საქართველოს დაბალი სოციალური კაპიტალის უმთავრესი მიზეზი, რა თქმა უნდა, კომუნისტური წარსულია, ანუ დრო, როცა ადამიანებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ სხვადასხვა ორგანიზაციებში აწევრიანებდნენ, ხოლო დღეს, როცა ორგანიზაციებში გაწევრიანების ვალდებულება აღარ არსებობს, მოქალაქეებს ორგანიზაციებში გაწევრიანების, ანუ უცხო ადამიანებთან თანამშრომლობის ინსტიტუციონალიზების სურვილი აღარ აქვთ.
კომუნისტური წარსული უდიდეს გავლენას ახდენს არამარტო საქართველოს, არამედ პოსტკომუნისტური ქვეყნების სოციალურ კაპიტალზე, რადგან, როგორც კვლევების მიხედვით დგინდება, პოსტკომუნისტურ ქვეყნებში სოციალური კაპიტალის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, ვიდრე მსოფლიოს სხვა რეგიონებში, ანუ განსხვავებული წარსულის მქონე საზოგადოებებში. მაგალითად, პოსტავტორიტარულ ქვეყნებში, სადაც სოციალური კაპიტალის შედარებით მაღალი მაჩვენებელია.
პოსტკომუნისტური საზოგადოებების ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო მკვლევარი მარკ ჰოვარდი ასახელებს სამ მიზეზს, რომელიც სოციალური კაპიტალის დაბალ მაჩვენებელს იწვევს. პირველი, კომუნისტური წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე, მოქალაქეები უნდობლობით ეკიდებიან სხვადასხვა სახის ორგანიზაციებს, შესაბამისად, არ სურთ მასში გაწევრიანება.
მეორე, კომუნისტურ ეპოქაში არსებულ უნდობლობის გარემოში ჩამოყალიბდა მტკიცე მეგობრული/კლანური კავშირები, რომლებიც პოსტკომუნისტურ ეპოქაში კიდევ უფრო გაძლიერდა. მესამე, „პოსტკომუნისტური იმედგაცრუება“ - კომუნიზმის დასრულების შემდეგ წარმოქმნილმა სისტემამ მოქალაქეთა იმედები ვერ გაამართლა. მათ სჯეროდათ, რომ ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა მათთვის სასურველ იდეალებზე დაფუძნდებოდა, თუმცა გარდამავალმა პერიოდმა მოქალაქეთა იმედგაცრუება გამოიწვია, რამაც, თავის მხრივ, მოქალაქეთა დემობილიზაციას შეუწყო ხელი. ჰოვარდი ამტკიცებს, რომ პოსტკომუნისტურ სივრცეში სოციალური კაპიტალის დაბალ მაჩვენებელს სწორედ ეს სამი ფაქტორი განაპირობებს. ჰოვარდის არგუმენტებს ამ სფეროს თითქმის ყველა მკვლევარი იზიარებს.
მკვლევარები უახლოეს მომავალში პოსტკომუნისტურ სივრცეში სოციალური კაპიტალის მაჩვენებლის გაზრდის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილნი, თუმცა ზოგიერთი მათგანი ასახლებს მექანიზმებს, რომელთაც შესაძლოა ხელი შეუწყონ სოციალური კაპიტალის გაძლირებას. უპირველეს ყოვლისა კი, ესენია, თაობათა ცვლის პროცესი და ადგილობრივი ორგანიზაციების ინსტიტუციური გაძლიერება.
რა არის სოციალური კაპიტალი?
სოციალური კაპიტალის მრავალი განსხვავებული დეფინიცია არსებობს. სწორედ ამიტომ, ცნების უკეთ გასაგებად განვიხილოთ რამდენიმე მათგანი.
რობერტ პუტნამი სოციალურ კაპიტალს ასე განსაზღვრავს: „მაშინ, როცა ფიზიკური კაპიტალი აღნიშნავს ფიზიკურ ობიექტებს, ადამიანური კაპიტალი აღნიშნავს ინდივიდის საკუთრებას, სოციალური კაპიტალი აღნიშნავს ინდივიდებს შორის კავშირს. ამ კუთხით სოციალური კაპიტალი დაკავშირებულია „სამოქალაქო სათნოებასთან“ (civic virtue). მათ შორის განსხვავება არის ის, რომ სამოქალაქო სათნოება მაშინ ძლიერდება, როცა აღმოცენდება სოციალური კავშირები. საზოგადოება, რომელსაც გააჩნია მრავალი სათნოება, მაგრამ ინდივიდები იზოლირებულნი ცხოვრობენ, სოციალური კაპიტალის კუთხით მდიდარი არ არის“.
პუტნამის აზრით, სოციალური კაპიტალი ნიშნავს სოციალური ცხოვრებისთვის დამახასიათებელ ნიშნებს - კავშირებს, ნორმებს და ნდობას, რომლებიც მასში მონაწილეებს საერთო მიზნის მისაღწევად ეფექტიანად მოქმედების საშუალებას აძლევს. კავშირები, ნორმები და ნდობა საზოგადოების გარკვეულ ნაწილს აკავშირებს, ხოლო მათი თანამშრომლობა ემსახურება საერთო და ფართოდ მიღებული ინტერესების მიღწევას. „სოციალური კაპიტალი განსაზღვრავს მოქალაქეების ურთიერთობას ერთმანეთთან, და არა მათ მონაწილეობას პოლიტიკაში. მაგალითად, არჩევნებში მონაწილეობა პოლიტიკური ჩართულობის გამოხატულებაა, თუმცა არ ქმნის სოციალურ კაპიტალს, ხოლო მეგობრებთან ან თანამშრომლებთან ერთად დასვენების დროის გატარება უკვე ქმნის სოციალურ კაპიტალს“, - წერს პუტნამი.
ფრენსის ფუკუიამას აზრით, სოციალური კაპიტალი არის გარკვეული ჯგუფის წევრებს შორის საერთო წესებისა და ნორმების არსებობა, რომელებიც მათ თანამშრომლობას შესაძლებელს ხდის, თუმცა, ფუკუიამა მიიჩნევს, რომ „ნორმები, რომელიც სოციალური კაპიტალს ქმნის, უნდა გულისხმობდეს ინდივიდებს შორის ნდობის გარემოსა და მოვალეობების შესრულების ვალდებულებას.
„სოციალური კაპიტალი ნიშნავს ინსტიტუტებს, ურთიერთობებსა და ნორმებს, რომლებიც განსაზღვრავენ საზოგადოების სოციალური ინტერაქციის ხარისხსა და რაოდენობას... სოციალური კაპიტალი არ არის საზოგადოების მხარდამჭერი ინსტიტუტების ჯამი, არამედ წებო, რომელიც საზოგადოებას კრავს“, - ასე განსაზღვავს სოციალური კაპიტალის ცნებას „მსოფლიო ბანკი“.
სოციალური კაპიტალის მრავალ განსაზღვრებას სამი უმთავრესი ფაქტორი აერთიანებს. პირველი, სოციალური კაპიტალი იგება ნორმებზე, ჩვევებსა და ნდობაზე, რომელიც საზოგადოებაში აყალიბებს მნიშვნელოვან ქსელებს, რომლებიც, თავის მხრივ, ხელ უწყობენ ახალი ქსელების შექმნას.
მეორე, სოციალური კაპიტალის ორი განსხვავებული ფორმა არსებობს: 1. გამაერთიანებელი (bridging) სოციალური კაპიტალი, რომელიც აკავშირებს ინდივიდებს არამხოლოდ საკუთარი ოჯახისა და წრის წარმომადგენლებთა, არამედ საზოგადოების მათთვის უცხო წევრებთან. 2. შემაკავებელი (bonding) სოციალური კაპიტალი, რომლის დროსაც იქმნება კლანურ-ნათესაური კავშირები.
მესამე, გამაერთიანებელი სოციალური კაპიტალი გამოიხატება საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული ასოციაციების შექმნაში, რადგან მნიშვნელოვანი მიზნების მისაღწევად ადამიანთა გაერთიანებას სჭირდება გარკვეული ინსტიტუციონალიზება, რომ იმოქმედოს გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად და მოკლევადიანი პრობლემის გადაწყვეტაზე არ იყოს ფიკუსირებული.
აღსანიშნავია, რომ ცნება სოციალური კაპიტალი ახლოს დგას სამოქალაქო საზოგადოებასთან, ზოგჯერ, ამ ორ ცნებას სინონიმებადაც იყენებენ, თუმცა, რეალურად, სამოქალაქო საზოგადობა უფრო ვიწრო განმარტებაა და განისაზღვრება, როგორც ორგანიზაციების, ჯგუფებისა და ასოციაციების ფორმალურად ჩამოყალიბებული სფერო, რომელშიც ერთიანდებიან ჩვეულებრივი მოქალაქეები და არ აქვთ ეკონომიკური და პოლიტიკური სახის მიზნები.
მსგავსი ორგანიზაციები ეყრდნობიან სოციალურ კაპიტალს, მაგრამ ორ ცნებას შორის განსხვავება არის ის, რომ სოციალური კაპიტალი შესაძლოა პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროშიც გამოიხატოს, რასაც ვერ ვიტყვით სამოქალაქო საზოგადოებაზე. მაგალითად, ფერმერთა გაერთიანება აღარ იქნება სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი მას შემდეგ, რაც იგი ეკონომიკურ მოგებაზე გახდება ორიენტირებული, თუმცა ეს ორგანიზაცია სოციალური კაპიტალის შემადგენელ ნაწილად დარჩება. ასე რომ, სოციალურ კაპიტალს შეიძლება წარმოადგენდნენ ის ორგანიზაციები, რომლებიც არ შეიძლება მივაკუთვნოთ სამოქალაქო საზოგადოებას.
საქართველოს სოციალური კაპიტალი
ასოციაციებსა თუ სხვადასხვა სახის ორგანიზაციაში საქართველოს მოსახლეობის 1%-ზე ნაკლები არის გაწევრიანებული. ამ მაჩვენებლით გარდამავალ ქვეყნებს შორის საქართველო ერთ-ერთ უკანასკნელ ადგილს იკავებს.
„საქართველოში შემაკავებელი სოციალური კაპიტალის - ნდობა და თანამშრომლობა ნათესაურ-კლანური ჯგუფის შიგნით - მაღალი მაჩვენებელია. ქართველები ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები არიან... საქართველოს ცნობილი სტუმართმოყვარეობა საქართველოს ღიაობის კიდევ ერთი მაჩვენებელია... თუმცა, როცა საჭიროა გარკვეული ჯგუფის ფორმალიზება, მაგალითად, მეზობლებს ან ფერმერებს შორის, ჩნდება გარკვეული პრობლემა“, - აღნიშნულია კავკასიის კვლევითი რესურსების მიერ გამოქვეყნებულ უკანასკნელ ანგარიშში - „სოციალური კაპიტალი საქართველოში“.
როგორც ვხედავთ, საქართველოში ძირითადად შემაკავებელი სოციალური კაპიტალია, ანუ ქართველებს აქვთ კავშირები საკუთარ ნათესავებთან თუ მეზობლებთან, ხოლო უცხოებთან სისტემური თანამშრომლობისგან თავს იკავებენ, რაც გვაძლევს იმის თქმით საშუალებას, რომ საქართველოში გამაერთიანებელი სოციალური კაპიტალის ნაკლებობაა.
სწორედ ამიტომ, თემის მიზანია დაადგინოს გამაერთიანებელი სოციალური კაპიტალის ნაკლებობის მიზეზები. კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის ანგარიშში საქართველოში სოციალური კაპიტალის ნაკლებობის დასადასტურებლად ქართველ ფერმერთა მაგალითია მოყვანილი.
საქართველოში სახნავ-სათესი მიწების 50%-ზე ნაკლები მუშავდება. სამუშაო ძალის ნახევარზე მეტი სოფლის მეურნეობაზე მოდის მაშინ, როცა სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიგა პროდუქტში 10%-ზე ნაკლებია. საკვები პროდუქტების სიძვირის პრობლემის, იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად და სასოფლო-სამეურნეო წარმოების განსამტკიცებლად ხელისუფლებამ დარგში 150 მილიონი ლარის ინვესტირება გადაწყვიტა. გარდა ამისა, სამხრეთ აფრიკიდან, მათი გამოცდილების ქართველი ფერმერებისთვის გასაზიარებლად, ბური ფერმერებიც მოიწვია.
„ფული და უცხოური გამოცდილება საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან ქართველებს კვლავ საკუთარი პატარა ნაკვეთების დამუშავება ურჩევნიათ... იმისთვის, რომ ფასები შეამცირონ და გააუმჯობესონ პროდუქტიულობა, მათ თანამშრომლობა სჭირდებათ, მაგრამ თანამშრომლობა ფერხდება“, - აღნიშნულია ანგარიშში. როგორც ვხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ ფერმერების გაერთიანება თითოეულ მათგანს უფრო მეტ შემოსავალს მოუტანს, ქართველ ფერმერებს თანამშრომლობა უჭირთ.
