განახლდა:03:01:34 AM GMT

>>> აზრი ანალიზი “ვარდების რევოლუცია”, თუ გეოსტრატეგიული დაპირისპირების ახალი ფაზა?
ბანერი

“ვარდების რევოლუცია”, თუ გეოსტრატეგიული დაპირისპირების ახალი ფაზა?

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 737 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

“ვარდებისა” თუ “ხავერდოვანი” რევოლუცია შედგა. დაბნეული და დაქსაქსულია პოლიტიკური სპექტრი. სრულ გაურკვევლობაშია ხალხი, რომელიც, რა თქმა უნდა, მიესალმებოდა ცვლილებებს და კორუმპირებული ხელისუფლების უკეთესით ჩანაცვლებას, მაგრამ ვერ გაუგია რა სხვაობაა ერთი პოლიტიკური ძალის ხელისუფლებისათვის ერთმანეთთან დაპირისპირებულ ორ ფრთას შორის.

ბევრი კითხვა გააჩინა კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში, შევარდნაძის გადადგომის შემდგომ, სააკაშვილისა და ჟვანიას სრულიად დაბნეულმა და განადგურებულმა გამომეტყველებამ, რაც ნამდვილად არ შეეფერებოდა მომიტინგეებსა და “კმარას” აქტივისტებს შორის დამკვიდრებულ უსაზღვრო სიხარულსა და აჟიოტაჟს. უპასუხოდაა დარჩენილი კითხვა, თუ რამ აიძულა შეერთებული შტატები აჩქარებულიყო, არ მოეცადა წელიწადნახევარი და საკუთარი რეპუტაციის სერიოზულად შელახვის საფრთხის ფასად, ათეული მილიონი დოლარი ჩაეყარა ავანტურაში, რომლის შედეგები არავინ იცის როგორი იქნება. აპელირება იმით, რომ ორი ნოემბრის არჩევნები გაყალბდა, ხალხს წაართვეს არჩევანის უფლება და ა.შ. გულუბრყვილობაა, რადგან შეერთებული შტატები საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც მშვენივრად ეგუება კორუმპირებულ რეჟიმებს და არჩევნების გაყალბებებს, მხოლოდ ერთი პირობით; დაცული უნდა იყოს მისი, როგორც ზესახელმწიფოს, სტრატეგიული ინტერესები. ასე იყო ჩვენს შემთხვევაშიც: 1999 წლის აშკარად ფალსიფიცირებული არჩევნების კრიტიკით შეერთებულ შტატებს თავი არ შეუწუხებია. უფრო მეტიც: სწორედ შემდეგ დაიწყო საქართველოში სამხედრო და ტექნიკური დახმარების რიგი პროგრამების დაფინანსება და განხორციელება.

უპასუხოდაა დარჩენილი კითხვაც, რომელიც გააჩინა რუსეთის ხელისუფალთა პოზიციამ და საჯარო განცხადებებმა “ვარდების რევოლუციის” პირველივე დღეებიდანვე, რომ “ისინი მზად არიან დაუყოვნებლივ მიუსხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდას და გადაჭრან აფხაზეთის პრობლემა”. ამ განცხადებათა უცნაურობა ის იყო, რომ “რევოლუციის” ავტორებს საერთოდ არ წამოუჭრიათ ეს საკითხი და რა თქმა უნდა, შევარდნაძის გადაყენების მოთხოვნათა მოტივირებისას არავინ იშველიებდა აფხაზეთის “არგუმენტს”. რატომ იყო ასეთი ალოგიკური რუსეთის პოზიცია და რა შუაში იყო აფხაზეთი?

უცნაური იყო ისიც, რომ რუსეთი აღმოჩნდა ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც საქართველოში მოავლინა თავისი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლის ძალისხმევაც ფუჭი აღმოჩნდა, მაგრამ ფაქტია, რომ იგი პრეზიდენტ შევარდნაძის ხელისუფლების გადარჩენას ლამობდა. გულუბრყვილობა იქნებოდა გვეფიქრა, რომ საქართველოს პრეზიდენტის პერსონა იყო ასე მნიშვნელოვანი რუსეთისათვის. ცხადია, რომ ჩვენი ჩრდილოელი და დასავლელი “მეგობრები” იმ საბნის გადაქაჩვას ლამობდნენ, რომლის არსებობა ქართველ პოლიტიკოსთა უმრავლესობას აზრადაც არ მოსვლია.

ნიშანდობლივია ისიც, რომ ედუარდ შევარდნაძემ ბოლო ექვსი თვის მანძილზე აქტიურად დაიწყო საუბარი რეგიონში რუსეთის გეოსტრატეგიული ინტერესების გათვალისწინების აუცილებლობაზე. აშკარა იყო, რომ “რეგიონში” საქართველოს პრეზიდენტი სულაც არ გულისხმობდა მხოლოდ კავკასიას.

საინტერესო იყო ისიც, რომ “პრორუსეთელმა” ვახტანგ რჩეულიშვილმა წინასაარჩევნოდ დაიწყო საუბარი “საკუთარ” “ჯვარისებრ” კონცეფციაზე, რაც გულისხმობდა ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო მაგისტრალის ამოქმედებას, ანუ რუსეთის დაკავშირებას ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან საქართველოსა და სომხეთის გავლით.

ამ სტრიქონების ავტორს, ანუ მე, საშუალება მქონდა მემუშავა ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში ნუგზარ საჯაიას ხელმძღვანელობით და კარგად მახსოვს, რომ აფხაზეთის პრობლემის გადაჭრის პირობად აღიარებული იყო რუსეთისათვის გადაუდებელი აუცილებლობიხ გაჩენა, ანუ ისეთი გეოსტრატეგიული ვითარების შექმნა, რომელიც რუსეთს აიძულებდა დაეთმო აფხაზეთი სხვა, უფრო დიდი და მნიშვნელოვანი პრობლემის მოსაგვარებლად. ამასთან დაკავშირებით კანონზომიერია კითხვა: რა ახალი გარემოება გაჩნდა რუსეთისათვის, რომელიც აიძულებდა მას ებრძოლა შევარდნაძის გადასარჩენად და გაეკეთებინა განცხადებები, რომ მზადაა აფხაზეთიც კი დათმოს?

იმისათვის, რომ დასმულ კითხვებს ვუპასუხოთ, უპრიანი იქნება გავიხსენოთ, რომ შეერთებული შტატებისა და საბჭოთა კავშირის, შემდგომ რუსეთის დაპირისპირების ერთ-ერთი საკვანძო მოტივი ახლო აღმოსავლეთისათვის ბრძოლა იყო და რჩება დღემდე. რუსეთმა (საბჭოთა კავშირმა) თავის დროზე დაამხო არსებული რეჟიმები ერაყში, ირანსა და ავღანეთში. მოიყვანა რა ამ ქვეყნების სათავეში მისთვის სასურველი მთავრობები, ეს ქვეყნები საკუთარ გავლენას დაუქვემდებარა. ანალოგიური სურათი იყო არაბული ქვეყნების ერთ ნაწილშიც. სამხედრო-პოლიტიკური დახმარების სანაცვლოდ რუსეთი საკუთარ გავლენას ინარჩუნებდა ნავთობით მდიდარ რეგიონში და ცდილობდა კონკურენცია გაეწია დასავლეთისათვის ნავთობის მსოფლიო მარაგის გაკონტროლებაში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, შიდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩენილი რუსეთი იძულებული გახდა ნელ-ნელა დაეთმო პოზიციები ახლო აღმოსავლეთშიც. შედეგად შეერთებულმა შტატებმა ჯარები შეიყვანა ქუვეიტში, ავღანეთში . . . გახსოვთ, ალბათ, როგორ სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდა ელცინის რუსეთი ქუვეიტის სამხედრო კამპანიისას, როცა შეეცადა სამხედრო ხომალდების გაგზავნას და ესეც კი ვერ მოახერხა საწვავის უქონლობის გამო. ცხადია, ამ ნაბიჯით რუსეთს ამერიკისათვის ხელის შეშლა და ერაყისათვის მხარდაჭერის აღმოჩენა სურდა. ხოლო ერაყზე მოსალოდნელი თავდასხმის წინა პერიოდში რუსეთის გენშტაბმა შეიმუშავა ამ ქვეყნის სამხედრო აგრესიისაგან დაცვის დაწვრილებითი გეგმა და სადამ ჰუსეინს გაუგზავნა რუს სამხედრო სპეციალისტებთან ერთად. მიზანი ნათელი იყო: ერაყი მეორე ვიეტნამად უნდა ქცეულიყო შეერთებული შტატებისათვის. გაჭიანურებული ომის შემთხვევაში შესაძლებელი გახდებოდა შეერთებულ შტატებზე პოლიტიკური ზეწოლით მისი წინსვლის შეჩერება რეგიონის სხვა ქვეყნებისაკენ. სწორედ ასეთი ზეწოლის მცდელობა იყო რუსეთ-გერმანია-საფრანგეთის ანტიამერიკული ერთობა ერაყში სამხედრო კამპანიისას. რუსეთისათვის სამწუხაროდ, ერაყის ომმა ნათლად აჩვენა შეერთებული შტატების სამხედრო ტექნიკისა და სტრატეგიული თუ ტაქტიკური აზროვნების უპირატესობა რუსეთთან შედარებით.

ერაყში ომის დამთავრებისთანავე პრეზიდენტმა ბუშმა არაორაზროვნად განაცხადა, რომ დადგა ირანის რიგიც და რომ თუ ეს ქვეყანა “გონს არ მოეგება” მასაც ერაყის ბედი ელის.

სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდგომ რუსეთისათვის მთელს ახლო აღმოსავლეთში ერთადერთ დასაყრდენ ძალად ირანი დარჩა. ცხადია, რომ მასზე კონტროლის დაკარგვის შემდგომ შეერთებული შტატები კასპიის ზღვაზეც შემოდის და ამ რეგიონიდანაც მიადგება რუსეთის საზღვრებს.

რუსმა სტრატეგებმაც გამოიფხიკეს ყურები და დაიწყეს ფიქრი ირანული “კოზირის” შესანარჩუნებლად.

იგულისხმება, რომ პრეზიდენტ შევარდნაძეს შეუმჩნეველი არ დარჩენია შექმნილი გეოსტრატეგიული ვითარების ნიუანსები და არც დაუხანებია. როგორც ჩანს, დაიწყო საიდუმლო კონსულტაციები საქართველოსა და რუსეთს შორის, რათა რუსეთისათვის გახსნილიყო პირდაპირი სახმელეთო გზა ირანისაკენ საქართველოს გავლით, რა თქმა უნდა აფხაზეთის დაბრუნების სანაცვლოდ. გააქტიურდა დიპლომატიური კონტაქტები ირანსა და რუსეთს შორისაც. უპრიანი იქნება გავიხსენოთ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტიც საქართველოში რამდენიმე თვის წინ, როცა მან შემოგვთავაზა რეგიონული უსაფრთხოების მიზნით ალიანსის შექმნა.

სწორედ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის გეოსტრატეგიული დაპირისპირება გახდა გორდიას კვანძი, რომელშიც საქართველოც აღმოჩნდა გახვეული თავისი აფხაზური პრობლემით.

შევარდნაძე, რომელიც უკანასკნელი ათი-თხუთმეტი წლის მანძილზე დასავლეთის მეგობრად მოიაზრებოდა, არასაიმედო პარტნიორი აღმოჩნდა როგორც კი საკითხი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეეხო. საქართველოს პრეზიდენტს მშვენივრად მოეხსენებოდა, რომ შეერთებული შტატებისათვის უმნიშვნელოა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემა და ამისათვის იგი სულაც არ ჩქარობს რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებას. სხვა საკითხია, რომ “ვარდების რევოლუციის” შემდგომ ამ ქვეყანას უცებ გაახსენდა რამდენიმე წლის წინ დადებული სტამბოლის ხელშეკრულება და დაიწყო ზეწოლა რუსეთზე საქართველოდან მისი ბაზების გაყვანის მოთხოვნით. “რეფორმატორები” ინფორმატორთა სიმცირეს არ უჩიოდნენ. ნუგზარ საჯაიას მათ მიერვე პროვოცირებული სიკვდილის შემდგომ თედო ჯაფარიძე მკაცრად აკონტროლებდა “თეთრი მელას” ყოველ ნაბიჯს. ამდენად შექმნილი ვითარების ფონზე გასაგები ხდება მიხეილ სააკაშვილის ვითომც როყიოდ ნასროლი ფრაზაც, რომ თურმე შევარდნაძე “არ ასრულებდა მეგობრებისათვის მიცემულ სიტყვას”.

ასეთი გეოსტრატეგიული დილემის გადაჭრის ერთადერთ იოლ და იაფ გზად “ვარდების რევოლუცია” გამოიძებნა, რომელსაც აშკარად ასდიოდა ახლო აღმოსავლეთისა და კასპიური ნავთობის სურნელი.

“რეფორმატორებმა”, რომლებიც 2000 წლიდან ღიად იბრძოდნენ ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად, კარგად აუღეს ალღო ვითარებას და საჭირო ადგილას და საჭირო დროს აღმოჩნდნენ რიჩარდ მაილსის გვერდით. მათვე ძალიან მარტივად ჩაანაცვლეს პროდასავლური, ანუ ევროპული ორიენტაცია პროამერიკულით, აფხაზეთის პრობლემის მოგვარების გადავადების ხარჯზე. მოტყუებული ხალხი კი ალბათ კიდევ დიდხანს იქნება ილუზიაში, რომ ეს მისი ნებით დაემხო შევარდნაძის რეჟიმი და რომ იგი არჩევნების გაყალბებასა და კორუფციას ემსხვერპლა.

არადა ფაქტია, რომ არჩევნების გაყალბებაცა და კორუფციაც იგივე იყო “ვარდების რევოლუციისას”, რაც მასობრივი განადგურების იარაღის საფრთხე ერაყისა და სადამ ჰუსეინის შემთხვევაში.

გეოსტრატეგიული დაპირისპირება კი გრძელდება და ნელნელა უახლოვდება ჩვენს საზღვრებს.

Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი