ნიკოლოზ ბურდული, რომელიც სამინისტროში 10 წელი მუშაობდა, აცხადებს, რომ ხანძარსაშიში სეზონის დაწყებისთანავე ანუ ივლისიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე ტყეებს ვერტმფრენები უნდა აკვირდებოდნენ. თუმცა, მისი თქმით სატყეო დეპარტამენტს საკუთარი ვერტმფრენი არა აქვს. შესაბამისად, არც ავიამონიტორინგი ხორციელდება და ტყეებში დღეს არც ხანძარსაშიში ზონებია გამოყოფილი. ნიკოლოზ ბურდულის განცხადებითვე, ავიამონიტორინგთან ერთად უნდა არსებობდნენ ტყის მეხანძრეებიც, რომლებიც ტყის გარკვეულ ნაწილებს ხანძრისგან დაიცავენ.
სატყეო სააგენტოს წარმომადგენელი აღიარებს, რომ ამჟამად ტყის სააგენტოს არ გააჩნია არანაირი ტექნიკური აღჭურვილობა და შესაბამისად ხანძრის პრევენციული ღონისძიებებიც ვერ ტარდება. ამასთან, მისივე თქმით, ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები ყოველთვის სატყეო დეპარტამენტის პრიორიტეტი იყო, თუმცა ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით პირველ რიგში ისეთი ღონისძიებები ფინანსდებოდა, როგორიც მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველყოფაა. ნათია იორდანაშვილის ამბობს, რომ სატყეო დეპარტამენტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გადაკეთების ერთ-ერთი მთავარი მიზანი საკუთარი შემოსავლების გაჩენა და ხანძრის პრევენციისთვის საჭირო თანხის გამოყოფაა.
შეგახსენებთ: ხანძარმა სამცხე–ჯავახეთში თვის დასაწყისიდან უკვე 25 ჰექტარი ტყე გაანადგურა
რადიო "კომერსანტი"FM 95.5















