როგორც ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ განაცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებას ჩაბარებიდან 14 დღეში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
სასამართლომ ''საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის", გაზეთ "რეზონანსისა'' და ''კონსერვატიული პარტიის'' სარჩელები ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ გააერთიანა. მოსარჩელეები ენერგეტიკის სამინისტროსა და ''ინტერ რაო ეი-ი-ეს"-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის საჯაროობას ითხოვენ. მათი მტკიცებით, აღნიშნული დოკუმენტი საიდუმლო არ არის და გრიფი არ უნდა დადებოდა.
ნათია კორკოტაძის განცხადებით, გაზეთმა ''რეზონანსმა'' ენერგეტიკის სამინისტროს აღნიშნული მემორანდუმი მოსთხოვა, სამინისტრო ვალდებული იყო როგორც საჯარო დოკუმენტი 24 საათის განმავლობაში მიეწოდებინა, თუმცა მეორე დღეს გრიფი დაადეს.
როგორც „კონსერვატორმა“ ბიძინა გუჯაბიძემ განაცხადა, რუსეთსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის კორუფციული გარიგებაა და ამიტომ არ უნდათ დოკუმენტის გასაჯაროება.
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი"
















