისადმი მიძღვნილი წერილები.
მეორე: ერთი სახელოვნებო ჟურნალი მკითხველს საშუალებას მისცემს, პარალელურად გაეცნოს ხელოვნების დარგებში არსებული შემოქმედებითი ცხოვრების თავისებურებებს.
მესამე: ასეთი ჟურნალი დიდად შეუწყობს ხელს როგორც ხელოვნების დარგების ისტორიის საკითხების კვლევას, ასევე თეორიული აზრის ფორმირებასა და სახელოვნებო კრიტიკის განვითარებას.
მეოთხე: ყოველივე ზემოთქმული ერთად კი განაპირობებს ქართული კულტურის წინსვლას.
მეხუთე: ამგვარი დანიშნულების ჟურნალს ჩვენში ალტერნატივა არ გააჩნია, ამიტომ უპრობლემოდ დაიკავებს თავის ნიშას და მოიპოვებს მკითხველს.
მეექვსე: ეს ჟურნალი განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს რეგიონებისთვის, სადაც მიმდინარე შემოქმედებითი მუშაობა თანაბარ ასახვას ჰპოვებს დედაქალაქში მიმდინარე ანალოგიურ პროცესში. ამასთან ერთად, ჟურნალი რეგიონებს მიაწვდის დედაქალაქსა და მსოფლიოში მიმდინარე კულტურულ პროცესებზე არსებულ ინფორმაციას.
მეშვიდე: ჟურნალს დაერთვება რეზიუმე ინგლისურ ენაზე. ამასთან, ჟურნალში დაბეჭდილ ფოტოებს, ქართულთან ერთად, მიეწერება ინგლისურენოვანი განმარტებები.
მერვე: ჟურნალს ეყოლება ხელოვნების ყველა დარგის მეცნიერთაგან დაკომპლექტებული სარედაქციო საბჭო.
ვფიქრობ, ყოველთვიური ფერადი ილუსტრირებული 176-გვერდიანი ჟურნალის გამოცემა, რომლის სასტარტო ტირაჟიც 1000 ეგზემპლარი იქნება და მოთხოვნილებისამებრ გაიზრდება, სრულიად შესაძლებელია. ოღონდ, ასეთი დანიშნულების ჟურნალი კერძო კაპიტალის მიერ ვერ გამოიცემა იმიტომ, რომ სამომხმარებლო ბაზრის სიმცირე თვითანაზღაურებადი ჟურნალის არსებობას ხელს არ უწყობს. ამიტომ, ის სახელმწიფომ უნდა გამოსცეს და ეს იქნება ქართული ხელოვნებისათვის გაწეული მნიშვნელოვანი დახმარება, რადგან ისტორიული, თეორიული და კრიტიკული აზრის განვითარების გარეშე ვერ განვითარდება ხელოვნება.
ამგვარი ჟურნალის გამოცემა იაფი არ არის, ამიტომაც საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა იზრუნონ იმისათვის, რომ სათანადო თანხები გამოიძებნოს და ეს ფრიად აუცილებელი საქმე წარმატებით დაგვირგვინდეს. მით უმეტეს, ჩვენში კულტურული ხასიათის ღონისძიებების დასაფინანსებლად გაწეულ ხარჯებს თუ გავითვალისწინებთ, ჟურნალ "ხელოვნების" გამოსაცემი თანხის მოძიება ძნელი არ უნდა იყოს…
გაზეთი "24 საათი"01.02.11















