რაციონალური თვალთახედვით მედვედევის უსაფრთხოების კონცეფცია რუსეთის ინტერესებს ემსახურება. ცივი ომის დასრულების შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი გარკვეულ იზოლაციაში მოექცა. 1990-იან წლებში რუსეთში შექმნილმა პოლიტიკურმა დესტაბილიზაციამ და ეკონომიკურმა კრიზისმა მნიშვნელოვნად შეამცირა რუსეთის გავლენა. ქვეყნის შიგნით არსებულმა კონფლიქტებმა რუსეთს მოუსპო ევროპაზე ზემოქმედების ყველანაირი ბერკეტი. ფაქტიურად, რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეზე გავლენის შენარჩუნებით იყო დაკავებული. ელცინის რუსეთს ჰქონდა ამბიციები, რეალური შესაძლებლობების გარეშე. თუმცა, ვითარება შეიცვალა - ვლადმიერ პუტინის ამბიციებს, უკან რეალური შესაძლებლობები დაუდგა, ეკონომიკის გაძლიერებამ და შიდა პოლიტიკურმა სტაბილიზაციამ კრემლს გაუჩინა ცდუნება დაებრუნებინა „კუთვნილი“ როლი, რომელსაც იგი თამაშობდა ევროპის პოლიტიკურ სისტემაში.
ცივი ომის დასრულების შემდეგ რუსეთი ხშირად აკრიტიკებდა ევროპის უსაფრთხოების სისტემას. რამდენად საოცარი უნდა იყოს, კრემლს მიაჩნდა (მიაჩნია), რომ სისტემა პატარა ქვეყნის ინტერესებს ვერ იცავდა. თუმცა, პოლიტიკური რესურსი, რითაც იგი ახალი სისტემის შეთავაზებას მოახდენდა ევროპისთვის მას არ გააჩნდა. თუმცა, სიტუაცია შეიცვალა - რუსეთმა აქტიური როლის თამაში გადაწყვიტა. გაჩნდა გეგმაც - ევროპის უსაფრთხოების ხელშეკრულება. ხელშეკრულების ძალით ევრო-ატლანტიკური სივრცის ყველა ქვეყანა საერთო უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ გაერთიანდება.
რაციონალურად მოაზროვნე დასავლელი პოლიტიკოსები ხვდებიან კრემლის მიზანს. მას სურს, მოახდინოს არსებული სამართლებრივი თუ უსაფრთხოების სისტემების ანულირება. ევროპის და მსოფლიოს უსაფრთხოების სისტემის ქვაკუთხედი, შეიძლება ითქვას, რომ ნატო, გაერო და ეუთოა. „რუსული უსაფრთხოების“ მიზანი გაეროსა და ეუთოს ძალაუფლების შემცირება არ არის, რადგან ეს უკანასკნელი ამ ორგანიზაციებს არ გააჩნიათ. გარდა ამისა, იგი ამ ორგანიზაციების მნიშვნელოვანი წევრია. ამ კუთხით ერთადერთი რეალური აქტორი ნატოა. ნატო, რომელშიც მთავარს როლს ასრულებს ამერიკა. აქედან გამომდინარე, რუსეთს, ბუნებრივია, არ სურს ორგანიზაცია, რომელშიც თვითონ მნიშვნელოვან როლს ვერ ასრულებს. რუსეთს ორი ალტერნატივა აქვს - გახდეს ნატოს წევრი ან ეცადოს მის დეზინტეგრაციას. „რუსული უსაფრთხოების ინიციატავა“ ორივე ალტერნატივას ემსახურება. პირველი, დასავლეთმა არ მიიღოს ხელშეკრულება და ამის ნაცვლად, რუსეთის ნატოში ინტეგრაციას შეუწყოს ხელი. მეორე, თუ დასავლეთი მიიღებს უსაფრთხოების ახალ ხელშეკრულებას ამით, შეიძლება ითქვას, რომ ნატოს დეზინტეგრაციის დასაწყისი დაიწყება.
რუსეთის ამგვარი ქმედება დასავლეთში დილემას იწვევს.
დასავლეთს არ სურს რუსეთის იზოლაციაში მოქცევა. ასეთი რუსეთი საფრთხის შემცველია მათთვის. აქედან გამომდინარე, ამერიკა, დასავლეთ ევროპასთან ერთად, ცდილობს რუსეთი თანამშრომლობაზე დაითანხმოს ან რომელიმე ორგანიზაციულ სტრუქტურაში გააწევრიანოს. თუმცა სწორედ აქ იკვეთება დილემა. დასავლეთს, ერთი მხრივ, სურს, რომ რუსეთი რაც შეიძლება „ახლოს“ ჰყავდეს, თუმცა, მეორე მხრივ, ზედმეტი სიახლოვე აშინებთ. ვაშინგტონი აქტიურად ცდილობს რუსეთის „მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში“ გაწევრიანებას, ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ დასავლეთი მიისწრაფვის რუსეთან თანამშრომლობისკენ, ცდილობს ურთიერთობის ყველანაირი მექანიზმი გამოიყენოს. ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირებული რუსეთში უფრო ნაკლები საფრთხე იკვეთება.
მიუხედავად ამისა, არსებობს მეორე მხარეც - ნატო რუსეთს საკუთარ კარს არ უღებს. დიალოგი ამ თემაზე ცივი ომის დასრულების შემდეგ მიმდინარეობას, თუმცა შედეგი ყველასათვის ნათელია. ამ საკითხზე ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დამოკიდებულება ნათელია - მიაჩნიათ, რომ რუსეთის ნატოში ყოფნა ორგანიზაციის მოქნილობას შეაფერხებს. გარდა ამისა, წევრობის დამბლოკავი არაპოლიტიკური მხარეც დიდ როლს ასრულებს - ნატოსა და რუსულ შეიარაღებას შორის დიდი კონტრასტია. თუმცა, რუსეთის ბირთვული შეიარაღება გაწევრიანების საკითხში მის პლიუსად უნდა მივიჩნიოთ.
ახალი ხელშეკრულების პროექტის ინიცირებით რუსეთმა დასავლეთი არჩევანის წინაშე დააყენა - დათანხმდეს „რუსულ უსაფრთხოებას“ ან მიიღოს კრემლი ევროატლანტიკურ სივრცეში. არჩევანის გაკეთება რთულია, რადგან ორივეს აქვს როგორც პლიუსები, ასევე მინუსები.
მედვედევის მიერ ინიცირებულ ხელშეკრულებაზე დასავლეთის თანხმობა ახალი უსაფრთხოების მექანიზმის შექმნას გულისხმობს. როგორც ყველა სიახლეს მასაც დასამტკიცებელი ექნება თავისი სიცოცხლისუნარიანობა. ეს კი დასავლეთში შიშს იწვევს, რადგან „ცივომგამოვლილი“ ნატოს, დეზინტეგრაცია „რაღაც“ გაურკვეველი, ახალი, უსაფრთხოების სისტემის სასარგებლოდ, ნამდვილად არ იქნება რაციონალური არჩევანი.
თუ რა მიმართულებას მიიღებს დასავლური დილემა, ეს უკვე ლისაბონში, ნატოს სამიტზე, გაირკვევა.
















