ბარაკ ობამას ხელისუფლებაში მოსვლა და რუსეთ-ამერიკას შორის „გადატვირთვის“ პოლიტიკის დაწყება საქართველოსთვის საშიშ რეალობად იქცა. აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია „დემოკრატიის შუქურისადმი“ განსაკუთრებულ ინტერესს არა და არ იჩენდა. 2008 წელს დაწყებული პოლიტიკური იზოლაცია 2010 წელსაც გაგრძელდა. ყველა დარწმუნდა, რომ ამერიკამ საქართველო რუსეთთან ურთიერთობების დალაგებისთვის გაწირა - საქართველო „გადატვირთვის“ მსხვერპლად გამოცხადდა. აშშ-ის ასეთმა დამოკიდებულებამ ოფიციალური თბილისი სრულ აგონიაში მოაქცია. აგონიამ კი ხელისუფლება „აიძულა“ უცნაური ინიციატივები წამოეყენებინა. მათ შორის საინტერესო იყო ნატოსთვის ავღანეთში ტვირთების გადასატანად საქართველოს ტერიტორიის შეთავაზება. სააკაშვილმა „Associated Press“ –ითვის მიცემულ ინტერვიუში, ალიანსის გემებს ქართული პორტები, ხოლო თვითმფრინავებს აეროპორტები შესთავაზა, თუმცა შეთავაზება შეთავაზებად დარჩა, რადგან ავღანეთისკენ მარშუტი საქართველოს გავლით უფრო ძვირი და სახიფათოა. პრეზიდენტის უცნაური შეთავაზება პოლიტიკური იზოლაციიდან თავის დაღწევის უშედეგო მცდელობა იყო.
სიტუაცია განსაკუთრებით დამძიმდა იუშჩენკოს მარცხისა და კატინის ტრაგედიის გამო, რადგან საქართველო ორი მეტად ახლო მოკავშირის დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. თუმცა, შედეგები არც ისე მძიმე აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ იანუკოვიჩის პრორუსულობაში ეჭვი არავის ეპარებოდა, მან უკვე დაამტკიცა, რომ იგი უბრალოდ „რუსეთის კაცი“ არ არის. ეს ფაქტი, მხოლოდ მისმა არჩევანმა არ განაპირობა : უკრაინა განსაკუთრებული ქვეყანაა, ნებისმიერ პრეზიდენტს გაუჭირდება მისი ერთი მიმართულებით - დასავლეთისკენ ან რუსეთისკენ - წაყვანა, რადგან დასავლეთ და აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობა, შეიძლება ითქვას, რომ ერთმანეთს აბალანსებს (ამის გამო იყო, რომ იუშჩენკოს პროდასავლურმა კურსმა არ გაამართლა). სწორედ ამიტომ, ვარაუდი, რომ უკრაინა რუსეთის გავლენის სფეროდ გადაიქცეოდა, არ გამართლდა. იანუკოვიჩი რუსეთისა და დასავლეთის ინტერესების დაბალანსებას ცდილობს. უკრაინაში ხელისუფლების ცვლილებამ გავლენა საქართველოზეც იქონია - ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა პრაგმატულით შეიცვალა. ეს ფაქტი კი იზოლაციაში მყოფი საქართველოსთვის განსაკუთრებით მძიმე გამოდგა. კატინის ტრაგედიამ თითქმის ანალოგიური შედეგი გამოიღო - რუსეთსა და პოლონეთს შორისაც ურთიერთობები გამოსწორდა. ლეხ კაჩინსკის მსგავსად, პოლონეთის ახალი ხელისუფლება საქართველოს გამო რუსეთთან ურთიერთობებს არ იუარესებდა და ამას არც მომავალში უნდა ველოდეთ. მოკლედ, უკრაინაში და პოლონეთში განვითარებულმა მოვლენებმა ისედაც მძიმე პოლიტიკური იზოლაცია კიდევ უფრო დაამძიმა.
მაშინ, როცა იზოლაციისგან გამოწვეულმა შოკმა უზარმაზარ მაშტაბებს მიაღწია, საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინასთან და ბელორუსთან მიმართებაში საკმაოდ საინტერესო პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა. ინიციატივა, შეგვიძლია, იზოლაციიდან თავის დაღწევის მორიგ მცდელობად შევაფასოთ, თუმცა ფაქტია, რომ საინტერესო გადაწყვეტილებაა. ვიქტორ იანუკოვიჩისთვის დაბადებისდღის მილოცვამ და ლუკაშენკოსთან დაუგეგმავმა ვიზიტმა გარკვეული პოლიტიკური შედეგი გამოიღო - საქართველოს უკრაინის დელეგაცია ეწვია, ხოლო ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და ბელორუსს შორის ურთიერთობები აქტიურ ფაზაში გადავიდა, რაც, რაღა თქმა უნდა, მისასალმებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ლუკაშენკომ კიდევ ერთი საპრეზიდენტო ვადა მოიპოვა. პრეზიდენტის საინტერესო პოლიტიკური ნაბიჯის მიუხედავად, საქართველოსთვის დასავლეთის გამოუცხადებელი პოლიტიკური იზოლაცია კვლავ გრძელდებოდა.
