განახლდა:07:02:38 AM GMT

>>> საქართველო პოლიტიკა პოლიტიკოსები მიზანი ყველა საშუალებას ამართლებს?
ბანერი

მიზანი ყველა საშუალებას ამართლებს?

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 1012 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

ეს კითხვა ისეთივე ძველია, როგორც ყოფნა-არყოფნის არსი, მაგრამ განსაკუთრებული სიმძაფრით მაშინ წამოიჭრება ხოლმე, როცა საზოგადოებას კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება უხდება. ამ დროს, წესისამებრ, ჩნდება ორი მხარე: ერთი - ინიციატორი, მეორე - ამ ინიციატივის გამზიარებელი ან უარმყოფი. პირველი თავდაუზოგავად ცდილობს დააჯეროს მეორე თავის ჭეშმარიტებაში, მეორე - სწავლობს შეთავაზებას, ფიქრობს, ორჭოფობს... პირველი ახლ-ახლ არგუმენტებს იშველიებს, ნემსის ყუნწში ძვრება და თავის სასარგებლოდ ყველა ხერხს იყენებს, აკრძალულსაც კი. სწორედ ასეთ დროს ჩნდება მარადიული პასუხგაუცემელი კითხვაც: მიზანს ყველა საშუალება ამართლებს?

აგერ, უკვე ორი თვეა თბილისელები მერის არჩევნების კამპანიაში ნებით თუ უნებლიეთ ვართ ჩართულნი. რაც უფრო ახლოვდება 30 მაისი, მით მატულობს ეიფორიაც: ის-ის იყო დავიჯერეთ, რომ ოპოზიცია ერთ საერთო კანდიდატს წამოაყენებდა და ამით საყვარელ, უფრო სწორად კი პერიოდულად საჭირო თბილისელებს ამოცანას გაუადვილებდა, ანუ, ყოველდღიური რუტინისაგან დაღლილ, ნერვებაშლილ, დადებითი ემოციებისაგან დაცლილ ხალხს საშუალებას მისცემდა ან ისევ ხელისუფლებას მინებებოდა, ან მისი მოწინააღმდეგისაკენ მიეპყრო უკანასკნელი იმედის თვალი, რომ ოპოზიციაში ისეთი ორომტრიალი ატყდა, გუშინდელი მეგობრები და თანამოაზრეები ერთმანეთის მისალმებასაც კი ქვეტექსტს უძებნიდნენ.

პარალელურად, ლამის ყოველ დღე, სახელდახელოდ იქმნება პარტიები და ჩვენც ამ სპონტანურად აღმოცენებულ ახალ-ახალ, ნაირ-ნაირი სახელების მქონე პოლიტიკურ დაჯგუფებებში დავიწყეთ რაციონალურის ძებნა - ”ახალი ცოცხი კარგად გვის” პრინციპით.

პირადად ჩემი ყურადღება ერთმა, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დამკვიდრებული წესით - ღამით რომ დაიძინებ და დილით ახალი პარტია დაგხვდება - შემოჭრილმა ხელისუფლების მაძიებელმა დაჯგუფებამ მიიპყრო. უფრო ზუსტი ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ პარტიამ კი არა, მისი ლიდერის - ნიკა ივანიშვილის განცხადებებმა დამაინტერესა, რამეთუ ამ პარტიის - სახალხო დემოკრატების - თაობაზე, სახელის გარდა, ჯერ-ჯერობით არაფერი ვიცი: არც მისი პროგრამა, არც სამოქმედო გეგმა, და არც შემადგენლობა. ორთვიანი არსებობის პირობაზე ეს პასიურობა ნაკლად სწორედ რომ ვერ ჩაითვლება, ამიტომ აღნიშნული პარტიის მხრიდან წამოყენებულ მერობის კანდიდატს დავუბრუნდები:

ნიკა ივანიშვილისთვის დავით აღმაშენებლის ძეგლის კუთვნილ ადგილზე დაბრუნების იდეა საარჩევნო კამპანიის მორიგი ნაბიჯი იყო, ჩემთვის - აღმოჩენა: აღარ მეგონა, თუ ვინმე ამ თემას მიუბრუნდებოდა! არანაკლებ სასიამოვნო სიურპრიზი იყო ისიც, რომ ბატონ ნიკას ლაღიძის წყლებისთვის წარსული პატივისა და დიდების დაბრუნება ჩაუფიქრებია; საბოლოოდ კი გული მაშინ მომიგო, როცა შევიტყვე, როგორ ამხედრებია გმირთა მოედნის მშენებლობისა თუ ნგრევის გამო მწვანე მასის გაჩეხვა-განადგურებას. ამ სერიოზულმა და, რაც მთავარია, ექსკლუზიურმა იდეებმა განმაწყო იმის საფიქრელად, რომ ქართულ პოლიტიკაში მოვიდა ახალი ადამიანი განსხვავებული აზრითა და ხედვით, ტრადიციების პატივისცემით, თბილისის კარგი ცოდნითა და თანამოქალაქეების სურვილების ანგარიშგაწევის უნარით.

ცხადია, ”ჩემი აღმოჩენის” შემდგომ ნაბიჯებს თვალყური მივადევნე. ბრიფინგმაც არ დააყოვნა და ბატონი ნიკა მორიგი განაცხადით წარსდგა საზოგადოების წინაშე, მაგრამ სრულიად განსხვავებულ, კერძოდ, მამხილებლის ამპლუაში: მან მოქალაქეებს შესთავაზა კომუნალური გადასახადების 10 წლით გადავადება, მაგრამ, სანამ საკუთარ ინიციატივაზე ისაუბრებდა, თქვა, რომ მისი კონკურენტი - ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის კანდიდატი გია ჭანტურია ცრუ დაპირებას აძლევს მოქალაქეებს წყლის, დენისა და გაზის ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებით, რომ ეს შეუსრულებელი მისიაა, რამეთუ, მაგალითად წყალი უფასოდ კომუნისტების მმართველობის დროსაც კი არ ყოფილა. რასაკვირველია, ეს გამოწვევა უკვალოდ არ ჩაივლიდა და სტუდია ”მაესტრომ” 29 მარტს კონკურენტები საკამათოდ მრგვალ მაგიდასთან მიიწვია.

გამიკვირდა, როცა სტუდიაში ჟურნალისტის პირისპირ მხოლოდ ერთი სტუმარი დავინახე. მაგრამ, გასაოცარი ამბავი თურმე წინ იყო: გადაცემის წამყვანმა მერობის მეორე კანდიდატის გია ჭანტურიას სტუდიაში მოუსვლელობის მიზეზი ასე განმარტა: ქრისტიან დემოკრატებს სახალხო დემოკრატების ლიდერი ნიკა ივანიშვილი კონკურენტად არ მიაჩნიათ და ამიტომ მათი წარმომადგენელი ამ პირთან დისკუსიაზე უარს აცხადებსო. შემდგომ, ჟურნალისტის მხრიდან, რომელმაც, უნდა აღინიშნოს, რომ უხერხული სიტუაციის მიუხედავად საკმაოდ დაბალანსებული და ობიექტური განწყობა შეუნარჩუნა გადაცემას, გაიჟღერა რეიტინგულობასთან დაკავშირებულმა ფრაზამაც: მაღალრეიტინგული პარტია უმეტესად მხოლოდ იმ შემთხვევაში თანხმდება დებატებში მონაწილეობაზე, როცა ოპონენტი კონკურენტუნარიანია. აი, მიზეზი, რის გამოც სტუდიაში სტუმარ-მასპინძელი ერთმანეთის პირისპირ მარტო აღმოჩნდა...

მოდით, შევჩერდეთ გადაცემის ამ ეტაპზე და გავაანალიზოთ სიტუაცია: ამ დღეებში გამოქვეყნდა პარტიების რეიტინგის მაჩვენებელი სია, რომლის სათავეში, ცხადია, იყო სახელისუფლებო ძალა, ხოლო მას მოსდევდა ქდმ, შემდეგ დანარჩენები... პირველი, რა სურვილიც გამიჩნდა, იყო ამ სიის ავტორთა ვინაობის გარკვევა, მაგრამ ვერაფრით გავიგე ვინ იტვირთა ეს ურთულესი მისია, ვინ არ დაიზარა და ძალაც და ფინანსებიც გამოძებნა, რათა ხალხისთვის ესოდენ საჭირო ინფორმაცია მიეწოდებინა. იქნებ ვინმე ღვთისნიერმა იცის, როგორ და რა საშუალებით შეიტყო უჩინარმა სოციოლოგთა ჯგუფმა მოსახლეობა ვის რა უპირატესობას ანიჭებს? ტექნიკური ნოვაციების ეპოქაშიც კი ძნელია დაიჯერო იმგვარი აპარატურის არსებობა, რომელიც სივრცეში გაშლილ აბსტრაქტულ განწყობაზე დაყრდნობით ზუსტ გამოთვლებს დადებს. მაშ, საიდან სიით მეორე - ქდმ? სიით მეათე - ალიანსი? სიით მეოცე - ლეიბორისტები?

