"ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ინფორმაციით, დავით ბაქრაძისა და ირაკლი ალასანიას დღევანდელი შეხვედრა ხელისუფლების ინიციატივით გაიმართება.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, პარტიაში მიიჩნევენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ერთ ადამიანზე – მიხეილ სააკაშვილზეა მორგებული და დავით ბაქრაძეს სწორედ ამ პოზიციას გააცნობენ.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს, ირაკლი ალასანიას დღეს შეხვდება.
შეხვედრას პარტიის, ლიდერთან ერთად, "თავისუფალი დემოკრატების" წევრები – თეა წულუკიანი და ლევან იზორია დაესწრებიან.
შეხვედრა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ოფისში 16.00 საათისთვის არის დანიშნული.
საინფორმაციო სააგენტო"ინტერპრესნიუსი"



















