მათი ინფორმაციით, ფოტოებზე ასახულია თურქეთის ქართველების ყოფა-ცხოვრება. ფოტოები XX საუკუნის დასაწყისშია გადაღებული. ასევე გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართული ხელნაწერების ფოტორეპროდუქციები და სამხრეთ საქართველოში გადაწერილი უძველესი მოხატული ხელნაწერი წიგნები - წყაროსთავის სახარება, ვარძიის ოთხთავი, იოანე ოქროპირის მათეს თავის თარგმანები.
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, რომ პროექტის მიზანია მესხეთის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებში ჩართვა და მათთვის სამხრეთ საქართველოს ისტორიისა და კულტურის გაცნობა.
პროექტის ორგანიზატორია სოფ. არალის ეკლესიის მღვდელი, მამა იოსები.
გამოფენაში ასევე მონაწილეობენ ადიგენის რაიონული გამგეობა, ეროვნული არქივი, სოფელ არალის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის სამრევლო სკოლის მოსწავლეები, სარეაბილიტაციო ცენტრ „რეას“ აღსაზრდელები, პიანისტი სალომე ჟორდანია, ფოლკლორული ანსამბლები: „ფესვები“ და „თუთარჩელა“. გარდა ამისა, წარმოდგენილი იქნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ფოტოდოკუმენტები - ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრები და სახასიათო პორტრეტები.
საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“
















