(2009-2012)

მინისტრის წინასიტყვაობა
საქართველოს დიპლომატიურ სამსახურს განსაკუთრებული როლი ეკისრება ეროვნული ინტერესების დაცვისა და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის პროცესში.
2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და ქვეყნის სუვერენული ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ საჭირო გახდა გარკვეული კორექტივების შეტანა საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში. ამასთან, მსურს იმთავითვე აღვნიშნო, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული მიზნები უცვლელი რჩება.
საქართველოს ევროპულ დემოკრატიად დამკვიდრება და მისი ინტეგრირება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში წარმოადგენს ყველაზე საიმედო გზას ქვეყნის მშვიდობიანი და უსაფრთხო მომავლის უზრუნველსაყოფად. ჩვენ გავაგრძელებთ დემოკრატიული რეფორმების კურსს და არ დავიშურებთ ძალისხმევას, რათა საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს და გახდეს ევროატლანტიკური კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის სრულუფლებიანი წევრი.
სტაბილური ეკონომიკური ზრდა სახელმწიფოს ძლიერების საფუძველია. საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ურთიერთმომგებიანი ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება. დიპლომატიური სამსახური ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას და საექსპორტო ბაზრის დივერსიფიცირებას.
საქართველოს ირგვლივ ხელსაყრელი საერთაშორისო გარემოს ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცება. ჩვენი ამოცანაა, მრავალმხრივი და ორმხრივი ფორმატების გამოყენებით ხელი შევუწყოთ სრულფასოვანი რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას, რაც დაეფუძნება საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების -- სახელმწიფოთა სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფალი არჩევანის -- პატივისცემას.
ორმხრივ ურთიერთობებში უმნიშვნელოვანესია თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება ევროპის ქვეყნებთან და სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მეტ ინტენსიურობას შეიძენს ასევე ურთიერთობა აზიისა და ლათინური ამერიკის სახელმწიფოებთან.
რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია აფერხებს ქვეყნის ნორმალურ განვითარებას და საფრთხეს უქმნის ქართულ სახელმწიფოებრიობას. საქართველო ესწრაფვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით და ამ პროცესში საერთაშორისო მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამასთანავე, საქართველოს დემოკრატიული განვითარება, ეკონომიკური ზრდა და მისი პროგრესი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ხელს შეუწყობს ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას და მათ რეინტეგრაციას საქართველოს სახელმწიფოში.
საზღვარგარეთ მყოფი თანამოქალაქეების უფლებების დაცვა სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი მოვალეობაა, რაც საქართველოს დიპლომატიური მისიებისა და საკონსულო წარმომადგენლობების მეშვეობით ხორციელდება. სათანადო ყურადღება დაეთმობა უცხოეთში არსებულ ქართულ სათვისტომოებთან ურთიერთობას, რათა უზრუნვეყოფილი იქნას მათი კულტურული, ინტელექტუალური და საქმიანი კავშირები საქართველოსთან. საერთაშორისო არენაზე საქართველოს შესახებ ობიექტური ინფორმაციის გავრცელება საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ამოცანაა. ჩვენ ასევე ხელს შევუწყობთ საზღვარგარეთ ქართული კულტურის წარმოჩენასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას.
ეს გახლავთ საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიზნებისა და პრიორიტეტების მოკლე მიმოხილვა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ, მიუხედავად არსებული სიძნელეებისა, ჩვენი დიპლომატიური სამსახური, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, წარმატებით გაართმევს თავს მასზე დაკისრებულ ამოცანებს.
შესავალი
თანამედროვე ურთიერთდამოკიდებულ სამყაროში საერთაშორისო თანამშრომლობა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ქვეყნის უსაფრთხო და მშვიდობიანი განვითარების პროცესში. შესაბამისად, ეფექტური დიპლომატია საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს.
საქართველო, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების დაცვით, ახორციელებს კონსტრუქციულ, ტრანსპარენტულ და თანამიმდევრულ საგარეო პოლიტიკას. საქართველოს დიპლომატიური სამსახური, პარლამენტთან და სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, მაქსიმალურ ძალისხმევას იჩენს, რათა საქართველომ შეძლოს ინტეგრირება დასავლურ ინსტიტუტებში, განავითაროს ურთიერთმომგებიანი ეკონომიკური თანამშრომლობა, საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს დემოკრატიულ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში.
დღეს, როგორც არასდროს, საქართველოს სჭირდება ინსტიტუციურად ძლიერი დიპლომატიური სამსახური. საგარეო პოლიტიკური უწყების ამოცანაა, მოკლე და გრძელვადიანი დაგეგმვით, არსებული რესურსების ოპტიმალური გამოყენებით, ყოველდღიური მუშაობითა და საელჩოების გამართული ფუქციონირებით შეძლოს არსებული შესაძლებლობების გამოყენება, გამოწვევების ადრეული იდენტიფიცირება და მათზე შესაბამისი რეაგირება.
საქართველოს დიპლომატიური სამსახურის მისიაა, დაიცვას ეროვნული ინტერესები საერთაშორისო არენაზე, უზრუნველყოს საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა და საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მშვიდობის განმტკიცებაში.
საქართველოს უსაფრთხოების გარემო
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველო დაადგა თავისი განვითარების ბუნებრივ გზას, რაც დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებასა და ევროპულ ოჯახში ინტეგრაციას გულისხმობს. ქვეყნის უსაფრთხო და დემოკრატიული განვითარების უზრუნველსაყოფად საქართველო ავითარებს ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებს და ახორციელებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პოლიტიკას. ეს პოლიტიკა ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის ჩამოყალიბების პროცესის განუყოფელი ნაწილია.
ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი არ არის მიმართული არც ერთი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამის მიუხედავად, საქართველოს სუვერენული არჩევანი რუსეთის მიერ აღიქმება როგორც საფრთხე. ასეთი მიდგომა გამოხატავს რუსეთის რევანშისტულ პოლიტიკას, რომლის მიზანია გადაისინჯოს ცივი ომის დასრულების შედეგად ჩამოყალიბებული საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემა და ევროპის კონტინენტზე კვლავ შეიქმნას გავლენის სფეროები, რაც რუსეთს ე.წ. „პრივილეგირებული ინტერესების ზონის“ დაკანონების საშუალებას მისცემს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. რუსეთის ეს პოლიტიკა გულისხმობს სამხრეთ კავკასიაზე კონტროლის დაწესებას, რაც ამ სახელმწიფოს კასპიის და ცენტრალური აზიის რეგიონების ევროპისგან იზოლირებისა და ევროპა-აზიის სატრანსპორტო-ენერგეტიკული დერეფნების გაკონტროლების საშუალებას მისცემს.
მიუხედავად იმისა, რომ XXI საუკუნეში მსგავსი პოზიცია განწირულია წარუმატებლობისთვის, რუსეთის თანამედროვე პოლიტიკა, რომლის ძირითადი ინსტრუმენტებია სამხედრო მუქარა და ენერგეტიკული შანტაჟი, სერიოზულ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის, და მთლიანად ევროპის, უსაფრთხოებას.
