პირველად ალბათ სწორედ აქ გადაიკვეთა აღნიშნული კინოშედევრისა და მისი შემფასებლის გზები: ამ პატარა, უვნებელი სიცრუის მთქმელი (მხედველობაში მყავს ის, ვინც ბევრი ვერაფერი გაიგო) უკვე თავად გახდა კონფორმისტი, რადგან მან აღიარა რაც ვერ გაიგო, იცრუა, რადგან არ უნდოდა საერთო ფერხულს გამოკლებოდა და მარტო დარჩენილიყო. გამოდის, რომ სიმარტოვის შიში, სამყაროში ეულად ყოფნის ამაზრზენი განცდა იწვევს კონფორმიზმს, ანუ საკუთარ პრინციპებზე უარის თქმას?! ნუთუ ეს გასაკიცხია? იქნებ სიბრალულის გრძნობას უფრო უნდა იწვევდეს კონფორმისტი, ვიდრე განსჯასა და უარყოფას? ან, შეუძლია ვინმეს დამისახელოს ადამიანი, რომელსაც არასოდეს უთქვამს უარი საკუთარ პრინციპებზე, არ წასულა გაუმართლებელ დათმობაზე, უთქვამს ”ჰო” ”არა”-ს ნაცვლად? ისიც კი, ვინც ფიქრობს - დასაკარგი აღარაფერი მაქვსო, ადრე თუ გვიან არჩევანის წინაშე დგება... ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა კონფორმულობის დაღს ვატარებთ.
ამის შემდეგ დგება საკითხი, თუ რა დოზითა და ხარისხით იტვირთავს თითოეული ჩვენგანი კონფორმისტის მძიმე ტვირთს. ნებისმიერ შემთხვევაში კონფორმისტად გადაქცევას თუ ჩამოყალიბებას გარკვეული მიზეზი განაპირობებს: ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმის გმირი შემგუებლად აქცია ძალადობრივმა სახელმწიფო სისტემამ, მაგრამ, როგორც ირკვევა იგი ბავშვობაში გადატანილი სექსუალური ძალადობის მსხვერპლიცაა და ამ ორმა ერთიმეორეზე მძიმე ზეწოლამ იგი მარიონეტად ადვილად ჩამოაყალიბა. რაღაც ეტაპზე მას შეწინააღმდეგების სურვილი გაუჩნდება, მაგრამ უკვე სულიერად პასიური არსება მებრძოლად ვეღარ იქცევა, და რევანშისტობაზე ლაპარაკი ხომ საერთოდ ზედმეტია.
ჩვენს ყველა ნაბიჯს, ყველანაირ ქცევას გარკვეული მიზეზი განაპირობებს. ქცევის მიზეზ-შედეგობრიობის გაანალიზება, ვფიქრობ, ყველაზე უპრიანია ფსიქოლოგიას მივანდოთ:
აღმოჩნდა, ჩემი ინტერესის ”ობიექტი” - კონფორმიზმი, როგორც კვლევის საგანი, სოციალურ ფსიქოლოგიაში გასული საუკუნის 60-იან წლებში ყოფილა ყველაზე პოპულარული. კონფორმულობის ამოხსნასა და გაშიფრვის მცდელობას დღემდე არ დაუკარგავს ინტერესი, მეტიც - ვფიქრობ, იგი სწორედ ჩვენს თანამედროვეობაშია აქტუალური არასტაბილური რეალობის, ცხოვრების რიტმის თავბრუდამხვევი სიჩქარისა თუ ხვალინდელი დღის გაურკვევლობის წყალობით...
ბოლოს და ბოლოს, ”რა განაჩენი შეიძლება გამოვუტანოთ” კონფორმისტს, ვინ არის იგი - ჩვეულებრივი ადამიანი თავისი სისუსტეებით, რომელიც არავის დააზიანებს, თუ კარგად შენიღბული მესაკუთრე, რომელიც საკუთარი სურვილების ტყვეა და მიზნისთვის არავის დაინდობს? ვისთან გვაქვს საქმე - გარშემომყოფთათვის უსაფრთხო პატარა ადამიანთან, თუ საშიშ ბოროტ არსებასთან? ამის გარკვევაში დახმარება ვთხოვე ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სრულ პროფესორს, ქ-ნ გუგული მაღრაძეს.
სამწუხაროდ, ხშირად ისმის, რომ საზოგადოება ასეთი არაკომუნიკაბელური, როგორიც დღესაა, არასოდეს ყოფილა. ამის ბანალურ მიზეზებზე - ტელევიზორისა თუ კომპიუტერის მაგნიტურ ხიბლზე - ამჯერად არ ღირს შეჩერება; ადამიანთა გაუცხოების, ურთიერთობების მოუგვარებლობის, ვერა და ვერ შემდგარი კონსოლიდაციის პრობლემის გამომწვევი რამდენად შეიძლება იყოს კონფორმიზმი?
კონფორმიზმი გამორიცხავს პიროვნებაში დამოუკიდებელი თავისუფალი აზროვნების და მოქმედების შესაძლებლობას. იგი გულისხმობს ადამიანის ქცევის განხორციელებას მთლიანად ჯგუფის და ძალაუფლების მქონეთა დიქტატით. საზოგადოებაში კონფორმიზმის მაღალი დონე ადამიანების კონსოლიდაციისათვის ხელისშემშლელია. ამ დროს ხდება ადამიანების მობილიზაცია გავლენის მქონეთა დიქტატით, და არა ადამიანების კონსოლიდაცია რაიმე საერთო აზრის და შეხედულებების გარშემო.
კონფორმიზმი საზოგადოების არსებობის აუცილებელი თანხმლები სოციალურ – ფსიქოლოგიური ფენომენია. ადამიანს საზოგადოდ ახასიათებს ე. წ. აფილაციის (ჯგუფისადმი კუთვნილების) მოთხოვნილება, რაც განაპირობებს ტენდენციას: იმისთვის, რომ პიროვნება მისაღები იყოს ჯგუფისთვის, იგი ეთანხმება ხოლმე ჯგუფურ პოზიციას. ერთის შეხედვით, ეს უფრო ადვილია, ვიდრე წინააღმდეგობის გაწევა და საკუთარი აზრის დაცვა. ისინი, ვისაც შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ჯგუფის ზეწოლას, საზოგადოდ უფრო მცირენი არიან, მაგრამ ისინი ქმნიან საზოგადოების განვითარების საფუძველს, რადგან შემოაქვთ სიახლე და ხშირად, როგორც წესი, არიან ახლის, პროგრესულის ავტორები, თუმცა ზოგჯერ ეს საკუთარი სოცოცხლის ფასადაც კი უჯდებათ (გაგახსენებთ ჯორდანო ბრუნოს).
კონფორმიზმის არაერთი განმარტება არსებობს, მაგრამ ყველაზე ზოგადია ის, რომ კონფორმიზმი არის ცვლილება ინდივიდის შეხედულებებსა და (ან) ქცევებში, რომელიც განპირობებულია რეალური ან წარმოსახული ჯგუფის ზეწოლით.
მიუხედავად იმისა, რომ ამ მოვლენას ვერცერთი საზოგადოება მთლიანად ვერ აღწევს თავს, კონფორმულობა არაა დადებითად განცდილი, რადგან ნიშნავს პიროვნების როლის ნიველირებას, მისი დამოუკიდებლობის დაკარგვას, საზოგადოებაში კრიტიკული აზროვნების დანაკლისს. რაც უფრო კონფორმულია ადამიანი, მით უფრო სუსტია იგი პიროვნულად, რადგან იგი ვერ უწევს წინააღმდეგობას ჯგუფის ზეწოლას, თუმცა ჯგუფის აზრი მისთვის მისაღები არაა. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა დროს სხვადასხვა საზოგადოებაში კონფორმულობა მეტნაკლებად გავრცელებული ფენომენია, მაინც დამოუკიდებლობა და არაკონფორმულობაა მიჩნეული უფრო დასაფასებელ პიროვნულ მახასიათებლად.
ადამიანი პოლიტიკური არსებაა, - ამბობს არისტოტელე. იგი თავისი საქმიანობით, აქტიურობით, განაპირობებს საზოგადოების კეთილდღეობას, რაც მისივე კეთილდღეობის საფუძველი ხდება. საინტერესოა, როგორ განსაზღვრავთ ამ პროცესს ჩვენი საუბრის ობიექტის შემთხვევაში, ანუ: რამდენად იქნება კონფორმისტის აქტიურობა სასარგებლო საზოგადოებისთვის? ხომ არ არის სწორედ ასეთი ადამიანების გააქტიურება ჩვენი ”სახელვერდარქმეული” რეალობის მიზეზი?
თანამედროვე საზოგადოებისათვის კონფორმულობა საზოგადოდ დამახასიათებელია, მაგრამ ტოტალიტარულ სახელმწიფოში იგი ფაქტიურად გაბატონებულ მოვლენას წარმოადგენს. კონფორმიზმის გავრცელებას ხელს უწყობს სახელმწიფო პოლიტიკა, როცა წახალისებულია არა კანონის უზენაესობა და მორალური ნორმებისადმი ლოიალობა, არამედ სახელისუფლო ავტორიტეტებისადმი ბრმა მორჩილება. მასმედია ტოტალიტარულ სახელმწიფოებში არის ძლიერი იარაღი საზოგადოებაში მაღალი კონფორმიზმისათვის. როცა მთელი დღის განმავლობაში ტელეეკრანებზე ტრიალებს კადრები - როგორ ერთობიან და რა კარგად ცხოვრობენ ადამიანები, რომლებისთვისაც ხელისუფლებისადმი კონფორმულობა ცხოვრების ნორმაა, როცა ხელისუფლება აწინაურებს ადამიანებს არა მათი პროფესიონალიზმის, არამედ მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი ხელისუფლებისადმი პიროვნული მორჩილების გამო, როცა მაღალი თანამდებობა და თვით ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელ ისეთ სფეროშიც კი, როგორც, წესით, უნდა იყოს ბიზნესი, წარმატება და უსაფრთხოება დამოკიდებულია უმაღლესი ხელისუფლების კეთილგანწყობაზე, და ეს ხდება ძალიან აშკარად, ამით წახალისებულია მორჩილება ხელისუფლების და არა სახელმწიფოს და კანონისადმი. ეს ცხადია ზრდის ტენდენციას კონფორმიზმის ფართოდ გავრცელებისათვის.
როცა გაუსაძლისია ყოფა ინდივიდი იძულებულია კონფორმისტად იქცეს, ე.ი. დაარღვიოს მორალური ნორმები. ამ დარღვევების მასშტაბს თუ გავითვალისწინებთ, ხომ არ იქცა მორალური ნორმების დარღვევა მორალურ ნორმად?
როცა ლუკმა-პურის შოვნისათვის სულ ცოტა - უარი უნდა თქვას იმაზე, რომ საკუთარი, ხელისუფლებისაგან განსხვავებული აზრი ჰქონდეს რაიმე მოვლენებზე, ძნელია ჩვეულებრივი ადამიანისათვის არ იყოს კონფორმული. თუმცა არაა გამორიცხული, რომ ადამიანების უმრავლესობას აქვთ შინაგანი კონფლიქტი, როცა ის იძულებულია გააკეთოს ის, რაც არ სწამს, მოიქცეს ისე, რაც მის ღირებულებებს თუ მორალურ ნორმებს ეწინააღმდეგება. იგი ან ივიწყებს ამ ნორმებს და ღირებულებებს და განდევნის მათ ცნობიერებიდან, ან გადააკეთებს და იმას, რაც მიუღებელი იყო ადრე, მისაღებს გახდის. ფსიქიკას შეუძლია ეს, თუმცა ასეთი ფსიქიკური ძალადობა საკუთარ ცნობიერებაზე ადამიანებს საკმაოდ ძვირი უჯდება, რადგან ეს მათი ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის ხარჯზე ხდება. ამითაცაა გამოწვეული გარკვეულწილად ორგანიზმის ფსიქოფიზიკური წინააღმდეგობის დაქვეითება სხვადასხვა სახის დაავადებების მიმართ.
არაკონფორმული ქცევის განხორციელება ადვილი არაა, მაგრამ უპირატესობა ისაა, რომ ასეთი პიროვნება უფრო დარწმუნებულია საკუთარ ძალებში, უფრო ჰარმონიული ფსიქიკა აქვს, ვიდრე კონფორმულ ადამიანს. ეს კი აძლევს უნარს იყოს უფრო სტაბილური და ნაკლებად განიცადოს შინაგანი დისკომფორტი დღევანდელ ცვლად სოციალურ-პოლიტიკურ გარემოში.

















კომენტარები
ლაშა თაბაგარი ციტირება
თენგიზ ჩობანიძე ციტირება