ვაშინგტონში 17 ივნისს ბრუკინგსის ინსტიტუტში გამოსვლისას მან განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური პარტნიორები წარუდგენენ საზოგადოებას და საკონსტიტუციო კომისიას იმ ”ცვლილებებს, რომლებიც გვინდა რომ ვიხილოთ კონსტიტუციაში”. ”ჩვენ უკვე გვაქვს ჩვენი წინადადებები საარჩევნო კოდექსზე და საარჩევნო კომისიაზე,” - დასძინა მან.
მან ასევე აღნიშნა, რომ თავისუფალი მედიის უზრუნველყოფა და სამოქალაქო კონტროლის დამყარება სამართალდამცავ სტრუქტურებზე, ”რათა ისინი ჩამოშორდნენ პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესს” მნიშვნელოვანია შესაფერისი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად.
”ეს ის საკითხები, რომლებზეც ჩვენ მზად ვართ ხელისუფლებასთან სამუშაოდ და რომელიც უნდა იყოს იმ მთლიანი პაკეტის ნაწილი რაც საარჩევნო კალენდარის შეცვლამდე მიგვიყვანს,” - განაცხადა ალასანიამ, ”თუ ამ სფეროებს განიხილავს ხელისუფლება და ოპოზიცია და თუ ჩვენ ურთიერთგაგებამდე მივალთ, მაშინ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მივაღწიოთ შეთანხმებას ახალ საარჩევნო კალენდარზე”.
”ჩვენ უნდა განვიხილოთ ხელისუფლებასთან, როგორ აჯობებს შევიყვანოთ ის პოლიტიკური ძალები - ისინი, ვინც უფრო ძლიერია - პარლამენტში და განვაგრძოთ დებატები [პარლამენტში] და როგორ გადავიტანოთ ეს კამათი ქუჩიდან პარლამენტში,” - დასძინა მან.
ალასანიამ ასევე განაცხადა, რომ თუ ეს შეთანხმებები შემოდგომისთვის იქნება მიღწეული, რომელიც მისი თქმით, ”ძალიან რთული” პერიოდი იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის, ”ჩვენ გვექნება მეტი პოტენციალი როგორც ოპოზიციიდან, ისე ხელისუფლებიდან, რათა დავუპირისპირდეთ ეკონომიკური და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს”.
მან ასევე განაცხადა, რომ ჯერა, რომ ”ამ პროცესს ოპოზიციის სხვა ლიდერებიც შეუერთდებიან”.
ალასანიას თქმით, მომიტინგეების ძალადობრივი დარბევები, კერძოდ 15 ივნისს, ოპოზიციის აქტივისტების დაპატიმრებათა სერია კიდევ უფრო აღრმავებს უნდობლობას მხარეებს შორის. თუმცა, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია და იქვე დასძინა, რომ ხელისუფლებამ ”შინაარსიანი” და ”ეფექტიანი” წინადადებები უნდა წარმოადგინოს. ინცინდენტი
”ჩვენ უკვე დავიწყეთ ქუჩის საპროტესტო აქციების გადაყვანა უფრო პოლიტიკურ პროცესში,” - განაცხადა მან და დასძინა, რომ ოპოზიციამ უკვე დაიწყო ნელ-ნელა ’საკნების’ აღება რამოდენიმე ქუჩიდან.
”ამრიგად, ჩვენ გადავდგით ნაბიჯი, რათა ვუჩვენოთ ხელისუფლებას, რომ მოლაპარაკებების პერსპექტივას კეთილსინდისიერად ვუდგებით,” - განაცხადა ალასანიამ. ”უახლოეს მომავალში, თუ მოლაპარაკებები გაგრძელდება - და მე მჯერა, რომ გაგრძელდება - ჩვენ დავინახავთ ქუჩის პროტესტის დასრულებას და მთელი ამ დისკურსის პოლიტიკურ პროცესში გადატანას”.
მან ასევე განაცხადა, რომ ”ოპოზიციამ წარსულში შეცდომები დაუშვა, რადგანაც ჩვენ მხოლოდ ვითხოვდით ცვლილებას და არ ვთავაზობდით რაიმე ეფექტიან ალტერნატივას”.
სივილ ჯორჯია




















