განახლდა:07:02:38 AM GMT

>>> საქართველო მედია იპოვეთ განსხვავება რუსულ და ქართულ ტელეარხებს შორის
ბანერი

იპოვეთ განსხვავება რუსულ და ქართულ ტელეარხებს შორის

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 693 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

„ყოველი პოლიტიკური ეთერის მიღმა შესაძლებელი ხდება ხელისუფლების პოლიტიკური მიზნების ამოცნობა. ინსტიტუციურად ეს არ არის ინფორმაცია, არამედ სახელისუფლებო პიარია. ხანდახან იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქვეყნის წამყვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი „კომერსანტი“ და ტელეარხები სხვადასხვა რუსეთის შესახებ გვიყვებიან“ - ეს სიტყვები ცნობილ რუს ჟურნალისტს, ლეონიდ პარფიონოვს, ეკუთვნის. ვლად ლისტევის პრემიის გადაცემისას მან რუსული ტელეარხები სახელისუფლებო პიარში დაადანაშაულა. მისი თქმით, „ტელეარხებზე არ ისმის ხელისუფლებაზე კრიტიკული, სკეპტიკური ან ირონიული მსჯელობები“.

„ხელისუფლება წარმოგვიდგება, როგორც განსვენებული - მასზე ან კარგს ლაპარაკობენ, ან არაფერს. კიდევ უფრო საშინელი არის ის, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ჟურნალისტიკა უკვე აღარ სჭირდება. ტელევიზიებმა საერთოდ დაკარგეს უნარი, ობიექტურად გააშუქონ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები. ისინი ხელისუფლების მომსახურებით არიან დაკავებულები“.

ფაქტია, რომ რუსეთში მედიის მდგომარეობის შესახებ პარფიონოვს ახალი არაფერი უთქვამს, თუმცა, მაშინ, როცა დაჯილდოვებაზე მისი კრიტიკის ობიექტები (ცენტრალური ტელევიზიების ხელმძღვანელები) იმყოფებოდნენ, მისი გამოსვლა დიდ მნიშვნელობას იძენს.

პარფიონოვმა თავისი საქმე გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ გამოსვლისა აღნიშნა, „გმირი არ ვარ და გმირობას ნუ მომთხოვთ“ -ო, მისი კრიტიკა, ნამდვილად, გმირობის ტოლფასია. მისი სიტყვის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა მას „კრემლის სადამსჯელო ღონისძიებები“ შეეხოს, რაც, თუ გავითვალისწინებთ რუსეთში შექმნილ ვითარებას, რეალობას მოკლებული არ არის. თუმცა, პარფიონოვის მომავლის განსაზღვრა არ არის სტატიის მიზანი.

ნათელია, რომ წამყვანი რუსული ტელეარხები კრემლის კონტროლირებადია, ამაში ეჭვიც კი არავის შეაქვს. არც ამ სტატიის მიზანი არ არის განიხილოს მედიის გამჭვირვალობის მდგომარეობა რუსეთში. უპირველეს ყოვლისა, იმის გამო, რომ ეს ახალი არავისთვის იქნება. გარდა ამისა, საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს აბსოლუტურად არ აინტერესებს მედიის გამჭვირვალობის მხრივ რა მდგომარეობაა რუსეთში.

პარფიონოვის სიტყვით გამოსვლიდან მეორე დღეს, 26 ნოემბერს, ქართულმა ტელეარხებმა („რუსთავი 2“, „იმედი“ და „1 არხი“) საინფორმაციო გამოშვებებში მნიშვნელოვანი დრო დაუთმეს რუსი ჟურნალისტის მიერ საკუთარი ქვეყნის მედიის კრიტიკას. დღის ბოლოს, მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში, კი თითოეულმა მათგანმა პარფიონოვის გამოსვლაზე დაყრდნობით მოამზადა სიუჟეტი, სადაც საუბარი იყო რუსეთის შესაძლო დაშლაზე, კრემლის მიერ მედიის კონტროლზე, მედვედევისა და პუტინის დაპირისპირებაზე... მოკლედ, პარფიონოვის განცხადებით აღფრთოვანებული ჟურნალისტების ფანტაზიის უსაზღვრო შესაძლებლობებში მაყურებელი კიდევ ერთხელ დარწმუნდა. ქართულმა პროპაგანდამ იმუშავა. ტელევიზიებმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ დაანახვა, რომ რუსეთი დამანგრეველი პრობლემების წინაშე დგას, რომ მედიის თავისუფლების დაბალმა ხარისხმა და ეკონომიკურმა პრობლემებმა, შესაძლოა, რუსეთი სახალხო ამბოხებამდე მიიყვანოს. შესანიშნავია - რუსეთში პრობლემებია.

ქართული ტელევიზიების სიუჟეტებმა, გარდა იმისა, რომ სიამოვნება მომგვარა რუსეთში არსებული პრობლემები გამო, ამ კუთხით საქართველოში შექმნილ მდგომარეობაზე დამაფიქრა. საინტერესოა, ის ნეგატიური ტენდენციები, რომელთაც პარფიონოვი რუსულ ტელეკომპანიების მუშაობაში ხედავს, გვხვდება თუ არა ცენტრალურ ქართულ ტელეარხებში. ამის დასადგენად კიდევ ერთხელ მოვიყვან ამონარიდს პარფიონოვის გამოსვლიდან, თუმცა ამოვიღებ საიდენტიფიკაციო სიტყვებს. დამერწმუნებით, ეს არ დაარღვევს ტექსტის შინაარს (შედარებისთვის იხ. სტატიის დასაწყისი).

ლეონიდ პარფიონოვი: „ყოველი პოლიტიკური ეთერის მიღმა შესაძლებელი ხდება ხელისუფლების პოლიტიკური მიზნების ამოცნობა. ინსტიტუციურად ეს არ არის ინფორმაცია, არამედ სახელისუფლებო პიარია. ხანდახან იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქვეყნის წამყვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი ----- და ცენტრალური ტელეარხები სხვადასხვა ------ შესახებ გვიყვებიან... ტელეარხებზე არ ისმის ხელისუფლებაზე კრიტიკული, სკეპტიკური ან ირონიული მსჯელობები... ხელისუფლება წარმოგვიდგება, როგორც განსვენებული - მასზე ან კარგს ლაპარაკობენ, ან არაფერს. კიდევ უფრო საშინელი არის ის, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ჟურნალისტიკა უკვე აღარ სჭირდება. ტელევიზიებმა საერთოდ დაკარგეს უნარი, ობიექტურად გააშუქონ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები. ისინი ხელისუფლების მომსახურებით არიან დაკავებულები“.

გამოსვლის ტექსტის ამონარიდიდან ამოღებულია ორი სიტყვა: „კომერსანტი“ და „რუსეთი“. ამ ორი სიტყვის ამოღების შემდეგ რთული ხდება იმის გარკვევა თუ რომელ ქვეყანაზე საუბრობს პარფიონოვი - რუსეთზე თუ საქართველოზე (შესაძლოა მედია ასეთ მდგომარეობაშია სხვა ქვეყნებშიც, თუმცა ამ შემთხვევაში ჩემი, და ალბათ თქვენიც, ინტერესის სფერო საქართველოა).

საქართველოს სამი მთავარი ტელეარხის საინფორმაციო გამოშვებებს დაკვირვებისას ცხადი ხდებაა, რომ „ყოველი პოლიტიკური ეთერის მიღმა შესაძლებელი ხდება ხელისუფლების პოლიტიკური მიზნების ამოცნობა“; საინფორმაციო გამოშვებები უმეტესწილად ემსახურება „ხელისუფლების პიარს“; საქართველოშიც, რუსეთის მსგავსად, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქვეყნაში არსებული წამყვანი გაზეთები და ტელეკომპანიები სხვადასხვა საქართველოზე გვიყვებიან; მე პირადად არ მახსოვს როდის გავიდა ცენტრალურ ტელეარხებზე ხელისუფლების მიმართ „კრიტიკული“ ან „სკეპტიკური“ სიუჟეტი, აღარაფერს ვამბობ „ირონიულზე“; ქართული ტელეარხების ეთერში საქართველოს ხელისუფლებაც „განსვენებულს“ მოგვაგონებს; საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილიც არ ენდობა ამ ტელეარხების მიერ გავრცელებულ ინფორმაცია; ქართულმა ტელეარხებმაც „დაკარგეს უნარი ობიექტურად გააშუქონ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები,“ თავისი რუსი კოლეგების მსგავსად ისინიც საკუთარი „ხელისუფლების მომსახურებით არიან დაკავებულები“;

რამდენად სამწუხაროც უნდა იყოს, პარფიონოვის დახასიეთებულ რუსულ და ქართულ ტელეარხებს შორის განსხვავება ვერ აღმოვაჩინე. გარდა ამისა, აღნიშვნის ღირსია, რომ საქართველოს ორი უმთავრესი ტელეკომპანიის („რუსთავი 2“ და „იმედი“) მფლობელთა ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია.

ასეთ ვითარებაში, საქართველოს უმთავრესი ტელეარხების მიერ მომზადებული სიუჟეტები, რომელიც აგებული იყო რუსული მედიის კრიტიკაზე, რბილად რომ ვთქვათ სასაცილოა. თუ კონტროლირებადმა მედიამ, შესაძლოა, რუსეთი სახალხო ამბოხებამდე და დაშლამდეც კი მიიყვანოს, რატომ იქნება გამონაკლისი საქართველო, მაშინ, როცა, როგორც ვნახეთ, ორი ქვეყნის ცენტრალურ ტელეარხებს შორის მნიშვნელოვანი მსგავსებაა?

გასაგებია, რომ რუსეთი მტერია და მის წინააღმდეგ აქტიური პროპაგანდა მუშაობს, მაგრამ არსებობს მეორე მხარეც - ვისთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანია თავისუფალი მედია? რუსეთს საკუთარი მიზნების მისაღწევად სულ არ სჭირდება მედიის თავისუფლების ხარისხით თავი მოიწონოს დასავლელ დამკვირვებლებთან, ამისთვის სხვა, უფრო მეტად მნიშვნელოვანი, ბერკეტებიც გააჩნია. საქართველოს შემთხვევაში კი თავისუფალი მედია და დემოკრატიული განვითარება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. აქედან გამომდინარე, ცენტრალური ტელეარხების სახელისუფლებო კონტროლიდან განთავისუფლება, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ინტერესებში უნდა შედიოდეს.

იმდია, სულ მალე გვექნება მორალური უფლება გავაკრიტიკოთ რუსული მედია, თუმცა ახლა... ახლა სჯობს ჩვენს მედიას მივხედოთ.

Share

კომენტარები 

+2 # Giorgi Beru 2010-12-03 23:34  
მედიის სპეციალისტი არ გახლავართ. მხოლოდ ტელემაყურებელი ვარ და არ მახსებდება ვლადი ლისტევის პრემიის გადაცემისას ვლადიმერ პოზნერის და ლეონიდ პარფიონოვის გამოსვლის თუნდაც რამდენადმე ადეკვატური, მათი ქართველი კოლეგების საჯარო მსჯელობები.

ვფიქრობთ, რომ ძირითადი განსხვავება რუსულ და ქართულ ტელეარხებს შორის, ჩვენდა დიდად სამწუხაროდ, სატელევიზიო ჟურნალისტთა პროფესიონალიზმშ ი, ანალიტიკურ და ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროდუქციის არათანაზომადობა შია.
ციტირება
 

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი