განახლდა:07:02:38 AM GMT

>>> კულტურა თეატრი & კინო ცოტა კინოზე, მოდაზე და ისტორიაზე
ბანერი

ცოტა კინოზე, მოდაზე და ისტორიაზე

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 1982 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

წერილი მეორე

შანელამდე ... არც დისნეი, არც ერკიულ პუარო

ყველაფერი ახალი რომ კარგად დავიწყებული ძველია - ეს ფრთიანი ფრაზა, კონცეფციის თვალსაზრისით, აბსოლუტური სიზუსტით ერგება მოდას: დაასახელეთ ნებისმიერი ექსტრავაგანტული, ნოვატორული, შოკის მომგვრელი ავანგარდული, გნებავთ კონსერვატორული გამოვლენა მოდის სფეროში, რომ მას არ მოეძებნოს წინაპარი. მცირე ისტორიული ექსკურსი ამაში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებს; გავიხსენოთ XX საუკუნეს, რომელსაც დიზაინის თეორეტიკოსები მოდის რევოლუციის საუკუნეს უწოდებენ, წინ რა უსწრებდა:

  • ჩვ.წ-მდე I საუკუნეში რომაელმა ’’მოდელიორებმა’’ ტრადიციული ტოგა მსუბუქი ბერძნული ტუნიკით შეცვალეს, რითაც სენატორთა აღშფოთება გამოიწვიეს - მათ ამ სიახლეში რომის რესპუბლიკის ტრადიციულ ფასეულობებზე თავდასხმის საფრთხე ამოიკითხეს;
  • 900 წელს, ჩინურ მატიანეში აღწერილია პატარა გოგონებისათვის ტერფების დაბინტვის წესი, რათა ფეხის ზომა მინიატურული ყოფილიყო. ეს ქალის სილამაზის ერთ-ერთი აუცილებელი ნიუანსია;
  • ლუი XV ფავორიტმა, მადამ დე პომპადურმა, შემოიღო მინიატურული ქისა ნელსაცხებლების და სხვა აუცილებელი ნივთების სატარებლად, რომელსაც "პომპადურკა" ეწოდა;
  • ნაპოლეონ III ცოლმა, იმპერატრიცა ევგენიამ პირადი მოდელიორი აიყვანა. მანვე საქვეყნოდ უარყო ფარჩის კაბა და განაცხადა, რომ ეს მატერია ფარდებისთვის უფრო გამოდგებოდა;
  • 1860 წელს მყვინთავის კოსტიუმი ოფიციალურად აღიარეს ბრიტანელი ათლეტების უნიფორმად;
  • 1939 წელს სკარლეტ ო’ხარამ მაინც შეიკერა კაბა ფარდისაგან;
  • 1970 წელს შორტებმა დაიპყრეს ჯერ ევროპა, შემდეგ ამერიკა;
  • 2000 წელს დონატელა ვერსაჩემ შექმნა კაბა ტუნიკის სტილში სახელწოდებით ’’ბერძენი ქალღმერთი’’.

ჩამოთვლამ ისე გამიტაცა, რომ მე-20 საუკუნეში უნებლიეთ შემოვიჭერი.

და მაინც, როდის დაიწყო ე.წ. ”ტანსაცმლის რევოლუცია”? დიზაინის თეორეტიკოსთა აზრით, მოდის ფენომენის ჩანასახი, XIV საუკუნეში, ევროპაში გამოიკვეთა. სწორედ მაშინ გაჩნდა მკერავის ხელობა - როგორც პროფესია. ტანსაცმლის კონცეფცია იცვლებოდა რელიგიის მიმართულების ცვლილების თუ საომარი გამარჯვებების კვალდაკვალ.

XVI საუკუნეში კულტურამ უკვე გააცნობიერა ახალი მოვლენის არსებობა და სახელიც შეურჩია - ”მოდა”. ეს პერიოდი ხასიათდება ისტორიული რეალობის ცვლილებებითა და ცხოვრების რიტმის დაჩქარებით, რაშიც, პრაქტიკულად, ადამიანთა სამოსიც იყო ჩართული. ამიტომ, ის იმაზე უფრო სწრაფად იცვლებოდა, ვიდრე გაცვეთას მოასწრებდა.

მაგრამ ამ ეპოქაში ტანსაცმლის დიზაინის შექმნის ახალ-ახალი იდეები ეკუთვნოდათ არა მკერავებს, არამედ ე.წ. დამკვეთებს. მკერავის ორსაუკუნოვანი პროფესია ემსახურებოდა მდიდარი კლიენტების ახირებებისა და ”მიგნებების’’ რეალიზებას. ამ უკანასკნელთა არჩევანი კი ქაოსური იყო, ყოველგვარი სტილისაგან დაცლილი, სადღაც ჟურნალებში ნანახი ან ბოჰემურ სალონებში თვალმოკრული. ქსოვილსა და ფერსაც დამკვეთი თავად არჩევდა, ასე რომ, მოდელიერის პროფესიის წინაპარს - მკერავს - მხოლოდ თარგის გამოჭრა და ნემსისა და ძაფის გამოყენებაღა ევალებოდა. ასეთი როლისაგან ისინი ჩარლზ უორტმა იხსნა. ეს XIX საუკუნეში მოხდა.

ერთი კალამბური მახსენდება: ორი დამწყები დიზაინერი შანელის სტილს განიხილავს. - სულაც არ მოუგონია მას ქალის შარვალი, ეს აღმოჩენა უოლტს ეკუთვნის, - კატეგორიულად ამბობს ერთი. - რომელს, დისნეის? - თვალებს აფახულებს მეორე...

მოდის სამყაროში პირველი დიზაინერი, პირველი კომერსანტი, პირველი ბრენდი გახლავთ ინგლისელი ჩარლზ ფრედერიკ უორტი. მომავალი კუტურიე მოდის სამშობლოდ აღიარებულ საფრანგეთს 20 წლის ასაკში ეწვია და კარდინალურად შეცვალა თამაშის წესები: მან უარი თქვა კლიენტების კაპრიზების შესრულებაზე და საკუთარი გემოვნებითა და შთაგონებით შეუდგა მოდელებზე მუშაობას. ყოველი კოსტიუმის შეკერვამდე ის უამრავ ესკიზს ხატავდა და ამ მხრივაც უორტი პირველი მხატვარ-მოდელიორია.

საფრანგეთში ჩასვლამდე ახალგაზრდა ჩარლზი ლონდონში, ქსოვილების მაღაზიაში მუშაობდა. აქ ის კარგად გაერკვა მატერიის ხარისხშიც და კომერციაშიც. თუმცა, მისი შესაძლებლობები პარიზის ერთ მშვენიერ ქუჩაზე მდებარე სამკერვალო სალონში მუშაობისას მოგვიანებით შენიშნეს: იმავე სალონში მომსახურე საცოლეს - ფრანგ მარი ვერნეს, თავისუფალ დროს ჩარლზი კაბებს უკერავდა; მარის ელეგანტურმა ჩაცმულობამ, მიუხედავად იმისა, რომ ატელიეს კედლები არ დაუტოვებია, კლიენტების ყურადღება მაინც მიიქცია. სალონის პატრონებმა ინგლისელ ახალგაზრდას პატარა სამუშაო ტერიტორია გამოუყვეს, სადაც მას შეეძლო საკუთარი ნამუშევრები გამოეფინა. მაგრამ მალევე იგრძნეს თავიანთი გადაწყვეტილების შეცდომა - ჩარლზის სახით მათ ძლიერი კონკურენტი გამოუჩნდათ, რომელიც საკუთარ ბიზნესს სულ უფრო და უფრო აფართოებდა...

