თუმცა კობალაძეს, რომელიც თავს დამნაშავედ არ ცნობდა, 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ბრალდების იმ ნაწილში, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის და ხელყუმბარების უკანონო შენახვას უკავშირდებოდა. თუმცა იმის გამო, რომ მას ეს ვადა უკვე მოხდილი ჰქონდა 5 მაისს დაკავების შემდეგ, კობალაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
პროკურორი ეროვნული გვარდიის ყოფილი მეთაურისთვის, კობა კობალაძისთვის 13 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.
კობალაძისგან განსხვავებით, რომლის წინააღმდეგ ერთადერთი მტკიცებულება იყო ამ საქმეში კიდევ ერთი მთავარი ფიგურის გია ღვალაძის ჩვენება, რომელთანაც პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა, მოსამართლემ ხანგრძლივი პატიმრობა შეუფარდა ამ საქმის სამ მთავარ განსასჯელს.
რეინჯერთა ბატალიონის ყოფილ მეთაურს ლევან ამირიძეს მოსამართლემ 28 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნაცვლად ბრალდების მხარის მიერ მოთხოვნილი 29 წლისა; კობა ოთანაძეს 29 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მუხროვანში განთავსებული ჯავშან-სატანკო ბატალიონის ყოფილ მეთაურს შოთა (მამუკა) გორგიაშვილს - 19 წელი, როგორც ამას პროკურატურა ითხოვდა.
სამივეს ბრალად ედებოდა ამბოხების მომზადება ხელისუფლების დამხობის მიზნით. თუმცა სამივე ამ ბრალდებას უარყოფს.
ამის გარდა, გორგიაშვილი და ამირიძე მოსამართლემ ასევე ცნო დამნაშავედ დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებულ ბრალდებებში. ხოლო ოთანაძეს ასევე ბრალად ედებოდა ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო ტარება.
იმავდროულად, მოსამართლემ მე-3 ბრიგადის ყოფილ მეთაურს კახა კობაიძეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 10 000 ლარის ოდენობით ჯარიმა შეუფარდა; ხოლო პირველი ბრიგადის ყოფილ მეთაურს დავით სულხანიშვილს 3 წელი პირობითი სასჯელი და 20 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
ორივე ყოფილი სამხედრო მეთაურისთვის, რომელთაც დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედებოდათ ბრალი, პროკურორი, ფულად ჯარიმასთან ერთად, 4 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. სულხანიშვილმა დანაშაული აღიარა, ხოლო კობაიძემ ბრალდებები უარყო.
სივილ ჯორჯია
















