ამის შესახებ “ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სოზარ სუბარის თქმით, საქართველოს შს მინისტრისა და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის სატელეფონო საუბარი, რომლის უარყოფა ოფიციალურ პირებს არ მოუხდენიათ, უკრაინაში დაგეგმილ დივერსიულ მიზნებზე მოწმობს.
მისივე განცხადებით, აღნიშნული უდიოჩანაწერის სრული ვერსია ქართული ტელეარხებიდან მხოლოდ “მაესტრომ” და “კავკასიამ” გაუშვეს; მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელი ტელევიზიებიდან კი, “რუსთავი 2”-მა და “იმედმა” საუბრის მხოლოდ მოკლე ფრაგმენტი აჩვენეს, სადაც მაყურებელს ჩანაწერის სრულად აღქმისა და დასკვნის გამოტანის საშუალება არ ჰქონდა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კი ამ თემაზე დუმილი არჩია.
“ჩვენ მივმართავთ საზოგადოებრივი მაუწყებელის სამეურვეო საბჭოს, განსაკუთრებით მის ახლად არჩეულ წევრებს – შავრედაშვილს, დანელიასა და ჩახუნაშვილს, რომელებსაც სამოქალაქო სექტორის და საზოგადოების დიდი მხარდაჭერა ქონდათ, მიიღონ ზომები, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეასრულოს კანონი “მაუწყებლობის შესახებ” (მუხლი 59) და უზრუნველყოს აუდიტორიის დროული ინფორმირება”, - განაცხადა სუბარმა.
“ალიანსის” თანათავმჯდომარის აზრით, ეჭვგარეშეა, რომ ხელისუფლების ორი მაღალი რანგის წარმომადგენლის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი საზოგადოების ინტერესის საგანია.
"კანონის თანახმად, არხი ვალდებულია, ასახოს საზოგადოებაში არსებული მოსაზრებათა პლურალიზმი. აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ, აუდიოჩანაწერის გაშვებისას უზრუნველყოფილი იყოს კანონის ეს მოთხოვნაც", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ვანო მერაბიშვილისა და გივი თარგამაძის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი უკრაინულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს.
საინფორმაციო სააგენტო"ინტერპრესნიუსი"
* * * * *




















