განახლდა:07:02:38 AM GMT

>>> კულტურა რელიგია "ივირონის აქტებით" გაცოცხლებული ივირონის მონასტრის ისტორია
ბანერი

"ივირონის აქტებით" გაცოცხლებული ივირონის მონასტრის ისტორია

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 3321 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა ოთხტომეული სახელწოდებით ,,ივირონის აქტები”, რომელიც ჩვენი წარსულის ერთი დიდი ფურცელია ათონის ივერთა მონასტრის, იგივე ივირონის მონასტრის - ამ ძველი ქართული მწერლობისა და კულტურის უმნ იშვნელოვანესი კერის ათონში დაარსებისა და მისი მრავალსაუკუნოვანი ფუნქციონირების თაობაზე.

ეს არის ისტორია აღმოსავლეთ საბერძნეთის ნახევარკუნძულზე აღმოცენებულ სულიერების ქართულ სავანეზე, სადაც ქართველი ბერები X საუკუნის მიწურულიდან XVI-საუკუნის დასაწყისამდე ქრისტიანული მოძღვრების მსახურებასთან ერთად აქტიურად ეწეოდნენ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობასაც და ბიზანტიის იმპერიის წიაღში ქართულ ფესვებს ასაზრდოებდნენ. გამოჩენილ ქართველ მოღვაწეთა მიერ დაარსებული მონასტერი, რომელსაც ქართველი მეფეები აქტიურად ეხმარებოდნენ, დიდხანს ინარჩუნებდა მჭიდრო კავშირს საქართველოსთან. გარკვეული თვალსაზრისით, მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს ისტორიასა და მის ურთიერთობაში ბიზანტიასთან. ამდენად, ივირონის მონასტრის ისტორია ათონის მხოლოდ ერთი მონასტრის ისტორია როდია - ,,ივირონის აქტები” ამეტყველებენ იმ ეპოქას, რომელშიც ათონის მთაზე დაარსებული უდიდესი სამონასტრო კომპლექსის ფუნქციონირება დიდ ისტორიულ მისიას იძენდა.

რამდენიმე ათეული წელია პარიზის ბიზანტიის ისტორიისა და ცივილიზაციის ცენტრი გამოსცემს სერიას "ათონის არქივი", რომელიც შეისწავლის ათონის მონასტრებში დაცულ მასალას. გასული საუკუნის 70-იან წლებში ცენტრის ჯგუფი შეუდგა ივირონის მონასტრის აქტების მოძიებასა და ფოტოგრაფირებას. იმავდროულად, ათონის შემსწავლელი ჯგუფის ხელმძღვანელი პროფესორი პ. ლემერლი დაუკავშირდა კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორს, ქალბატონ ელენე მეტრეველს და თანამშრომლობა სთხოვა – მას მოპოვებული მასალა უნდა შეეჯერებინა ქართული წყაროების მონაცემებთან, ამოეკითხა საბუთების ქართული მინაწერები და ხელრთვები და, რაც მთავარია, განესაზღვრა ივირონის როლი ქართული კულტურის განვითარებაში. თავიდან თანამშრომლობას მიმოწერის ხასიათი ჰქონდა, რაც კარგადაა ასახული ქ-ნი ელენე მეტრეველის არქივში დაცულ წერილებში. 1980-იანი წლების დასაწყისში, როცა მთელი მასალა მოპოვებული და კლასიფიცირებული იქნა, თანამშრომლობამ აქტიური ხასიათი მიიღო. ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, პროფესორ ლემერლის გარდაცვალების შემდეგ, ჯგუფის ხელმძღვანელი პროფესორ ჟაკ ლეფორი სისტემატურად ჩამოდიოდა თბილისში, ხელნაწერთა ინსტიტუტში სამუშაოდ. ქ-ნ ელენე მეტრეველს კი პარიზში იწვევდნენ. მას წლების მანძილზე ამ ჯგუფთან ერთად შესაძლებლობა მიეცა ემუშავა პარიზის ბიზანტიის ისტორიისა და ცივილიზაციის ცენტრში დაცულ "ათონის არქივზე". ეს არქივი შეიცავს არა მარტო ბერძნულენოვან სამონასტრო აქტებს, არამედ ქართულ და სხვაენოვან წყაროებსაც. "ათონის არქივის" კვლევამ ქალბატონ ელენეს საშუალება მისცა ,,შედარებით სრულად წარმოედგინა ივირონში მოღვაწე ქართველ მწიგნობართა საქმიანობა, მათ შორის ისეთი მოღვაწეებისა, რომელთაგან ზოგი მეტ-ნაკლებად ცნობილი იყო, ზოგიც უცნობი". ქალბატონ ელენეს დიდი იმედი ჰქონდა, რომ ქართველთა "მოღვაწეობის წარმოჩენა ნაწილობრივ მაინც შეავსებდა იმ ხარვეზებს, რომელიც არსებობს ათონის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის _ ივირონის ისტორიის შესწავლის საქმეში".

"ივირონის აქტები” პარიზში 1985-1995 წწ. 4 ტომად გამოიცა (ჟაკ ლეფორის, ნიკოლაოს იკონომიდისის, დენიზ პაპახრისანთუს, ვ. კრავარის მიერ ელენე მეტრეველის თანაავტორობით). ესაა დიპლომატიკური გამოცემა, რომელიც მოიცავს ივირონის მონასტერში დაცულ X-XVI საუკუნეების 104 აქტს. ოთხივე ტომს ახლავს შესწავლილი საბუთების ფოტოალბომი. მასალა შემდეგნაირად განაწილდა: I ტომი – დაარსებიდან XI ს-ის შუა წლებამდე; II ტომი – XI ს-ის შუა წლებიდან 1204 წლამდე; III ტომი - 1204-1328 წწ. და IV ტომი – 1328-XVI ს-ის დამდეგამდე.

ყოველი ტომი შეიცავს გამოკვლევას ივირონის მონასტრის ისტორიის შესახებ, ასევე, მონასტერში დაცული თითოეული აქტის აღწერილობას, შინაარსს, შენიშვნებს, საქმეს, მათში მითითებულ პირთა და ტოპონიმთა იდენტიფიკაციას, დათარიღებას, ბიბლიოგრაფიას, ბერძნული დოკუმენტის ტექსტს, ქართულ და ბერძნულ მინაწერებს, ხელრთვებსა და საძიებელს.

შესწავლილი საბუთები წარმოადგენენ იურიდიულ აქტებსა და ბიზანტიის იმპერატორთა ოქრობეჭდებს, შეწირულებათა და საზღვრების დადგენის აქტებს, ანდერძებსა და პრაქტიკონებს, ფისკალურ და სხვა გადასახადებთან, მამულების შეძენა-გასხვისებასთან დაკავშირებულ აქტებს, რომლებიც პირველწყაროს წარმოადგენენ და ქართველ მეცნიერთათვის დღემდე უცნობია. ნაშრომი წარმოაჩენს არა მხოლოდ მონასტრის ისტორიასა და საქმიანობას, არამედ მის კავშირებს საქართველოსთან, მის ადგილსა და როლს ათონის სამონასტრო სისტემაში (მას მეორე ან მესამე ადგილი ეჭირა ათონის იერარქიაში, ლავრისა და ვატოპედის შემდეგ), ურთიერთობებს სხვა მონასტრებთან, ბიზანტიის იმპერატორებსა და მოხელეებთან, ქართველ დიდებულებთან. ეს ყოველივე შესწავლილია ისტორიულ-კულტურულ ასპექტში.

ფრანგულ ენაზე ივირონის აქტების ოთხტომეულის გამოცემის დასრულების შემდეგ ეს ნაშრომი, სხვადასხვა მიზეზთა გამო, სამწუხაროდ, თითქმის უცნობი დარჩა ქართული სამეცნიერო წრეებისთვის. ამ შესანიშნავი კორპუსის ოთხტომეულის ქართულ ენაზე თარგმნა 1997 წლისთვის უკვე დასრულებული იყო. ,,ივირონის აქტების” ოთხივე ტომი ფრანგულიდან ქართულ ენაზე თარგმნა ხელნაწერთა ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ამჟამად კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა ცისანა ბიბილეიშვილმა. ,,ივირონის აქტების” ქართული თარგმანი 2009 წელს გამოიცა. რომ არა ქართულ სიძველეთა მოძიების ცენტრის ხელმძღვანელის, ქ-ნ თამილა მგალობლიშვილის ძალისხმევა და ქართუ ფონდის ფინანსური დახმარება, იგი დღესაც დაუბეჭდავი იქნებოდა. აღსანიშნავია, რომ ,,ათონის აქტების” კორპუსის ქართული თარგმანის გამოცემა ელენე მეტრეველის დაბადებიდან 90 წლისთავს მიეძღვნა. სამწუხაროდ, ქალბატონი ელენე მეტრეველი მის გამოცემას ვერ მოესწრო.

"ივირონის აქტები" მხოლოდ ერთი მონასტრის ისტორია არ არის. ეს გამოცემა ძალზე გაამდიდრებს ჩვენს ცოდნას არა მარტო შუა საუკუნეებში ქართულ-ბიზანტიურ ურთიერთობათა შესახებ, არამედ იგი უმნიშვნელოვანესი შენაძენი გახდება ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის კვლევის საქმეში.

ინტერვიუ "ივირონის აქტების" მთარგმნელ ცისანა ბიბილეიშვილთან  

საინტერესოა, პარიზში ვინ და რატომ დაინტერესდა ათონის ივერთა მონასტრის, იგივე ივირონის მონასტრის ისტორიით?

"ათონის აქტების" სერიას გამოსცემს პარიზის ბიზანტიის ისტორიისა და ცივილიზაციის ცენტრი. ცენტრს აქვს სპეციალურად ათონის განყოფილება, რომელმაც შეისწავლა ათონის მთაზე დაცული, ბიზანტიის იმპერიის ეპოქაში არსებული, უდიდესი მონასტრების დოკუმენტები. დადგა ივირონის რიგიც და დაიწყეს ივირონში დაცული დოკუმენტების შესწავლა, რაც ამ ცენტრის ძირითადი თემატიკაა, მიზანი კი ბიზანტიური სამყაროს არსის წვდომა გახლდათ. ივირონის მონასტერში ქართველი მეცნიერების ჩასვლა იმჟამად წარმოუდგენელი იყო. ჩვენი გასაკეთებელი საქმე ამ ცენტრმა გააკეთა. ჯგუფის ხელმძღვანელი ჟაკ ლეფორი წლების მანძილზე ჩადიოდა ივირონის მონასტერში, სადაც თვეობით ცხოვრობდა, აგროვებდა მასალებს, იღებდა ფოტოებს...

საინტერესოა, რაზე მეტყველებს შესწავლილი მასალა? რას მოიცავს იგი?

მასალა მოიცავს მონასტრის პრაქტიკონებს, შეწირულების აქტებს, ტერიტორიის საზღვრების დადგენის აქტებს, ოქრო-ბეჭდებს, სამონასტრო მიწების ყიდვა-გაყიდვის აქტებს... ყველა მონასტრის დოკუმენტაცია ამ ტიპისაა. ყველა მონასტერში იქმნებოდა ოფიციალური საბუთები, რითაც ცხოვრობდა მაშინ მონასტერი და სწორედ ამ ცხოვრებას ასახავს აღნიშნული დოკუმენტები.

რა მნიშვნელობა აქვს ამ დოკუმენტების შესწავლას ისტორიისთვის?

ეს პირველწყაროა, რაც ყველაზე მეტად დასაფასებელია - ეს არის დოკუმენტები თავად ათონელების და ყველა იმდროინდელი მოღვაწე წინამძღვრების, ხშირად ბერების ხელმოწერებით, მინაწერებზე რომ არაფერი ვთქვათ. აქ მოთხრობილია, როგორ შეიძინეს ათანასეს ლავრაში მცხოვრებმა იბერებმა პირველი ნაკვეთი; როგორ გაზარდეს ტერიტორია; რა პრივილეგიებით სარგებლობდნენ; რა შეწირულებებს იღებდნენ; რომელი მეფე როგორ მფარველობდა ივირონს და მის ბერებს; ვინ ავიწროებდათ; რით ეხმარებოდნენ ქართველი დიდებულები... აქტებში მოცემულია თორნიკე ერისთავის ამბავიც – როგორ დატოვა მან მონასტერი, როგორ მეთაურობდა ჯარს ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ ბრძოლაში და როგორ მოახმარა ამ ბრძოლაში გამარჯვების შედეგად მოპოვებული განძი ივირონის მონასტრის დაარსება-აშენებას. როგორც აქტებიდან ვიგებთ, ბერი იოვანე-თორნიკეს (თორნიკე ერისთავი) მიერ 979 წელს ანატოლიის ცენტრში მოპოვებულმა გამარჯვებამ მოულოდნელად განაპირობა ივირონის დაარსება. მონასტრის დაარსება უნდა ავხსნათ როგორც ბიზანტიის, ისე საქართველოს პოლიტიკური მიზნებითაც. ალბათ, დავით კურაპალატიც უწყობდა ხელს ათონზე იბერთა მონასტრის დაარსების გეგმის განხორციელებას. ივირონის მონასტრის დაარსება ,,იოანეს და ეფთვმეს ცხორებაში” მარტივადაა წარმოდგენილი. იბერებმა შეარჩიეს სასიამოვნო ადგილი ,,შუა მთაწმინდასა”, სადაც მონასტერი და ორი ეკლესია ააგეს. ერთი ღმრთისმშობლის სახელობისა - დღეს იგი მონასტრის მთავარი ეკლესიაა და მეორე – წმ. იოანე ნათლისმცემლისა. შეიძინეს მიმდებარე მიწები, მიიღეს დომენები და თორნიკეს მიერ გაწეული სამსახურისთვის იმპერატორებმა ყოველივე ეს ოქრობეჭდით დაადასტურეს. ეს მონათხრობი ჭეშმარიტებაა, მაგრამ რეალური ვითარება, რომელიც საბუთებიდან გამოსჭვივის, უფრო რთულია - ამ ყოველივეს აქტები გადმოსცემს. ქართველებმა ლავრის მახლობლად მდებარე სენაკები დატოვეს და სავარაუდოდ 980 წლიდან იქ დაისადგურეს. თორნიკეს მიერ ჩამოყვანილი ბერების წყალობით მათმა რიცხვმა იმატა. როცა გიორგი ათონელმა მონასტერში 95 ქართველი ობოლი ბავშვი ბერად წაიყვანა, მან გააძლიერა ქართული ელემენტი და ბერების რაოდენობა ამდენით გამრავლდა.

აქტებში აღწერილია მეთექვსმეტე საუკუნემდე, სანამ ქართველებს მთავარ მონასტერს ჩამოართმევდნენ, საზღვარი რომელ დომენში სად გადიოდა, რა მდინარე ჩამოდიოდა, სასაზღვრე ნიშნები სად იდგა – ეს ყველაფერი დეტალურადაა მოცემული; რა გადასახადს უხდიდნენ გლეხები, რას აკეთებდა ივირონი თავისი ტერიტორიების შესანარჩუნებლად, რას აკეთებდნენ ქართველი ბერები ბერძნების გულის მოსაგებად, რათა ეკლესია შეენარჩუნებინათ... ათონის მთაზე მდებარე ბერძნული მონასტრები ივერთა მონასტერს ცოტა მტრულად ეკიდებოდნენ - ამის მიზეზები ამ მასალებში უხვად მოიპოვება.

ტიპიკონში აღწერილი იყო – რისი უფლება ჰქონდათ ბერებს, როგორ უნდა ეცხოვრათ. თავიდან ქართველ ბერებს ივირონის მონასტერში რამდენიმე ბერძენი ბერი ჰყავდათ, რომლებიც სჭირდებოდათ როგორც ხელოსნები, ასევე, როგორც შუამავლები ადგილობრივ ხელისუფლებასთან საურთიერთოდ. ბერძნები სანამ ცოტანი იყვნენ, ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ თანდათან მონასტერი კარგავს ქონების ნაწილს, ბერძნები მრავლდებიან და ცდილობენ, რომ ეს ყველაზე პრესტიჟული მონასტერი დაისაკუთრონ. ივირონის პრესტიჟულობას ის განსაზღვრავდა, რომ საერთო კრებებზე ათონის დოკუმენტებს ლავრას შემდეგ (რომელიც ბერძნებს ეკუთვნოდათ და რომელიც ყველაზე გავლენიანი მონასტერი იყო), ივირონი ან მეორე, ან მესამე აწერდა ხელს - ეს ყოველივე ასახულია ,,ათონის აქტებში”, რომელიც, ვფიქრობ, აქამდე უცნობი იყო ქართული საზოგადოებისთვის.

როგორ დაკარგეს ქართველებმა ივირონის მონასტერში მმართველობა? რა და ვინ გახდა ამის მიზეზი? ამის შესახებ დეტალური აღწერილობა რამდენად არის წიგნში მოცემული?

ქართველებს ივირონის მონასტერი მეთექვსმეტე საუკუნის დამდეგამდე ეკუთვნოდათ. იგი ნელ-ნელა გადავიდა ბერძნების ხელში. ქართული ელემენტი თანდათან შესუსტდა, ბერძნულმა კი იმძლავრა... თავიდან მონასტრის ტიპიკონში იდო, რომ ივირონის მონასტერში მხოლოდ ბერძნების გარკვეული რაოდენობა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს წესი თანდათან ირღვეოდა, ბერძნები მომრავლდნენ. ქართველებს ხან რას უწუნებდნენ, ხან რას... ქართველებისთვის ერთი ეკლესიის ჩამორთმევის შემდეგ ბერძნებმა ბოლოს მოახერხეს ის, რომ ხელში ჩაეგდოთ ივირონის მთავარი ეკლესია და თვითონ ყოფილიყვნენ მმართველები. ერთ-ერთ აქტში წერია, როგორ იჩივლეს იმპერატორთან, რომ ქართველები არ არიან სათანადო ცოდნით აღჭურვილნი, რათა მონასტერი მართონ.

