პრეზიდენტმა სააკაშვილმა დიდი ზარზეიმით მიიღო თავდაცვის მინისტრ ოქრუაშვილის მილოცვა სოჭის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით - თურმე ნუ იტყვით, ამ ხელშეკრულებით აღსრულებულა ორასწლიანი ქართული ოცნება - რუსული ოკუპაციის დასასრული. შემდგომ დაიწყო ხსენებული ხელშეკრულების ცალკეულ დებულებათა გაუბედავი ანალიზი და ხელისუფლებაც დადუმდა. სხვა შემთხვევაში ორი კვირა მაინც ვიზეიმებდით ამ ღირშესანიშნავ მოვლენას. ამ ვითარებაში მაშველი რგოლის როლი ითამაშა ე.წ. "ღვინის კონფლიქტმა" - რუსეთმა შეაჩერა ქართული ალკოჰოლური სასმელის შეტანა თავის ტერიტორიაზე. ჩვენი ხელისუფლებაც ამ ახალ ნოტაზე გადაერთო და დაიწყო...
საინტერესოა ისტორიული პარალელები თუნდაც ჩვენი ახლო წარსულიდან.
1998 წლის გაზაფხულზე რუსეთ-საქართველოს საზღვრის ლარსის მონაკვეთზე დაიწყო ე.წ. "ტერიტორიული" კონფლიქტი - რუსმა მესაზღვრეებმა 1300 მეტრით გადმოწიეს თავიანთი საკონტროლო-გამშვები პუნქტი. მოქკავშირელთა ახალგაზრდულმა გუნდმა სასწრაფო მობილიზაცია გამოაცხადა და მიტინგები და აქციები გაუმართეს რუს მესაზღვრეებს, რომლებიც, თავის მხრივ, თავს იმართლებდნენ კონტრაბანდასთან ბრძოლის აუცილებლობით.
მაშინვე არა, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ ახალგაზრდა რეფორმატორები სულაც ტყუილად დამაშვრალან. ტერიტორიის წართმევა თურმე არაფერ შუაში ყოფილა, რადგან მოგვიანებით რუსები თავიანთი დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდნენ. სამაგიეროდ გათამაშდა სერიოზული პოლიტიკური ბლეფი.
საქმე ის იყო, რომ იმ წლებში დიდი ოდენობით სპირტი (ძირითადად ამერიკული) დაიძრა ფოთისკენ. ქართველი ბიზნესმენები აქტიურად ამარაგებდნენ ამ პროდუქციით ჩრდილოეთ ოსეთს - ალანიას, სადაც ასეულობით არყის ქარხანა გაიხსნა. მოკლე დროში ჩრდილო ოსებმა იაფი ამერიკული სპირტისგან დამზადებული "ვოდკით" სრულად დაიპყრეს რუსეთის ცენტრალური რეგიონები და წარმატებით შეუტიეს მოსკოვსა და პეტერბურგსაც. რუსი ბიზნესმენების ეკონომიკური ინტერესები აშკარად ილახებოდა - ისინი კონკურენციას ვერ უწევდნენ იაფი ნედლეულით დამზადებულ ალკოჰოლურ სასმელს. ხელისუფლება, ბუნებრივია, ეროვნული დისკრიმინაციის ნიშნით ვერ წავიდოდა, ანუ ვერ დახურავდა ვლადიკავკაზის არყის ქარხნებს, ამიტომ რუსეთის სპეცსამსახურებმა გონებამახვილური გზა გამოძებნეს. ერთის მხრივ, გადაკეტეს საბაჟო-გამშვები პუნქტი ლარსთან, ვითომცდა იმ მოტივით, რომ კონტრაბანდას ებრძვიან, მეორეს მხრივ, - საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულ ნეიტრალურ ზონაში 1300 მეტრით წინ გამოწიეს შლაგბაუმი, რითაც შეეცადნენ აღეშფოთებინათ ქართული საზოგადოებრივი აზრი და ალანიის მოსახლეობას შეუქმნეს წარმოდგენა, თითქოს რუსეთი ცდილობს კიდევ 1300 მეტრით გაზარდოს "მოძმე" ოსეთის ტერიტორია, რასაც "ფაშისტი" ქართველები ეწინააღმდეგებიან. მოკლედ, შეიქმნა ისეთი ვითარება როდესაც ოსები სერიოზულად უნდა ამხედრებულიყვნენ მათი ბიზნესის დისკრიმინაციის გამო, მაგრამ "სასაზღვრო კონფლიქტითა" და რუსების "სიკეთით" დაბანგულებმა ხმაც ვერ ამოიღეს. შედეგად ორიოდე თვეში ჯერ გაჩერდა, შემდეგ კი სამუდამოდ დაიხურა ასეულობით არყის ჩამოსასხმელი ქარხანა ალანიაში და ოსებს მილიონების ნაცვლად პატრიოტულ სიმებზე რუსული ხელის მოთათუნებაღა შერჩათ.
ეს მოვლენა "სპირტის ომად" მოინათლა, რომელმაც უპირველესად ოსებს ავნო და ჩვენც გვარიანად გვაზარალა. მოქკავშირელმა ახალგაზრდებმა - სწორედ მათ, ვინც დღეს ქვეყანას მართავს, მაშინ ინჩიბინჩი ვერ გაუგეს ვითარებას და რუსული თამაში წარმატებით შეასრულეს.
თუ დღევანდელობას დავუბრუნდებით, საინტერესო დამთხვევა არის სოჭის ხელშეკრულების ხელმოწერასა და "ღვინის ომის" დაწყებასთან.
ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე პუნქტზე გაამახვილა ყურადღება, რაც აშკარად ლახავს საქართველოს ინტერესებს. ჩვენ გვინდა ერთ-ერთ პუნქტზე შევჩერდეთ, რომელმაც უკვე გაიჟღერა სატელევიზიო ეთერში და, ვინაიდან ხელისუფლება დუმს, როგორც ჩანს, სინამდვილეშიც არსებობს. ეს არის რუსეთის სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალისთვის თავისუფალი ტრანზიტის უფლების მიცემა.
ქართულ საზოგადოებას კარგად ახსოვს, ალბათ, რა ვნებათაღელვას იწვევდა აფხაზეთში გამავალი სარკინიგზო მაგისტრალის შესაძლო ამოქმედება, რომელიც გზას გაუხსნიდა რუსეთსა და სომხეთს თავისუფლად გაეტარებინათ ტვირთები. საქართველოს ხელში ეს ერთადერთი ინსტრუმენტი რჩებოდა რუსეთის წინააღმდეგ - აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტების ჩვენს სასარგებლოდ გადასაწყვეტად. ქართული მხარის თანხმობის გარეშე ამ პრობლემის გადაჭრა არც სომხეთსა და არც რუსეთს არ შეეძლო. რა თქმა უნდა, რუსეთს სომხეთის გარდა ირანის პრობლემაც აღელვებდა.
თუ კარგად გავიხსენებთ "ვარდების რევოლუციის”, ანუ სახელმწიფო გადატრიალების პერიპეტიებს და მონაწილე მხარეთა ინტერესებს, ისიც უნდა გაგვახსენდეს, როგორი დაჟინებით იმეორებდნენ რუსეთის პირველი პირები, რომ მზად არიან გადაჭრან აფხაზეთის პრობლემა უმოკლეს ვადაში. რევოლუციის დღეებში აფხაზეთის თემის წამოწევა ალოგიკურად გამოიყურებოდა, რადგან წითელ მოზვრებს, რომლებიც ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად იღწვოდნენ, ერთხელაც არ უხსენებიათ ეს საქვეყნო ტკივილი. მოგვიანებით 2004 წლის მარტში ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა გავსაუბრებოდით საქართველოს ექსპრეზიდენტ შევარდნაძეს, რომელმაც გაშიფრა მაშინდელ მოვლენათა არსი (ინტერვიუ "მთავარ გაზეთში” გამოქვეყნდა).
ერაყის დაკარგვის შემდგომ, ამერიკის განზრახვა "მოერჯულებინა" ირანიც, ღიად გაცხადდა. რუსული პოლიტიკური ისტებლიშმენტი იმ პერიოდში სრულმა პანიკამ მოიცვა. გამარჯვებულ ამერიკას მაშინ რუსეთთან არანაირ დიალოგზე წასვლა არ სურდა. რუსეთი გამწარებით ეძებდა გამოსავალს და იგი მოიძებნა კიდეც. დაიწყო მოლაპარაკება საქართველოს ხელისუფლებასთან. რუსეთი მზად იყო დაუყოვნებლივ გაეყვანა თავისი სამხედრო ბაზები საქართველოდან. იგი მზად იყო, ექვსთვიან ვადაში გადაეჭრა აფხაზეთისა და ცხინვალის პრობლემა საქართველოს სასარგებლოდ. სამაგიეროდ, საქართველოს უნდა აეღო ვალდებულება, რომ იგი თავის ტერიტორიაზე არ დაუშვებდა სხვა ქვეყნის სამხედრო ბაზას და მისცემდა რუსეთს ექსკლუზიურ უფლებას სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღებული ძალების ტრანზიტისთვის სომხეთისაკენ (წაიკითხე - ირანისკენ!). სწორედ ამ მოლაპარაკების შინაარსი გახდა, როგორც ჩანს, ცნობილი ამერიკული მხარისათვის, რამაც განსაზღვრა კიდეც შევარდნაძის საპრეზიდენტო კარიერის ფატალური დასასრული. სისულელე არის იმაზე ფიქრიც კი, რომ თითქოს ამერიკა შეაშფოთა არჩევნების გაყალბებამ (ვინ გააყალბა არჩევნები, ეს უკვე ნამდვილად ცნობილი არის!) შევარდნაძის მიერ და ამიტომ უგანა.
მას მერე, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, ბევრი რამ შეიცვალა ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებში. თავად რუსეთიც უფრო კომფორტულად გრძნობს თავს იმ სიძნელეების ფონზე, რომელიც ამერიკას შეექმნა ერაყში. მაშინ თუ პირდაპირ ევაჭრებოდნენ შევარდნაძეს აფხაზეთთან დაკავშირებით, დღეს ამის საჭიროება უკვე აღარ არის, მაგრამ ირანისკენ სახმელეთო გზის გახსნის პრობლემა მაინც აწუხებს. ამ ვითარებაში, სრულიად გაუაზრებლად, საქართველოს ხელისუფლებამ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც უკანასკნელი ტოტი მოიჭრა... უნებლიეთ თუ შეგნებულად, ამას უკვე არა აქვს მნიშვნელობა. ერთადერთი იმედი პარლამენტია, რომელმაც სოჭის შეთანხმების რატიფიცირება უნდა მოახდინოს, მაგრამ მათ იმედზე ჩვენი მტერი - ანუ რუსეთი თუ იქნება, თორემ...
ასე რომ - მავრისა არ იყოს - ვიღაც თავის საქმეს აკეთებს საქართველოს ხელისუფლების ხელით. უცხო ქვეყნის (ანუ რუსეთის!) აგენტობაზე კი საწყალ სიმონ კილაძეს იჭერენ.
პარადოქსია, აბა, რა!
გაზეთი "ცისკარი" N#25















