განახლდა:07:02:38 AM GMT

>>> კულტურა მუსიკა & ცეკვა პაპა კარლოს სახელოსნო
ბანერი

პაპა კარლოს სახელოსნო

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 265 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

სანჩო პანსა გაკვირვებული მიყურებს – იდალგოს ბრძანებას თუ ელოდება, შეუტიეო. ფოტოაპარატით „შეიარაღებული“ და ჩანთამოკიდებული, ალბათ გადამთიელი გოლიათი ვგონივარ. დონ კიხოტი კი შემოხედვის ღირსადაც კი არ მთვლის და უზარმაზარშუბჩაბღუჯული სადღაც, ჰორიზონტისკენ, იყურება - პირდაპირ და ოდნავ მარჯვნივ. მეც, სანამ იმ უზარმაზარი შუბით მომდგებიან, ოდნავ ვშორდები მათ და იქვე მდგარ ფიფქიას ვუახლოვდები, ჯუჯებით გარშემორტყმული მორცხვად რომ იღიმება. ის არის, ვეკითხები, ფოტოს გადაღება თუ შეიძლება მეთქი, რომ გვერდითა ოთახიდან პაპა კარლო გამოდის – რამდენიც გინდა გადაიღეო – ნებას მრთავს. 

სინამდვილეში, ამ შუა ხნის კაცს, სანდომიანი სახითა და სათვალით ასე რომ მაგონებს პაპა კარლოს ბურატინოს თავგადასავლიდან (ან, პინოქოისი, როგორც გენებოთ), მერაბ კუჭუხიძე ჰქვია. ეს ჯადოსნური ოთახი მისი სათამაშოების მაღაზიაა. სანჩო პანსა, დონ კიხოტი, ფიფქია, შვიდი ჯუჯა და კიდევ ასობით სხვა ხის სათამაშო კი საკუთარი ხელით აქვს გაკეთებული. 

„უკვე თხუთმეტ წელზე მეტია, რაც მე და ჩემი რამდენიმე მეგობარი სათამაშოებს ვქმნით“, მიყვება პაპა კარლო და თან რაღაც დანადგარით, დანის სალესს რომ ჰგავს, ხეს აპრიალებს. სახელოსნო იქვე, აღაზიის გვერდზეა მოწყობილი. ორ პატარა ოთახს ერთმანეთისაგან მხოლოდ გამჭვირვალე მინა ჰყოფს და მყიდველს მაღაზიიდანვე შეუძლია დაინახოს, როგორ ნელ–ნელა ცოცხლდებიან მის თვალწინ ზღაპრის პერსონაჟები. 

ოთახში სულ რამდენიმე თაროა მოწყობილი, რომლებიც უკვე გასაყიდად გამზადებული სათამაშოებითაა გავსებული. ერთიანად მხიარულ და თბილ ფერებში შეღებილი ხის ფიგურები სასიამოვნო განწყობაზე მაყენებს. თითქმის ყველა სათამაშო იღიმება, თვით დიდი ბოროტი დევიც კი. ჩემ მარცხნივ, თაროზე, ქალი ძროხას მონდომებით წველის და სულაც არ აქცევს ყურადღებას მის უკან მდგარი გარეული ცხოველების მთელ არმიას. აფოფრილი კატა ბრაზით უყურებს მის წინ მდგარ თაგვს, რომელსაც, რატომღაც შიშის არაფერი ეტყობა და არხეინად შესჩერებია მტაცებელს. შორს, თაროს ბოლოში კიდობანზე ცოლთან ერთად დგას ნოე, რომელიც ამ ცხოველების გემბანზე ასვლას თუ ელოდება. ხოლო იქვე მდაგრ მწყემსს, როგორც ჩანს, სულაც არ ანაღვლებს მოსალოდნელი წარღვნა და ხელში მშვიდად უჭირავს პატარა ბატკანი. 

მოკლედ, ერთ თაროზე შეგიძლიათ უამრავ თემასა და სიუჟეტს გადააწყდეთ, რომლებსაც, როგორც ოსტატი ამბობს, ხან თვითონ იგონებს, ხან მისი მეგობრები, ხან კი თვითონ ბავშვები, რომლებიც თურმე აქვე სწავლობენ სათამაშოების დამოუკიდებლად დამზადებას. „უფლება მაქვს, მხოლოდ სამი–ოთხი შეგირდი ავიყვანო ამ სახელოსნოშიო“, ამბობს ოსტატი პაპა კარლო, სინამდვილეში მერაბ კუჭუხიძე რომ ჰქვია. თურმე, კანონით, ოთახში, ერთ ბავშვზე მინიმუმ ოთხი კვადრატული მეტრი უნდა იყოს გამოყოფილი. შესაბამისად, სახელოსნოს სიდიდე ოთხ ბავშვზე მეტს ვერ სწვდება. მაღაზიაში თვით პატარა შეგირდების დამზადებული სათამაშოებიც იყიდება. იქვე, კედელზე მოღიმარ მთვარესა და ვარსკვლავებთან ერთად, სასაცილოდ კბილებდაკრეჭილი მზე რომ კიდია, კუთხეში ავტორის ხელმოწერას შეამჩნევთ: „ლევან ტყაბლაძე, 2 კლასი. ფასი 22 ლ“. 

„ბავშვები აქ სხვა ბევრ რამესაც სწავლობენო“ – მეუბნება პაპა კარლო – „თითოეული სათამაშო რაღაც მოძრაობაშია გამოყვანილი. აი, მაგალითად, მელა რაღაცას ჩუმად ეპარება, ხოლო კატა თაგვის დანახვაზე ბრაზით იფოფრება. ფიგურებს სახელებიც იმის შესაბამისი ჰქვიათ, რა მოძრაობასაც ასრულებენ, შესაბამისად, ბავშვები გარეულ და შინაურ ცხოველებთან ერთად მათს დამახასიათებელ თვისებებსაც ეცნობიანო“. ცხოველები კი აქ უამრავია. მთელი ჯუნგლები! რამდენიმე წამის წინ შემოსული ორი იტალიელი ტურისტიც ახლა სწორედ მათ ათვალიერებს. მოღიმარ სახეზე ეტყობათ, უკმაყოფილოები არ უნდა იყვნენ. Do you like that?

– იტალიური არ ვიცი, ინგლისურად ვეკითხები, თუ მოგწონთ მეთქი. – Yes, Yes, very much

– მპასუხობენ – ძალიან მოგვწონსო. გაფართოებული თვალებით ათვალიერებენ ირგვლივ 

ყველაფერს და სათამაშოებს სათითაოდ აკვირდებიან. მაღაზიაში ახლადშემოსულ კიდევ ერთ ტურისტს, როგორც ჩანს, ასაწყობი მოტოციკლი („ჰარლი დევიდსონის“ ფირმისას რომ მაგონებს) მოსწონს ყველაზე ძალიან. ხელში იღებს, ჯერ ინტერესით აკვირდება, რამდენჯერმე შლის და ისევ აწყობს.

პაპა კარლო კი (სინამდვილეში მერაბ კუჭუხიძე რომ ჰქვია) ამ დროს ფუნჯით ხელში დადის თაროებს შორის, სათამაშოებზე არარსებულ მტვერს გატაცებით წმენდს (ეტყობა, ძალიან ხშირად აკეთებს,

ამიტომაც არ არის ირგვლივ მტვრის ნასახი) და მხოლოდ მაშინ გამოერკვევა, როცა მაღაზიის კიდევ ერთი სტუმარი, პატარა ქერა გოგონა ხის ვირისკენ უთითებს ბებიას და სთხოვს, ეს ცხენი მიყიდეო. ბებია გაუბედავი უარით ჰპასუხობს, მოდი, მერე იყოსო, თუმცა ბავშვი, თითქოს არ ესმისო, გახარებული დარბის სათამაშოებს შორის და ხან რის ყიდვას სთხოვს ბებოს, ხან კიდევ რის. 

ამასობაში კი საღამოვდება. სწორედ ის დროა, ადამიანების თვალთვალისაგან გათავისუფლებული სათამაშოები რომ უნდა გაცოცხლდნენ, ზუსტად ისე, როგორც ზღაპრებში, და ერთმანეთში მხიარული

საუბარი გააბან. პაპა კარლო ზღაპრის მორიგი ფიგურის შექმნას ხვალიდან განაგრძობს. ხუმრობა ხომ არაა, კვირას პატარა შეგირდები მოვლენ და ისე როგორ იქნება, თაროზე ზღაპრის ახალი პერსონაჟი თუ არ დახვდათ! 

მე კი ოთახში ერთ ვინმეს ვისაკლისებ – მთელი ამ ხნის განმავლობაში გაფაციცებით ვეძებდი: ნეტავ სად არის ბურატინო (ან, თუ გნებავთ, პინოქიო)?! როგორც ჩანს, სასეირნოდ გავიდა, თავგადასავლების საძიებლად. ემანდ ბოროტ კარაბას–ბარაბასს არ გადაეყაროს...

ჟურნალი "91"
გიორგი გოგუა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი