განახლდა:07:02:38 AM GMT

>>> საქართველო მედია აქცია - "სოლიდარობა მედიაპალიტრას!"
ბანერი

აქცია - "სოლიდარობა მედიაპალიტრას!"

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 463 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" ინიციატივით დღეს გაიმართა აქცია სახელწოდებით - "სოლიდარობა "მედიაპალიტრას"! დღეს პირველ გვერდზე ასეთი წარწერით გამოვიდა თითქმის ყველა გაზეთი და ჟურნალი საქართველოს მასშტაბით.

"მედიაპალიტრას" ამ ფორმით უცხადებენ სოლიდარობას გაზეთები "რეზონანსი", "ახალი თაობა", "ვერსია", "ასავალ-დასავალი", ჟურნალი "ლიბერალი", სპორტული გაზეთების ნაწილი.

სოლიდარობის აქციაში მონაწილეობენ რეგიონული გამოცემები "ახალი გაზეთი", "გურია ნიუსი", "ბათუმელები", "სამხრეთის კარიბჭე", "P.S", "აჭარის P.S", "ქობულეთი", "ჩემი ხარაგაული", "ლანჩხუთი პლუსი", "რუსთავის ამბები", "ალიონი", "სპექტრი".

გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში შიშობს, რომ სიტყვის თავისუფლება საფრთხეშია.

"ჩვენ გამოვხატავთ შეშფოთებას იმ ვითარების გამო, რაც ხდება "პალიტრასთან" დაკავშირებით. ჩვენ გამოვხატავთ სოლიდარობას "მედიაპალიტრისადმი". მიგვაჩნია, რომ საფრთხე ემუქრება ზოგადად სიტყვის თავისუფლებას და ჩვენი კოლეგების გვერდით ვდგავართ", - განაცხადა ტუღუშმა და აღნიშნა, რომ სოლიდარობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" წევრის, ნინო ზურიაშვილის განცხადებით კი, მათ აშფოთებთ მედიასივრცის ბოლო 5-6 წლის წარსული, ამიტომ "მედიაპალიტრაში" ფინანსური შემოწმების პროცესს კოალიცია რეგულარულ მონიტორინგს გაუწევს.

დღეს განსხვავებულია გაზეთ "კვირის პალიტრის" ნომერიც. გაზეთი "მედიაპალიტრის" მხარდაჭერისა და თანადგომისთვის კოლეგებს მადლობას უხდის. "გმადლობთ სოლიდარობისთვის", - პირველ გვერდზე ასეთი წარწერით გამოვიდა "კვირის პალიტრის" დღევანდელი ნომერი.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა "მედიაპალიტრის" ექვს სხვადასხვა სტრუქტურაში არაგეგმური შემოწმება 7 ივნისს ერთდროულად დაიწყო. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გეგმური სასაქონლო-მატერიალური ინვენტარიზაცია უკვე დასრულდა "მედიაპალიტრის" შემდეგ დაწესებულებებში - შპს "ჯეპ", შპს გამომცემლობა "კოლორი", შპს "პოლიგრაფიული მასალები", გამომცემლობა "პალიტრა L".

გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 7 ივნისს "მედიაპალიტრის" 6 სხვადასხვა კომპანიაში დატოვეს შეტყობინება საგადასახადო შემოწმების შესახებ. ამ შეტყობინების თანახმად, "მედიაპალიტრის" 6-ვე შპს-ში გასვლითი საგადასახო შემოწმება, დაახლოებით, 10 დღეში დაიწყება.

საინფორმაციო სააგენტო
"ინტერპრესნიუსი"
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი