ქვეყანაში სამეცნიერო და მოქალაქეობრივი პატიოსნების დეფიციტია!
ნიკო ნიკოლაძე (1843-1928): ,,საზოგადოებისა და ლიტერატურის ნორმალური ზრდის დროს ყოველი ახალი თაობა იმით არის უფრო ნაყოფიერი წინამორბედზე, რომ პირველი ნაბიჯებისთანავე სარგებლობს წინაპრების შრომის ნაყოფით. მომარაგებულია იმათი დაგროვილი ცოდნით. გაძლიერებულია იმათი მემკვიდრეობით და შემდგომ გზას იწყებს იმ პუნქტიდან, სანამდე მამებმა მიაღწიეს. ასეა ცივილიზებულ ადამიანებში. წერა-კითხვის უცოდინარ ველურებში კი ყოველი ახალი თაობა ასპარეზზე ტიტველი, დედიშობილა გამოდის, სრულებით უცოდინარი წინაპართა საქმეების, ამოცანების და გამოცდილებისა. გამოდის მხოლოდ იმ ღატაკი მარაგით არეულდარეული ცნებებისა, რაც ზეპირგადმოცემით ერგოთ მამებთან საუბარში და უფრო მეტად ბებიების ზღაპრებით. ამის შემდეგ მათ არ აქვთ და არც შეიძლება ჰქონდეთ მემკვიდრეობითი პროგრესი“.თანამედროვე ქართული ჰუმანიტარული აზროვნების წარმომადგენელთა იმ ნაწილის კმაყოფილი რომ არ გახლავართ, რომელიც ქვეყნის ამჟამინდელ საშინაო, საგარეო, სამეურნეო, საგანმანათლებლო პოლიტიკას განსაზღვრავს, arc daგვimlavs da ვფიქრობ, მკაფიოდ გვაქვს ჩამოყალიბებული არაერთ საჯარო პუბლიკაციაში. მათ შორის - ელექტრონულ მედიაში. სიზუსტისათვის: ცნებაში - "თანამედროვე ქართული ჰუმანიტარული აზროვნება" - ვგულისხმობთ არასაბუნებისმეტყველო სპეციალობათა იმ წარმომადგენლებს, რომლებიც არათუ თავს არ იწუხებენ თანამედროვე ევრო-ატლანტიკური, - ტექნოგენური ცივილიზაციის - საფუძვლებზე ცოდნის შეძენაზე, არამედ აბსოლუტური უმრავლესობა მათგანისათვის ძლიერ ბუნდოვანია ორთქლის მანქანის, შიგაწვის ძრავების, საფრენი აპარატების, სამრეწველო დანიშნულების ელექტროდენის გენერაციის, ანტიბიოტიკების, ელექტრონული მილაკების/ტრანზისტორების, მიკროსქემების, კომპიუტერული ტექნოლოგიების და ა.შ. არამარტო მუშაობის პრინციპები, არამედ ამ ტექნოლოგიების პიონერთა და პრაქტიკაში (ყოველდღიურ ცხოვრებაში) დამამკვიდრებელ დიდ პიროვნებათა სახელებიც: სადი კარნო, ჯეიმს უატი, მაიკლ ფარადეი, რობერტ ფულტონი, ნიკოლას-ავგუსტ ოტო, კარლ ბენცი, გოტლიბ დაიმლერი, ჰენრი ფორდი, ლუი პასტერი, ნიკოლა ტესლა, თომას ალვა ედისონი, გულელმო მარკონი, ვილლი მესერშმიტი, ვერნერ ფონ ბრაუნი, ენრიკო ფერმი, ჯონ ფონ ნეიმანი, ჩარლზ ბებიჯი, ჯონ მოკლი და ჯონ ეკერტი, უილიამ შოკლი (William Shockley), ჯონ ბარდინი (John Bardeen) და უოლტერ ბრეტეინი (Walter Brattain), ჯეკ კილბი (Jack Kilby 1923-2005), რობერტ ნოისი, სტივ უოზნიაკი და სტივ ჯობსი (მხოლოდ მეხსიერებით!) და სხვა, უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო აღმოჩენათა ავტორთა და გამომგონებელთა სახელები და მათი წვლილი ტექნოგენურ ცივილიზაციაში.
ოცწლიანი დამოუკიდებლობის მქონე საქართველოს უახლეს ისტორიაში წესად დამკვიდრდა, რომ რაც უფრო დისტანცირებულია პიროვნება ტექნოგენური ცივილიზაციის საფუძველთა და თანამედროვე სამეწარმეო ტექნოლოგიების სფეროს ცოდნისაგან, მით უფრო მაღალ პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ პოსტებზეა წარმოდგენილი.
ახალგაზრდა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოებრიობის ბალავარში ჩადებული ეს ნაღმი, შენელებული მოქმედებისაა - პირდაპირი და ყველა გაგებით. იგი საქართველოს საზოგადოებაში არსებული ინტელექტუალური რესურსების გამოვლენის და გააქტიურების - სახელმწიფო აღმშენებლობაში ჩართვის - წინააღმდეგაა მიმართული.
ჩვენ ნაღმებისმძებნელად წარმოვდექით?!
ქვეყანაში ინჟინერ-მკვლევარის კვალიფიკაციაზე რეალური (და არა ფსევდო) მოთხოვნის არარსებობის ვითარებაში, სამწუხაროდ, ასეა: ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში არ ერიდებიან იმ სისულელის ხმამაღლად გაცხადებას, რომ 21-ე, ეკონომიკური გლობალიზაციის, მაღალი სამეწარმეო კუტურის და ციფრული საინფორმაციო ტექნოლოგიების ეპოქაში, სახელმწიფო-სამერნეო უწყებათა ხელმძღვანელ-მენეჯერებად პოლიტიკოსები უნდა ინიშნებოდეს!!!
პოლიტიკოსები?! ქართული და არა ევროატლანტიკური გაგებით: მათ უმრავლესობას მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს ყოვლივე ზემოთაღნიშნულზე და უმნიშვნელოვანესწილად მხოლოდ მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციის შეფასება-ანალიზი-გამოყენებაზე არიან კონცენტრირებულები. ისიც თუ არიან! რადგანაც ქვეყნის პირველი პირისადმი და აზროვნების სტილისადმი მათი ლოიალობა-ერთგულება, საფუძველშივე გამორიცხავს მათში სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადაწყვეტილებების შემუშავებისათვის აუცილებელი აზროვნების თავისუფლების და პოლიტიკური ნების ფორმირების პროცესს: რა საჭიროა იმაზე ტვინის ჭყლეტა, რასაც არათუ არავითარი პიროვნული სარგებლობა არ მოაქვს, არამედ სახიფათოცაა სამსახურეობრივი კარიერისათვის?!
არასრულფასოვანმა საბაზისო განათლებამ - ფსევდოჰუმანიტარულმა ცოდნამ - და თანამედროვე საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაში სახელმწიფოებრივი შეგნების მწვავე დეფიციტმა, განაპირობა კიდეც ეს პარადოქსი - ფსევდოჰუმანიტართა "მმართველობა". ვითარება, რომელშიაც წლების მანძილზე, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, ქვეყნის პირველი პირი პარლამენტარებს და მოსახლეობას განუმარტავს ქვეყანაში ტურიზმის განვითარების ანა-ბანას და ოპოზიციური პარტიების ოპონენტების დარად, არც კი ახსენებს ცნებებს - "სამრეწველო დარგები", "მანქანათმშენებლობა".
ამ, ურთულეს რეალობაში და მის განმაპირობებელ მიზეზებში ორიენტაცია-გარკვევა, საქართველოში არსებულ მთელ სამეცნიერო და მოქალაქეობრივი პატიოსნების კაპიტალის კონცენტრაციას ითხოვს. ძალზე ძლიერია ამ რეალობების, ვითომდა, მხოლოდ გარეშე (ეგზოგენური) ფაქტორებით განპირობებულობის მომხრე-სპეკულატორთა ინტერესები და გავლენა! მაგრამ არა დაუძლეველი იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მათი მოტივაცია და აზროვნება, ზედაპირული და ანტისახელმწიფოებრივია.
ქართული სახელმწიფოებრიობის გაძლიერების ჩვენი რწმენა და მცდელობები, ყოველთვის შიდა სახელმწიფოებრივ (ენდოგენურ) ფაქტორთა კვლევა-ძიებას და საზოგადოებრივ ცნობიერებამდე მიტანას ისახავდა მიზნად.
ახლაც ამ გზაზე სვლას ვაგრძელებთ. ორი მაგალითი:
1. ქართული უნივერსიტეტის დაარსების (1918 წ.) ისტორიის დეტალების სერიოზული მკვლევარი, სატელევიზიო საუბარში აცხადებს, რომ უნივერსიტეტის დაფუძნების მოსამზადებელ სამუშაოთა მსვლელობისას გაირკვა, რომ მაშინდელი მოწინავე საზოგადოების ნაწილი ეჭვს გამოთქვამდა ჰუმანიტარული პროფილის უნივერსიტეტის დააარსების მიზანშეწონილობის თაობაზე. ამ კონტექსტში მოხსენიებული იქნა ნიკო ნიკოლაძე, რომელსაც - მკვლევარის განმარტებით - იმ ეტაპზე მიზანშეწონილად მიაჩნდა პოლიტექნიკური სასწავლებლის დააარსება და შემდგომ ამისა ჰუმანიტარულის.
უნივერსიტეტის დაარსების ისტორიის მკვლევარს, ქართულენოვან სატელევიზიო მაუწყებლობათა ცნობილი ზედაპირულობის გამო, არ მიეცა საშუალება (თუ ვერ ჩაწვდა საერთოდაც!) გამოეხატა, რომ ნიკო ნიკოლაძის - ევროპულ და რუსულ გამომცემლობებში აღიარებული პუბლიცისტის, ფოთის პორტის და ქ. ფოთის, ქ. ტყიბულის, საქართველოს წიაღისეული რესურსების დამუშავების და რეალიზაციის თაოსანი კაცის აზრი, მაშინაც და დღესაც, უაღრესად წონადი, პატივსაცემი და ანგარისგასაწევია!!!
2. "ამ რიონჰესით და ხუდონჰესით,/ სურთ საქართველოს აუგონ წესი / ... მალე გვექნება მინაძე-ჰესი" და ა.შ. (მოგვყავს მეხსიერებით!).
სატელევიზიო საუბრის მონაწილის და ამ სტრიქონების ავტორის პერსონიფიცირებისაგან შეგნებულად თავს ვიკავებთ.
აზროვნების მიმართულება ხომ საერთოქართულია!
PP.s. ჰუმანიტართა ჩვენთვის საპატივცემულო ნაწილის საყურაღებოდ: სათქმელის გამოხატვის მრავალთათვის უჩვეულო, რთულ-ქვეწყობილ წინადადებათა ფორმა, ეკონომიკურად დაწინაურებული ერების სამეცნიერო-ტექნოლოგიურ ჟურნალისტიკაში ფართოდ მიღებული ფორმაა, რაც ბუნებრივია, არ გვათავისუფლებს იმ პასუხისმგებლობისაგან, რომ ვწეროთ ქართული ენის ტრადიციულად დამახასიათებელი სისადავითა და სიმარტივით, ოღონდ არა ტექსტის შინაარსის გაღარიბების (რიგ შემთხვევებში - პროფანაციის!) ხარჯზე.

















კომენტარები
უნდა იკითხებოდეს - "ფოთის პორტის და ქ. ფოთის, ქ. ტყიბულის ამშენებლის" …შემდეგ, როგორც ტექსტშია. ციტირება