1858 წელს, შვედი მანუფაქტურისტის დახმარებით, ჩარლზ უორტმა საკუთარი საქმე გახსნა. ამ დროს მას უკვე ძალზე შეძლებული და ცნობილი კლიენტურა ჰყავდა. საბოლოო გამარჯვების საათმა კი მაშინ ჩამოკრა, როცა ზეპური საზოგადოების ბალზე თვით ნაპოლეონ III ცოლმა, იმპერატრიცა ევგენიამ მისდამი ყურადღება გამოიჩინა და სასახლის კარზე მიიწვია. ასე გახდა ჩარლზ უორტი პირველი ოფიციალური მოდელიორი და ტერმინის ”ოტ-კუტურიე” (რაც უმაღლესი ხარისხის შეკერილ პროდუქციას ნიშნავს) დამკვიდრების პირველი ადრესატი.

ჩარლზ ფრედერიკ უორტი მხოლოდ პირველი კუტურიეს ტიტულის მფლობელი როდი იყო! გარდა იმისა, რომ მან მსოფლიოს უჩვენა ”მაღალი კერვის” ხელოვნება, ის პოდიუმის ჩანასახის ნოვატორიცაა: ინგლისელი-ფრანგი მოდელიერის ასპარეზზე გამოჩენამდე, ტანსაცმლის მოდელების დემონსტრირებისათვის იყენებდნენ ხის ბიუსტებს და ამ მინიატურულ თოჯინებს უგზავნიდნენ პოტენციურ კლიენტებს. ეს ერთგვარი რეკლამა ჩარლზ უორტმა ახლებურად გაიაზრა: რამდენიმე ახალგაზრდა ლამაზი გოგონა თავის შექმნილ ტანსაცმელში გამოაწყო და კლიენტებს პატარა, მაგრამ მოდის ნამდვილი ჩვენება მოუწყო. ის გოგონები, რომლებთაც ხელოვანმა ორეულები უწოდა, სწორედ იმ მანეკენების წინაპრები არიან, დღეს რომ მსოფლიო ყველაზე სასურველ ქალბატონებად თვლის.

უორტი რომ არა მხოლოდ მოდელიერი, არამედ ბრწყინვალე მარკეტოლოგი იყო, იმაშიც ვლინდება, რომ შემდგომში მოდელების შერჩევისას უპირატესობას ანიჭებდა მაღალი საზოგადოების ქალბატონებს, რაც კიდევ ერთი დამატებითი რეკლამა იყო მისი ბიზნესისათვის. მას აღმერთებდნენ ყველაზე მდიდარი და ცნობილი ადამიანები, მათ შორის იყო ისეთი ვარსკვლავი, როგორიც სარა ბერნარია. პარიზში საგანგებოდ ჩადიოდნენ იმისთვის, რომ შეეძინათ უორტისაგან მთელი ”გარდერობი”, რადგან ყველაზე პრესტიჟული სწორედ ის ტანსაცმელი იყო, რომელსაც უორტის ფირმის იარლიყი ეკერა. დიახ, სწორედ ჩარლზ უორტია იმ შტამპის ავტორი, რომელიც დღეს ხარისხსა და ვიზუალურ მხარეზე მეტ როლს თამაშობს ტანსაცმლის შეძენისას...

გენიალური კუტურიეს გარდაცვალების შემდეგ ”უორტის მოდების სახლი” და მთელი ბიზნესი მემკვიდრეობით გადაეცა მის შვილებს, მაგრამ დიდი მამის სახელი მათ ვეღარ გააგრძელეს. უორტების დინასტიამ შემოქმედებითი ცხოვრება საბოლოოდ მე-20 საუკუნის 50-იან წლებში დაასრულა, როცა პირველი მოდელიერის შვილთაშვილმა საოჯახო ბიზნესი სამუდამოდ დასტოვა.

დრო და ახალი თაობა კი თავის გმირებს ელოდა...

ასეთ გმირად რევოლუცირი მოდის საუკუნეს რევოლუციონერი პუარე მოევლინა. ახალგაზრდა მკერავი ”უორტის მოდის სახლში” ქოლგების ოსტატად მუშაობდა და ზუსტად იმდენი წლის იყო, რამდენისაც ამ სახლის დამაარსებელი მოდის ასპარეზზე გამოსვლისას. ის, თავისუფალ დროს, მორჩენილი ნაჭრებიდან თოჯინებს უკერავდა კაბებს; ალბათ, სწორედ მაშინ შენიშნა, რა მოუქნელი და უხეში იყო გახამებული ქსოვილი და როცა უკვე აღიარებულმა დიზაინერმა უარი თქვა კორსეტზე და ამ რევოლუციური გამოსვლით ”გაანთავისუფლა ქალი” (რასაც, რატომღაც შანელს მიაწერენ), ეს ეპიზოდი უნდა განაპირობებდეს. მოგვიანებით მასზე დაიწერა: “მხოლოდ პუარეს გამოჩენას მოჰყვა ქალის ისეთი ტანსაცმელი, რომელსაც სუსტი სქესის წარმომადგენლები დამოუკიდებლად, სხვისი დახმარებისა და წვალების გარეშე ჩაიცმევდნენ”.

პოლ პუარეს ნიჭის გამოვლენას ისეთივე ხვედრი ერგო, როგორც მის წინამორბედს: პოლის ნოვატორული და რადიკალური იდეები ფირმის პატრონებს დიდად გულზე არ დაეხატათ, მასში პოტენციური კონკურენტი ამოიცნეს და აგრძნობინეს, რომ მის გარეშეც კარგად გრძნობდნენ თავს...

1 904 წელს, მხატვარ-მოდელიორმა ”პუარეს სახლი” გახსნა და საკუთარ ფანტაზიას ფრთების გაშლის საშუალება მისცა: ჯერ ქალთა ემანსიპაციის პრობლემას კაბის თავისუფალი სწორი ხაზის შემოტანით ხარკი მიუძღვნა, მერე 180%-ით შემოტრიალდა და ე.წ. “კოჭლი ქვედაბოლო’’ წარმოადგინა – გრძელი და ისეთი ვიწრო კაბა, რომ ქალები პაწაწინა ნაბიჯებით ბარბაცით გადაადგილდებოდნენ; მერე, აღმოსავლეთით შთაგონებულმა, ფერთა სიჭრელეზე გააკეთა აქცენტი, აქტუალური გახადა იაპონური კიმონო და სპარსული აბრეშუმის შარვალი. ეს უკანასკნელი კი უღრუბლო ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა – მანამდე ქალი შარვალში უბრალოდ წარმოუდგენელი იყო!

პოლ პუარე იყო პირველი კუტურიე, რომელმაც შექმნა სუნამო! ეს 1911 წელს მოხდა. პუარემ თვითონ შეარჩია არომატიც და ფლაკონის დიზაინიც. თავის ბრენდს უფროსი გოგონას სახელი "როზანა" უწოდა.

პოლ პუარე იყო პირველი, რომელმაც მოდაში შემოიტანა მოკლე პალტოები. ეს თემა შემდეგში განავითარეს კოკო შანელმა და კრისტიან დიორმა.

პოლ პუარე იყო პირველი, რომელმაც მოაწყო მოდების ტურნე სხვადასხვა ქალაქებში.

და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ პუარეს ჭეშმარიტად ჰქონდა მხატვრისა და დიზაინერის ნიჭი, მეწარმისა და ბიზნესმენის ტალანტი, არ აკლდა საზოგადოების მხრიდან პატივი და დიდება, მან ვერ შესძლო გამკლავებოდა კარიერის მოახლოვებულ დასასრულს. დრო ყველაზე ჭირვეული მოდის სამყაროშია და პუარე სწორედ ამ დროს ჩამორჩა (ორი უკიდურესობა – ჯერ გაუსწრო, მერე – ვეღარ დაეწია... ნ.კ.). მისმა სახელმა სიკაშკაშე თანდათან დაკარგა და ეს თვალნათლივ გამოჩნდა მაშინ, როცა სცენაზე გამოჩნდა ერთი უცნაური ახალგაზრდა დიზაინერი - მადმუაზელ შანელი. პატარა ქალბატონთან პუარეს პაექრობას ამ ეპოქის სიმბოლოდაც კი მოიხსენიებენ. განსაკუთრებით გახმაურებულა ერთი ამბავი:

საღამოს ბინდ-ბუნდში ცნობილი კუტურიე შემთხვევით შავად შემოსილ შანელს შეხვედრია: “თქვენ ალბათ ვინმეს გლოვობთ, მადმუაზელ?!” – ირონიულად შეუნიშნავს პუარეს. “თქვენ, ძვირფასო, თქვენ!” – არ დააყოვნა პასუხმაც.

პოლ პუარემ მოდის ჰორიზონტზე უკანასკნელად გაიელვა 1925 წელს. სახალხო ზეიმში მონაწილეობისათვის მან მდინარე სენაზე შემოყვანილი 3 ბარჟა იქირავა;ერთზე მოაწყო რესტორანი, მეორეზე – საპარიკმახერო, მესამეზე კი ბუტიკი, სადაც მისი სუნამო და აქსესუარები იყიდებოდა. ეს ორიგინალური ჩანაფიქრი მისი კარიერის ბოლო ფურცელი გახდა და ასე შეფასდა: ბარჟა მდინარეზე მიცურავს, ბიზნესი კი უკვე ფსკერზეა...

რა არის მიზეზი იმისა, რომ რევოლუციონერი დიზაინერის სახელი რეალურში კი არა, მოდის სამყაროშიც თითქმის არავის ახსოვს? ამ კითხვაზე პუარეს თაყვანისმცემელმა და მისი შემოქმედების მცოდნემ ასე უპასუხა: “სამწუხაროდ, მოდას მოკლე მეხსიერება აქვს. პოლ პუარეს ნიჭი და შესაძლებლობა, მთელი თავისი მასშტაბურობით, გამობრწყინდა პირველი მსოფლიო ომის პერიოდამდე. ამიტომ მას დღეს მხოლოდ ისტორიკოსები, ხელოვნებათმცოდნეები და ის დიზაინერები იცნობენ, რომლებიც ამ პერიოდით არიან დაინტერესებულნი. თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ ის ადამიანი, რომელმაც ამდენი გააკეთა მოდისთვის, არ უნდა დავივიწყოთ...”

ამასობაში კი, მოდის სამყაროს კარიბჭეს მოახლოვებოდა უცვლელი კანონმდებელი, ქალი-ლეგენდა, მარადიული კოკო შანელი...

««« წერილი პირველი

*   *   *   *   *

Share

კომენტარები 

0 # მემემე 2010-09-14 15:16  
" …როცა ზეპური საზოგადოების ბალზე თვით ნაპოლეონ III ცოლმა …"
კაი ერთ! ბალზე არა ტყემალზე …
ციტირება
 
0 # ხათუნა კაჭარავა 2010-01-24 03:31  
საინტერესო და დახვეწილი პუბლიკაციაა yes. როგორც ვხედავ ბლოგი სულ უფრო პოპულარული ხდება. ველით ახლ წერილებს nod ციტირება
 
0 # ნინო გაჩეჩილაძე 2010-01-23 21:59  
ძალიან საინტერესო სტატიაა და ველი თქვენგან სიახლეებს!! :) ციტირება
 
0 # merab 2010-01-23 20:29  
uamravi axali ram gavige. weris stilic saucxooa

dato manjavidze ;)
ციტირება
 

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი