"დღეს სევდიანი დღეა ყველა ჩვენგანისთვის, რადგან თქვენი თანამებრძოლები გუშინ დაიღუპნენ ავღანეთში. მე მინდა, თანაგრძნობა გამოვუცხადო მთელ ქართველ ხალხს და იმ ოჯახებს, რომლებმაც ოჯახის წევრები დაკარგეს", - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა, რომელმაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ქართველ ჯარისკაცებს მიმართა.
რასმუსენმა უსაუბრა ნატო-ს მისიაში ქართული შეიარაღებული ჯარების მონაწილეობის მნიშვნელობაზე.
მისი განცხადებით, ქართული ჯარები მსახურობენ ჰელმანდში, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე რთული პროვინცია.
"ქართული დანაყოფები ნატო-ს ძალებთან ერთად მხარდამხარ იბრძვიან ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ისინი ეხმარებიან ავღანურ მხარეს, რათა ავღანეთმა მიაღწიოს იმ დონეს, რომ თავად შეძლოს საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმ წვლილისთვის, რომელიც შეგაქვთ სამშვიდობო მისიაში. ეს მისია არის ნათელი მანიფესტაცია საქართველოს და ნატო-ს მჭიდრო თანამშრომლობისა, რისთვისაც კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას", - განაცხადა რასმუსენმა.
ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ოთხი ქართველი სამხედრო დაიღუპა.
პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი, სერჟანტი დავით ცეცხლაძე, კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი და კაპრალი ნუგზარ კალანდაძე გუშინ საღამოს ნაღმზე აფეთქდნენ.
ავღანეთში დახლოებით ერთი თვის წინ ქართველი სამხედრო მუხრან შუკვანიც დაიღუპა.
საინფორმაციო სააგენტო"ინტერპრესნიუსი"















