განახლდა:07:02:38 AM GMT

>>> საქართველო ეკონომიკა ცოდნისმიერი ეკონომიკა - საქართველოს მომავალი
ბანერი

ცოდნისმიერი ეკონომიკა - საქართველოს მომავალი

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 1336 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font
“არსებობენ ქვეყნები - უახლესი შეიარაღებით აღჭურვილი არმიით და ...
თოხითა და ხელის გუთნით მომუშავე მწარმოებლებით”
გაერო-ს ანგარიშებიდან


ინოვაციური ეკონომიკური პოლიტიკის ამოსავალი ცნებები

საქართველოს ექსპორტის სტრუქტურაში დღემდე მინერალური ნედლეული, შავი ლითონების ჯართი დომინირებს. საექსპორტო კალათაში მხოლოდ რამდენიმე დასახელების დამუშავებული საქონელია. მეცნიერებატევადი (Science intensive) და შრომატევადი (labour intensive) პროდუქცია და მომსახურება, ექსპორტში საერთოდ არ გვხდება. ქვეყნის უზარმაზარი სავაჭრო დეფიციტის შესამცირებლად, უცხოელი ექსპერტები, თავიანთ რეკომენდაციებში, საექსპორტო პროდუქტების მრავალფეროვნების გაფართოებას გვირჩევენ.

ცოდნისმიერი ეკონომიკური პოლიტიკის შინაარსი, მომავალი ეკონომიკური განვითარების იმ მიმართულებათა განსაზღვრაში მდგომარეობს, რომელიც ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიურ პოტენციალს მეცნიერებატევად/შრომატევად პროდუქციად გარდაქმნის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ფართო შესაძლებლობებით.

გაუცნობიერებული მკითხველისათვის განვმარტავთ, რომ: თანამედროვე გაგებით, ტექნოლოგიური ინოვაცია სამეცნიერო დარგების ფუნდამენტური შედეგების საფუძველზე შეძენილი ცოდნის კომერციალიზაციას, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი სამრეწველო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ტექნიკის მაღალეფექტიანი ნიმუშების შექმნის პროცესს გულისხმობს. თანამედროვე ავტომობილების, პერსონალური კომპიუტერების, ვიდეო და აუდიო აპარატურის, მობილური ტელეფონების, საყოფაცხოვრებო ტექნიკის (ტელევიზორების,სარეცხი მანქანები, მაცივრები და ა,შ.) ნაკეთობათა წარმოება და საშულო ფენის მყიდველთათვის მისაწვდომი ფასი, კომპიუტერული ტექნოლოგიებითაა განპირობებული, რომლებიც ციფრული ტექნოლოგიების საფუძველზეა შექმნილი. გავიხსენოთ, რომ ფირმა "Apple Computer, Inc"-ს მიერ 1976წ. კომერციული დანიშნულებით შექმნილ პირველ პერსონალურ კომპიუტერთა (PC) - "Apple-I"-ის ფასი ორი ათასი დოლარი იყო (დოლარის სყიდვითუნარიანობა მაშინ ბევრად ძლიერი იყო).

ეპიზოდი PC-თა კომერციული გავრცელების ისტორიიდან:

1976წ. პერსონალურ კომპიუტერებს იძენდნენ ძირითადად მოყვარული ტექნიკოსები, რომლებიც "Apple-I"-ის შიშველ სამონტაჟო პანელთა ცქერისას დისკომფორტს არ განიცდიდნენ. კომპანიის დამაარსებელსა და იდეებიის გენერატორს, 22 წლის სტივ ჯობსს კარგად ესმოდა, რომ შემდგომი წარმატებისათვის აუცილებელი იყო მყიდველთა წრის მნიშვნელოვანი გაფართოება. ამ მიზნით მან ხელთ არსებული მთელი კაპიტალი მოახმარა პერსონალური კომპიუტერის ახალი მოდელის "Apple-II"-ის შექმნას. პლასტმასის კორპუსში სტივ უოზნიაკმა _ ჯობსის 25 წ. მეგობარმა და კომპანიონმა _ ფრიად ეფექტური და მყიდველთათვის მიმზიდველი ეგმ განათავსა. სრულყოფილი დიზაინის მქონე საოჯახო დანიშნულების კომპიუტერი, თითქოსდა ეპატიჟებოდა მომავალ მყიდველებს გარკვეულიყვნენ მის არსში. "Apple-II" გახდა პერსონალურ კომპიუტერთა ინდუსტრიის პიონერი, რომლის გაყიდვათა მოცულობამ 1986წ-თვის 2,5 მილიონ (!) ცალს გადააჭარბა.

პერსონალური კომპიუტერი მის წინამორბედ გამოგონებათა გრძელი ჯაჭვის ბოლო რგოლია, რომელთაგან, სტატიის ფორმატის შეზღუდულობის გამო, მხოლოდ უმთავრესს დავასახელებთ :

  • პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მოკლიმ (John William Mouchly) და ეკერტმა (John Presper Eckert), უნგრელი წარმოშობის მათემატიკოსის - ნეიმანის (John von Neumann 1903-1957) რიცხვთა კოდირების მეთოდის გამოყენებით (“ნეიმანის არქიტექტურა”), 1946წ. შექმნეს პირველი ეგმ - ENIAC ­- Electronic numberal integrator and calkulator;
  • 1947წ. კომპანია "BeII System"-ის ლაბორატორიის თანამშრომლებმა შოკლიმ (William Shockley), ბარდინმა (John Bardeen) და ბრეტეინმა (Walter Brattain), ნახევარგამტართა თვისებების გამოყენებით ტრანზისტორი გამოიგონეს, რამაც საინფორმაციო და გამოთვლითი ტექნიკის განვითარებას მანამდე არნახული დინამიზმი შესძინა.
  • ტრანზისტორის გამოგონებიდან ათი წლის შემდეგ, კომპანია "Texas Instrumants" თანამშრომელმა, ჯეკ კილბიმ (Jack Kilby 1923-2005), ნობელის პრემიის მომავალმა ლაურიატმა და რობერტ ნოისმა (Robert Noyce) _სახელგანთქმული "InteI"-ის მომავალმა დამფუძნებელმა, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად შექმნეს სილიკონის კრისტალზე განლაგებული ინტეგრალური მიკროსქემა - თანამედროვე მიკროპროცესორის პროტოტიპი.

საღი აზრიდან გამომდინარე ნათელია, რომ სტაბილური ეკონომიკის მქონე განვითარებული ქვეყნებისაგან განსხვავებით, დღევანდელი საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური და სამეწარმეო რესურსები, მეტად მოკრძალებულია. რაც საბჭოთა ეპოქაში გაგვაჩნდა, სოციალური კატაკლიზმებით დამძიმებულ პოსტსაბჭოთა წლებში, ისიც ვერ შევინარჩუნეთ.

ნიშნავს აღნიშნული იმას, რომ ინოვაციურ ეკონომიკურ მექანიზმებში გაცნობიერებულებს, ქვეყნის რეალური პოტენციალი შეფასებაში ზომიერების გრძნობა გვღალატობს და მსოფლიო-ინოვაციური განვითარების მაგალითებს გამოდევნებულები, ილუზიებს მივცემივართ?! _ როგორც ამგვარად მხოლოდ ჰუმანიტარული განათლების მქონე სახელმწიფო მოხელეთა უმრავლესობა მიიჩნევს?!

არ ნიშნავს და არა მარტო იმიტომ, რომ თავის დროზე სამრეწველო დანიშნულების პოტენციის შემცველი ელექტროაგრეგატის – გენერატორის და მოგვიანებით ელექტროძრავის გამომგონებელ, თანამედროვეთა მიერ „ფიზიკის მეფედ“ აღიარებულ ფარადეის (Michael Faraday 1791-1867), პრაგმატულობით გამორჩეულმა თანამემამულეებმა ჰკითხეს - „რა პრაქტიკული სარგებლობის მოტანა შეუძლია თქვენს გამოგონებას?“. არც იმიტომ, რომ რადიოს გამომგონებელმა გულელმო მარკონიმ, ვერავინ დაარწმუნა თავისი გამოგონების უაღრესად პრაქტიკულ მნიშვნელობაში, სანამ ჰოლანდიის ნაპირიდან გაგზავნილი მისი .რადიოგადამცემის სიგნალები, ამერიკაში არ მიიღეს. ისევე როგორც ჰენრი ფორდმა, რუდოლფ დიზელმა და ასეულობით სხვა გამომგონებელმა პოტენციალური დარწმუნებით შემიძლება ითქვას, რომ მსოფლიო საავტომობილო მომავლის გამცნობიერებელ ჰენრი ფორდს, გაყიდვების საწყის ეტაპზე, ოპონენტები ზურგს უკან ალბათ გიჟად ნათლავდნენ, „შეუვალი“ არგუმენტაციით: „ვინ გიჟს მოუვა თავში არათუ მთელი დედამიწის, არამედ თუნდაც ერთი ქვეყნის ტერიტორიის საავტომობილო გზებით დაფარვა“- ო.

ჯეიმს უატის უნივერსალური ორთქლის ძრავას გემზე გამოყენების პიონერს - რობერტ ფულტონსაც ამის გამო მოუხდა იმედგაცრუებულს აღიარებული სამხედრო გენიის - ნაპოლეონის კაბინეტის დატოვება.

აი, ავიაციაში მომუშავე გამომგონებელთათვის, თავიანთ ოპონენტთა და პროქტთა სპონსორების დარწმუნების პრობლემა, მეტად მარტივდებოდა ... ოპონენტთა გახურებულ თავებზე გადაფრენით.

ერთი სიტყვით, სიახლისადმი საზოგადოების აგრესიულ-დამცინავი დამოკიდებულება, უძველესი დროიდანაა ცნობილი და ტექნოლოგიური განვითარების დინამიკით გამორჩეულმა XX ს-მ, კაცობრიობის ამ კონსერვატიზმს, კოპერნიკი რომ კოცონზე იმსხვერპლა და თანამედროვე მეცნიერების მამა- გალილეო გალილეიც რომ ზედაც არ მიაყოლა, ანტიდოტი მოარგო, სიახლის შექმნისა და დანერგვის ფსიქოლოგიის დამუშავებით. ამ, ვფიქრობ, არც თუ უსარგებლო გადახვევის შემდეგ, ისევ საქართველოს ინოვავიური განვითარების პრობლემატიკას დავუბრუნდეთ:

აღნიშნულ პირობებში, ცოდნაზე დაფუძნებული (ინოვაციური) ეკონომიკის ფორმირება, ისევ არსებული და უახლესი ეკონომიკური ცოდნის მოშველიებითაა შესაძლებელი. ვგულიხმობთ ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებთან მჭიდრო კოოპერაციას და ამ საფუძველზე ქვეყანაში მოწინავე ტექნოლოგიების იმპორტზე ორიენტირებულ განვითარებას. ამ საქმეში ქართველებს ველოსიპედის გამოგონება არ გვჭირდება - ამგვარი საერთაშორისო პრაქტიკა, გლობალიზაციის განვითარების უმთავრესი კრეატივია და ასახულიცაა კიდეც კანონში „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“.

ცოდნისმიერი ეკონომიკური განვითარება, უტყუარი სტატისტიკის - ქვეყნის შიდა საერთო (კრებსითი): მატერიალური, წიაღისეული, ფინანსური, ინტელექტუალური, საკადრო და სხვ. რესურსების სანდო შეფასებათა არსებობის წინაპირობებს გულისხმობს. მხედველობაში გვაქვს რესურსების ის რაოდენობა და ხარისხი, რომლებიც ექსპორტუნარიანი/კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოების შესაძლებლობებს ქმნის. ამგვარი შინაარსის აღმნიშვნელად, ინგლისურ ენაში, სიტყვა Policy გამოიყენება, რომელიც ცნობილი Politics – მართვის ხელოვნებისა და ძალაუფლებისათვის ბრძოლისაგან განსხვავებით, განვითარების კონკრეტულ მიმართულებებში სტრატეგიული კურსის შემუშავების და განხორციელების აღმნიშვნელია. Policy-ს ქართულენოვანი შესატყვისებია: კურსი (მოქმედების მიმართულება), სტრატეგია, პოლიტიკა, სისტემა, მეთოდიკა, პრინციპები, ნორმები, სტანდარტები, კეთილგონიერება, შორსმჭვრეტელობა, წინდახედულება, გამჭრიახობა და ა.შ.  Policy შორსმჭვრეტელ, გამჭრიახ სამოქმედო კურსთან _ სტრატეგიასთან ასოცირდება და შესაბამისად მოიცავს საექსპერტო კვლევას, გაანგარიშებას, ტექნიკურ ცოდნას, ფინანსურ გათვლებს და ა.შ. Policy ლიბერალურ ღირებულებათა მატარებელი, ყოველგვარი Politics (საგარეო, საშინაო, ეკონომიკური, სამეცნიერო-საგანმანათლებლო, რეგიონალურ და ა.შ. პოლიტიკის) შემუშავებისა და განხორციელების წინაპირობა და საფუძველია. ამდენად, სახელმწიფოებრივი ქმედების მომზადებას (პოლიტიკის დაგეგმვას) და განხორციელებას, წინ უნდა უსწრებდეს შესაბამისი მიმართულების Policy-ის გულმოდგინე, (სკრუპულოზური) დამუშავება. ამ ფუნდამენტურ პრინციპზეა აგებული თანამედროვე ცივილიზაციაში დაწინაურებული ერების სახელმწიფოებრივი მართვის _ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებათა ფორმირების მექანიზმები: სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურები (უნივერსიტეტები, სამეცნიერო გაერთიანებები, ინსტიტუტები) ქმნიან სახელმწიფო ქმედებათა _ უახლესი ტექნოლოგიებით ბიზნესსექტორის დაინტერესება-სტიმულირების საკანონმდებლო ბაზისს _ კარგი მმართველობის და ეფექტური ადმინისტრირების ინოვაციურ პროდუქტს. მთავრობები კი სახელმძღვანელოდ ღებულობენ წარდგენილ რეკომენდაციებს, მოხსენებებსა და კომისიათა ანგარიშებს.

ფარდობითი ეკონომიკური უპირატესობები
და
მათი როლი კონკურენტუნარიანი ეკონომიკის შექმნაში

იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რესურსები ყოველთვის შეზღუდულია, ინოვაციური ეკონომიკური პოლიტიკის (Policy) შემუშავების მსურველნი დასაწყისშივე აწყდებიან ე.წ. პრიორიტეტების, ანუ უმთავრეს ეკონომიკურ მიმართულებათა დადგენის პრობლემას. მათ შორისაა ქვეყნის ფარდობით ეკონომიკურ უპირატესობათა გამოვლენის (იდენტიფიცირების) ამოცანები. თანამედროვე ეკონომიკურ ლიტერატურაში ,,ფარდობით ეკონომიკურ უპირატესობის“ წარმომქმნელ წინაპირობებში, ქვეყნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების დონე, გეოსტრატეგიული მდებარეობა, ბუნებრივი რესურსები, სოციალური კაპიტალი, მოსახლეობის განათლების დონე, შრომისმოყვარეობა, კანონმორჩილება და დისციპლინა, მწარმოებლური კულტურა, მომჭირნეობით ცხოვრების უნარი („როცა ადამიანები არ ,ჭამენ’ თავიანთ მომავალს“ _ ლ. ბალცეროვიჩი) და სხვ. სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები იგულისხმება. მაგალითისათვის: იაპონური ,,ეკონომიკური სასწაულის“ სტრატეგიის ავტორებმა, თავის დროზე, ასეთად იაპონელი ერის შრომითი დისციპლინა და კონკურენტ ქვეყნებთან შედარებით იაფი სამუშაო ძალა მიიჩნიეს.

ევროკავშირთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების (PCA, 1999 წ.) საფუძველზე, საქართველოს დაახლოების ხელშეწყობის მიზნით ევროკავშირის მიერვე დაფინანსებული, ხელისუფლების კონსულტანტი ორგანიზაციების (GFSIS, GEPLAC და სხვ.) ქართველ და უცხოელ ეკონომიკურ ექსპერტთა (Ivan Samson, Christophe Cordonnier, Volhart Vincentz, A. Papahilippou და სხვ.) აზრით, პირველი ფარდობითი ეკონომიკური უპირატესობა _ ენერგომაგისტრალების სახით _ ხელისუფლებამ უკვე შექმნა. შემდგომი აუცილებელი ნაბიჯები მძლავრი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შექმნაა _ ქ. ფოთის თურქეთთან და ქ. ბაქოსთან დამაკავშირებელი თანამედროვე საავტომობილო და ეფექტური სარკინიგზო ხაზების მშენებლობით. მეორე ფარდობითი უპირატესობა, მათივე რეკომენდაციებით, უნდა შეიქმნას სოფლის მეურნეობასა და ტურიზმში სპეციფიკური რესურსების თეორიის საფუძველზე, რომელიც მაღალი დამატებითი ღირებულების პროდუქციის შექმნას და განსაკუთრებული და უმაღლესი ხარისხის საქონლის და მომსახურების წარმოებას გულისხმობს.

მესამე (და უმთავრესი) ფარდობითი უპირატესობა ადამიანური კაპიტალის შექმნაა ძლიერი პროფესიული და ზოგადი განათლების პოლიტიკით. ეფექტურია ის საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც პრაქტიკულ ინდუსტრიასთან და კონკრეტულ დარგებთანაა დაკავშირებული. ქვეყანაში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის გონივრული გამოყენების ხელშემწყობი Policy (რაც ამ სფეროში ირლანდიის, ესტონეთის, სინგაპურის, ინდოეთის, ჩინეთის და სხვ. ქვეყნების წარმატებული მაგალითების გამოცდილებათა ათვისებას გულისხმობს), განათლების სფეროში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის წყარო გახდება. ექსპერტთა დასკვნებით, საქართველოს ამჟამინდელი, ვიწრო ეკონომიკური ბაზის მქონე - მხოლოდ ფულად გზავნილებზე ორიენტირებული, არასამეწარმეო აქტივობასთან დაკავშირებული ეკონომიკა (income-driven economy), კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით უნდა ვითარდებოდეს.

« ფორუმი »
Share

კომენტარები 

0 # Beru 2010-10-08 22:18  
დაზუსტება:
ტექსტი, სადაც ნახსენებია ჰენრი ფორდის და რუდოლფ დიზელის სახელები, უნდა იკთხედოდეს ასე:
ისევე როგორც ჰენრი ფორდმა, რუდოლფ დიზელმა და ასეულობით სხვა გამომგონებელმა პოტენციონალური ინვესტორები. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, … (შემდეგ, როგორც ტექსტშია).
ავტორი
ციტირება
 

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი