ბატონო სოსო, როგორ შეაფასებდით ხელისუფლების მიერ ბოლო დღეებში გადადგმულ ნაბიჯებს? მხედველობაში მაქვს განხორციელებული საკადრო ცვლილება და სავარაუდო საკადრო ცვლილებებზე პრესაში ატეხილი აჟიოტაჟი. თქვენი აზრით, საერთოდ, რა ხდება ხელისუფლების კულუარებში?
აგვისტოში, როცა ყველას გვცხელოდა, ჩვენზე მეტად სიცხის პრობლება ხელისუფლებას ჰქონდა - ბუნებრივ სიცხეს ამძაფრებდა ის ვითარება, რომელშიც დღეს ხელისუფლება საქმიანობს. არ გახლავთ მარტივი, მოუარო ყველა იმ პრობლემას, რომლის დაგროვებისთვის ხელისუფლებას საკმარისი დრო ჰქონდა. მაშინ, როცა თავსატეხს თავიდან იჩენ და ავად თუ კარგად დაბინავებულ დევნილებს უბადრუკი საცხოვრებლიდან ისევ აჰყრი, თანაც ველური მეთოდებით, რასაკვირველია, ამ გადაწყვეტილების ავტორებს სიცხე უფრო შეაწუხებთ.
მიუხედავად იმისა, რომ მივესალმები წესრიგის დამყარებას ქუჩის ვაჭრობაში, ბარბაროსობა, რომელიც ვიხილეთ ქუჩებში და მუშტი-კრივი ხანშიშესულ მოვაჭრეებთან, ცხადია, ღირსებას არ მატებს არც ერთი ქვეყნის ხელისუფლებას და ასეთ სიცხეში მათ სუნთქვას ურთულებს. ხელისუფლების მხრიდან ბევრი ისეთი ნაბიჯი გადაიდგა, რომელიც არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის იყო შემონახული. ჩვენ, როგორც საზოგადოების წევრები და მოქალაქეები, დიდი ხანია, საკუთარი ხელისუფლებისთვის არ ვართ რამე ტიპის ფასეულობა. ჩვენ საინტერესო ვართ მათთვის, როგორც ამომრჩევლები.
ამომჩევლებო, არჩევნები დამთავრდა, საკუთარ რჩეულთა გეშინოდეთ!
გამომდინარე იქიდან, რომ ტურისტული სეზონია, ხელისუფლებამ საკუთარი გართობისთვის შესანიშნავი პირობები შეიქმნა. პრაქტიკულად, მათ დროის დიდი ნაწილი შავიზღვისპირეთში გაატარეს. ნამდვილად მიხარია ის აღმშენებლობა, რასაც ვაკვირდებით ბათუმში, მაგრამ იმედია, ეს არ იქნება მხოლოდ სტუმრებისთვის და სიკეთეს იგრძნობს თავად ბათუმისა და აჭარის მოსახლეობა. ნურც იმას დავივიწყებთ, რომ საქართველო მარტო ბათუმი არ არის.
ხელისუფლების კულუარებში არსებულ ვითარებაზე ბევრი ტყუილ-მართალი ვრცელდება. თქვენი შეფასებით, სახელისუფლო გუნდში რამე სერიოზული ხდება?
რასაკვირველია, ხელისუფლებას აქვს საკადრო პრობლემები. როცა ქვეყანაში დიდი ზარ-ზეიმით შევიმუშავეთ სკოლის დირექტორთა სტანდარტი და მოთხოვნები, თუ ვინ შეიძლება იყოს სკოლის დირექტორი, ჩვენ ვერა და ვერ მივაღწიეთ, ვერც პრეზიდენტისგან და ვერც მთავრობის თავმჯდომარისგან იმას, რომ შეიქმნას სტანდარტების დოკუმენტი მთავრობის წევრებსა და მინისტრებზე. ჩვენ არანაირი მოსაზრება არ გაგვაჩნია, რა მოეთხოვება მინისტრს, რა გამოცდილება უნდა ჰქონდეს მას, რა თვისებები, და რა მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს. ასეთ ვითარებაში მთელი მსოფლიოს თვალში სასაცილო მდგომარეობაში ვვარდებით.
როდესაც შესაძლებელია, რომ სრულიად უმწეო ქალბატონი აღმოჩნდეს ციხეების მინისტრი, ყველაზე რბილი შეფასებით, სრულიად მოუმზადებელი მეორე ქალბატონი გახდეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ახლა საუბარია კიდევ ერთ მანდილოსანზე, რომელიც, როგორც ჩანს, თავს მოხერხებულად ვერ გრძნობს სცენაზე, სადაც ის მართლაც შეუდარებელია, მაგრამ თურმე უკვე საგარეო საქმეთა სამინიტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახდა და ახლა შემდგომ დაწინაურებას ელოდება. ასეთ ვითარებაში ხელისუფლების საკადრო პოლიტიკაზე სერიოზული საუბარი შეუძლებელია. გენდერული პრობლემის დაძლევის ორიგინალურ ხერხს მივესალმები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მანდილოსანთა შორისაც არიან ბევრად უფრო ღირსეულნი, ვიდრე ისინი, ვინც უმაღლეს ხელისუფლებაში ხვდებიან.
მინისტრების წასვლა-მოსვლის თაობაზე მუდმივი საუბარი გვარწმუნებს, რომ არსებულ ვითარებასა და პირობებში მინისტრობის მსურველიც მაინცდამაინც ბევრი აღარ არის, რადგან უმალ ხორცის ნაჭრად მოინათლება, ვიდრე რამე ტიპის ქმედითი ნაბიჯების გადადგმის უფლებას შეიძენს.
საკანონმდებლო ბაზა მოვამზადეთ და უმაღლესი სასწავლებლის რექტორობისთვის სავალდებულო აღარ არის სამეცნიერო ხარისხის სტატუსი, რაც ალბათ წინაპირობა გახლავთ იმისა, რისი მოწმეც პრაქტიკულად ვართ, ვგულისხმობ იმას, რომ მინისტრისთვის უმაღლესი განათლება, პრაქტიკულად, საჭირო აღარ იყოს.
უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა დაიკავა სამეცნიერო ხარისხის არმქონე პიროვნებამ, რომელიც ერთი ორი კვირით ადრე წარუმატებელ მინისტრად მოიხსენიებოდა. სამწუხაროდ, ამის საფუძველი ნამდვილად იყო, ვინაიდან ჯანმრთელობის მინისტრი ამ სფეროში "ნაცმოძრაობის" კომისრის ფუნქციას ასრულებდა. კვიტაშვილი დარგში არსებულ პრობლემებზე მუდმივად დუმდა და თუ ხმას ამოიღებდა, ხოტბას ასხამდა ფარმაცევტული სფეროს მონოპოლისტებს, ხელს უწყობდა სადაზღვევო კომპანიების შაბაშს, მუდმივად კნინდებოდა სამედიცინო დაწესებულებები, უარესდებოდა ექიმებისა და პაციენტების მდგომარეობა.
მსოფლიოში ხორბალზე დეფიციტმა ქვეყანაში მეხორბლეობის პრობლემები წარმოაჩინა. კარგა ხანია, მივეჩვიეთ სახელმწიფოს პიარკომპანიებით მართვის პრაქტიკას, მაგრამ, თქვენი აზრით, აქამდე რატომ დარჩა სოფლის მეურნეობის ეს დარგი ხელისუფლების ყურადღების მიღმა?
ჩემი ღრმა რწმენით, ეს პრობლემა არახალია, როგორც იტყვიან, საკმაოდ გრძელი წვერი აქვს. სამწუხაროდ, იგი იმ რეალობას ეფუძნება, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან საქართველოში ვაჭრობის ლობი წარმოების ლობისტებს მუდმივად თრგუნავს. ეს ასახულია მუდმივად ცვალებად საკანონმდებლო ბაზაშიც. სახეზეა იმპორტიორთა სასარგებლოდ ადგილობრივი წარმოების მიჩუმათების მცდელობა. ცხადია, ხორბალი არ გახლავთ მარტივი კულტურა, რომელიც არ მოითხოვს განსაკუთრებულ კლიმატურ პირობებს და დიდ შრომას, მაგრამ იყო წლები, როცა ჩვენი ხორბალი იყო მაღალი თვითღირებულების, რაც იმპორტოირთა მხარდაჭერისათვის გასამართლებელი არგუმენტი იყო. დღეს ხორბლის ფასმა ბევრად გადააჭარბა თვითღირებულების იმ ზღვარს, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენს ხორბალს ჰქონდა.
რატომ არ იცვლება სიტუაცია? მარწმუნებენ, რომ ჩვენი ქვეყნის იდეოლოგთა მთავარი ჯგუფი, ეთაკილება რა საქართველო, როგორც სოფლის მეურნეობის ქვეყანა, ცდილობს, რაც შეიძლება დააკნინონ დარგი და გახადონ სხვა ტიპის ეკონომიკის შემოქმედად. უფრო საფინანსო სფერო ეამაყება და მიწასთან მუშაობა ეთაკილება ბოსტანში აღზრდილ ზოგიერთ ხელისუფალსაც კი, რადგან, როგორც ჩანს, საკუთარი წარსულის რცხვენიათ. თუ იქნება საზოგადოების რეალური მოთხოვნა, აღდგეს ის წარმოებები და ფართობები, რომელიც ბევრისთვის ავადმოსაგონარ საბჭოთა პერიოდში მუშავდებოდა, რასაკვირველია, ამ საკითხში ჩვენ ნაკლებ პრობლემას წავაწყდებით. როცა სახნავ-სათესი მიწების 800 ათასი ჰექტრიდან 300 ათასზე მეტი არ მუშავდება, ეს სახელმწიფოებრივი დანაშაულის ტოლფასია. ამაზე პასუხიმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს. როგორც ჩანს, ხელისუფლებას გაცნობიერებული არა აქვს, რომ საქართველო ღონიერი და გონიერი სოფლის მეურნეობით, სტიმულირებით და არა აკრძალვებით შეიძლება გახდეს.
რჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციას საზაფხულო არდადეგები გაუგრძელდა. რას შეიძლება ნიშნავდეს ოპოზიციის არდადაგების რეჟიმში ყოფნა?
შეიძლება ვთქვათ, რომ არჩევნებში ნოკდაუნის მიღების შემდეგ ოპოზიციას კვლავ კენჭების შეგროვების ჟამი დაუდგა. არ მივეკუთნები მათ რიცხვს, ვისაც ოპოზიციის საქმიანობა მხოლოდ ქუჩის აქციების ორგანიზება ჰგონია. ჩემთვის თვალსაჩინოა ის შრომა, რასაც ოპოზიციური ძალების ინტელექტუალური სპექტრი ეწევა. საბედნიეროდ, ოპოზიციაში ინტელექტუალური პოტენციალი, განსხვავებით სხვა პოტენციალისა, საკმაოდ მაღალი და დამაჯერებელია. მათი მცდელობის შედეგია ის ცვლილებები, რაც, ზოგადად, საერთაშორისო ანალიტიკურ წრეებში საქართველოში პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში არსებული ვითარების კრიტიკულ შეფასებას უკავშირდება. დასავლელი ექსპერტები დღეს უკვე ქართველ ექსპერტებზე უფრო დამაჯერებელი არგუმენტებით გვარწმუნებენ, რომ 2013 წლამდე კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებებით საქართველოს პრეზიდენტი ამჟღავნებს და ადასტურებს საკუთარ სურვილს, გახდეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. თუკი წინათ ოპოზიციურ სპექტრსა და საერთაშორისო წრეებში ისეთ საკითხებში, როგორიცაა საარჩევნო გარემო და სამეზობლოსთან ურთიერთობები, განსხვავებული ხედვა იყო, ახლა ეს წარმოდგენები და მიდგომები უფრო დაახლოებულია, რაც, რასაკვირველია, ოპოზიციური საქმიანობის შედეგია.
ამავე დროს, თუკი ქვეყანაში სადმე რამე ტიპის უსამართლობა ხდება, ეს ყველაზე მკაფიოდ ჩანს ოპოზიციის მიმართ ხელისუფლების პრაქტიკულ საქმიანობაში და საკანონმდებლო დონეზეც. ამიტომ, მუდმივ ოპოზიციონორობას საკუთარ თავზე ვერავინ იტვირთებს. თუ არსებობენ საზოგადოებაში ძალები, მოთხოვნილება, მზაობა, რომ ოპოზიციურ სპექტრში მოხდეს ხარისხობრივი ცვლილებები, მათ შორის ინდივიდუალურ დონეზე, კი ბატონო, როგორც ნათქვამია, ჰა, ბურთი, ჰა, მოედანი! ქილიკი და კრიტიკა მარტივია. თუ ვინმეს უკეთესად შეუძლია ოპოზიციონერობა, ოპოზიციონერობა ხელისუფლება არ გახლავთ, რომ იქ არავინ მიგიშვას. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ახალო ოპოზიციონერობო! საზოგადოება მხარს დაგიჭერთ, თუ თქვენ მას უფრო რეალურ და კონკრეტულ ნაბიჯებს შესთავაზებთ ქვეყანაში ცხოვრების გასაუმჯობესებლად.
კობა ბენდელიანისაინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი"















