წლებია, აქ ბევრი არაფერი მომხდარა. მიუხედავად ნიადაგის ნაყოფიერებისა, სოფლის მეურნეობა მხოლოდ მინიმალურ საჭიროებებს უზრუნველყოფს. პატარა მაღაზიებში ძირითადი პროდუქტი იყიდება; მცირეოდენი კაფეები და რესტორნები აქაური საზოგადოებრივი ცხოვრების საკვებია. აფხაზეთის რეალური ეკონომიკური იმედები რეგიონის დასავლეთს, ზღვის სანაპიროს უკავშირდება, სადაც რუსულმა ფულმა ტურისტული ბიზნესი გამოაცოცხლა და დედაქალაქი, სოხუმი კოსმეტიკურად შეალამაზა. მაგრამ გალში გამეფებულ სიღარიბეს ამით არაფერი ეშველა. რამდენიმე თვის წინ, ერთ მწარე ღამეს, ღარიბ ოჯახში ჩვილი გაიყინა და მოკვდა.
თუმცა რაღაც მაინც შეიცვალა. 1994 წლის შეთანხმების შედეგად რუსეთს აქ ჯარი უყენია. 2008 წლის რუსულ-ქართული ომის შემდეგ რუსული ჯარის რიცხვი გაორმაგდა, თუმცა მისი აქ ყოფნის კანონიერი საფუძველი გაქრა. მოსკოვი ამტკიცებს, რომ ის ახლა დამოუკიდებელი აფხაზეთის საზღვრებს იცავს; თბილისის თქმით, რუსებმა უკანონოდ მოახდინეს ქართული ტერიტორიის ოკუპირება. ასეა თუ ისე, ისინი აქ ფეხს იკიდებენ. რუსი კონტრაქტორები გალის გარშემო სამხედროებისთვის ახალ ბაზებსა და ბინებს აშენებენ და სოხუმისკენ მიმავალ გზას არემონტებენ.
განა ეს კარგი ამბავია? ქართველოს მთავრობისთვის – არა. ასეთი მყარი სამხედრო წარმომადგენლობა აფხაზეთში თბილისის სურვილს კვლავ დაიბრუნოს რეგიონი, აქარწყლებს. დე იურე აფხაზეთი ისევ საქართველოს ნაწილია, მაგრამ დე ფაქტო, უკვე ორი ათეული წელია, აქაურობაზე საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება.
ეს მდგომარეობა აფხაზებისთვისაც ორჭოფულია. რუსეთი მათი მთავარი დამცველი, დონორი და შეფია. მაგრამ ეს ჩახუტება აფხაზეთს ახრჩობს, რუსები ნაკლებად სწუხან აფხაზეთის დამოუკიდებლობის განმტკიცებაზე და მეტად საკუთარ წინსვლაზე. უკეთესი ნაგებობები და სამხედრო ბაზები უფრო მეტ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, მაგრამ ამავე დროს იმ განცდასაც აჩენს, რომ აფხაზეთი რუსეთის სამხედრო კოლონიაა.
პარადოქსულია, მაგრამ ეს შეიძლება აწყობდეს 40,000 მეგრელს (ეთნიკურ ქართველს), რომლებიც1990-იანი წლების დასაწყისში, ომის გამო აქედან გაიქცნენ და მერე ისევ დაბრუნდნენ გალში. ისე, როგორც თითქმის ყველაფერი აქ, მათი სტატუსიც სადავოა. ისინი მართლა ის სეზონური მუშები არიან, როგორც საქართველო ამტკიცებს, რომლებიც დასავლეთ საქართველოდან აქ თავისი მიწების დასამუშავებლად მოდიან? თუ სამუდამოდ დაბრუნდნენ და ამით აფხაზეთის მთავრობის ის განცხადება დაადასტურეს, რომლის თანახმადაც ის პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მთავრობაა?
ეს განცხადებანი ცარიელი სიტყვებია. სოხუმის მთავრობამ დანარჩენი აფხაზეთიდან გაქცეული 200,000 ადამიანის, ან ამდენადვე დიდი რაოდენობის მცხოვრების უკან დაბრუნება დაბლოკა. ის თუ რა დუნედ მუშაობენ აქ სამართალდამცავი ორგანოები მათი ტოლერანტობის საზღვრებს ამჟღავნებს. გასულ გაზაფხულს, როდესაც აქ საზღვართან აფხაზი მესაზღვრე მოკლეს, ავაზაკები თავს დაესხნენ მეგრულ სოფელს და რამდენიმე სახლი გადაწვეს. პოლიციამ თითქმის არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩარეულიყო და გამოძიება ჩაეტარებინა.
თბილისი მეგრელებს გალში ისეთსავე დახმარებას უწევს, როგორსაც იღებს ყველა იძულებით გადაადგილებული ადამიანი საქართველოში. მეგრელ მასწავლებლებსა და ექიმებს დამატებით ხელფასს უხდის, გარდა იმისა, რასაც აფხაზებისგან იღბენ. მაგრამ ხალხს ამ დახმარებაზე ხელი მხოლოდ მაშინ მიუწვდება, თუ დასავლეთ საქართველოში გადმოვლენ.
დასავლურ დახმარებასაც მოაქვს გარკვეული შვება. 2008 წლის ომის შემდეგ, დონორმა სახელმწიფოებმა საქართველო ნაღდი ფულით აავსეს და ამ თანხის პატარა ნაწილმა აფხაზეთშიც შეაღწია. თუმცა პოლიტიკური დაძაბულობა დონორებს სიფრთხილეს აიძულებს. ბევრ კონფლიქტურ ზონაში საერთაშორისო სააგენტოები საქმეს ადგილობრივ ხელისუფლებებთან იჭერს, იმისდა მიუხედავად, თუ როგორია მისი ფორმალური სტატუსი, რადგან მათი დახმარება გაჭირვებაში მყოფებს ეხმარება. მაგრამ იმის შიშით, რომ თბილისის მთავრობას დაუპირისპირდებიან, დასავლელი დონორები ცდილობენ თავი აარიდონ ყველაფერს, რაც შეიძლება ისე გამოჩნდეს, როგორც აფხაზეთის მთავრობის ლეგიტიმაცია.
ყველაფერი ეს კი აჩენს სიცარიელეს. გაეროს მისია საქართველოში (UNOMIG) რაღაცნაირად ამ სიცარიელეს ავსებდა მანამდე, სანამ 2009 წლის ივნისში რუსეთის ვეტომ მისი მუშაობა შეწყვიტა. ალტერნატივის ძიებაში, ზოგიერთმა გალელმა ახლა ნდობა რუსული ჯარისკენ მიმართა. ჯერჯერობით პოზიტიური ნიშნები ჩანს, სამხედროები უღარიბეს ოჯახებს ეხმარებიან. უკანონობამ იკლო.
მიმდინარე წლის დასაწყისში ორი ამერუკელი მეცნიერის გორი ველტისა და სამუელ ჩარაპის მიერ გამოცემულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ყველა მხარემ გალში ჰუმანიტარული სიტუაციის გაუმჯობესებაზე უნდა გადაიტანოს ყურადღება. შესაძლო ზომათა შორისაა აფხაზეთსა და საქართველოს შორის მიმოსვლის გაუმჯობესება, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის იმპორტის გაიოლება და ევროპის კავშირის სამეთვალყურეო მისიის, რომელიც ამჟამად მხოლოდ საქართველოში პატრულირებს, აფხაზეთში დაშვება.
ასეთი იდეები უცხოელ დიპლომატებს შორის პოპულარულია, მაგრამ ისინი ცოტას აღწევენ თბილისში, მოსკოვსა და სუხუმში, სადაც პრიციპებით თავმოწონება უფრო იოლია, ვიდრე თანამშრომლობაზე დათანხმება. თბილისში ამ კვირას მთელი ყურადღება პოლიციასა და იმ დემონსტრანტებს შორის შეტაკებებზე იყო გადატანილი, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის გადადგომას ითხოვდნენ. მოსახლეობას გალში კი თავი ისე გააქვს, როგორც შეუძლია.
















