განახლდა:07:02:38 AM GMT

>>> საქართველო მედია საქართველოში პირველი ციფრული სატელიტური ტელევიზია „მაგთისატი“ ამოქმედდება.
ბანერი

საქართველოში პირველი ციფრული სატელიტური ტელევიზია „მაგთისატი“ ამოქმედდება.

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 535 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

23 იანვრიდან საქართველოს ტერიტორიაზე მაუწყებლობას ახალი თანამგზავრული ოპერატორი „მაგთისატი“ დაიწყებს. ის სატელეკომუნიკაციო კომპანია „მაგთიკომისა“ და SES-ის ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა. „მაგთისატი“ საქართველოში პირველი DTH (DIRECT-TO-HOME) ტელევიზიის პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც ASTRA თანამგზავრის მეშვეობით ამოქმედდება.

მაგთისატი ქართველ მომხმარებელს სხვადასხვა პაკეტებს შესთავაზებს, რომლებიც ჯერჯერობით მხოლოდ უცხოური არხებით იქნება დაკომპლექტებული.

„ქართულ არხებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და დაინტერესებისა და სურვილის შემთხვევაში „მაგთისატი“ მათთანაც გააფორმებს ხელშეკრულებას, რის შემდეგაც მომხმარებელს ჩვენი მომსახურებით ქართული არხების მიღების შესაძლებლობაც მიეცემა“ - აღნიშნა „მაგთიკომის“ მარკეტინგის დირექტორმა, ირაკლი ლობჟანიძემ.

ამ ეტაპზე „მაგთისატი“ მსურველს სამი სახის პაკეტს სთავაზობს, რომელთა ფასი 10 ლარიდან იწყება და სხვადასხვა სატელევიზიო არხებს მოიცავს. „მაგთიკომის“ მარკეტინგის დირექტორის თქმით, მომხმარებელს პაკეტის არჩევის შემდეგ არხების შერჩევის საშუალება არ მიეცემა, ვინაიდან თითოეულ პაკეტში განსაზღვრული არხები შედის. არხების სრული რაოდენობა 75-ს შეადგენს და მასში მაღალი გარჩევადობის ე.წ. HD არხებიც შედის.

რაც შეეხება სატელევიზიო არხების ფორმატს, ამ მხრივ აბონენტებს მრავალფეროვანი ფორმატის არხების მიღება შეეძლებათ, რომელშიც შედის როგორც საინფორმაციო, ასევე გასართობი, სპორტული, საბავშვო და შემეცნებითი არხებიც.

„მაგთისატის“ მომსახურების გამოყენება საქართველოს ნებისმიერ ადგილას მცხოვრებ ადამიანს შეუძლია, დაინტერესების შემთხვევაში მსურველი უნდა დაუკავშირდეს კომპანიას, რის შემდეგაც „მაგთისატის“ წარმომადგენელი ადგილზე მივა და სპეციალურ მოწყობილობას დაამონტაჟებს. „მაგთისატის“ მაუწყებლობის მისაღებად, საჭიროა თანამგზავრული მიმღები პულტი და თანამგზავრული თეფში, რომელიც აბონენტს დროებით კუთვნილებაში გადაეცემა და მომსახურების გაუქმების შემთხვევაში ისევ კომპანიას დაუბრუნდება.

აბონენტად დარეგისტრირება, რომელშიც მოწყობილობის დამონტაჟება-გამართვაც შედის სტანდარტული გარჩევადობის არხების მიღების შემთხვევაში 60 ლარს, ხოლო მაღალგარჩევადობის არხების შემხთხვევაში 100 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება „მაგთისატის“ მომსახურების მისაღებად გადასახადის გადახდას, ესეც მარტივი წესით მოხდება. აბონენტს გადახდა „მაგთიკომის“ ოფისში ან ბანკში, ან კიდევ სწრაფი გადახდის აპარატებით და მობილურიდან მონო-ბარათის საშუალებით შეეძლება. სააბონენტო თანხის გადაუხდეობის შემთხვევაში კი მას დაეკისრება ჯარიმა ათი ლარის ოდენობით.

„მაგთისატი“ ციფრულ მაუწყებლობას მოსახლეობას თანამგზავრული მაუწყებლობის ოპერატორის SES-ის დახმარებით მიაწოდებს, რომელიც ASTRA თანამგზავრებს ფლობს და მთელ მსოფლიოს თანამგზავრული კავშირგაბმულობის მომსახურებას სთავაზობს.

„SES-ი მოხარულია, რომ „მაგთიკომმა“ პირველი DTH პლატფორმის ასამოქმედებლად სწორედ ჩვენ აგვირჩია, რაც შესაძლებელს გახდის საქართველოში ციფრულ თანამგზავრულ მაუწყებლობას ჩაუყაროს საფუძველი“ - აღნიშნა კომპანია SES-ის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპაში, ფერენც სელენმა.

„მაგთიკომის“ გენერალური დირექტორის დევიდ ლის განცხადებით, „მაგთისატის“ მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობისთვის მაღალხარისხიანი ციფრული მაუწყებლობის მიწოდება იქნება.

როგორც „მაგთიკომის“ მარკეტინგის დირექტორი, ირაკლი ლობჟანიძე ამბობს, „მაგთისატის“ მთავარი პრიორიტეტი არის ის, რომ ახალი ოპერატორი დაფარავს საქართველოს მთელ ტერიტორიას:

„ჩვენ პირველივე დღიდან ვიმაუწყებლებთ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება მისი სარგებლობა პირველივე დღიდანვე. ასევე ჩვენი უპირატესობა მდგომარეობს იმაშიც, რომ მომხმარებელს ჩვენი ოპერატორის საშუალებით მუდმივად სტაბილური სიგნალი მიეწოდება, რომელიც იქნება მაღალი ხარისხის“.

თუმცა, კონკურენტი ოპერატორების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „მაგთისატი“ მათ კონკურენციას ვერ გაუწევს, ვინაიდან ახალ ოპერატორს ჯგუფების შექმნისა და გადახვევის ფუნქცია არ ექნება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ევროკავშირისა და ტელეკომუნიკაციათა საერთაშორისო კავშირის წინაშე ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ვალდებულება აქვს აღებული, რომლის მიხედვითაც 2015 წლიდან ყველა ქართულმა არხმა მხოლოდ ციფრულ რეჟიმში უნდა იმაუწყებლოს. საქართველოს მაუწყებლების ციფრულ ფორმატზე გადასვლის შემდეგ „მაგთისატის“ მუშაობის პრინციპი არ შეიცვლება, ვინაიდან ახალი ოპერატორის ფორმატი აბსოლუტურად ემთხვევა ზემოაღნიშნულ ფორმატს.

Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი