რუსთაველის თეატრის გამოსვლას შოტლანდიაში, ედინბურგის თეატრალურ ფესტივალზე დიდი წარმატება ხვდა წილად. სპექტაკლისთვის "ვგავართ ახლა ჩვენ ლტოლვილებს?!" ქართულ დასს სამი პრიზი მიენიჭა. მათ შორის: ფესტივალის პირველი ადგილი; ინტერნეტ - გამოცემების სპეციალური პრიზი და საუკეთესო დასის წოდება მიენიჭათ.
უკვე მეორე წელია, რაც ქართული თეატრის განვითარების მიზნით, რუსთაველის თეატრი თანამშრომლობს ბრიტანეთის ნაციონალურ თეატრთან და ბრიტანეთის საბჭოსთან. მათი ერთობლივად განვითარებული პროექტის ფარგლებში 2009 წელს თეატრს ინგლისელი ნოვატორი რეჟისორი ალეკი ბლაითი ეწვია. ბრიტანეთში რეჟისორი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ინოვაციური მიმდინარეობის ~ვერბატიმის თეატრის წამყვანი ოსტატი. ის შეხვდა წეროვანში მცხოვრებ, დროებით იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას და სწორედ მათი მონათხრობის მიხედვით აიგო ექსპერიმენტული სპექტაკლის სიუჟეტი. სპექტაკლში მონაწილეობენ: მარინა ჯანაშია, თემიკო ჭიჭინაძე, ედმონდ მინაშვილი, ლაშა ოყრეშიძე და ქეთი სვანიძე.
სპექტაკლით დაინტერესებულია შოტლანდიური არასამთავრობო ორგანიზაცია ~საზღვრებს გარეთ~, რომელმაც რუსთაველის თეატრს პროდიუსირება გაუწია ედინბურგის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე.
"ვგავართ ახლა ჩვენ ლტოლვილებს?!" რუსთაველის თეატრის რეპერტუარში ჩაჯდება და ქართველ მაყურებელს მისი ნახვის საშუალება ექნება.
საინფორმაციო სააგენტო"ინტერპრესნიუსი"















