მდებარეობა – რამდენიმე მეტრი მიწისქვეშ
მიმართულება – ჩრდილო-დასავლეთი
დანიშნულების ადგილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ
მიზეზი – ლექცია
მიზანი – ლექციაზე არ დაგვიანება
,,_კარები იკეტება. შემდეგი სადგური სამგორი”. ალბათ იტყოდა მონოტონური, უცნაურად მოგუდული და უკვე ძალიან მშობლიური ხმა, რომელიც ისე გაცვითა ჩემმა სმენის აპარატმა, რომ ვეღარ აღიქვამს.
და იწყება ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი დღე. გარემო ხმაურისთვის სმენა დაქვეითებული მაქვს (ვინაიდან რომელიმე პანკ ჯგუფის სოლო კონცერტზე მგონია თავი) და სახეზე მაწერია, რომ სკამიდან ადგომას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ვაპირებ, ეს უკანასკნელი კი მაშინ დადგება, როცა ჩემი ჩასვლის დრო მოვა. სახეზე კი არა, უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა, სახის იმ ნაწილზე რაც მიჩანს, ანუ თვალებზე. მოგეხსენებათ, ამ ბოლო დროს კარგ ტონად ითვლება ნიღბით სიარული (ვითომდა ეპიდემიის გამო). მერე რა, რომ უმეტესობამ არ იცის, რომ ნიღბით მარტო პირი კი არა, ცხვირიც უნდა დაიფარო. მერე რა, რომ უმეტესობას ჰგონია, ნიღაბი ვისაც უკეთია ის დაავადებულია ვირუსით. მე ჩემი მიზეზი მაქვს მისი ტარების. ვინაიდან თავი ზემოაღნიშნულ კონცერტზე მგონია, არ შემიძლია არ ვიმღერო, უხმოდ მაინც. ამიტომაც ჩემი საეჭვო გარეგნობით ისედაც დამფრთხალ ხალხს ,,ვუფრთხილდები”, კიდევ უფრო არ შევაშინო.
მატარებელი ჩერდება. ახლა იწყება ნამდვილი მხიარულება. შუახნის ასაკამდე ჯერ არ მიღწეული ქალბატონები შემორბიან ვაგონში და მონადირის თვალებით ეძებენ მსხვერპლს. თუ ეს უკანასკნელი ,,თავხედი” ახლაგაზრდა და თან ,,ეიჯიზმით” (ასაკობრივი ნიშნით დისკრიმინაციით) დაავადებული აღმოჩნდა, მაშინ მონადირე ქალბატონებს სხვა გზა აღარ რჩებათ გულში ,,წყევლა-კრულვის” გარდა.
მერე რა, რომ ეს ქალბატონები 10 წამის წინ ვაგონში შემორბოდნენ. დიახ, შემორბოდნენ და თანაც რამდენიმე ახლგაზრდასაც გამოასწრეს. მერე რა, რომ ერთერთი ახლა თავზე მადგას და თავის ქალა გამიცხელა მზერით – ადექი! მე ,,ეიჯიზმი” მჭირს. თანაც მეღიმება. (აი კიდევ რამდენ რამეში შეიძლება გამოგადგეს ნიღაბი).
რამდენიმე წლის წინ მტკიცედ გადავწყვიტე ადამიანებმა რამე მთხოვონ და არა მომთხოვონ, თანაც თხოვნის შესრულების შემდეგ მადლიერების მზერა მაინც მომაპყრონ, სხვა თუ არაფერი.. ისიც მტკიცედ გადავწყვიტე, რომ არასდროს გადავჭრა ქუჩა და არ გავიარო წითელ შუქზე. მერე რა, რომ პირველ შემთხვევაში ადამიანები არ იცვლებიან და მეორე შემთხვევაში ,,ცარიელ ქუჩას რომ არ გადაჭრი ავად ხარ აბა რა!”
მერე რა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ასე სევდიანია, რომ აქ მომღიმარი ახალგაზრდები უზრდელები არიან, რომ ზამთარში ფერადი ტანსაცმელი სიგიჟის გამოვლინებაა, რომ თუ სადმე დაგაგვიანდა, მხოლოდ ჩვენს ენაში არსებული უნიკალური ფრაზა ,,ავტობუსმა გამასწრო” გასამართლებელი არგუმენტია, რომ მწეველი გოგონა მსუბუქი ყოფაქცევისაა, რომ განხვავებული შეხედულებები მყისვე ჩასახშობია, რომ სტიქაროსანი ,,ძველი ბიჭები” ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ კამათი ნიშნავს ჩხუბს და თავ-პირის დამტვრევას, რომ ჯერ კიდევ ბევრი იცინის ხუმრობაზე პრეზიდენტის აქეთ-იქით ფრენის შესახებ, რომ დაკარგული ტერიტორიები ჩვენია და სულაც არაა დაკარგული, რომ ყველაფრის მიუხედავად მხოლოდ ჩვენთან ყვავის ეკონომიკა, რომ ჩვენ განსაკუთრებული ერი ვართ, ყველაფერი სხვაზე მეტი ვიცით, ყოველთვის ვიცოდით და გვეცოდინება.. მერე რა, რომ ლექციაზე დამაგვიანდა.. ვეტყვი რომ ,,ავტობუსმა გამასწრო”..
სალომე ნიკოლეიშვილი

















კომენტარები