ამის ნათელი დადასტურებაა საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესია, რომლის შედეგად რუსეთმა მოახდინა საქართველოს სუვერენული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, ასევე კონფლიქტის ზონების მიმდებარე რაიონების ოკუპაცია და საერთაშორისო სამართლის დარღვევით აღიარა ამ რეგიონების დამოუკიდებლობა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი სამხედროებისა და რუსეთის მიერ შექმნილი მარიონეტული რეჟიმების ერთობლივი მოქმედების შედეგად განხორციელდა მკვიდრი მოსახლეობის მორიგი ეთნიკური წმენდა და ათობით ათასი ადამიანი, ძირითადად ეთნიკური ქართველი, გამოაძევეს საკუთარი სახლებიდან. რუსეთის ქმედებები საქართველოს მიმართ წარმოადგენს სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალისმიერი ცვლილებისა და ეთნიკური წმენდის, როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტის, ლეგალიზების მცდელობას. ეს კი ქმნის უაღრესად საშიშ პრეცედენტს, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობისათვის.
რუსეთის აგრესიამ მნიშვნელოვნად გააუარესა უსაფრთხოების გარემო საქართველოსა და მთლიანად შავი ზღვის ფართო რეგიონში. ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ განთავსდა აგრესორი სახელმწიფოს საოკუპაციო ძალები. ოკუპირებულ რეგიონებში იქმნება სამხედრო ინფრასტრუქტურა რუსეთის პერმანენტული სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ბაზირებისთვის. ეს ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობას, არამედ ძირს უთხრის ევროპული უსაფრთხოების არსებულ არქიტექტურას, მათ შორის, ევროპაში შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებით დაწესებულ რეჟიმს, რომელიც ევროპული უსაფრთხოების ქვაკუთხედად განიხილება.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან მარიონეტული რეჟიმების უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებები და რუსი ოკუპანტები მუდმივად ახორციელებენ შეიარაღებულ პროვოკაციებს ვითარების შემდგომი ესკალაციის მიზნით. ამასთან, ამ რეგიონებში უაღრესად მაღალია კრიმინალური აქტივობა, მათ შორის კონტრაბანდა, ადამიანების ტრეფიკინგი, იარაღითა და ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა, ადგილი ჰქონდა ბირთვული მასალების კონტრაბანდის ფაქტსაც. ყოველივე ეს დამატებითი დესტაბილიზაციის წყაროა როგორც საქართველოს, ასევე მთლიანად რეგიონისთვის.
მძიმე ვითარების მიუხედავად, ქართულმა სახელმწიფომ, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით, გაუძლო რუსეთის აგრესიას და შეინარჩუნა როგორც ეფექტური სახელმწიფო ინსტიტუტები, ასევე დემოკრატიული განვითარებისა და დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კურსი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროკავშირისა და აშშ-ის გადამწყვეტი როლი რუსეთის აგრესიის შეჩერებაში, ეკონომიკური რეაბილიტაციისა და ომისშემდგომი დარეგულირების პროცესში.
უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ მტკიცედ დაუჭირა მხარი როგორც ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ისე მის საგარეო პოლიტიკურ კურსს. რუსეთის აგრესიის შემდეგ ნატოსა და ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით წინ გადადგმული ნაბიჯები, ასევე ორმხრივი ფორმატით აშშ-თან სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ხელმოწერა ამის ნათელი დადასტურებაა.
მიმდინარე პერიოდი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ ეტაპს საქართველოსთვის. რუსეთი, ყოველგვარი შეფარვის გარეშე, სამხედრო ძალის გამოყენებით ღიად ებრძვის ქართული სახელმწიფოსა და მისი მშვიდობიანი, დემოკრატიული განვითარების კურსს. მეორეს მხრივ, რუსეთის აგრესიის ფონზე გამოჩნდა, რომ განვლილი წლების განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ფუნქციონირებადი, დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს საერთაშორისო სისტემაში და რომლის ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი აღიარებულია მისი პარტნიორების მიერ.
შექმნილ ვითარებაში აუცილებელია, მაქსიმალურად იქნას გამოყენებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა, დემოკრატიული რესურსები და ქვეყნის სტრატეგიული გეოპოლიტიკური მდებარეობა, რათა განეიტრალდეს არსებული საფრთხეები და უზრუნველყოფილი იქნას საქართველოს შემდგომი განვითარება, სტაბილური ეკონომიკური ზრდა და დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაცია.
I. უსაფრთხო, დემოკრატიული და განვითარებული სახელმწიფო
უსაფრთხო, დემოკრატიული და განვითარებული სახელმწიფოს ჩამოყალიბება საქართველოს ხელისუფლების უზენაესი მიზანია.
თანამედროვე ურთიერთდამოკიდებული სამყარო და გლობალიზაციის მიმდინარე პროცესები წარმოშობს როგორც შესაძლებლობებს, ისე გამოწვევებს საერთაშორისო თანამეგობრობისა და, მათ შორის, საქართველოსთვისაც. ერთის მხრივ, გლობალიზაცია წარმოადგენს მძლავრ სტიმულს საერთაშორისო ეკონომიკის განვითარებისა და დემოკრატიული ფასეულობების გავრცელებისათვის. მეორეს მხრივ, გლობალიზაციამ გაზარდა ასიმეტრიული საფრთხეები და წარმოაჩინა ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკის სუსტი მხარეები.
უაღრესად საშიშია რევანშისტული რუსეთის მიერ ევროპის კონტინენტზე, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების დარღვევით, სამხედრო ძალისა და ენერგეტიკული შანტაჟის, როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტის, გამოყენება. რუსეთის მცდელობა, შეარყიოს ევროპული უსაფრთხოების არსებული სისტემა, ემუქრება საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობას.
არსებულ ვითარებაში სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს თანამედროვე საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნებასა და განმტკიცებას, რაც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ფასეულობების, ნორმებისა და პრინციპების დაცვას ეფუძნება.
უსაფრთხო, დემოკრატიული და განვითარებული სახელმწიფოს უზრუნველსაყოფად პრიორიტეტულია დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, სტაბილური ეკონომიკური განვითარება და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა. საერთაშორისო დონეზე კი საქართველო ხელს შეუწყობს ევროპული უსაფრთხოების არსებული სისტემების გაძლიერებას.
დემოკრატიის განმტკიცება
დემოკრატიის განვითარება და კანონის უზენაესობის დამკვიდრება წარმოადგენს ქართული სახელმწიფოს წარმატებული ფუნქციონირების აუცილებელ პირობას. ამდენად, სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესში დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება მთავარ როლს თამაშობს.
შიდასახელმწიფოებრივი დემოკრატიული რეფორმების გაგრძელება
2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის ერთ-ერთი მიზანი იყო ქვეყნის დემოკრატიული კურსის შეცვლა, რაც უდიდეს საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოს სახელმწიფოებრიობას. აგრესიის უმძიმესი შედეგების მიუხედავად, ქვეყნის ხელისუფლება აგრძელებს ლიბერალური რეფორმების კურსს. დიპლომატიური სამსახური ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომ განმტკიცებას, ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიების გაძლიერებას, კანონის უზენაესობის პრინციპის საყოველთაო ნორმად დაკანონებასა და სამოქალაქო საზოგადოების შემდგომ განვითარებას.
დემოკრატიული თანამშრომლობა საერთაშორისო არენაზე
წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციებთან ინტენსიური თანამშრომლობისა და პარტნიორ სახელმწიფოებთან რეგულარული კონსულტაციების მეშვეობით საგარეო უწყება ხელს შეუწყობს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გაძლიერებას. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თანამშრომლობას გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან (გაერო), რომლის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას მის წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემისა და მათი ადეკვატური დაცვის განხორციელება წარმოადგენს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება გაერო-ს ადამიანის უფლებების კომისიასთან და გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან (UNHCR) ურთიერთობაზე, ასევე, დემოკრატიის განმტკიცების კუთხით გაძლიერდება თანამშრომლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან (ეუთო), განსაკუთრებით კი მის ორ ინსტიტუტთან – დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან (ODIHR) და ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის (HCNM) ოფისთან.
ევროპის საბჭოში გაწევრიანებით საქართველომ აიღო ვალდებულება განეხორციელებინა რიგი პოლიტიკური და საკანონმდებლო რეფორმებისა, რაც უზრუნველყოფს ქვეყანაში დემოკრატიული სტაბილურობის განმტკიცებას. საქართველოსთვის, როგორც წევრი- ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისართან და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სასამართლოსთან თანამშრომლობა. ასევე პრიორიტეტულია ევროპის საბჭოს როლის გაზრდა იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების პროცესში.
ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია
ურთერთდამოკიდებულ საერთაშორისო სისტემაში შეუძლებელია უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მიღწევა მხოლოდ საკუთარი რესურსებით. ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის სისტემა და ევროკავშირის საერთო ეკონომიკური პოლიტიკა უზრუნველყოფს წევრი ქვეყნების უსაფრთხოებასა და სტაბილურ ეკონომიკურ განვითარებას. ნატო-მ უზრუნველყო ევროატლანტიკური სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება და ინსტიტუციონალიზაცია, ხოლო ევროკავშირის შექმნის შედეგად ჩამოყალიბდა ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის ინსტიტუციური საფუძვლები. საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან და ღირებულებებიდან გამომდინარე, აღნიშნულ ორგანიზაციებში ინტეგრაცია საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტია.
პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება ევროკავშირთან
ევროპა არის ის ბუნებრივი გარემო, რომელსაც საქართველო მოწყვეტილი იყო საუკუნეების მანძილზე და რომელშიც ქართულმა სახელმწიფომ უნდა განაგრძოს თავისი განვითარება. ევროკავშირთან თანამშრომლობის პროცესი ხელს უწყობს საქართველოს ჩამოყალიბებას ევროპული ტიპის დემოკრატიულ ქვეყნად და მის ინტეგრაციას საერთო ევროპულ სივრცეში, რაც აუცილებელი პირობაა ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისათვის. ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით პრიორიტეტი ენიჭება ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობის გაღრმავებას, მათ შორის, ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმებასა და პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებას. ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში, პირველ ეტაპზე მთავარი აქცენტები სავიზო და სავაჭრო რეჟიმების ლიბერალიზაციაზე გაკეთდება. ევროკავშირთან ურთიერთობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას ენერგეტიკის სფერო წარმოადგენს. მნიშვნელოვანია აგრეთვე პარტნიორობის გაღრმავება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში.
ევროკავშირის როლის გაძლიერება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში
დიპლომატიური სამსახურის ძალისხმევა მიმართული იქნება ევროკავშირის მიერ საქართველოში სრულფასოვანი სამშვიდობო მისიის განხორციელებისკენ, რომლის მანდატი რეალურად გავრცელდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ასევე, მუშაობა წარიმართება ევროკავშირის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში კონკრეტული ღონისძიებების გასატარებლად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული ეთნიკური წმენდის სათანადო შეფასებისა და ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა უფლებების დაცვის საკითხებს.
ევროკავშირთან თანამშრომლობის ფორმატები
დიპლომატიური სამსახური, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ხელს შეუწყობს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობას ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში. აგრეთვე ჩატარდება აქტიური მუშაობა, რათა საქართველომ მაქსიმალურად ეფექტიანად გამოიყენოს ევროკავშირის ინიციატივის – აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში არსებული შესაძლებლობები, რაც ითვალისწინებს ევროკავშირსა და მის აღმოსავლეთ მეზობლებს შორის როგორც ორმხრივი, ასევე რეგიონული ურთიერთობების მნიშვნელოვან გაღრმავებას.
ნატო-ში გაწევრიანების დინამიკის შენარჩუნება
საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება მთელი ქართველი ერის მისწრაფებაა, რაც დადასტურდა 2008 წლის 5 იანვრის პლებისციტით, როდესაც მოსახლეობის 77%-მა მხარი დაუჭირა ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციის იდეას. საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი ხელს უწყობს ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებას, დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასა და შეიარაღებული ძალების რეფორმას. საქართველო წლების მანძილზე წარმატებით იყენებდა ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის ყველა ფორმატსა და ინსტრუმენტს. ამ თანამშრომლობამ ქვეყანას საშუალება მისცა წარმატებით განეხორციელებინა დემოკრატიული რეფორმები და გარდაექმნა შეიარაღებული ძალები ალიანსთან თავსებადობის მისაღწევად. მიღწეული შედეგების საფუძველზე, ნატო-მ 2008 წლის აპრილის ბუქარესტის სამიტზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ „საქართველო გახდება ნატო-ს წევრი.“
რუსეთის აგრესიამ ვერ შეაფერხა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი. 2008 წლის სექტემბერში შეიქმნა ნატო-საქართველოს კომისია, რომლის დანიშნულებაც, ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის შესაბამისად, არის ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებისთვის ხელშეწყობა. 2008 წლის ნატოს დეკემბრის მინისტერიალზე გადაწყდა საქართველოსთვის ახალი ინსტრუმენტის, წლიური ეროვნული გეგმის ფორმატის შემოღება, რომლის შესრულებას მონიტორინგს გაუწევს ნატო-საქართველოს კომისია. საქართველო წლიურ ეროვნულ გეგმას განიხილავს როგორც ნატოში გაწევრიანების ინსტრუმენტს, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს, დააკმაყოფილოს ალიანსში გაწევრიანების აუცილებელი კრიტერიუმები.
საქართველოს საგარეო პოლიტიკის ამოცანაა, უზრუნველყოს ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციის დინამიკის შენარჩუნება და, ბუქარესტის ვალდებულებების შესრულების მიზნით, ალიანსთან შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური დიალოგის წარმოება. დიპლომატიური სამსახური, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ხელს შეუწყობს ალიანსთან საქართველოს თანამშრომლობას არსებული ფორმატის ფარგლებში. ამ თვალსაზრისით, ძირითადი ყურადღება დაეთმობა ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატის მაქსიმალურ გამოყენებასა და წლიური ეროვნული გეგმის შესრულებას.
მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას სრულად ჰქონდეს გაცნობიერებული ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა და ფლობდეს ობიექტურ ინფორმაციას ამ პროცესიდან გამომდინარე მოსალოდნელი სარგებლისა თუ გამოწვევების შესახებ. საგარეო პოლიტიკური უწყება თავის წვლილს შეიტანს ნატო-ს შესახებ საზოგადოების გაცნობიერების პროცესში.
ეკონომიკური განვითარება და უსაფრთხოება
რუსეთის აგრესიამ და გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა მნიშვნელოვნად დააზარალა ქვეყნის ეკონომიკა და შეაფერხა ეკონომიკური ზრდის ტემპები. არსებულ სიტუაციაში დიპლომატიას განსაკუთრებული როლი ეკისრება საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში საქართველოს მონაწილეობის გაძლიერების პროცესში. დიპლომატიური სამსახურის ამოცანაა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად ხელი შეუწყოს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, ქართული პროდუქციის ექსპორტს და პრეფერეცნიული საექსპორტო პირობების შექმნას, საქონლისა და მომსახურების საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას და არსებული ბაზრების გაფართოებას. ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს აგრეთვე ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და სტიმულირება.
მრავალმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ფორმატები
ვაჭრობის და ეკონომიკური კავშირების განმტკიცების, ეკონომიკური უსაფრთხოების და განვითარების ხელშეწყობის მიზნით სრულად იქნება გამოყენებული მრავალმხრივი ფორმატები, როგორიცაა გაეროს ქვედანაყოფები, განყოფილებები და სპეციალიზებული სააგენტოები (WB, IMF, IFC, IBRD, EBRD, UNESCAP, UNECE, WFP, ECOSOC, UNECE, UNESCAP, ICAO, FAO, UNCTAD, UPO, ILO), ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია (WTO), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), აზიის განვითარების ბანკი (ADB), შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (BSEC), დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია – სუამი. წარიმართება მუშაობა ეკონომიკური თანამშომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD) საქართველოს გაწევრიანების მიზნით.
მრავალმხრივი ეკონომიკური პროექტები
მასშტაბური რეგიონული პროექტები, რომლებშიც საქართველო მონაწილეობს, სამუშაო ადგილების შექმნის, ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერების მნიშვნელოვანი ფაქტორია. საქართველოს გააჩნია ტრანსნაციონალური პროექტების განხორციელების კარგი გამოცდილება, განსაკუთრებით ენერგეტიკისა და ტრასნპორტის სფეროში. საჭიროა ამ ტიპის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება. საგარეო პოლიტიკური უწყება აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ერთობლივი რეგიონული ეკონომიკური პროექტების დაგეგმვისა და რეალიზაციის საქმეში.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა
2008 წლის აგვისტოს აგრესიამ წარმოაჩინა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტის რეალური არსი, რაც არის რუსეთ-საქართველოს იდეოლოგიური და პოლიტიკური კონფლიქტი. საბჭოთა პერიოდის რეალიებზე აპელირებისა და ფაქტების დამახინჯების გზით რუსეთი ცდილობს, გაამართლოს მის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია და ეჭვქვეშ დააყენოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ამასთანავე, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ოკუპირებული ტერიტორიების ინტენსიური მილიტარიზაცია მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიაზე რუსეთის კონტროლის დაწესებასა და ევროპის ენერგომომარაგების მონოპოლიზაციას. დიპლომატიური სამსახური იმუშავებს, რათა საერთაშორისო თანამეგობრობამ შეინარჩუნოს მარიონეტული რეჟიმების არაღიარების პოლიტიკა და განაგრძოს რუსეთის ფედერაციასთან პრინციპული, შედეგზე ორიენტირებული დიალოგი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაციის მიზნით, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო სამართლისა და სახელმწიფოთა შორის ცივილიზებული ურთიერთობების ფუნდამენტური პრინციპების დაცვას.
რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირება არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს, ემუქრება ეროვნულ უსაფრთხოებას და მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის მდგრადი განვითარების პერსპექტივებს. საქართველოს ტერიტორიების რუსეთის ოკუპაციის ქვეშ ყოფნა რუსეთის მხრიდან კონფლიქტის ესკალაციისა და განმეორებითი სამხედრო აგრესიის საფრთხის წყაროა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმართავს ეთნიკური წმენდისა და დემოგრაფიული მდგომარეობის ხელოვნურად შეცვლის პოლიტიკას. აღსანიშნავია ე.წ. პასპორტიზაციის ფენომენი - სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის რუსული პასპორტების დარიგება, რასაც რუსეთი მეზობელი ქვეყნების მიმართ ტერიტორიული პრეტენზიისა და სამხედრო აგრესიის საფუძვლად იყენებს. მსგავსი პოლიტიკა ძირეულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და ემუქრება საერთაშორისო სტაბილურობას.
სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერა
საქართველო ესწრაფვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით. დიპლომატიური სამსახურის ძალისხმევა მიმართული იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდირებისა და სამშვიდობო პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობისაკენ. მნიშვნელოვანია ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის ქმედითუნარიანობის ამაღლება, რაც წარმოადგენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის, აგრეთვე ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების ინსტრუმენტს. აუცილებელია საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მიუკერძოებელი საერთაშორისო სამშვიდობო მექანიზმების ამოქმედება, რომელთა საშუალებით გამოირიცხება კონფლიქტის ხელახალი ესკალაციისა და განმეორებითი აგრესიის შესაძლებლობა; უზრუნველყოფილი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება და დაცული იქნება მათი უფლებები; შეიქმნება დევნილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების სათანადო პირობები და მომზადდება ნიადაგი კონფლიქტის საბოლოო პოლიტიკური მოგვარებისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურღვევობის პრინციპზე დაყრდნობით. ამ მხრივ საგარეო პოლიტიკური უწყების ამოცანაა, უზრუნველყოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების ჩამოყალიბება და სამშვიდობო პროცესის ინტერნაციონალიზაცია, მათ შორის, სრულფასოვანი საპოლიციო და სამშვიდობო ოპერაციის ჩამოყალიბების გზით.
ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობის უფლებების დაცვა
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ეთნიკური წმენდის შედეგად მკვიდრი მოსახლეობის უმეტესობას არ აქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს ამ რეგიონების ბედის განსაზღვრაში. რუსეთის სრული სამხედრო ოკუპაციის შედეგად იქ დარჩენილ მოსახლეობას წაერთვა ის ნომინალური უფლებებიც, რაც მათ 2008 წლის აგვისტომდე ჰქონდათ. ოკუპირებული ტერიტორიები წარმოადგენენ უკანონო ზონებს, სადაც არ არსებობს უსაფრთხოების ელემენტარული პირობები, ხოლო აფხაზებსა და ოსებს სრული ასიმილაციის საფრთხე ემუქრებათ. უაღრესად შემაშფოთებელია, რომ მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენლები უკრძალავენ ქართულ მოსახლეობას მშობლიურ ენაზე განათლების მიღებას და ცდილობენ ახალგაზრდობის იძულებით გაწვევას უკანონო სამხედრო ფორმირებებში. საგარეო უწყება ძალისხმევას მიმართავს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი თუ იქ მაცხოვრებელი მოსახლეობის უფლებების დაცვისაკენ. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, მოხდეს საქართველოს მიერ ინიცირებული სამშვიდობო გეგმების განხორციელება, რომლებიც გულისხმობენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მშვიდობიან რეინტეგრაციას და იქ მცხოვრები ყველა ეთნოსის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თუ სხვა უფლებების დაცვას.
II. საქართველო საერთაშორისო სისტემაში
საქართველოს კეთილდღეობისა და სტაბილური განვითარებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებას. ამ თვალსაზრისით უმთავრესი როლი ეკისრება საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების დაცვას. ცივი ომის დასრულებამ წარმოშვა უნიკალური შესაძლებლობები საერთაშორისო არენაზე დემოკრატიული ფასეულობების გავრცელებისა და ქვეყნებს შორის მომგებიანი პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისათვის. ტრადიციულად, გაერო და ეუთო წარმოადგენენ იმ მთავარ ორგანიზაციებს, რომლებიც ქმნიან თანამედროვე საერთაშორისო სისტემის ფუნდამენტს. ამასთანავე, ნატო-ს და ევროკავშირის გაფართოება და მათი მზარდი მონაწილეობა გლობალურ პროცესებში ხელს უწყობს უსაფრთხოების გაძლიერებას არა მხოლოდ წევრ-ქვეყნებს შორის, არამედ ბევრად უფრო ფართო გეოგრაფიულ არეალში.
საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა საერთაშორისო სისტემაში საქართველოს სრულფასოვანი მონაწილეობის ხელშეწყობა და სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფის საქმეში საქართველოს წვლილის შეტანა. საერთაშორისო სისტემაში თავისი როლის ამაღლებისათვის საქართველო მიზნად ისახავს არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში მონაწილეობის გააქტიურებას.
უსაფრთხოების პოლიტიკა
საქართველო, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის წევრი, აქტიურად მონაწილეობს რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების ფორმატებში და საკუთარი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში, როგორც სათანადო შეთანხმებებსა და კონვენციებთან მიერთების, ასევე საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობის გზით. საქართველოსთვის, ფართო გაგებით, უსაფრთხოება მიიღწევა ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების კონტექსტში. შესაბამისად, ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების, მათ შორის, ენერგეტიკული უსაფრთხოების, ხელშეწყობა საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია. საქართველო ჩართულია ნატო-ს უსაფრთხოების პოლიტიკაში პარტნიორობისა და გაწევრიანების ინსტრუმენტების მეშვეობით და თანამშრომლობს ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში. საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ეუთო-თან უსაფრთხოების სამივე განზომილების საკითხებზე, არის საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის წევრი და ახორციელებს მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების საწინააღმდეგო პოლიტიკას.
თანამშრომლობა გაერო-ს ფარგლებში
გაერო წარმოადგენს ერთადერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც პასუხისმგებელია უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე გლობალური მასშტაბით. საქართველო აქტიურად თანამშრომლობს გაერო-ს შესაბამის ინსტიტუტებთან ბირთვული, ასევე ქიმიური და ბიოლოგიური, იარაღის გაუვრცელებლობის საკითხებზე. მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს თანამშრომლობა მცირე და მსუბუქი შეიარაღების უკანონო გავრცელების აკრძალვის კუთხით. ცალკე უნდა აღინიშნოს ტერორიზმის წინაღმდეგ ბრძოლის საკითხი -- საქართველომ მოახდინა გაერო-ს ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართული 13 კონვენციის რატიფიცირება და, შესაბამისად, ახორციელებს მათი იმპლემენტაციისთვის საჭირო ყველა აუცილებელ პროცედურას. საერთაშორისო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, საგარეო უწყება ხელს შეუწყობს საქართველოს აქტიურ მონაწილეობას გაერო-ს შესაბამის ინიციატივებში.
თანამშრომლობა ეუთო-ს ფარგლებში
საქართველო ეუთო-ს განიხილავს, როგორც ევროპული უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს მექანიზმს და მიესალმება უსაფრთხოების საკითხებისადმი ეუთო-ს კომპლექსურ მიდგომას. საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია ორგანიზაციის ეფექტურობის გაზრდა და მისი უფრო ქმედითი ჩართვა უსაფრთხოების საკითხებში როგორც საქართველოს, ასევე მთელი ეუთო-ს სივრცის მასშტაბით. საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ეუთო-თან უსაფრთხოების სამივე განზომილების – სამხედრო-პოლიტიკურ, ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და გარემოსდაცვით სფეროებში. საგარეო პოლიტიკური უწყება ხელს შეუწყობს ქვეყნის უფრო აქტიურ მონაწილეობას ორგანიზაციის საქმიანობის ყველა სფეროში, მათ შორის ეუთოს უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის ფორუმის (FSC) ფარგლებში.
ნატო-თან თანამშრომლობა
ნატო წარმოადგენს ევროატლანტიკური უსაფრთხოების ყველაზე ინსტიტუციონალიზებულ და ქმედით ორგანიზაციას, რომელიც ეფუძნება საერთო დემოკრატიულ ფასეულობებს. ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს უსაფრთხოების სტაბილური გარანტიაა, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის ქვეყნის პოლიტიკურ პრიორიტეტებს. საქართველოს სურს იხილოს ძლიერი ნატო და, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, ხელს შეუწყობს ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებას, მათ შორის, ალიანსის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის გზით.
ევროკავშირთან თანამშრომლობა
საქართველო მიესალმება ევროკავშირის გაზრდილ როლს ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. უსაფრთხოების სფეროში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ჩარჩოს ქმნის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) ფარგლებში, მათ შორის, ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (ESDP) კუთხით, ასევე ინტენსიური კონსულტაციების შესაძლებლობას კრიზისული სიტუაციების მართვის საკითხებზე. ევროკავშირის ინიციატივა – აღმოსავლეთ პარტნიორობა – აგრეთვე მოიაზრებს თანამშრომლობის პერსპექტივებს სტაბილურობისა და უსაფრთხოების სფეროში. ინიციატივის ფარგლებში გათვალისწინებულია როგორც უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ადრეულ ეტაპზე გაცვლის პრაქტიკა, განსაკუთრებული ფოკუსით კონფლიქტურ რეგიონებზე, ასევე თანამშრომლობის გაღრმავება იარაღის ექსპორტის კონტროლისა და გაუვრცელებლობის საკითხებზე. საგარეო უწყება თავის წვლილს შეიტანს საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის განვითარების საქმეში უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში.
ახალ საფრთხეებთან ბრძოლა
საქართველო ანტიტერორისტული კოალიციის წევრია და თავისი წვლილი შეაქვს საერთაშორისო ტერორიზმის და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში. საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-თან აღნიშნულ სფეროში. მიმდინარე რეჟიმში გაგრძელდება თანამშრომლობა ბირთვულ ტერორიზმთან ბრძოლის გლობალური ინიციატივის ფარგლებში, ისევე როგორც ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენებისა და ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების საქმეში. გაგრძელდება მუშაობა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან (OPCW), ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით.
შეიარაღებაზე კონტროლი
საქართველო მზად არის ითანამშრომლოს ყველა საერთაშორისო ფორმატში, რომელიც ხელს შეუწყობს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაუმჯობესებას საერთაშორისო არენაზე. საგარეო უწყება გააგრძელებს მუშაობას შეიარაღებაზე კონტროლისა და განიარაღების ყველა შესაბამისი რეჟიმის თანახმად ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. საქართველო, ისევე როგორც ხელშეკრულების წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებას (ეჩშძ) განიხილავს ევროპული უსაფრთხოების სისტემის ქვაკუთხედად და გააგრძელებს აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ რუსეთის ფედერაციამ შეაჩერა ეჩშძ ხელშეკრულებაში თავისი მონაწილეობა, აღნიშნული ხელშეკრულების დებულებებსა და 1999 წლის სტამბოლის ერთობლივ განცხადებაზე დაყრდნობით გაგრძელდება მუშაობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების გაყვანის საკითხზე. ასევე გაგრძელდება თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან ადაპტირებული ეჩშძ ხელშეკრულების ძალაში შესვლის ხელშეწყობის მიზნით, მათ შორის, აშშ-ს მიერ შემოთავაზებულ პარალელური მოქმედების გეგმაზე დაყრდნობით.
ენერგეტიკული უსაფრთხოება
ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ეროვნული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის. XXI საუკუნეში ენერგეტიკული უსაფრთხოების პოლიტიკა სახელმწიფო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი გახდა. ამ თვალსაზრისით, საერთაშორისო არენაზე მიმდინარე პროცესებში საქართველოს თავისი გამოკვეთილი როლი გააჩნია, რასაც ადასტურებს ქვეყნის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული, სატრანსპორტო და სატრანზიტო მაგისტრალების არსებობა. საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტია ენერგომომარაგების წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიცირება და ენერგორესურსების სატრანზიტო ქვეყნის სტატუსის განმტკიცება.
ენერგომომარაგების მარშრუტების დივერსიფიცირება
თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოების უზრუნველყოსაყოფად. საქართველოზე გადის ცენტრალური აზიისა და კასპიის ზღვის ენერგორესურსების ისეთი სატრანზიტო მაგისტრალები, როგორიცაა “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის” და “ბაქო თბილისი-სუფსის” ნავთობსადენები და “ბაქო-თბილისი-ერზერუმის” გაზსადენი. არსებობს დიდი პოტენციალი აღნიშნული რეგიონებიდან ენერგორესურსების საქართველოს გავლით ევროპის ბაზრებზე ტრანსპორტირების ალტერნატიული გზების შესამუშავებლად. საგარეო უწყება იმუშავებს, რათა მოხდეს ტრანსკასპიური გაზსადენის, ნაბუქოს (Nabucco), თეთრი ნაკადის (White Stream) და სხვა პერსპექტიული პროექტების რეალიზაცია.
ევროკავშირის როლის გაძლიერება ენერგომომარაგების დივერსიფიცირების პროცესში
დიპლომატიური ძალისხმევა მიემართება იქით, რომ გაძლიერდეს ევროპული და ევრო-ატლანტიკური თანამეგობრობის ინტერესი როგორც ალტერნატიული ენერგოპროექტების, ისე ენერგორესურსების ტრანსპორტირების ახალი მარშრუტების მიმართ, რაც ენერგიის მწარმოებელი, სატრანზიტო და მომხმარებელი ქვეყნების ინტერესთა ბალანსზე იქნება დაფუძნებული. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აღნიშნულ პროექტებში ევროკავშირის აქტიურ მონაწილეობას, რაც გააძლიერებს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და ხელს შეუწყობს სატრანზიტო ქვეყნების სტაბილურობასა და კეთილდღეობას. საგარეო უწყება ხელს შეუწყობს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე დიალოგისა და თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.
III. საქართველო რეგიონსა და მსოფლიოში
საქართველოს საკუთარი წვლილი შეაქვს უსაფრთხო და მშვიდობიან საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემის ჩამოყალიბების პროცესში, ესწრაფვის საერთაშორისო არენაზე ღირსეული ადგილის დაკავებასა და გლობალიზაციის პირობებში ეროვნული ინტერესების დაცვას.
შავი ზღვის რეგიონს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს ეროვნული ინტერესებისათვის. დიპლომატიური ძალისხმევა მიმართულია რეგიონში უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობის განმტკიცებისაკენ. შავი ზღვა წარმოადგენს ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემის განუყოფელ ნაწილს და, შესაბამისად, ნატოს და ევროკავშირის როლის გაძლიერება რეგიონში საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია. XXI საუკუნეში შავი ზღვის რეგიონმა საკვანძო როლი შეიძინა ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის. საქართველო მომავალშიც ხელს შეუწყობს რეგიონული და რეგიონთაშორისი ენერგეტიკული თანამშრომლობის განვითარებასა და ენერგორესურსების დასავლეთის ბაზრებისათვის მიწოდების დივერსიფიცირებას.
რეგიონული თანამშრომლობის პოლიტიკა
შავი ზღვის თანამშრომლობის ფორმატები ასახავენ როგორც რეგიონის მზარდ შესაძლებლობებს, ასევე მის შიგნით არსებულ წინააღმდეგობებსა და გამოწვევებს. საქართველო მონაწილეობს ყველა რეგიონულ ფორმატში, რომელიც მიმართულია წევრ- ქვეყნებს შორის ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის განვითარებისაკენ და ეფუძნება თანასწორუფლებიანობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპებს.
დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია – სუამი
სუამ-ი წარმოადგენს მნიშვნელოვან რეგიონულ ორგანიზაციას, რომელიც ხელს უწყობს წევრ ქვეყნებში დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას, უსაფრთხოების გაძლიერებასა და ეკონომიკურ განვითარებას. საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებია სუამ-ის სივრცეში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა და კონფლიქტების მოგვარება; თანამშრომლობა სატრანსპორტო, ენერგეტიკულ, სავაჭრო, საფინანსო და ეკონომიკურ სფეროში, მათ შორის, სუამ-ის ფარგლებში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რეალიზაცია, ადამიანების, კაპიტალის, პროდუქციისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება, აგრეთვე წევრი ქვეყნების საკანონმდებლო ბაზისა და სატარიფო პოლიტიკის ჰარმონიზაცია; სატრანსპორტო-საკომუნიკაციო დერეფნის – ევროპა-კავკასია-აზიის განვითარება; თანამშრომლობა სამართალდაცვითი, უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროებში; პრიორიტეტულია ასევე თანამშრომლობის გაძლიერება მეცნიერების, სპორტის და ტურიზმის მიმართულებით.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სუამ-ის თანამშრომლობის ფორმატებს, როგორიცაა სუამი-აშშ, სუამი-პოლონეთი, სუამი-ჩეხეთი და სუამი-იაპონია. დიპლომატიური სამსახური ხელს შეუწყობს ამ ფორმატების მაქსიმალურად გამოყენებას და იმუშავებს, რომ, საერთო ინტერესების გათვალისწინებით, ანალოგიური ტიპის ურთიერთობები ჩამოყალიბდეს სხვა ქვეყნებთან და ორგანიზაციებთანაც.
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (BSEC)
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია მოიცავს შავი ზღვის ფართო რეგიონის ყველა სახელმწიფოს და დიდი პოტენციალი გააჩნია სხვადასხვა სფეროში ურთიერთსასარგებლო რეგიონული პროექტების განხორციელებისათვის. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის არსებული წინააღმდეგობები ხელს უშლის რეალური თანამშრომლობის განვითარებას. ამის ყველაზე ცხადი გამოვლინებაა რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული აგრესიული პოლიტიკა, რაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ორგანიზაციის დამფუძნებელ პრინციპებს და უკიდურესად ამცირებს მის ქმედითუნარიანობას. 2008 წლის აგვისტოს აგრესიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა BSEC-ის რეფორმირების აუცილებლობა ორგანიზაციის ეფექტურობის გაზრდის მიზნით.
საქართველოს ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებთან
სამხრეთ კავკასიის სამი სუვერენული სახელმწიფოს ინტერესები, არსებული პრობლემების მიუხედავად, მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ამ ქვეყნებს შორის სრულფასოვანი თანამშრომლობის განვითარებით არის მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელი რეგიონის უსაფრთხო და მშვიდობიანი მომავლის უზრუნველყოფა. საქართველოს აზერბაიჯანთან და სომხეთთან ისტორიულად ჩამოყალიბებული კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს. მათთან თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერება საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. საქართველო ესწრაფვის, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას ობიექტურად არსებული საერთო ინტერესების გათვალისწინებით. საქართველო გააგრძელებს სტრატეგიულ თანამშრომლობას აზერბაიჯანთან ენერგეტიკული უსაფრთხოების, ამიერკავკასიის სატრანსპორტო დერეფნის პოტენციალის სრულად გამოყენებისა და ახალი რეგიონული პროექტების განხორციელების მიზნით. საქართველო განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას სომხეთთან ორმხრივი და რეგიონული ურთიერთობების ფართო სპექტრში. საქართველო მხარს უჭერს სომხეთის სრულფასოვან მონაწილეობას რეგიონულ პროექტებში და მიესალმება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ამ ქვეყნის თანამშრომლობის ინტენსიფიკაციას, რაც გააძლიერებს რეგიონულ უსაფრთხოებას.
საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს თურქეთთან თანამშრომლობას. ორ ქვეყანას შორის არსებული დინამიური და ნაყოფიერი ურთიერთობები ხელს უწყობს რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას. მნიშვნელოვანია თურქეთის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში, ისევე როგორც მისი როლი სამხედრო აღმშენებლობის პროცესში. საგარეო უწყება მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს თურქეთთან ურთიერთობის შემდგომი გაღრმავებისაკენ, განსაკუთრებით ვაჭრობის და ტრანსპორტის სფეროებში. სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ენერგეტიკულ თანამშრომლობას, რაც ხელს უწყობს არა მხოლოდ ორი ქვეყნის, არამედ მთლიანად ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას.
საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული თანამშრომლობა ეფუძნება ორ ერს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებულ მეგობრულ ურთიერთობებს და საერთო ინტერესებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, რეგიონული თანამშრომლობის და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში. დიპლომატიური სამსახური იმუშავებს, რათა ორმა ქვეყანამ გაატაროს კოორდინირებული პოლიტიკა როგორც ორმხივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში საერთო მიზნების რეალიზაციის მიზნით.
საქართველოს ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადასთან
ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენს საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირეს, რომელთან თანამშრომლობა დარჩება საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებად. ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა ეფუძნება საერთო ფასეულობებსა და ინტერესებს დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპების გავრცელების, ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების პატივისცემისა და საერთაშორისო უსაფრთხოების, მათ შორის, ევრაზიის ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში. სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის გაფორმების შემდეგ აშშ-საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. დიპლომატიური სამსახური, შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, იმუშავებს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისათვის, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისეთი უმთავრესი მიზნებისა და ამოცანების მიღწევას, როგორიცაა ეროვნული უსაფრთხოებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ასევე, გაგრძელდება მუშაობა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი ლიბერალიზაციის მიზნით.
საერთაშორისო სარბიელზე კანადის სულ უფრო მზარდი პოლიტიკური და ეკონომიკური პოტენციალის გათვალისწინებით, დიპლომატიური სამსახური ხელს შეუწყობს ამ ქვეყანასთან სხვადასხვა სფეროში მჭიდრო ურთიერთობების განვითარებას. თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები იქნება დემოკრატიის განმტკიცება, ეკონომიკა და ევროატალანტიკური ინტეგრაცია.
საქართველოს ურთიერთობა ევროპის ქვეყნებთან
საქართველოს თანამშრომლობას ევროპის ქვეყნებთან განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროპულ ოჯახში ჩვენი ადგილის დამკვიდრებისათვის. ქართული სახელმწიფო ეფუძნება ევროპულ ლიბერალურ ფასეულობებს. დემოკრატიული, ევროპულ თანამეგობრობაში ინტეგრირებული საქართველო საკუთარ წვლილს შეიტანს ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში.
საქართველო გააძლიერებს ორმხრივ თანამშრომლობას საფრანგეთთან, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთთან პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში, მათ შორის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.
გაძლიერდება ორმხრივი ურთიერთობა შავი ზღვის სახელმწიფოებთან რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების, მათ შორის ენერგეტიკული უსაფრთხოების, უზრუნველყოფის მიზნით.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თანამშრომლობას საქართველოს ახალ მეგობართა ჯგუფის ქვეყნებთან. ამ ქვეყნების პოლიტიკური მხარდაჭერა და მათი გამოცდილების გაზიარება სტიმულს აძლევს საქართველოს, არსებული გამოწვევების მიუხედავად, განაგრძოს დემოკრატიული გარდაქმნებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი. დინამიურად ვითარდება ურთიერთობები სკანდინავიის ქვეყნებთან. დიპლომატიური სამსახური ხელს შეუწყობს მათთან ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.
ახალი იმპულსი მიეცემა თანამშრომლობის განვითარებას ხმელთაშუაზღვისპირეთისა და ბენელუქსის ქვეყნებთან.
აღსანიშნავია შვეიცარიის როლი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დარეგულირების პროცესში, მათ შორის შვეიცარიის თანხმობა, რომ მისი საშუალებით განხორციელდეს საკონსულო ურთიერთქმედება რუსეთსა და საქართველოს შორის.
საქართველოს ურთიერთობები აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან მსოფლიო არენაზე აზიის მზარდი პოლიტიკური და ეკონომიკური როლის გათვალისწინებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მჭიდრო ურთიერთობების განვითარება ამ რეგიონთან. ამ მხრივ აუცილებელია ურთიერთობების გაღრმავება ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კასპიის ენერგომატარებლების ტრანსპორტირების დივერსიფიცირების, ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფნის სრულად ამოქმედების, ინვესტიციების მოზიდვისა და ქართული ბიზნესის ახალ ბაზრებზე დამკვიდრების მიზნით.
უმნიშვნელოვანესია ურთიერთობების გაღრმავება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, რომლის დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური პოტენციალი იძლევა შესაძლებლობებს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარებისათვის. ერთ-ერთი პერსპექტიული მიმართულებაა თანამშრომლობა “ახალი აბრეშუმის გზის” პროექტის აღორძინების მიზნით.
პრიორიტეტულია იაპონიასთან პოლიტიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება, ისევე როგორც ურთიერთობების ინტენსიფიკაცია სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში.
ინდოეთი წარმოადგენს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დინამიურად განვითარებად ქვეყანას, რომელთანაც საქართველო პრაქტიკულად ახლა აყალიბებს რეალურ ურთიერთობებს. დიპლომატიური სამსახური მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს ამ ქვეყანასთან თანამშრომლობის პოტენციალის სრულად გამოსაყენებლად.
ახლო აღმოსავლეთის რეგიონი დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი უმთავრესი გეოპოლიტიკური კვანძია. ამ რეგიონში განვითარებული პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები გავლენას ახდენს მთელ მსოფლიოზე. საქართველო დაინტერესებულია ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებაში.
ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული მჭიდრო კავშირების გათვალისწინებით, საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ურთიერთობის გაღრმავება ისრაელთან. საგულისხმოა ეკონომიკის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობა.
ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ირანთან თანამშრომლობა ეკონომიკის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში.
გაღრმავდება სპარსეთის ყურის ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, მათ შორის, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. პრიორიტეტულია სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავება და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკასა და იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოსთან.
მნიშვნელოვანია პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება აფრიკის ქვეყნებთან.
ლათინური ამერიკის ქვეყნების განვითარების დინამიური ტემპებისა და მათი პოლიტიკური და ეკონომიკური პოტენციალის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობების დამყარება რეგიონის ისეთ წამყვან სახელმწიფოებთან, როგორიც არის მექსიკა, ბრაზილია და არგენტინა.
