აქცია 21 მაისს დაიწყო და ათასობით დემონსტრანტმა თავი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ მოიყარა და სააკაშვილი ამ სამხრეთ-კავკასიური რესპუბლიკის საბჭოთა სტილით მართვაში დაადანაშაულა.
საპროტესტო მოძრაობა, რომელიც ორგნიზატორების იმედით (რაც ნაკლებად სავარაუდოა) 25 მაისს სააკაშვილის არაძალადობრივი დამხობით დასრულდება, დიდწილად მშვიდობიანი იყო, მაგრამ 22 მაისს პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, მას შემდეგ რაც აქციის ზოგიერთმა მონაწილემ იქვე მდგარი ავტომანქანები რკინის ჯოხებით დააზიანა.
აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ისინი მეგობრის დახმარებას ცდილობდნენ, რომელიც დააკავეს და პოლიციის ავტომანქანაში იჯდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ქალბატონი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ბოლო ორი წლის განმავლობაში, ეს პირველი მსგავსი ტიპის დემონსტრაცია იყო. აქციები ქართული ოპოზიციის უფრო რადიკალური განშტოების მხრიდან იმ პოლიტიკურ სცენაზე დამკვიდრების მცდელობაა, რომელზეც ბოლო რვა წლის განმავლობაში დიდწილად სააკაშვილი დომინირებს. (უფრო ზომიერი ოპოზიციური ჯგუფი „რვიანი“, რომელსაც სათავეში გაერო-ში საქართველოს ყოფილი ელჩი ირაკლი ალასანია უდგას, საპროტესტო აქციებს გაემიჯნა).
„რევოლუციური“ დასასრული
ნინო ბურჯანაძე, სააკაშვილის ყოფილი მთავარი მოკავშირე 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ დროს, რომელმაც იგი ხელისუფლებაში მოიყვანა, დღეს იმათ შორისაა, ვინც სათავეში უდგას ჯვაროსნულ ომს სააკაშვილის პრეზიდენტობის „რევოლუციური“ დასრულებისთვის. ბურჯანაძის თქმით, სააკაშვილის პრეზიდენტობა მცოცავი ავტორიტარიზმითა და უგულებელყოფით ხასიათდებოდა.
22 მაისს „რადიო თავისუფლების“ ქართულ სამსახურთან საუბრისას ბურჯანაძემ სთქვა, რომ სააკაშვილის მხრიდან ოპოზიციის დახრჩობა, არჩევნებს აზრს უკარგავს.
„არასდროს ისტორიაში, არადემოკრატიულ და ავტორიტარულ ხელისუფლებას ძალაუფლება არჩევნების გზით არ გადაუცია. ეს არასდროს მომხდარა“ – სთქვა მან – „დესტაბილიზაციის საფრთხესთან დაკავშირებით, გუშინ დიდი ამერიკელის, ჯონ კენედის სიტყვები გამახსენდა. მან სთქვა, რომ ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც მშვიდობიან რევოლუციას შეუძლებელს ხდის, ძალადობრივი რევოლუციით დაემხობა“.
ბურჯანაძის „სახალხო კრების“ ოპოზიციური მოძრაობა, რომელიც დაწყებული აქციების უკან დგას, ოპოზიციური ჯგუფი „ქართული პარტია“ შეუერთდა, რომელსაც რამდენიმე ცნობილი პოლიტიკოსი უდგას სათავეში, მათ შორის ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი და მილიონერი ლევან გაჩეჩილაძე.
ეს ორი ჯგუფი წარსულში დაპირისპირებული იყო, მაგრამ 22 მაისს, საპროტესტო აქციაზე მისულმა გაჩეჩილაძემ ბურჯანაძეს ხელი ჩამოართვა, გადაეხვია და გამოაცხადა, რომ ქვეყნის მომავალი პოლიტიკურ კონკურენციაზე მნიშვნელოვანია.
„პირადად მე, ლევან გაჩეჩილაძე, ვივიწყებ ყველაფერს ჩემი სამშობლოსთვის“ – განაცხადა მან – „და მე ახლა [მივესალმები] ქალბატონ ნინოს თქვენს წინაშე“.
შესაძლო კოზირი
„ქართულმა პარტიამ“ შესაძლო კოზირი გაათამაშა: ყოფილი თავდაცვის მინისტრისა და ერთ დროს სააკაშვილის მოკავშირის ირაკლი ოქრუაშვილის ჩამოსვლა, რომელიც ქვეყნიდან 2007 წელს გაიქცა, მას შემდეგ რაც პრეზიდენტს საჯაროდ დაუპირისპირდა და ის კორუფციასა და კრიმინალში დაადანაშაულა.
ოქრუაშვილი რომელიც მოგვიანებით კორუფციის ბრალდებით დაუსწრებლად გაასამართლეს საფრანგეთში ცხოვრობს, სადაც მას პოლიტიკური დევნილის სტატუსი აქვს, მაგრამ ქართულ ტელეკომპანია „მაესტროსთან“ ინტერვიუში, მან პირობა დადო რომ 25 მაისს საქართველოში დაბრუნდება. ამ დღეს ბურჯანაძის და სხვების მტკიცებით, სააკაშვილი დაემხობა.
„ჩვენ ხალხს ვპირდებით, რომ 25 მაისი ამ ხელისუფლების ბოლო დღე იქნება“ – სთქვა ოქრუაშვილმა – „25 მაისს [მე] საქართველოში დავბრუნდები, რომ ეს რეჟიმი დავამთავრო ერთხელ და სამუდამოდ“.
გაურკვეველია რა მოტივაცია ამოძრავებს ოქრუაშვილს, როდესაც დაბრუნების შესაძლებლობას განიხილავს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკები დაიმუქრნენ, რომ მას ქვეყანაში შემოსვლისთანავე დააპატიმრებენ. გაურკვეველია ისიც, აქვს თუ არა ერთ დროს პოპულარულ ოქრუაშვილს ის საზოგადოებრივი მხარდაჭერა, რომლითაც იგი ერთ დროს სარგებლობდა.
როგორც სჩანს ეს სვლა სახალხო კრებას არ ხიბლავს. მოძრაობის ლიდერმა, მსოფლიო ჩემპიონმა ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილმა, „რადიო თავისუფლების“ ქართული სამსახურს განუცხადა, რომ საპროტესტო აქციებთან ოქრუაშვილის შეერთების ნებისმიერი მცდელობა „მიუღებელი“ იქნებოდა.
„ჩვენ ოქრუაშვილთან არანაირი კავშირი არა გვაქვს. როდესაც „ქართული პარტია“ შემოგვიერთდა, ჩვენ მათ ვუთხარით, რომ თუკი რაიმე იცოდნენ ოქრუაშვილის გეგმებზე, ჩვენთვის უნდა ეთქვათ“ – სთქვა გაფრინდაშვილმა – „ჩვენ უნდა ვიცოდეთ 100%-ით ოქრუაშვილის გეგმების შესახებ დეტალურად მანამ, სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებთ, რადგან ჩვენ არ ვაპირებთ საქმის დაჭერას ოქრუაშვილთან“.
სააკაშვილი კომენტარს არ აკეთებს
როგორც სჩანს, მთავრობას ეს საპროტესო აქციები ნაკლებად აშფოთებს. სააკაშვილი, რომელიც საერთაშორისო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა 2007 წლის ნოემბრის მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევის გამო, მიმდინარე დემონსტრაციებსა და მისი გადადგომის მოთხოვნაზე კომენტარს არ აკეთებს და ბუდაპეშტში მის უნგრელ კოლეგას, პალ შმიტს ხვდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან შეკრებილ ადამიანებს მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლება აქვთ.
ამავდროულად რუსეთმა ქართულ პროტესტს მისი მახვილი მზერა მიაპყრო. წამყვანმა რუსულმა სახელმწიფო არხებმა ფართოდ გააშუქეს დემონსტრაციები, მათ შორის 22 მაისის შეტაკებები, როდესაც პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
მოსკოვს სააკაშვილთან თბილი ურთიერთობა არასდროს ჰქონია. კრემლის ლიდერები მუდმივად ცდილობდნენ პრობლემების შექმნას საქართველოს ლიდერის ხელისუფლებისთვის, რომელიც ღიად ცდილობდა მისი ქვეყნის დასავლეთთან დაახლოვებას და რუსეთის პოსტ-იმპერიული გავლენის სფეროსგან მოშორებას.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომელმაც აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის რეგიონები საქართველოს იურისდიქციას მოწყვიტა, განხილულ იქნა კრემლის მცდელობად მკვეთრად შეეზღუდა სააკაშვილის ამბიციები.
ქართული სეპარატისტული რეგიონების დაკარგვა, დამანგრეველი იყო ბევრი ქართველისთვის და ფატალური არა, მაგრამ სერიოზული პოლიტიკური დარტყმა მიაყენა სააკაშვილს. ფართოდაა გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დაიკავებს მას შემდეგ, რაც 2013 წელს მისი ბოლო საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება. (ანალოგიური ნაბიჯი გადადგა რუსეთში 2008 წელს ვლადიმერ პუტინმა, როდესაც მისი მეორე საპრეზიდენტო ვადა ამოიწურა).
რუსეთის აჩრდილი
ბევრმა ოპოზიციურმა ლიდერმა (მათ შორის ბურჯანაძემაც, რომელიც რუსეთთან ახლო კავშირების კულტივირებას ახდენს) სეპარატისტული რეგიონების დაკარგვა გამოიყენა ლოზუნგად საზოგადოებრივი მხარდაჭერის საკუთარი ბაზის მშენებლობისთვის.
საქართველოში რუსეთის აჩრდილი შემაშფოთებელ მასშტაბებს იძენს და ბევრი როგორც ოპოზიციაში, ასევე მმართველ პარტიაში დარწმუნებულებია, რომ კრემლს ქართული პოლიტიკის კურსზე ზემოქმედება აქვს განზრახული.
სააკაშვილის პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა დავით დარჩიაშვილმა „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა, რომ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით ძალადობის სერიოზულ აფეთქებას არ ელოდება, თუმცა ამავდროულად, მისი თქმით, გონივრული იქნებოდა იმის ვარაუდი, რომ ნებისმიერი არეულობა, რუსეთიდან იმართება.
„რაიმე მასშტაბურ საფრთხეზე ფიქრის საფუძველი არ არსებობს. არ არსებობს რაიმე სოციალური, სისტემური ან მენტალური მიზეზი“ – სთქვა მან – „მაგრამ ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ იმას, რომ რამდენიმე ასეული ადამიანი სხვადასხვა ფორმით რუსეთიდან იმართება და მზად ვართ გადავდგათ სხვადასხვა ტიპის ნაბიჯები. ეს სასიამოვნო არ იქნება, მაგრამ ნებისმიერი სახელმწიფო და მისი სამართალდამცავი ინსტიტუტები მსგავსი რაღაცეებისთვის მზად უნდა იყვნენ“.
Radio Free EuropeRadio Liberty
foreignpress.ge




