და აი, 5 ივლისს გარდამტეხი მომენტი დადგა - ჰილარი კლინტონის ვიზიტმა, რომელმაც თბილისში რუსეთს „ოკუპანტი უწოდა“, საქართველოს პოლიტიკური იზოლაცია დაასრულა. საქართველო საერათაშორისო პოლიტიკურ არენაზე „დაბრუნდა“. ამის შემდეგ იწყება მაღალი რანგის სტუმრების ვიზიტები, საქართველოში რუსეთის ქმედებების შესაფასებლად დასავლეთში ტერმინ „უკუპაციის“ დამკვიდრება, სხვადსხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციების მიღება და ა.შ. საქართველოს საერთაშორისო არენაზე „დაბრუნება“ დააგვირგვინა, ნოემბერში, ნატოს ლისაბონის სამიტზე, ობამა-სააკაშვილის შეხვედრამ, რომელიც სავარაუდოდ ამერიკის შიდა მოხმარებაზე იყო გათვლილი, თუმცა შეხვედრიდან მოსკოვმაც მნიშვნელოვანი გზავნილები ამოიკითხა - საქართველომ „გადატვირთვისთვის“ შეწირული მსხვერპლის როლში ყოფნა საბოლოოდ დაასრულა. წლის მნიშვნელოვან მოვლენებს შორის აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ ევროპარლამენტში სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა და ქართული სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ განსაკუთრებით დადებითად იმოქმედებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე.
წლის მნიშვნლოვან მოვლენებს შორის აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები, რადგან მისი მნიშვნელობა, განსაკუთრებით საქართველოს ტიპის ქვეყნებისთვის, რომელთა საერთაშორისო იმიჯზეც მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ქვეყნის ბედი, უდაოდ დიდია. ქვეყანა, რომელიც აქცენტს აკეთებს ტურიზმზე და „დემოკრატიის შუქურად“ ყოფნის პრეტენზია აქვს მნიშვნელოვანი ორგანიზაციების კვლევებში დადებით შეფასებას უნდა იმსახურებდეს. განვიხილოთ რამდენიმე ორგანიზაციის კვლევის შედეგები. 2010 წელს ჟურნალ „foreign policy”-ისა და „მშვიდობის ფონდის“ ყოველწლიური პროექტის „ბარათები ჯოჯოხეთიდან“ კვლევაში საქართველომ გარკვეულ წარმატებას მიაღწია - კვლევაში 37-ე ადგილი დაიკავა, რაც უდაოდ მნიშვნელოვანი წინსვლაა 2009 წლის 33-ე ადგილთან შედარებით. სამწუხაროდ, წელსაც, ისევე როგორც შარშან, საქართველო წითელი ფერით აღნიშნულ საგანგაშო ზონას კვლავ ვერ გასცდა. ფაქტია, რომ კვლევაზე კვლავ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგები, თუმცა აღსანიშნავია, რომ თავისუფალი არჩევნების და მედიის მდგომარეობის მხრივ წელსაც საქართველო საკმაოდ მაღალი (უარყოფითი) ინდექსით შეფასდა. საქართველოში თავისუფალი მედიის მდგომარეობა „ჟურნალისტების დაცვის საერთაშორისო კომიტეტმაც“ უარყოფითად შეაფასა. ორგანიზაცია, საქართველოს ხელისუფლებას მედიის მანიპულირებაში ადანაშაულებს. გარდა ამისა, კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ ქვეყნის ძირითადი ტელევიზიების საინფორმაციო გამოშვებებს ხელისუფლება აკონტროლებს. ჟურნალ economist-ის ყოველწლიური დემოკრატიული ინდექსის მიხედვით საქართველომ მართალია ერთადგილიანი წინსვლა განიცადა და 104-ის ნაცვლად, 103-ე ადგილზე გავიდა, თუმცა კვლავ სამარცხვინო ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ კვლევაზე გავლენას ახდენს ხელისუფლების ლეგიტიმაციის პრობლემა ანუ ის ფაქტი, რომ მთავრობა მთელი ქვეყნის მაშტაბით იურისდიქციას ვერ ავრცელებს, თუმცა მედია და არჩევნები კვლავ დაბალი ინდექსით ფასდება. საერთო შეფასებისთვის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2010 წელს საერთაშორისო კვლევებში საქართველომ უმნიშვნელო წინსვლა განიცადა, მაგრამ ეს არ გვაძლევს ამ კუთხით წლის დადებითად შეფასების საშუალებას, რადგან ჯამში საქართველო დემოკრატიისა და მედიის კუთხით კვლავ ნეგატიურ ინდექსებს ანიჭებენ. ამ მიმართულებით წლის უკეთ შეფასებისთვის სჯობს დაველოდოთ 2011 წელს, რადგან ზოგიერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაცია 2010 წლის შემაჯამებელ დოკუმენტს, სწორედ ახალი წლის დასაწყისში გამოაქვეყნებს.
ასე რომ, 2010 წლის პოლიტიკურად წარმატებულად შეფასება სულ მცირე ერთი მიზეზის გამო შეიძლება - წელს საქართველოს თითქმის 2-წლიანი პოლიტიკური იზოლაცია დასრულდა. თუმცა, იმედია, ეს ფაქტი ხელისუფლებას კმაყოფილების საბაბს არ მისცემს, უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს დემოკრატიულ განვითარებას და 2011 წელსაც დემოკრატიაზე მეოცნებე ქვეყნად არ დავრჩებით.
















