როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან აცნობეს, მინისტრი გოგა ხაჩიძე სამინისტროში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნასთან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენციას გამართავს და საზოგადოებას ნადირობის წესებს გააცნობს.
მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ გადამფრენი ფრინველის მოპოვებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარის ოდენობით) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული სანადირო იარაღის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
მოსაკრებელის გადახდა საქართველოს ნებისმიერ ბანკშია შესაძლებელი. წინა წლებისგან განსხვავებით წელს ნადირობის აკრძალვა დაცული ტერიტორიების გარშემო 5კმ-დან ½ კმ-მდე შემცირდა. ამასთან, ნადირობა დაცული ტერიტორიების გარშემო 500 მეტრიან ზონაშია აკრძალული. ასევე, საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში და ყოფილი ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 15 თებერვალს დასრულდება.
