ქართველთა უპირატესობის დასასრული – ასეა მითითებული წიგნში ის პერიოდი, როდესაც ქართველებმა სამუდამოდ დაკარგეს უპირატესობა მონასტერში და წირვის ჩატარების უფლება თორნიკესა და იოანე იბერის მიერ X ს-ში აგებულ ეკლესიაში. ,,ქართველები, როგორც მონასტრის მეპატრონეები, ბერძენთა აზრით, უმართებულოდ რჩებოდნენ ,,დიდ ეკლესიაში”. ათონის მთაზე უპირველესი იყო სულიერი არგუმენტები, ბერძნები, მათი აზრით, ,,იბერებზე ათასჯერ უფრო კომპეტენტურნი იყვნენ სულიერ საქმეებში”. კონსტანტინოპოლის პატრიარქის, კალისტეს აზრით, ისინი უფრო მარჯვედ წარმართავდნენ მონასტერსა და სულიერ საქმეებს, თუკი მთავარ ეკლესიასა და დეკანოზის ფუნქციებს მოიპოვებდნენ და ეკლესიაში ,,ბერებისთვის სავალდებულო წესრიგს” აღადგენდნენ. ქართველები კი უფრო მომცრო კარის ეკლესიით უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ. ბერძენმა ბერებმა საქმე მოიგეს, ძირითადად კი, ალბათ, ქართველების მცირერიცხოვნობის გამო. მას შემდეგ, აქტების მიხედვით, ცნობილი დეკანოზები ბერძნები არიან, რაც გვაფიქრებინებს, რომ ქართველებმა ,,დიდი ეკლესია” დატოვეს. განსაკუთრებით ხაზგასასმელია 1353 წლის მოვლენებისა და კალისტეს აქტის შედეგები: მართალია, ქართველებს ყველა თანამდებობა არ დაუკარგავთ, მაგრამ სამუდამოდ დაკარგეს უპირატესობა მონასტერში – ამას მოწმობს პატრიარქ კალისტე I-ის აქტი (1355-1356 წწ.). ,,იმის შიშით, რომ ამდენი დაუდევრობის გამო ივირონი მტრის მსხვერპლი არ გახდეს, იბერები მთლიანად ჩამოაშორა მონასტრის მართვას და ყველა სამსახურის სათავეში ბერძენი ბერები დანიშნა. ხანგრძლივი კამათისა და საკითხის საფუძვლიანად შესწავლის შემდეგ გადაწყდა, რომ ბერძენი ბერებისთვის გადაეცათ მთავარი ეკლესია... იბერები დარჩებიან კარის ღმრთისმშობლის ეკლესიაში და იქ ჩაატარებენ ღმრთისმსახურებას. ბერძნები არაფერს მოიმოქმედებენ იბერების წინააღმდეგ და იბერებიც არ წამოაყენებენ სამემკვიდრეო ან რაიმე სხვა უფლებას, არაფერს მოიმოქმედებენ ბერძენთა წინააღმდეგ. პატრიარქი ბრძანებს, რომ ვინც ამ წესს არ დაემორჩილება, ქეციანი კრავივით მოიკვეთება მონასტრიდან”, _ ვკითხულობთ წიგნში მოცემული აქტებიდან. ამის მერე მონასტერი მმართველობაში გადაეცა ბერძნებს. ქართულ მონასტერში ლოცვა ქართულად აღევლინებოდა _ ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი განხეთქილებისა, როცა ბერძნებმა მოინდომეს ცალკე წასვლა და ღვთისმსახურების ცალკე ჩატარება. ივირონის მონასტერი დღესაც არსებობს, მაგრამ დღეს მას ბერძნები მართავენ.

უამრავი დეტალი, თითქმის ყველა აქტში მოცემული ცნობა, პირველადია... ივირონის მონასტრის დოკუმენტებზე ჩვენ საერთოდ არ მიგვიწვდებოდა ხელი. რომ არა პარიზის ბიზანტიის ისტორიისა და ცივილიზაციის ცენტრის აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით და შემდეგ მისი საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტთან თანამშრომლობა, ჩვენთვის უცნობი იქნებოდა უამრავი დეტალი ივირონის მონასტრის ისტორიისა.

არის თუ არა წიგნში აღწერილი ათონის მთაზე შუა საუკუნეებში ქართველ მწიგნობარ-ბერთა საქმიანობა, რომლებიც უდიდეს მამულიშვილურ მოღვაწეობას ეწეოდნენ ქართული კულტურის სასარგებლოდ...

როგორც მოგეხსენებათ, ათონის ივერთა მონასტერში იყო სკრიპტორიუმი, სადაც ხდებოდა ხელნაწერების გადაწერა. ხელნაწერები საქართველოდან და მის ფარგლებს გარეთ არსებული ქართული მონასტრებიდან ჩამოდიოდა, ხდებოდა მათი განახლება და ისევ საქართველოში იგზავნებოდა... იმის მიხედვით, რომელ ეპოქაში ვინ იყვნენ გადამწერები, რას აკეთებდნენ და როგორ მოღვაწეობდნენ - ამის შესახებ საუბარია აქტებში.

ნაშრომში წარმოდგენილი ცნობები, ალბათ, ძალიან საინტერესოა ჩვენი საპატრიარქოსთვის. მისი ქართული თარგმანის გამოცემის შემდეგ თუ იყო გამოხმაურება?

რა თქმა უნდა... ქართული თარგმანი გამოცემულია პატრიარქის ლოცვა-კურთხევით. საპატრიარქომ ტირაჟის უდიდესი ნაწილი შეიძინა. ეს მართლაც უძვირფასესი ცნობებია... თავად პატრიარქს, რამდენადაც ვიცი, დისერტაცია აქვს დაცული ივირონის მონასტრის თემაზე. მას ყველაზე კარგად მოეხსენება ამ წიგნის ფასი.

ვისთვის არის განკუთვნილი ეს წიგნი? მასში, ფაქტობრივად, დოკუმენტური მასალაა წარმოდგენილი, რომელშიც ივირონის მართლაც საინტერესო ისტორია, მხატვრული თვალსაზრისით, ჩაკარგულია...

,,ივირონის აქტების” გამოცემა განკუთვნილია, ალბათ, უფრო მეცნიერებისთვის, ისტორიკოსებისთვის, ბიზანტინისტებისთვის – მასში წარმოდგენილ თემებზე შეიძლება ასობით სადისერტაციო ნაშრომი მომზადდეს. ნებისმიერი ისტორიკოსი გეტყვით, რომ აქ არის უამრავი მასალა, უამრავი ასპექტი, რაზეც შეიძლება საინტერესო აქცენტები გაკეთდეს. ამ წიგნის მთავარი ღირებულება კი ის არის, რომ ჩვენ დაწვრილებით ვიგებთ დეტალებს ივირონის მონასტრის ცხოვრებისა, რაც ჩვენი წარსულის ერთი დიდი ფურცლის გაგებასაც ნიშნავს...

ივირონის მონასტრის ისტორია 

გადმოცემის მიხედვით, ათონის მთაზე (ათონი _ ნახევარკუნძული აღმოსავლეთ საბერძნეთში - ქალკედონის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთი შვერილი. შეჭრილია ეგეოსის ზღვაში. მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში აღმართულია ათონის მთა, იგივე წმინდა მთა (ბერძნულად ,,აგიონ ოროს”) 2033 მ.) საქართველოში გამომგზავრებულმა დედა ღვთისმშობელმა დადგა თავისი წმინდა ფეხი. ათონის მთა, ისევე როგორც ივერია, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრ მიწად ითვლება. კვიპროსისკენ ზღვით მიმავალი ღვთისმშობელი, ღმრთის განგებით, ამოვარდნილმა ქარიშხალმა ათონის წმინდა მთაზე გარიყა. როგორც კი ღვთისმშობლის ხომალდი ათონის ნაპირს მიადგა, წარმართული ტაძრები ერთიანად ჩამოიქცა. ღვთისმშობელის დალოცვის შემდეგ ათონმა შეაბიჯა ქრისტიანული ისტორიის ერაში. თავდაპირველად ის ექვემდებარებოდა რომს, რომელიც პირველ ქრისტიანებს დევნიდა. 313 წელს იმპერატორ კონსტანტინე დიდის განკარგულებით დევნა შეწყდა. ამ დროისთვის ათონის მთაზე ქრისტიანული მსახური უკვე საკმაოდ განვითარებული იყო.

ათონის მთაზე მოღვაწენი წმინდა მთას დღემდე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეორე და უმთავრეს წილხვედრს უწოდებენ. უკვე მრავალი საუკუნეა, ამ მთაზე ქალის ასვლა აკრძალულია, აქ მხოლოდ მამაკაცები სახლობენ.

ათონის მთაზე VII-VIII საუკუნეებში იწყება განდეგილების, შემდეგ მონაზონთა დამკვიდრება და სამონასტრო მშენებლობა. VIII საუკუნის ბოლოს ქართველ მონაზვნებს აქ მცირე სავანე ,,ათო” დაუფუძნებიათ. შემდეგ არაბთა თავდასხმების შედეგად წმინდა მთა რამდენჯერმე გაუკაცრიელებულა. პირველი დიდი მონასტერი წმინდა მთაზე ,,დიდი ლავრა” 963 წელს ააგო ათანასე ლავრელმა, მისი წინამძღვრობის დროსვე დაარსდა მონასტერი ვატოპედი და ათონის ივერთა მონასტერი.

ქართველი სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწე, დავით III დიდი კურაპალატის სახელგანთქმული სარდალი, ტაოელი დიდებულის ჩორდვანელის ძე - თორნიკე ერისთავი ათონის ივერთა მონასტრის ერთ-ერთი მაშენებელი გახლდათ. ბერად აღკვეცის შემდეგ მას ეწოდა იოანე. 979 წელს თორნიკე ერისთავს ბიზანტიის სამეფო კარმა შუამდგომლობა სთხოვა დავით კურაპალატთან, რათა დახმარებოდა ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩახშობაში. თორნიკე ერისთავი თავდაპირველად ბერობას იმიზეზებდა და უარობდა, მაგრამ შემდეგ, ხელისუფლებისაგან მოსალოდნელი რისხვის თავიდან ასაცილებლად, დათანხმდა. დავით კურაპალატმა თორნიკე ერისთავის სარდლობით ბიზანტიაში გაგზავნა 12 ათასი მხედარი, რომლებმაც სძლიეს სკლიაროსს და ხელთ იგდეს დიდი ნადავლი. ბიზანტიის ხელისუფლების დაპირების თანახმად, ნადავლი თორნიკე ერისთავს ეკუთვნოდა. ნაწილი ამ სიმდიდრისა მან ათანასეს ლავრას და ბერძენთა სხვა მონასტრებს შესწირა, ხოლო უდიდესი ნაწილი ათონის ივერთა მონასტრის აგებას მოახმარა. 980 წლის ახლო ხანებში თორნიკე ერისთავს ბიზანტიის კეისარმა სვინგელოზის (პატრიარქის თანაშემწე ბერი) წოდება უბოძა.

ათონის ივერთა მონასტერი – ძველი ქართული მწერლობისა და კულტურის უმნიშვნელოვანესი კერა, დაარსდა 980-983 წლებში. პირველი ქრისტიანი მოწესენი ათონზე VIII-IX საუკუნეებიდან ჩანან. 965 წელს ათონის მთას ეწვია გამოჩენილი ქართველი მოღვაწე იოანე. ათონის ივერთა მონასტერს თავდაპირველად სწორედ ის ხელმძღვანელობდა. მან ენერგიულად იწყო ზრუნვა ქართული სავანის განმტკიცება-გაძლიერებაზე. შეიძინა მამულები, უზრუნველყო მონასტერი შემოსავლით. იოვანეს გარდაცვალების შემდეგ 14 წლის განმავლობაში ქართველთა მონასტერს ექვთიმე ათონელი ხელმძღვანელობდა. მის წყალობით იქცა ათონის სავანე არა მხოლოდ დასავლეთში მყოფ ქართველთა ძირითად საეკლესიო-სამონასტრო ცენტრად, არამედ ქართული კულტურის მძლავრ კერად. ექვთიმე ათონელის საქმიანობამ საყოველთაო აღიარება ჰპოვა. ათონის ქართველთა მონასტერი არა მხოლოდ იოანესა და ექვთიმეს სიცოცხლეში გამოირჩეოდა, არამედ მომდევნო პერიოდშიც კარგა ხანს წარმოადგენდა ქართული კულტურის მძლავრ კერას. იქ გრძელდებოდა მწიგნობრულ-ლიტერატურული საქმიანობა, რომელშიც მონაწილეობდა ქართველ მოღვაწეთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი. ეს მუშაობა კიდევ უფრო ნაყოფიერი გახდა, როცა იქ დამკვიდრდა გამოჩენილი ქართველი მოღვაწე გიორგი ათონელი, რომელმაც განაგრძო, განავითარა და გააღრმავა ექვთიმეს მიერ წამოწყებული საქმიანობა. იგი 1044-1056 წლებში ივირონის წინამძღვრად იყო. ის მრავალმხრივ პრაქტიკულ მოღვაწეობას ეწეოდა და ენერგიულად ხელმძღვანელობდა ქართული სავანის ბინადართა საეკლესიო-სამონასტრო ცხოვრებას საქართველოს სამეფო დახმარებითა და ხელშეწყობით, მან ათონის ქართველთა მონასტერი გაამდიდრა, განამტკიცა და გააძლიერა, აღმშენებლობითი სამუშაოც ჩაატარა და მამულებიც შემოიმატა-შემოიმტკიცა.

ათონის ქართველთა მონასტერში მდგომარეობა გართულდა და იქაურ ქართველთა შემოქმედებითი მუშაობა შესუსტდა. ეს ბუნებრივი შედეგი იყო იმ დევნა-შევიწროებისა, რომელსაც ჩვენი წინაპრები განიცდიდნენ ათონზე ჯერ კიდევ XI საუკუნიდან.

1259 წელს ათონის ნახევარკუნძული, კერძოდ იქაური მონასტრები დაარბიეს ჯვაროსნებმა. მტერს ვერც ივირონი გადაურჩა. ამავე საუკუნის 80-იან წლებში ათონი ერთხელ კიდევ დაარბიეს მომხდურებმა, რომელთაც ბერებს კათოლიკობის შეწყნარება და რომის პაპის უზენაესობის აღიარება მოსთხოვეს. ათონელები არ დაეთანხმნენ მოძალადეთა წინადადებას, რის გამოც სასტიკად დაისაჯნენ. XIV საუკუნის დამდეგს ათონი რამდენჯერმე იქცა მტრის სათარეშო არენად. არაბმა პირატებმა უმოწყალოდ გაძარცვეს ქართული სავანე და მთავარი ტაძრის დანგრევაც კი განიზრახეს, მაგრამ მარმარილოს სვეტები ადგილიდან ვერ დაძრეს.

აშკარაა, რომ ათონის მთამ იმ შემოსევათა და შინაგან მღელვარებათა შედეგი გადაიტანა, რასაც ადგილი ჰქონდა რეგიონის ისტორიაში, ამას დაემატა 1347 წელს გავრცელებული შავი ჭირიც. 1345 წელს სერბებმა დაიკავეს სერისი. მუსლიმებმა პირველად 1387 წელს დაიპყრეს თესალონიკი, საბოლოოდ კი 1430 წელს. უცნობია, რა გავლენა მოახდინეს ამ ფაქტებმა ივირონის ბერების ყოფაზე. საფიქრებელია, რომ XIV ს-ში მონასტერი შესუსტდა.

I მსოფლიო ომის შემდეგ წმინდა მთა საბერძნეთის შემადგენლობაში შევიდა. წმინდა მთის მონასტრებზე უმაღლესი იურისდიქციის უფლება კონსტანტინოპოლის პატრიარქის ხელთ არის, ხოლო მონასტრებს მართავს მათივე 20 წარმომადგენლისგან შემდგარი საბჭო.

XIX საუკუნის დამდეგიდან, ქართველთა მდგომარეობა ათონზე მას შემდეგ, რაც ივერთა მონასტერმა დაკარგა მფარველ-შემწენი ქართველ მეფეთა სახით, ხოლო ქართულმა ეკლესიამ დამოუკიდებლობა, ბერძნებმა ათონელი ქართველები უფრო მეტად შეავიწროვეს. ამიერიდან რუსეთი უნდა დახმარებოდა გაჭირვებაში ჩავარდნილ ქართველობას, მაგრამ დასავლეთის ამბებმა, მძაფრმა პოლიტიკურმა სიტუაციამ, სამამულო ომმა მისი ყურადღება ჩამოაშორა ათონს. ამით ისარგებლეს ბერძნებმა და მტკიცედ დამკვიდრდნენ ივერთა მონასტერში. XIII საუკუნიდან ბერძნებმა თანდათან ხელთ იგდეს სავანე, ხოლო XIX საუკუნეში მთლიანად დაეპატრონენ მას, თუმცა ქართველი ბერები იქ შემდეგაც აგრძელებდნენ მოღვაწეობას. 1900 წელს მონასტერში 51 ქართველი იყო.

დღეს ათონის ივერთა მონასტერში ბრძანდება ხატი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, ივერიისად წოდებული, რომელიც ათონის გულად ითვლება. მონასტრის შესასვლელში არის დიდი ხატი ივირონის დამაარსებელი ქართველი ბერებისა: იოანესი, ექვთიმესი და გიორგისა, რომლებსაც, როგორც ქტიტორებს, ყოველთვის იხსენიებს მთელი ათონის მთა.

დღეს, ათონის წმინდა მთაზე რამდენიმე ქართველი ბერი მოღვაწეობს, თუმცა, სამწუხაროდ, ივირონის მონასტერი ჯერ ისევ ბერძნების ხელში რჩება. მიუხედავად იმისა, რომ XX საუკუნის დასაწყისში, საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია გრიგორიანულ კალენდარზე (ახალი სტილი) გადავიდა, ათონზე ძველებურად იულიუსის კალენდრით სარგებლობენ (ძველი სტილი) ისევე, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.

ფორუმზე განხილვა >>>

Share

კომენტარები 

0 # კონსტანტინე 2012-04-13 19:53  
გეხმიანებით საპატრიარქოს ბიბლიოთეკიდან, ეს შესანიშნავი წიგნები ბიბლიოთეკაში არ გვაქვს და კარგი იქნება თუ ოთხივე ტომის თითო–თითო ცალს შემოგვწირავთ… ციტირება
 
0 # თეკკ 2011-11-30 03:27  
მადლობა ავტორს! ციტირება
 
+1 # ჯონი 2010-12-22 05:40  
საინტერესო და მნისჰვნელოვანი ტემაა ყოცჰაღ ნინო ციტირება
 
+1 # -------------------- 2010-05-02 03:18  
ძალიან მნიშვნელოვანია. ყოჩაღ. yes ციტირება
 
+1 # ხათო 2010-02-23 23:04  
ყოჩაღ ნინო, ჩემთვის ძალიან საინტერესო თემაა, ძალიან კმაყოფილი ვარ :) yes yes ციტირება
 
+1 # ნონა შავლაყაძე 2010-02-21 23:08  
მე ყოველთვის მჯროდა შენი :* ციტირება
 
+1 # iako 2010-02-21 02:21  
მე იმედი მაქვს ყოვლადწმინდა გვთისმშობლის ხატი დაიფარავას სრულიად საქართველოს და ქართველ ხალს… :) :) :) ციტირება
 
+2 # nino razmadze 2010-02-20 01:54  
yes ძალიან საინტერესო სტატიაა ციტირება
 
+3 # თემო 2010-02-18 15:38  
yes yes yes yes yes yes yes yes yes yes yes yes yes yes yes yes yes yes yes yes yes yes yes yes yes yes yes yes yes yes yes yes yes yes yes yes yes yes yes yes yes yes yes yes yes
კიდევ და კიდევ ყოჩაღ!!! წს ხომ მაგარია და მაგარი!!! ვიმეორებ, პუბლიცისტიკა შენი სფეროა!!!
ციტირება
 

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი