კომისიამ შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ ”მაგთის” ახალი ტარიფით აბონენტისთვის ძვირდება შიდა ქსელში განხორციელებული ზარების დაახლოებით 48,4%, ხოლო სხვა მობილური ოპერატორების ქსელში გამავალი ზარების 80,95%.
კომისიას პრეტენზიები აქვს კიდევ ერთ უმსხვილეს ოპერატორ „ჯეოსელთანაც“. მარეგულირებლის შეფასებით, ”ჯეოსელი” კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებულ რეგლამენტს არღვევს. კერძოდ, “ლაი-ლაის” ქსელში ჩართულ მომხმარებლებს კომპანია განხორციელებულ ზარებზე გადასახდელ თანხას 1 წამის სიზუსტით არ უანგარიშებს. ”ჯეოსელი” საუბრის ხანრძლივობას ამრგვალებს 5-წამამდე და დამრგვალებული დროით ხდება აბონენტისთვის გადასახდელი თანხის დაანგარიშება.
როგორც რადიო „კომერსანტს“ მარეგულირებლიდან აცნობეს, „მაგთის“ წინააღმდეგ საჩივარი „ბილაინმა“ შეიტანა, ხოლო „მაგთიმ“ თავის მხრივ „ჯეოსელს“ უჩივლა. მარეგულირებელმა მობილურ ოპერატორებს დარღვევების აღმოსაფხვრელად რამდენიმე დღიანი ვადა მისცა. აღიარებენ თუ არა კომპანიები ამ დარღვევებს, ჯერჯერობით უცნობია.
რადიო "კომერსანტი"FM 95.5