საქართველოს ურთიერთობა რუსეთთან
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ რუსეთის ფედერაცია პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო საშუალებების გამოყენებით ცდილობს დააბრუნოს ქართული სახელმწიფო თავის პოლიტიკურ ორბიტაზე და შეაჩეროს მისი დემოკრატიული განვითარება და ევროატლანტიკური მისწრაფებები. აღნიშნული მიზნების მისაღწევად, გასული საუკუნის ბოლოს, რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტების ინსპირირება, უშუალო სამხედრო ჩარევის გზით საქართველოს სუვერენული ტერიტორიები ჩამოაცილა ცენტრალური მთავრობის კონტროლს და მარიონეტულ რეჟიმებთან ერთად განახორციელა ასობით ათასი ადამიანის, ძირითადად ქართველის, ეთნიკური წმენდა.
2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ უკვე ღიად განახორციელა სამხედრო აგრესია და ტერიტორიების ნაწილის ოკუპაცია, ოფიციალურად აღიარა ოკუპირებული რეგიონების ე.წ. “დამოუკიდებლობა” და განახორციელა ამ რეგიონებიდან ქართველთა მორიგი ეთნიკური წმენდა. რუსეთის პოლიტიკა მიმართულია ქართული სახელმწიფოს მაქსიმალური დასუსტებისა და ძალისმიერი გზით საქართველოს რუსეთის ე.წ. “პრივილეგირებული ინტერესების ზონაში” მოქცევისაკენ. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველომ შეუძლებლად ჩათვალა ამ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების შენარჩუნება.
რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპების – ქვეყნის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფალი არჩევანის პატივისცემის შემთხვევაში, საქართველო მზად არის მასთან ურთიერთობების ნორმალიზებისათვის. მხოლოდ და მხოლოდ ამ პრინციპებზე დაყრდნობით არის შესაძლებელი ორ ქვეყანას შორის ურთიერთხელსაყრელი და თანასწორუფლებიანი ურთიერთობების განვითარება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიზანი არ არის საქართველო-რუსეთის ურთიერთობათა სიმძიმის გადატანა რიგით მოქალაქეებზე. ამ მიზნით დახმარება ორი ქვეყნის მოქალაქეთა სავიზო-საკონსულო მომსახურებაში ეთხოვა მესამე ქვეყანას. ამასთან, საქართველო არ შეზღუდავს რუსულ ბიზნესს საქართველოში, თუ რუსეთის ბიზნესის სტრუქტურების წარმომადგენლები სრულად დაიცავენ საქართველოს კანონმდებლობას.
IV. საქართველოს მოქალაქეები და დიასპორა საზღვარგარეთ
საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნვა, მათი უფლებებისა და თავისუფლების დაცვა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, რაც სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედი დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობების მეშვეობით ხორციელდება.
საზღვარგარეთ მოგზაურობა, სწავლა და ბიზნესის წარმოება
საგარეო უწყება დახმარებას გაუწევს საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთ მოგზაურობაში, ბიზნესის წარმოებასა და განათლების მიღებაში. ამ თვალსაზრისით გაგრძელდება მუშაობა ლიბერალური სავიზო რეჟიმების უზრუნველსაყოფად და უცხოეთში მყოფი თანამოქალაქეების ლეგალური დასაქმებისათვის შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შესაქმნელად. ასევე, გააქტიურდება საერთაშორისო თანამშრომლობა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. საკონსულო საქმიანობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა უცხოეთში მყოფი თანამოქალაქეების დახმარება კრიზისულ და საგანგებო სიტუაციებში. აღნიშნული ამოცანების ეფექტურად განხორციელების მიზნით, გაფართოვდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიებისა და საკონსულო წარმომადგენლობების ქსელი.
დიასპორებთან ურთიერთობა
უცხოეთში არსებული ქართული სათვისტომოები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქართული კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების პოპულარიზაციის საქმეში. სახალხო დიპლომატიის მეშვეობით ქართული დიასპორები ხელს უწყობენ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და ადგილსამყოფელ ქვეყნებში საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციას საქართველოს საკეთილდღეოდ. ქართული დიასპორების კონსოლიდაცია და მათი ქართულ სახელმწიფოსთან იდენტიფიკაციის გაძლიერება დიპლომატიური სამსახურის ერთ-ერთი მთავარი საქმიანობაა. დიპლომატიური სამსახური იჩენს მაქსიმალურ ძალისხმევას, რათა გააძლიეროს კონტაქტები ქართულ სათვისტომოებთან და უზრუნველყოს მათი მჭიდრო კულტურული, ინტელექტუალური და საქმიანი კავშირები საქართველოსთან.
V. საქართველოს წარმოჩენა
საუკუნეების მანძილზე საქართველო გარე სამყაროსგან იზოლირებული იყო ჯერ როგორც რუსეთის, და შემდეგ – საბჭოთა იმპერიის ნაწილი. ამ ფაქტმა განაპირობა ქვეყნის შესახებ არასრული, და ხშირად არაზუსტი, ინფორმაციის გავრცელება საერთაშორისო არენაზე. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაიწყო საქართველოს შესახებ არსებული სტერეოტიპების რღვევა და მათი ობიექტური ინფორმაციით ჩანაცვლება. დიპლომატიური სამსახური გააგრძელებს თავის საქმიანობას, რათა ღია და სამართლიანი საგარეო პოლიტიკის განხორციელების, პარტნიორების რეგულარული ინფორმირებისა და ეფექტური სახალხო დიპლომატიის გზით უზრუნველყოს საქართველოს მიზნებისა და მისწრაფებების უკეთ წარმოჩენა საერთაშორისო არენაზე.
ობიექტური საინფორმაციო კამპანია
მნიშვნელოვანია ბრძოლა ნეგატიურ პროპაგანდასა და დეზინფორმაციასთან, რაც რუსეთის მიერ გამოიყენება, ერთის მხრივ, საქართველოს იმიჯის შესალახად, და მეორეს მხრივ, ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილ საერთაშორისო, სამართლებრივ, ჰუმანიტარულ და სამხედრო დანაშაულებებზე პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად. საგარეო უწყება წარმართავს აქტიურ საინფორმაციო პოლიტიკას, რათა საერთაშორისო არენაზე გავრცელდეს დროული და ობიექტური ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობა
საქართველოს მდიდარი კულტურული და ინტელექტუალური პოტენციალის წარმოჩენა ხელს შეუწყობს ქვეყნის პოზიტიური იმიჯის დამკვიდრებას. ამის გათვალისწინებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო განახორციელებს აქტიურ და ქმედით კულტურულ დიპლომატიას და თავის წვლილს შეიტანს საქართველოს კულტურის წარმოჩენისა და დაცვის საქმეში. სამინისტრო და საზღვარგარეთ მოქმედი ჩვენი მისიები იზრუნებენ, რათა მსოფლიო საზოგადოებამ უკეთ გაიცნოს საქართველოს კულტურა და ისტორია. საქართველო აქტიურად ითანამშრომლებს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორაგნიზაციასთან (UNESCO) ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალის გაძლიერებისა და გლობალურ ჰუმანიტარულ პროცესებში მაქსიმალურად ჩართვის მიზნით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იუნესკოს აქტიურად ჩართვას რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წარმოქმნილი კულტურული მეკვიდრეობის დაცვის და განათლების სფეროს პრობლემატიკაში.


