სოციალური კაპიტალი პოსტსაბჭოთა სივრცეში
უკანასკნელი კვლევებით დასტურდება, რომ სოციალური კაპიტალის დაბალი მაჩვენებელით ხასიათდება არამხოლოდ საქართველო, არამედ თითქმის ყველა პოსტკომუნისტური ქვეყანა, ანუ პოსტსაბჭოთა საზოგადოება სოციალური კაპიტალის დეფიციტს განიცდის. ერთადერთი გამონაკლისი არის პოლონეთი, სადაც სოციალური კაპიტალის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რადგან, ფაქტია, რომ კომუნისტურ ეპოქაში, განსხვავებით ამ სივრცის სხვა რესპუბლიკებისგან, პოლონეთი იყო ავტორიტარული სახელმწიფო, ანუ სახელმწიფომ ვერ შეძლო ყველა სფეროს მონოპილიზება, რამაც გამოიწვია სამოქალქო საზოგადოების განვითარება თვით კომუნისტურ პერიოდში და გაზარდა მოსახლეობის ჩართულობის დონე. პოლონეთი ამ კუთხით დღესაც ინარჩუნებს ძლიერებას და იგი სოციალური კაპიტალის მაჩვენებლით, როგორც მოსალოდნელი იყო, პოსტავტორიტარული ქვეყნების გვერდით დგას. რაც შეეხება დანარჩენ პოსტკომუნისტურ ქვეყნებში არსებულ სოციალურ კაპიტალს, შედარებით ნათელ სურათს იძლევა World Value Surveys-ის მიერ 1995-1997 წლებში ჩატარებული კვლევა.
თუმცა, მხოლოდ პოსტკომუნისტური ქვეყნების სოციალური კაპიტალის მაჩვენებელი არაფერს მოგვცემს, სწორედ ამიტომ, პოსტკომუნისტურ სივრცეში არსებული რეალობის უკეთ აღსაქმელად, პოსტკომუნისტური ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს შევადარებ ძველი დემოკრატიებისა და პოსტავტორიტარული ქვეყნების სოციალური კაპიტალის საშუალო მაჩვენებელს, რომელიც ამავე კვლევის შედეგად დადგინდა.
World Value Surveys-ის კითხვარში მოყვანილი იყო საქმიანობის სფეროს მიხედვით ორგანიზაციათა 9 განსხვავებული ჯგუფი - რელიგიური ორგანიზაცია, სპორტული კლუბი, საგანმანათლებლო და კულტურული ორგანიზაცია, პროფკავშირები, პოლიტიკური პარტიები, გარემოს დაცვითი ორგანიზაცია, პროფესიული ასოციაცია, საქველმოქმედო ორგანიზაცია და სხვა, განსხვავებული პროფილის ორგანიზაცია. რესპონდენტებს შეეძლოთ აერჩიათ ერთი ან მეტი პასუხი, იმის მიხედვით, თუ რამდენი ორგანიზაციის წევრი იყო თითოეული მათგანი. კონკრეტული ქვეყნის შემთხვევაში გამოითვლება ორგანიზაციებში გაწევრიანებული ადამიანების საშუალო მაჩვენებელი ერთ ადამიანზე.
ამ შემთხვევაში რომელიმე ქვეყნის ცალკე განხილვა არაფრის მომცემი იქნება, სწორედ ამიტომ, განსხვავებების უკეთ წარმოსაჩენად ქვეყნებს დავყოფ რეჟიმების მიხედვით და კონკრეტულ ჯგუფში შემავალი ქვეყნების საერთო მაჩვენებელს შევადარებ დანარჩენი ორი ჯგუფის მაჩვენებელებს.
შედეგები:
დემოკრატიები: ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია, შვედეთი, ფინეთი, ნორვეგია, დასავლეთ გერმანია, შვეიცარია და იაპონია. ამ ქვეყნების საშუალო მაჩვენებელია 2.39.
პოსტავტორიტარული რეჟიმები: სამხრეთ აფრიკა, სამხრეთ კორეა, ჩილე, ბრაზილია, ესპანეთი, ურუგვაი, არგენტინა. მათი საშუალო მაჩვენებელია 1.82.
პოსტტოტალიტარული/პოსტკომუნისტური ქვეყნები: მაკედონია, აღმოსავლეთ გერმანია, სლოვენია, რუმინეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, ლატვია, რუსეთი, ესტონეთი, უკრაინა, ლიტვა. საშუალო მაჩვენებელი - 0.91.
როგორც ვხედავთ, პოსტკომუნისტური ქვეყნების, პოსტავტორიტარულ და დემოკრატიულ ქვეყნებთან შედარებით, სოციალური კაპიტალის დაბალი მაჩვენებელი შესამჩნევია.
რაც შეეხება განვითარების დინამიკას, აღსანიშნავია, რომ სოციალური კაპიტალის მაჩვენებელი კიდევ უფრო მცირდება. ეს ფაქტი World Value Surveys-ის 1995-1997 წლებისა და 1999 წლის კვლევების მიხედვითა დგინდება.
სოციალური კაპიტალის დაბალი მაჩვენებლის მიზეზები
პოსტკომუნისტური სივრცის ცნობილი მკვლევარი მარკ ჰოვარდი ასახელებს სამ მიზეზს, რომელიც სოციალური კაპიტალის დაბალ მაჩვენებელს იწვევს. პირველი, კომუნისტური წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე, მოქალაქეები უნდობლობით ეკიდებიან სხვადასხვა სახის ორგანიზაციებს, შესაბამისად, არ სურთ მასში გაწევრიანება. მეორე, კომუნისტურ ეპოქაში არსებულ უნდობლობის გარემოში ჩამოყალიბდა მტკიცე მეგობრული/კლანური კავშირები, რომლებიც პოსტკომუნისტურ ეპოქაში კიდევ უფრო გაძლიერდა. მესამე, „პოსტკომუნისტური იმედგაცრუება“. ჰოვარდის არგუმენტებს ამ სფეროს თითქმის ყველა მკვლევარი იზიარებს.
1. ტოტალიტარიზმი საზოგადოების ყველა სფეროს მონოპოლიზაციას ახდენს, რაც ავტორიტარული რეჟიმისგან ერთ-ერთი უმთავრესი განმასხვავებელი ნიშანია. ავტორიტარული რეჟიმის დროს, პოლიტიკურ სფეროს გარეთ, ყველა არასახელმწიფოებრივ სუბიექტს აქვს არსებობის საშუალება მანამდე, ვიდრე ეს უკანასკნელი რეჟიმს არ შეუქმნის საფრთხეს, ხოლო ტოტალიტარიზმი არამარტო ანადგურებს მსგავს სუბიექტებს, არამედ ცდილობს საზოგადოების ყველა სფეროში სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ორგანიზაციები შექმნას, რომელშიც, ხშირ შემთხვევაში, მოქალაქეთა გაწევრიანება საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ ხდება.
სწორედ ამიტომ, პოსტკომუნისტურ/პოსტტოტალიტარულ საზოგადოებებებში სხვადასხვა ორგანიზაციების მიმართ უნდობლობობის მაღალი ხარისხი კომუნისტური წარსულით არის განპირობებული. ადამიანებს, რომელთაც სხვადასხვა ორგანიზაციებში მათი სურვილის საწინააღმდეგ აწევრიანებდნენ, დღეს, როცა ორგანიზაციებში გაწევრიანების ვალდებულება აღარ არსებობს, მოქალაქეებს გაწევრიანების სურვილი აღარ აქვთ, რადგან ისინი, წარსულიდან გამომდინარე, აღარ ენდობიან მსგავს ორგანიზაციებს.
2. პოსტკომუნისტური ქვეყნების სოციალური კაპიტალის დაბალ მაჩვენებელი გამოვწეულია ძლიერი კლანურ/მეგობრული კავშირების არსებობა, რომლებიც კომუნიზმის ეპოქაში განვითარდა. ჰოვარდის მიხედვით, კომუნიზმის ეპოქაში საჯარო სფეროს მაღალმა პოლიტიზაციამ გამოიწვია ის, რომ ადამიანებს საკუთარი შეხედულებების გამოხატვა ვიწრო, სანდო წრეში ან ოჯახში დაიწყეს. გარდა ამისა, მსგავსი კავშირები უმნიშვნელოვანესი იყო ეკონომიკური კუთხითაც, ანუ სხვადასხვა დეფიციტური საქონლის შეძენის მიზნით. დღეს, პოსტკომუნისტურ საზოგადოებებში მსგავსი კლანური/მეგობრული კავშირები შემორჩენილია და, შეიძლება ითქვას, რომ კიდევ უფრო გაძლიერდა.
დასავლეთის განვითარებულ დემოკრატიებში სხვადასხვა ორგანიზაციებში გაწევრიანება პოლიტიკისა და კულტურის ცენტრალურ სვეტად იქცა. მოქალაქეები წევრიანდებიან იქ, რათა გაიცნონ ახალი ადამიანები და გააფართოვონ საკუთარი საჯარო აქტივობის სივრცე. პოსტკომუნისტურ ქვეყნებში კი, ადამიანები კვლავ საკუთარ კლანურ/მეგობრულ ვიწრო წრეში არიან ჩაკეტილნი, რაც აღარ უჩენთ სხვადასხვა ორგანიზაციებში გაწევრიანებისა და ახალი ადამიანების გაცნობის სურვილს, რადგან ამ მოთხოვნას საკუთარ წრეში იკმაყოფილებენ.
3. სოციალური კაპიტალის დაბალი მაჩვენებელი გამოიწვია მოქალაქეთა იმედგაცრუებამ, რომელიც კომუნისტური ბლოკის დაშლის შემდეგ განვითარებულმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა ფაქტორებმა განაპირობა. ჰოვარდი აღნიშნავს, რომ 1989-1991 წლებში ყოფილ საბჭოთა ბლოკში მომხდარ სწრაფ ცვლილებებს მოსახლეობა იმედით ელოდა. თუმცა, პოსტკომუნისტური საზოგადოებების წევრების სიხარულმა, იდეალიზმმა და იმედმა მხოლოდ სწრაფი ტრანსფორმაციის მცირე მონაკვეთს გასტანა. „ადამიანებს სწამდათ, რომ კომუნისტური პარტიის დასრულებასთან ერთად, აღმოცენებოდა ახალი დემოკრატიული და საბაზრო ინსტიტუტები, ექნებოდათ თავისუფლება, იმოგზაურებდნენ „რკინის ფარდის“ მიღმა. მათ სწამდათ, რომ ცხოვრები უკეთესობისკენ შეიცვლებოდა“, - წერს ჰოვარდი.
თუმცა, გარდაქმნების მოკლე დროის გასვლის შემდეგ, პოსტკომუნისტური საზოგადოების მრავალმა წევრმა თავი მოტყუებულად იგრძნო. საბჭოთა ბლოკის დაშლის შემდეგ წარმოქმნილმა სისტემამ იმედები გაუცრუა პოსტკომუნისტური საზოგადოებების წევრებს, რომელთაც სჯეროდათ, რომ ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა მათთვის სასურველ იდეალებზე დაფუძნდებოდა. საბოლოოდ კი, იმედგაცრუებამ მოსახლეობის დემობილიზაცია გამოიწვია, ანუ მოსახლეობას საჯარო აქტივობებისგან თავის შეკავების კიდევ უფრო დიდი მოტივაცია მიეცა.
სოციალური კაპიტალის მაჩვენებლის გაზრდის ალბათობა
რაღა თქმა უნდა, პოსტკომუნისტურ ქვეყნებში სოციალური კაპიტალის გაზრდის რამე სპეციალური ფორმულა არ არსებობს, თუმცა ზოგიერთი მკვლევარი ასახელებს იმ ფაქტორებს, რომლებმაც, მათი აზრით, შესაძლოა ხელი შეუწყოს სოციალური კაპიტალის გაძლიერებას.
პოსტკომუნისტურ სივრცეში სოციალური კაპიტალის გაზრდის პოტენციური მექანიზმი შესაძლოა თაობათა ცვლის პროცესი გახდეს, ანუ იმ ახალი თაობის წარმოჩენა, რომელსაც არ ექნება „კომუნისტური გამოცდილება“, შესაბამისად, არ განიცდის ფსიქოლოგიურ წნეხსა თუ წარსული გამოცდილების საფუძველზე აღმოცენებულ უნდობლობას სხვადასხვა ორგანიზაცების მიმართ.
თუმცა, ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ, ერთი მხრივ, თაობათა ცვლის პროცესს, ოპტიმალურ პირობებშიც კი, დასჭირდება ათეულობით წლები, ხოლო, მეორე მხრივ, ამ პროცესმა შესაძლოა სოცალური კაპიტალის გაძლიერებას ხელი არ შეუწყოს, რადგან თვლიან, რომ პოსტკომუნისტურ საზოგადოებებში ახალგაზრდობის არსებული მდგომარეობა ჯერ კიდევ შესასწავლია.
სოციალური კაპიტალის გაძლიერების მეორე, პოტენციურ მექანიზმს მკვლევარი მარკ ჰოვარდი ასახელებს. ჰოვარდი თვლის, რომ პოსტკომუნისტური მოქალაქის ჩართულობის გასაზრდელად ფუნდამენტური მოთხოვნა არის სხვადასხვა ორგანიზაციების მიმართ ადამიანთა დამოკიდებულების შეცვლა, ანუ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება. თუმცა, ნაკლებია ალბათობა, რომ მოქალაქეთა პოზიტიური დამოკიდებულება მარტივად, ან თუნდაც, ზემოთ მოყვანილი, თაობათა ცვლის პროცესით ჩამოყალიბდეს.
ჰოვარდი ამტკიცებს, რომ პოსტკომუნისტურ ქვეყნებში კომუნიზმის დასრულების შემდეგ სხვადასხვა ორგანიზაციების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა, თუმცა ისინი ძირითადად დასავლური ორგანოზაციებისა და სხვადასხვა ფონდების მიერ შეიქმნა, შესაბამისად, ისინი ფინანსურად ამ ორგანიზაციებზე არიან დამოკიდებულნი. გარდა ამისა, უცხოური ფონდებიდან, რომელთაც გათვიცნობიერებული არ აქვთ პოსტკომუნისტური სივრცის სპეციფიკა, ეძლევათ სხვადასხვა ინიციატივები ამ ორგანიზაციებს.
სწორედ ამიტომ, ჰოვარდი თვლის, რომ მსგავსი ინიციატივების არსებობის პირობებში ადგილობრივ ორგანიზაციებს უჭირთ მოსახლეობის დაინტერესება და მათი ჩართულობის დონის გაზრდა. მეტიც, ეს ორგანიზაციები საკუთარი დამფინანსებლების ინტერესების დაკმაყოფილებას უფრო ცდილობენ, ვიდრე მათ აქტივობებში მოქალაქეთა ჩართვას.
„ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ახალი ორგანიზაციები, რომელთაც დასავლეთიდან აფინანსებენ, ხაზს უსვამენ საკუთარ ანტიკომუნისტურ ხედვას და აკრიტიკებენ კომუნისტურ ეპოქაში ადამიანთა ცხოვრების წესს, რადგან ამტკიცებენ, რომ იგი არ არის დემოკრატიასთან შესაბამისობაში. მსგავსი ქმედებები ადამიანთა კლანურ/მეგობრული კავშირების ინტენსივობას კიდევ უფრი ზრდის“, - წერს ჰოვარდი.
მისი აზრით, კომუნისტური სისტემის პრობლემების დასაძლევად საჭიროა ადამიანებს გააგებინონ, რომ საჭიროა ახალი ცხოვრების დაწყება, მაგრამ ადამიანთ ცხოვრების სტილისა და ღირებულებების დაგმობას მოაქვს საპირისპირო შედეგი - იწვევს კიდევ უფრო მეტ გაურკვეველობასა და საჯარო სფეროსგან გაუცხოვებას. აღსანიშნავია, რომ ბევრი ორგანიზაცია არ აკეთებს მკვეთრ ზღვარს ადამიანების პირადი ცხოვრებისა და კომუნისტურ სისტემის კრიტიკას შორის. ასე რომ, სანამ ამ ორი თემის მკაცრი გამიჯვნა არ მოხდება და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები არ მოახდენენ მოქალაქეთა ღირებულებების გათვიცნობიერებას, მანამდე მოქალაქეთა მობილიზაცია და საჯარო აქტივობებში ჩართვა კვლავ რთული იქნება.
დასკვნა
საქართველოში სოციალური კაპიტალის დაბალი მაჩვენებლის მთავარი მიზეზი კომუნისტური წარსულია, რადგან წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე დღეს მოქალაქეები სხვადასხვა ორგანიზაციებს უნდობლობით ეკიდებიან.
ფაქტი დასტურდება პოსტკომუნისტური ქვეყნების სოციალური კაპიტალის მაჩვენებლის სხვა ქვეყნებთან, განსხვავებული წარსული მქონე საზოგადოებებთან, შედარებისას. როგორც დავინახეთ, დემოკრატიულ და პოსტავტორიტარულ ქვეყნებთან შედარებით, პოსტკომუნისტურ ქვეყნებს სოციალური კაპიტალის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვთ.
სოციალური კაპიტალის დაბალი მაჩვენებლის სამი მიზეზი არსებობს. პირველი, წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე ადამიანები უნდობლობით ეკიდებიან ორგანიზაციებს. მეორე, კომუნისტურ ეპოქაში განვითარდა მეგობრულ/კლანური კავშირები, რომლებიც დღესაც ინარჩუნებენ სიძლიერეს. მესამე, „პოსტკომუნისტური იმედგაცრუება“.
სოციალური კაპიტალის მაჩვენებლის გაზრდის სპეციალური ფორმულა, რაღა თქმა უნდა, არ არსებობს, თუმცა ზოგიერთი მკვლევარი რამდენიმე მექანიზმს ასახელებს. პირველ რიგში, ერთ-ერთ მექანიზმად შესაძლოა იქცეს თაობათა ცვლის პროცესი, მაგრამ მკვლევართა ნაწილი ამ ფაქტს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რადგან თვლის, რომ პოსტკომუნისტურ საზოგადოებებში ახალგაზრდების მდგომარეობა შესასწავლია.
მექანიზმი, რომელზეც, შეიძლება ითქვას, რომ თანხმობა არსებობს, ეხება ამ ქვეყნებში არსებული ორგანიზაციების სპციფიკის შეცვლასა და უფრო მეტი ყურადღების მიქცევას არა უცხოური დამფინანსებლების, არამედ მოქალაქეების ინტერესების მიმართ.
***
უნდა აღინიშნოს, რომ წინამდებარე თემა მიზნად არ ისახავდა პრობლემის სიღრმისეულ ანალიზს, არამედ პრობლემის წარმოჩენას, მისი მიზეზებისა და გადაჭრის გზების დასახელებას. სიღრმისეული ანალიზისთვის საჭიროა შემდეგი საკითხების შესწავლა.
- საქართველოში ძლიერია შემაკავებელი სოციალური კაპიტალი, მაგრამ არ არსებობს გამაერთიანებელი სოციალური კაპიტალი. თემამ წარმოაჩინა მხოლოდ პრობლემა, რომელიც ეხება გამაერთიანებელ სოციალურ კაპიტალს, მაგრამ ქართველი საზოგადოების პრობლემის უკეთ აღსაქმელად საჭიროა სოციალური კაპიტალის თითოეული ფორმის უკეთ განხილვა და მათი დადებითი და უარყოფითი მხარეების გაანალიზება.
- საჭიროა, იმის განხილვა, თუ რა დადებით და უარყოფით როლის შესრულება შეუძლია სოციალურ კაპიტალს.
- თემაში მოყვანილია ქართველ ფერმერთა მაგალითი, თუმცა პრობლემის უკეთ აღსაქმელად საჭიროა სხვა, განსხვავებული მაგალითების მოყვანა და ამ ჯგუფებში კვლევის ჩატარება.
- დაბალი სოციალური კაპიტალის მიზეზების გაანალიზებასთან ერთად, საჭიროა, იმის შესწავლა, თუ კონკრეტულად როგორ გავლენას ახდენენ ეს ფაქტორები ქართველი საზოგადოების წევრებზე.
- საჭიროა ქართველ საზოგადოებაში კვლევის ჩატარება იმის დასადგენად, არსებობს თუ არა დაბალი სოციალური კაპიტალის სხვა გამომწვევი მიზეზები.
- პრობლემის გადაჭრის მექანიზმების განხილვის შემდეგ, საჭიროა, ამ მექანიზმების საქართველოს კონტექსტში განხილვა, ანუ ახალგაზრდების შეხედულებათა და რამდენიმე ქართული ორგანიზაციის მუშაობის სპეციფიკის შესწავლა.
1. “The weakness of civil society in post-communist europe”, Mark Morje Howard, Cambridge University press, 2003.
2. “Tuning in, Tuning out: The strange disappearance of social capital in america”, Robert D. Putnam, 1995.
3. „robert putnam, social capital and civic community“, http://www.infed.org/thinkers/putnam.htm, accessed May 20.
4. „Social Capital and Civil Society“, Francis Fukuyama, The Institute of Public Police, George Mason University, October 1, 1999, http://www.imf.org/external/pubs/ft/seminar/1999/reforms/fukuyama.htm#I, accessed May 19.
5. “An Assessment of Social Capital in Georgia - 2011”, Caucasus Research Resource Centers, 2011.
6. Authoritarian Communism, Ethical Civil Society, and Ambivalent political Society: Poland, from “Problems of Democratic Transition and Consolidation: Southern Europe, South America, and Post-Communist Europe”, Juan J. Linz and Alfred Stepan, Johns Hopkins University Press, 1996.
7. “Georgia's not-so-big society”, The Economist, http://www.economist.com/blogs/easternapproaches/2011/04/social_capital_georgia, accessed May 17.
8. Comparative Development of Post-communist Civil Societies, ANDREW T. GREEN, Carfax Publishing, 2002.
9. Civil Society and Democratic Transition in East Central Europe, Michael Bernhard, Political Science Quarterly, Vol. 108, No. 2, 1993.
10. Socialization for Participation? Trust, Membership, and Democratization in East-Central Europe, Natalia Letki, Political Research Quarterly, Vol. 57, No. 4, 2004.
















