ქართული მასმედია ყოფითი აზროვნების განზომილებაში
ქართული საზოგადოებრივი აზრი, როგორც საუკუნის წინათ, ისევ გაურკვევლობაშია. ვერ გაუთავისებია, რომ სახელმწიფოს სიძლიერე მისი შინაგანი რესურსების მობილიზებითა და გონივრული გამოყენებითაა მხოლოდ შესაძლებელი. ინტელექტუალური რესურსების არსებობაც ეჭვის ქვეშ დაუყენებია. არ ეძებს. უკვე არსებულს – არაფრად აგდებს. ,,ისევე როგორც საუკუნის წინათ, ქვეყნის გარეთ ეძებს ხსნასა და საშველს’’ (ნოდარ ჭითანავა). სახელმწიფოებრივი გონება-საზრის მოდუნებული და (უპირველესად ამის გამო) გასაჭირში მყოფი ერისათვის, განათლება და მეცნიერება ერთადერთი იმედია და თუ მეცნიერთა აზროვნება დავიწროებულია იმდენად, რომ ეროვნული განვითარების ერთიანი ღერძის საჭიროების გააზრება ქვეყნის შიდა პრობლემად იქცა (და, საერთო აღიარებით, ასეცაა), გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ საქმე გვაქვს კრიტიკულ სიტუაციასთან, ამ ცნების ილია ჭავჭავაძისეული (და მის თანამოაზრეთა) გაგებით, თორემ ყოფითი აზროვნების მქონე, ქართულენოვანი მასა რომ კარგა ხანს გაჰყვება კაცობრიობის შარაგზას, ამას საქართველოს ისტორიის ნაკლებად სასახელო ეპოქებიც ნათელყოფენ. ,,მაიას ცივილიზაცია დაიღუპა, მაიას ხალხი კი დღესაც აგრძელებს არსებობას“ . . . გვატემალის ჯუნგლებში.რატომ ვსაუბრობთ ამ თემაზე საინჟინრო და ეკონომიკურ სპეციალობათა წარმომადგენლები და არა პოლიტიკოსები? მკითხველთა იმ ნაწილს, ვისთვისაც ცნება - ქვეყნის განვითარების ერთიანი ღერძი - ბუნდოვანია, ან/და ცენტრალიზებულ მმართველობის წესთან ასოცირდება, შევახსენებთ, რომ ამ კითხვაზე მკაფიო და დამაჯერებელ პასუხს, ილიას თანამოაზრე-თანამებრძოლთაგან, ჯერ ნიკო ნიკოლაძის, შემდეგ კი მიხაკო წერეთლის და არჩილ ჯორჯაძის შემოქმედებაში ვხედავთ. მათ შემდგომ განვლილმა ეპოქებმა ნათელყვეს, რომ ილიას გზის ჭეშმარიტად საერთო-სახალხოდ აღიარებისათვის დიდი საგანმანათლებლო სამუშაო - აღსრულებულად რომ მიგვაჩნდა - ჯერ კიდევ წინა გვაქვს. ამის გარეშე დე იურე დამოუკიდებელი - კოსმოპოლიტიზმის გზაზე ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში ორჯერ შემდგარი - საქართველო, გლობალიზების გამოწვევებს ვერ უპასუხებს, ისევე, როგორც წინა შემთხვევაში, სასიცოცხლო ძალებს ვერ მოიკრებს; ბრძენკაცებზე ისევე კომკავშირლები აღზევდებიან; ინდივიდთა პიროვნული გაორებისა და აქედან ერთ ნაბიჯზე მდებარე, ერის ტრადიციული ფსიქიკის დამანგრეველი, მუტანტ - მხოლოდ მომხმარებლური ფსიქოლოგიის და არა სამრეწველო-სამეურნეო და კულტურული პროდუქციის მწარმოებელ ქართველთა - გამრავლების ბაცილა, ისევ იმძლავრებს: დიდი ივანეს, იაკობის, ექვთიმეს, მიხაკო და გრიგოლ წერეთლების, დავით სარაჯიშვილის, გრ. რობაქიძის, ვარლამ ჩერქეზიშვილის, გრიგოლ ფერაძის, კალისტრატე სალიას, ვიქტორ ნოზაძის, ზურაბ ავალიშვილის, ალექსანდრე ქართველიშვილის და სხვათა აზროვნების სიდიდის სამეცნიერო და პრაქტიკულ-გამოყენებითი სფეროს ტრადიციები ისევ ამოიძირკვება. მნიშვნელობა არ აქვს ფიზიკური, თუ უფრო დახვეწილი, - მატერიალურ-ფინანსური ძალადობიდან გამომდინარე. ქართველი ინტელექტუალები ისევ ემიგრაციას მიაშურებენ. გზა ხომ გაკვალულია . . .
განმარტება: თანამედროვე (სოციალ-დემოკრატიული აზროვნებიდან მომდინარე) კოსმოპოლიტიზმში, ჩვენ ქვეყნის გარედან საშველის და ხსნის მუდმივ მოლოდინს ვგულისხმობთ და არა ვაჟას _ მოაზროვნე-პატრიოტთა კოსმოპოლიტიზმს.
ქვეყნის განათლების სისტემის ხარისხზე მრავლისმეტყველი დოკუმენტები
განათლების სისტემის პრიორიტეტულობაზე საუბარი, საერთოდაც და განსაკუთრებით საბჭოთა მემკვიდრეობით დამძიმებული, ახალი სახელმწიფო მშენებლობის მოლოდინის მქონე საზოგადოების წინაშე, უხერხულად მიმაჩნია.
პირდაპირ საქმეზე გადავალ:
რევოლუციურ ტალღაზე შექმნილი ზოგადი და პროფესიუილი განათლების საკანონმდებლო დოკუმენტები, ყურადღებას იქცევს შინაარსობრივი ნონსენსებით.
მაგალითად: ,,საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ“, პირველი გვერდი: ,,კანონი სრულად თავსებადია განათლების რეფორმის ფუნდამენტურ პრინციპთან: განათლების სისტემის დეცენტრალიზაცია და საგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტონომიურობა ...“
ჩვენი კომენტარი: დეცენტრალიზაცია, ავტონომიურობა და ა. შ., რაიმე კონკრეტული სახელმწიფოებრივი მიზნის მიღწევის საშუალებაა მხოლოდ. პროფესიული განათლების მიზანი ყოველ კულტურულ ერში ქვეყნის კულტურული და ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ და საკმარის სპეციალისტ-პროფესიონალთა აღზრდაა. ეკონომიკურ ცხოვრებაში _ ქვეყნის კონკურენტუნარიანი ეკონომიკის შექმნაა. ეს მკაფიო ზეამოცანა დოკუმენტში ჩანაცვლებულია საქართველოში ევროპული განათლების დონის უახლოეს მომავალში მიღწევის ფრაზეოლოგიით. ,,ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების“ დოკუმენტი, ამ თვალსაზრისით, ცნობილ ბოლშევიკურ წარმოდგენებსაც კი აჭარბებს. ინებეთ: ,,საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში მიღებული გამოცდილების საფუძველზე მოზარდმა უნდა შეძლოს: ... სწორად განსაზღვროს საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები“.
ჩვენი კომენტარი: რა საჭიროა განათლების სისტემის შემდგომი დონე (პროფესიული და უმაღლესი განათლება – მაგისტრატურის და დოქტორანტურის ჩათვლით), თუ „საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები“- ზე ცოდნის მიღება უკვე ზოგადი განათლების სტადიაზეა შესაძლებელი?! განა აქ უფრო დაწვრილებითი კომენტარია საჭირო?!
სახელისუფლო სტრუქტურების ამგვარი კომპეტენციის ვითარებაში, მათ, რაღა თქმა უნდა, უფლება აქვთ (!!!) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წინაშე საკუთარი ქვეყნის სამეცნიერო სტატუსი დაამცირონ განვითარებადი (აზია-აფრიკის ზოგიერთი) ქვეყნის დონეზე, რაც საშუალებას აძლევს ხელისუფალთ, ამ ორგანიზაციების სათაო ოფისებში ,,დაასაბუთონ“ მეცნიერების განვითარებაზე გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსების უმცირესი დონე (მშპ-მთლიანი შიდა პროდუქტის 0,15 %), მეცნიერებაზე ასიგნებათა მზარდი საერთაშორისო დინამიკის პირობებში (მშპ-ის არანაკლებ 2-3%).
და კიდევ: სამეცნიერო ორგანიზაციათა ექსპერიმენტული ბაზის განახლების გარეშე და რეორგანიზაციის თუნდაც ფორმალურ კრიტერიუმთა არარსებობის პირობებში, აწარმოონ საშტატო განაკვეთის დაუსრულებელი ჭრა-კერვა, განურჩევლად იმისა, რომ ამგვარ - რეალური რეორგანიზაციის ანტიპოდ - ხორცსაკეპში, ეჭვსგარეშეა, უპირველესად კონცეპტუალური ნონსენსებისადმი შეურიგებელნი მოჰყვებიან და არა კონფორმისტები . . . მიზანიც მიღწეულია! _ ქართული სახელმწიფოებრიობის არაკეთილმოსურნეთა მიზანი . . . ქართველთა ხელით.
თანამედროვე ქართული მედიის მიმართება ამ თემებისადმი
სიახლეს არ წარმოადგენს, რომ საზოგადოებრივ ცნობიერებაში გარდაუვალ და ახალ ფასულობა-ღირებულებათა დამკვიდრების ამოცანას, ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაზე არანაკლებ, მასმედიის საშუალებები უნდა ემსახურებოდნენ. უფრო მეტიც: კულტურულ ერებში ხელისუფლებაზე საზოგადოებრივი კონტროლის ცნება და კარგი მმართველობა მასმედიის ფხიზელ თვალს გულისხმობს. “მეოთხე ხელისუფლება” ძირითადად ხომ ამ კონტექსტში მოიაზრება.
მეტად ნიშანდობლივია, რომ სადღეისოდ, ხსენებულ თემებში სამოქალაქო შეგნებით აღბეჭდილი და სტერეოტიპებიდან თავისუფალი აზრის პროდუქტი _ ანალიტიკური მასალა _ ბეჭდურ გამოცემათა რედაქტორ-გამომცემელთათვის, ილიას ,,ივერია“-ს ეპოქისაგან განსხვავებით, ფასეულობას არ წარმოადგენს. ანალიტიკური მასალის წინასწარი შეკვეთის და მასზე გაწეული შრომის რამდენადმე ადეკვატური ანაზღაურების საერთაშორისო პრაქტიკა/სტანდარტი, დამოუკიდებელი საქართველოს მედიას ჯერ არ უცვნია. ერთეულ, გამონაკლის შემთხვევებში, გამომცემლობათა მიერ გაცემული ჰონორარი, არც ერთი თეთრით არ აღემატება დამწყები მედია-აქტორის გასამრჯელოს?! გამომცემლობები არა საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრებად, არამედ სახელმწიფოებრივ გონს მოკლებულ, ურიცხვი „ჟურნალისტის“ დასაქმების კანტორებად ქცეულა. ხელისუფლების მხარდამჭერ გამომცემელთა და მაუწყებლობათა რედაქტორების ძირითადი საზრუნავად, ზემოდან მიღებულ ზეპირ დირექტივებსა და რეალობას შორის ლავირება დარჩენილა, რასაც თამამად შეიძლება ეწოდოს დღევანდელი საქართველოს მასმედიური დიპლომატია.
სადღეისო ქართულ რეალობებში ინტელექტუალობის ცნებიდან საკმაოდ დისტანცირებულმა ამ დამატებითმა ატრიბუტმა (დიპლომატიამ), პროფესიონალიზმის მწვავე დეფიციტის მქონე მასმედაში, მუტაცია განიცადა. მან მთლიანად ჩაანაცვლა მასმედიის ძირთადი დანიშნულება - საზოგადოებაშივე არსებული ინტელექტუალური რესურსების ადეკვატური ასახვა-ფორმირება.
თქვენ მიერ წარმოდგენილ საკითხთა სპექტრში არც სამეცნიერო საზოგადოების ხმა არ გვესმის და საერთოდაც, სადღეისო საქართველოში სამეცნიერო-პოპულარულ გამოცემასაც (გაზეთი, ჟურნალი, ვებ-გვერდი) ვერ ვხედავთ – გვესმის კეთილგანწყობილი ოპონენტის სამართლიანი შენიშვნა.
სტატიის დასაწყისში აღნიშნული, სამეცნიერო წრეების აზროვნების სივიწროვე, უპირველეს ყოვლისა, ქვეყანაში რამდენადმე ავტორიტეტული სამეცნიერო-პოპულარული გამოცემის არ არსებობაში გამოიხატა. ვიმეორებ, მსხვილტირაჟიანი სამეცნიერო-პოპულარული გამოცემის არ არსებობაში, თორემ საბაზრო-ეკონომიკური მექანიზმებით წახალისებულ, ნაწვიმარზე სოკოებივით გამრავლებულ უნივერსიტეტებს, თავიანთი ბეჭდური და ელექტრონული გამოცემები აქვთ, რომლებშიაც პროფესორთა კორპუსის შესაბამისი კვალიფიკაციის ჟურნალისტებია დაკავებული, ამ თემებზე საჯარო მსჯელობებს თავს ნაწილობრივ კომპეტენციის დეფიციტის გამო რომ არიდებენ . . .
მათი - პროფესორთა და ჟურნალისტთა - ძლიერ მცირე, ჩვენთვის (და ვფიქრობ განათლებული საზოგადოებისთვისაც) მეტად მნიშვნელოვანი ნაწილი კი - ჯერ კიდევ საბჭოური მმართველობითი სისტემის ცხოველმყოფელი გავლენის გამო.

















კომენტარები