თბილისში პარლამენტის შენობის წინ დემონსტრაციის დარბევიდან ორ დღეში, საქართველოს დედაქალაქში ძალადობას აპროტესტებენ. გასული ხუთშაბათის შემდეგ 30 ადამიანი დაკარგულია.
ორ დღეში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო აქციები სისხლისღვრით დასრულდა, შაბათს თბილისში რამდენიმე ათასმა ადამიანმა დემონსტრაცია გამართა პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ. მანიფესტანტებმა ამ სამხრეთ კავკასიური რესპუბლიკის სპეცსამსახურებს „დანაშაულში“ დასდეს ბრალი და მოვლენების სრულად გამოძიება მოითხოვეს, იუწყება ინტერნეტ-პორტალი civil.ge
დაღუპულები და დაშავებულები
უფლებადამცველებმა პარლამენტის შენობასთან დემონსტრაციისკენ მოუწოდეს. ხუთშაბათს ღამით აქ ორი ადამიანი დაიღუპა, ათობით ადამიანი დაშავებული და დაპატიმრებულია.
იმ დღის შემდეგ დაახლოებით 30 ადამიანი დაკარგულია, მათ შორის ოპოზიციის ცნობილი წარმომადგენელები, წერს civil.ge. რამდენიმე დაშავებული ჯერ კიდევ საავადმყოფოშია.
არსებული ინფორმაციით ნათესავების შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრებსაც არ აწვდიან. 90 ადამიანს უკვე მიუსაჯეს სამ თვემდე პატიმრობა, დანარჩენებს ფულადი ჯარიმები დააკისრეს.
ამავდროულად, დემონსტრაციების ადგილთან ახლოს სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, ორი ადამიანი სავარაუდოდ ელექტროსადენებთან შეხების გამო დაიღუპა. ჯერ-ჯერობით გაუკრვეველია, გაურბოდნენ თუ არა ისინი პოლიციას. მესამე ცხედარიც იქვე მეზობლად იპოვეს.
აშშ-ს მოწოდება
საქართველოს მოკავშირე შეერთებულმა შტატებმა ინციდენტების დეტალური გამოძიება მოითხოვა. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქართველ ხალხს (…) საკუთარი აზრის მშვიდობიანი გამოხატვის უფლება აქვს“, განაცხადა ვაშინგტონში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
კვირას საქართველოს ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის პრეზიდენტი მიშელინე კალმი-რეი ეწვია. ორშაბათს ის მოლაპარაკებებს გამართავს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან. (sda/dpa)
