თუ ორი წლის სტაჟის მქონე პარტია ერის წარმმართველი ძალა გახდა, რატომ არ შეიძლება ორი თვის წინ დაარსებულ პარტიას, რომელსაც სათავეში თბილისში დაბადებულ-დაბერებული ლიდერები უდგას, თბილისელთა შორის სერიოზული რაოდენობის გულშემატკივარი ჰყავდეს?

კონკურენტის იგნორირება, რომელიც მთელი საზოგადოების ყოფითი ცხოვრების, მეტიც - სამწუხაროდ მოსახლეობის უმრავლესობისათვის საარსებო საშუალების პრობლემის თაობაზე სასაუბროდ გელოდება, პირადად მისი კი არა, სწორედ იმ ხალხის მიმართ არის არაეთიკური ( რბილად ვთქვი! ნ.კ.) საქციელი, რომელსაც ასე ყელგამოწვდილი სთხოვ მხარდაჭერას.

სტუდიაში მიუსვლელობა და კამათში მონაწილეობაზე უარი მხოლოდ და მხოლოდ იმ არგუმენტით, რომ მოწინააღმდეგე მხარე კონკურენტად, ე.ი. შენთან საუბრის ღირსად არ მიგაჩნია, ერთადერთი დასკვნის საფუძველს მაძლევს: ამ პოზიციის პატრონი შვიდ მომაკვდინებელ ცოდვათაგან უპირველესით - ამპარტავნების ცოდვითაა დამძიმებული. ყველა ყველა, მაგრამ თქვენ, ქრისტიან დემოკრატებს, ეს არ უნდა შეგშლოდათ, რადგან ჯერ ქრისტიანები ხართ, დემოკრატობით კი თქვენგან უარყოფილი კონკურენტიც ამ ფასდაკარგული ტერმინით სარგებლობს, ოღონდ პედალირებას ხალხოსნობაზე აკეთებს, და სწორედ ამ სახალხო დემოკრატმა უფრო ღვთისნიერი კაცის იმიჯი მოიპოვა 29 მარტის სტუდია ”მაესტროს” ეთერით, ვიდრე ქრისტიან დემოკრატებმა - თავისი ამბიციური შემონათვალით. თქვე დალოცვილებო, მძიმე მარხვის კვირაში მაინც გამოგეჩინათ თავმდაბლობა, თუ უპირატესობის ხაზგასასმელად დიდ ორშაბათს გამომჟღავნებული ამპარტავნებაც არაფერია მიზნის მისაღწევად? პირადად მე, ჩემი მოქალაქეობრივი და პროფესიული პოზიციის გამოხატვის დიდი სურვილის მიუხედავად, ამ პატარა რეპლიკის დაწერა ვერც ხუთშაბათს შევკადრე და ვერც პარასკევს, შაბათის ცოდვას კი, ვიმედოვნებ, აღდგომის ძალა მომიტევებს.

სტუდიაში ეულად დარჩენილი მერობის კანდიდატი როგორი გამოჩნდა? ტოლერანტული! - ეს იყო პირველი, რა ეპითეტიც მოვარგე ჟურნალისტის კითხვებზე ამომწურავი და გასაგები პასუხების ავტორს. მშვიდი, გაწონასწორებული, იმპოზანტური, და რაც მთავარია - დამაჯერებელი, არგუმენტირებული ინიციატივების მქონე, პრინციპული, ერთი სიტყვით პოზიტიური ახალი სახე ქართულ პოლიტიკურ სპექტრში - აი, ასეთად დაგვანახა თავი მერობის კანდიდატმა ნიკა ივანიშვილმა. აქვს დიდი სურვილი და, შესაბამისად პოტენციაც, იყოს რეალისტი, არავის შეუქმნას ილუზიები, რომელიც არ განხორციელდება; კიდევ იმის სურვილი აქვს - საზოგადოება თანამოაზრედ აქციოს და ჩართოს იმ პროცესებში, რასაც ქვეყნის აღმშენებლობა ჰქვია.

ჩემი სიტყვების სიმართლეში თავად დარწმუნდით - მოუსმინეთ, შეეკითხეთ, გაესაუბრეთ... ის თქვენთან შესახვედრად ყოველთვის მზადაა.

ასე, რომ ჩემი არჩევანი უკვე გავაკეთე: მერის არჩევნებში მე ხმას ვაძლევ ნიკა ივანიშვილს, თქვენ?

Share

კომენტარები 

0 # marina 2010-04-17 22:27  
ციტირება კოტიკო:
dance dance dance dance

მეც :)
ციტირება
 
+2 # კოტიკო 2010-04-04 15:36  
dance dance dance dance ციტირება
 

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი