15 გამარჯვებულს საჩუქრად პორტატული კომპიუტერები გადაეცა. ეროვნულ კონკურსში გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს საერთაშორისო ფინალში შეეჯიბრნენ, რომელშიც 8 ქვეყნიდან 40 ახალგაზრდა მონაწილეობდა.
ფინალში მონაწილეობა ლატვიის, ლიტვის, უნგრეთის, პოლონეთის, მონტენეგროს, საქართველოს, ჩეხეთისა და სლოვაკეთის წარმომადგენლებმა მიიღეს.
კონკურს `ალიანტეს" საერთაშორისო ფინალი 2010 წლის 28 ივნისს – 1 ივლისს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ჩატარდა, ფინალში მონაწილე ახალგაზრდებს ინტელექტულური ტესტის შევსებასთან ერთად ფიზიკური წინააღმდეგობების გადალახვაც მოუწიათ. საუკეთესო შედეგის მქონე 7 გუნდი გამარჯვებულად გამოცხადდა, აქედან 5 ქართული გუნდია, რის გამოც საქართველო გამარჯვებულ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა.
კონკურსის ქართველმა გამარჯვებულებმა უცხოელ თანატოლებთან ერთად 10 დღით პოლონეთში იმოგზაურეს. ისინი 26 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით პოლონეთში იმყოფებოდნენ. ვარშავაში მათ თავდაცვის სამინისტროსა და პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბი, ქალაქ ბიდგოსცჟში კი ნატო-ს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრი და საჰაერო ბაზები მოინახულეს.
პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ნატო-ს შესახებ საინფორმაციო ცენტრის, თავდაცვის სამინისტროს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საჩხერის სამთო მომზადების ბაზის, ილიას უნივერსიტეტისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. კონკურსის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა"(NGNI).
`ალიანტე" არის საერთაშორისო კონკურსი, რომელზეც ახალგაზრდები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ნატო-ს, უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში საკუთარ ცოდნას წარმოაჩენენ. 2010 წელს, პირველად კონკურსის არსებობის მანძილზე ფინალი ნატო-ს არაწევრ ქვეყანაში - საქართველოში ჩატარდა.
საინფორმაციო სააგენტო"ინტერპრესნიუსი"

















კომენტარები