ეროვნული ბანკის მიერ გასულ კვირაში გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად მთლიან საგარეო ვალში 18.1%, ანუ 2 მილიარდი აშშ დოლარი საბანკო სექტორზე მოდის. მთლიანი საგარეო ვალის 95.3% პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
დეკემბერში საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch–მა, რომელმაც საქართველოს გრძელვადიანი ლოკალური და უცხოური სავალუტო რეიტინგი ერთი საფეხურით, „b+“–დან „bb-“–მდე გაზარდა, განაცხადა, რომ მოსალოდნელია მთავრობის საერთო ვალის 2012-2013 წლებში შემცირება, რომელმაც პიკს 2010 წელს მიაღწია და მთლიანი შიდა პროდუქტის 37% შეადგინა.
სააგენტოს თქმით, საქართველოს მაჩვენებლები აძლევს ქვეყანას იმის საშუალებას რომ მან კვლავაც აიღოს დამატებით საგარეო სესხი. Fitch-ის განცხადებით, საქართველოს მიერ აღებული საგარეო ვალის შეღავათიანი პირობები ამცირებენ ამ სესხის მომსახურეობის ხარჯებს.
Fitch-ის განცხადებით, 2011 წელს საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 11%–ს შეადგენს, რაც ქვეყნისთვის ”სუსტ მხარეს” წარმოადგენს. სააგენტოს თქმით ის არ ელის ამ მაჩვენებლის დიდად შემცირებას.
”2012 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაახლოებით ნახევარს კერძო კაპიტალის ფორმით განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები დაფარავენ; დანარჩენილი ნაწილი სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მიერ უცხოეთიდან მოზიდული სესხის მეშვეობით დაფინანსდება. საქართველოს სუფთა საგარეო ვალის ოდენობა, რომელიც მშპ-ის 47% შეადგენს, ყველაზე მაღალია იმ ქვეყნებს შორის რომელთა რეიტინგი ‘BB’-ის კატეგორიაში განისაზღვრება,” განაცხადა დეკემბერში Fitch-მა.
სივილ ჯორჯია















