განახლდა:03:01:34 AM GMT

>>> აზრი ექსპერტი რამდენიმე მოსაზრება თემაზე: " კონსტიტუციური რეფორმა - ინსტიტუციური რეფორმის საფუძველი”
ბანერი

რამდენიმე მოსაზრება თემაზე: " კონსტიტუციური რეფორმა - ინსტიტუციური რეფორმის საფუძველი”

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 1041 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font
“ არც ერთი მართველობა ისე
არ საჭიროებს აღზრდით
დახმარებას, როგორც
რესპუბლიკური მართველობა "
მონტესკიე

Ad arbitrium - განსჯისათვის წარუდგინა საზოგადოებას, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტი. რომელიც მიმართულია რესპუბლიკის მართველობის დეცენტრალიზებისაკენ, რის შედეგაც ძალაუფლება უნდა გადანაწილდეს სახელმწიფო ინსტიტუციებს შორის. ეს კი შექმნის დაბალანსებულ მართველობას, სრულიად შესაფერის დემოკრატიული რესპუბლიკის აღმშენებლობის პროცესისათვის. ამრიგად ზემოხსენებული პროექტი, უაღრესად დროული, საჭირო და მხარდასაჭერი დოკუმენტია.

რაც შეეხება მის საზოგადოებრივ სამსჯავროზე გამოტანას და რეფორმის თაობაზე მოქალაქეთა მხრიდან მოსაზრებათა გამოთქმას ეს პროექტის სრულყოფისათვის არის აუცილებელი. ამიტომ სიამოვნებით ვასრულებ ჩემს მოქალაქეობრივ მოვალეობას.

1. რეფორმის მიზანი:

Constitutio - ლათინურად - მოწყობას, დადგენას ნიშნავს და განიმარტება, როგორც: “სახელმწიფოს ძირითადი კანონი, რომელიც განსაზღვრავს მის საზოგადოებრივსა და პოლიტიკურ მოწყობას, საარჩევნო სისტემას, სახელმწიფოს მართვისა და მოღვაწეობის ორგანიზაციის პრინციპებს, მოქალაქეთა ძირითად უფლებებსა და მოვალეობებს; კონსტიტუცია წარმოადგენს მთელი მიმდინარე კანონმდებლობის საფუძველს" (იხ. “უცხო სიტყვათა ლექსიკონი", გამომცემლობა “მერიდიანი", თბილისი , 2007 წ. გვ. 409)

ამრიგად, კონსტიტუცია ეროვნული განვითარების უმაღლესი სტადიის, სახელმწიფოებრიობის უმნიშვნელოვანესი იურიდიული დოკუმენტია, რომელიც განაპირობებს სახელმწიფო ცხოვრების მაორგანიზებელი ფუნქციის მქონე ინსტიტუციების ქმედუნარიანობას . აქედან გამომდინარე, რამდენადაც სრულყოფილია კონსტიტუცია იმდენად სრულფასოვანია სახელმწიფოებრივი ცხოვრება…

სამწუხაროდ საქართველოს მეორე რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღებიდან განვლილი 14 წლის მანძილზე მასში იმდენი ცვლილება , შესწორება და დამატება შეიტანეს , რომ ძირითადმა კანონმა თავდაპირველი სახე დაკარგა და უკვე შარშან მისი ახალი რედაქციის გაკეთება გახდა საჭირო…

2. რა არის ჩვენი კონსტიტუციის ამდენი გადაკეთების მიზეზი?
  • პირველი: 1995 წლის კონსტიტუცია სრულყოფილი არ არის . ის ვერ უზრუნველყოფს დაბალანსებული მართველობის სისტემის არსებობას. მასში ძალაუფლება თავმოყრილია ერთ საპრეზიდენტო ინსტიტუციაში, და ეს გაკეთებულია სხვა ინსტიტუციების ხარჯზე.

ამასთან, ეს კონსტიტუცია სრულიად ამოქმედებული არ არის, მაგალითად სენატი დღემდე არ ფუნქციონირებს.

  • მეორე: არ დამკვიდრებულა ეროვნული იდეა ანუ ღირებულებების, პრინციპებისა და ინტერესების ერთიანი სისტემა.
  • მესამე : არ შეუქმნიათ დემოკრატიული სახელმწიფოს აღდგენისა და განვითარების კონცეპცია.
  • მეოთხე: არ გაგვაჩნია სათანადო პოლიტიკური კულტურა. კონსტიტუცია ახალი მოვლენაა ჩვენი სახელმწიფოებრივი ცხოვრებისა და ის, მით უმეტეს, არასრულყოფილი , უპირობოდ აღსასრულებელ დოკუმენტად აღიარებული თავიდანვე არ ყოფილა...

კონსტიტუციისადმე ასეთი დამოკიდებულების ხასიათი ჩვენი წარსულისა და დღევანდელობის თავისებურობაში უნდა ვეძებოთ.

3. რეფორმის საკითხის ისტორიისათვის

Ab antique - ძველთაგან, პარლამენტარიზმის იდეის ქართული გაგება სპეციფიური მოვლენა იყო .სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრივი ცხოვრების მანძილზე ქვეყანა და მისი ცალკეული კუთხეები იმართებოდა წეს-ჩვეულებებით, უხუცესთა საბჭოებით, სამეფო კართან არსებული დარბაზის მონაწილეობით. ცხადია კანონებით. ვიყავით ნაზიარები რომაულ სამართალს….. მაგრამ არაფერია ცნობილი არჩევითი სახალხო წარმომადგენლობითი ორგანოს შესახებ. გვაქვს მხოლოდ ცნობა ბიზანტიური საისტორიო წყაროებიდან მომდინარე ჩვენი წელთაღრისხვით 554 წელს ჩატარებული სახალხო კრების შესახებ, რომელმაც მაშინ განსაზღვრა ქართველთა პოლიტიკური ორიენტაცია . სხვა ცნობა არ გვაქვს იმის თაობაზე, ძველი საბერძნეთისა და რომის მსგავსად სისტემატიურად იმართებოდა ჩვენში სახალხო კრება, თუ ეს შემთხვევა გამონაკლისი იყო ...

ასევე არ ვიცით რა მოჰყვებოდა 1183 წელს ყუთლუ–არსალანის მიერ „კარვის“ დადგმის წამოწყებას, გამარჯვების შემთხვევაში, ის იქცეოდა სოციალურ ფენათა წარმომადგენლობით კრებად და შემდეგ, უკვე მოგვიანებით გადაკეთდებოდა თუ არა კონსტიტუციაზე დაფუძნებულ ორპალატიან პარლამენტად.

სამაგიეროდ ცნობილია, რომ 1918–1921 წლებში არსებულმა საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ თავისი არსებობა თითქმის ისე დაამთავრა, რომ ის კონსტიტუციით მართული არ ყოფილა.. 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია, მიღებული თბილისის დაცემამდე ოთხი დღით ადრე ერთგვარი გზავნილი იყო შთამომავლობისათვის. ის მიიღო ჩვენმა მეორე რესპუბლიკამ. აღადგინა 1992 წლის მარტში და მისი მოქმედება მაშინვე შეაჩერეს... მეორე რესპუბლიკა თავისი არსებობის პირველი ოთხი წლის განმავლობაში კონსტიტუციით არ იმართებოდა. რამდგან ასეთად ვერ მივიჩნევ 1990–1992 წ.წ. მოქმედ ე.წ. „საქართველოს სსრ“ კონსტიტუციას (1978 წლისა) სათანადო ცვლილებებით შესწორებულს – „საქართველოს კანონს“ – სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ, აგრეთვე იმ ბრძანებებს, დადგენილებებს და საბჭოთა პერიოდის კოდექსებში შეტანილ ცვლილებებს, რითიც 1992–1995 წლებში რესპუბლიკა იმართებოდა.

საქართველოს ორივე რესპუბლიკის პოლიტიკურ ცხოვრებას ერთი უცნაური წესი ახასიათებს: ჩვენ გაუთავებლად ვდგევართ პრობლემების ოპერატიულად გადაწყვეტის წინაშე, რომლის სავარაუდებლად მომგვარებელი კონკრეტული პარტიისა და მისი ლიდერის მიმართ უსაზღვრო და უპირობო ნდობას ვავლენთ. ამან ორივეჯერ ოთხი პოლიტიკური პარტია აბსოლუტური უმრავლესობით მოიყვანა ხელისუფლებაში , ოთხივე შემთხვევაში არსებითად ერთპარტიული მმართველობა დამყარდა... ამის შედეგად გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭა მმართველ გუნდს და არა ინსტიტუციებს... რამაც ამ უკანასკნელთა მნიშვნელობა დააკნინა და ისინი მაორგანიზებელი სისტემის ფუნქციას ვერ ასრულებდნენ...

4 რეფორმის არსი

Senatus populusque Romanus - სენატი და რომაელი ხალხი – რომის რესპუბლიკის უმთავრესი სახელმწიფოებრივი პრინციპი იყო. არჩევითი ხელისუფლების და სახალხო მმართველობის დამამკვიდრებელი.

ვფიქრობ, კონსტიტუციისა და მისგან გამომდინარე ინსტიტუციურმა რეფორმამ ეს პრინციპი ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში უნდა დაამკვირდოს.

ისევე როგორც არჩევნების კეთილსინდისიერად ჩატარება, ამომრჩევლთა ზუსტი სიებით, და ხმების უშეცდომოდ დათვლით, რათა არ დაირღვეს მოქალაქის არჩევანის უფლება და შესაბამისად სახალხო მმართველობის პრინციპი.

ამიტომ 1995 წლის კონსტიტუციის ხასიათი უნდა შეიცვალოს და გუნდური მმართველობიდან ინსტიტუციურ მმართველობაზე გადასვლის დამამკვიდრებელი კონსტიტუცია უნდა მივიღოთ. ამასთან, სახალხო მმართველობის ანუ რესპუბლიკანიზმის იდეის გასაძლიერებლად აუცილებლად მიმაჩნია საქართველოს სახელმწიფოს სახელწოდება ჩამოყალიბდეს ასე: „ საქართველოს რესპუბლიკა“.

1. რეფორმამ უნდა დაამკვიდროს ძალაუფლების გადანაწილება უმაღლეს ინსტიტუციებს : სენატს, რესპუბლიკის საბჭოს, პრეზიდენტს, მთავრობას, უმაღლეს და საკონსტიტუციო სასამართლოებს შორის.

  • ა ) საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი (მივესალმები საკონსტიტუციო კომისიის მცდელობას, დაამკვიდროს ტერმინი ეროვნული კრება) არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი და საკანონმდებლო ხელისუფლება. ის უნდა შედგებოდეს ორი პალატისაგან, სენატისა და რესპუბლიკის საბჭოსაგან.
  • ბ ) საქართველოს რესპუბლიკა საჭიროებს ახალ ტერიტორიულ მოწყობას. მხარეებად დაყოფა უნდა გაუქმდეს , უნდა გაუქმდეს აგრეთვე რეიონული მოწყობა არსებულ ფორმატში და შეიქმნას პირველი რესპუბლიკის მაზრების მსგავსი 50 ადმინისტაციული ერთეული თავისი არჩევითი ( საკრებულო) და დანიშვნითი (გამგეობა) ხელისუფლებით. ამ 50 ერთეულიდან ( ვუწოდოთ მას გნებავთ მაზრა, გნებავთ რაიონი) არჩეული იქნება ერთი სენატორი და ორი რესპუბლიკის საბჭოს წევრი, რომლებიც არიან „სრულიად საქართველოს წარმომადგენელნი „

რაც შეეხება ავტონომიურ წარმონაქმნს, მას ეყოლება თავისი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება , რომელიც განაგებს ავტონომიის ადგილობრივ საკითხებს. რაც შეეხება ავტონომიის ტერიტორიაზე არსებულ მაზრას თუ რიონში არჩეულ სენატორებსა და რესპუბლიკის საბჭოს წევრებს, ისინი , როგორც ვთქვით , სრულიად საქართველოს წარმოადგენენ და არა კერძოდ ავტონომიის მოსახლეობას.

  • გ) სენატის არჩევა ხდება 6 წლის ვადით. მაჟორიტარული პრინციპით არა პარტიის წევრების, არამედ დამოუკიდებელი პიროვნებებიდან, ( საქმე ისაა , რომ ჩვენში არსებული პოლიტიკური პარტიები ვერ უზრუნველყოფენ ინტელექტუალთა ჩართვას პოლიტიკურ ცხოვრებაში და ბევრი ნიჭიერი და ქმედუნარიანი ადამიანი დღემდე მოუხმობელია. ამიტომ სენატში მათი მოხმობა პარტიათა გვერდისავლით უნდა მოხდეს საინიციატივო ჯგუფის წარდგინებით )

საარჩევნო პირობა: რესპუბლიკის განვითარების მისეული ხედვა , რომელიც საჯარო განხილვისა და კანდიდატის , სენატორად არჩევის საფუძველს წარმოადგენს , სენატი პრეზიდენტთან ერთად უზრუნველყოფს ქვეყნის ერთიანობასა და მთლიანობას, ხოლო უმაღლეს და კონსტიტუციურ სასამართლოებთან ერთად კონსტიტუციისა და კანონიერების დაცვას .

    • სენატს გააჩნია ვეტოს გამოყენების უფლება.
    • სენატი ახდენს: რესპუბლიკის საბჭოს მიერ მიღებული კანონების , პრეზიდენტისა და მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებებისა და ბრძანებულებების, სხვა სახელმწიფოებთან დადებული ხელშეკრულებებისა და შეთანხმების რატიფიცირებას.
    • სენატი განიხილავს რიგ წინადადებებს და რეკომენდაციის სახით გადაუგზავნის რესპუბლიკის საბჭოს და პრეზიდენტს.
    • სამთავრებო კრიზისის დროს ( დაპირისპირება პარლამენტსა და მთავრობას შორის) პრეზიდენტს არ აქვს უფლება დაითხოვოს სენატი და დანიშნოს მისი ვადამდელი არჩევნები.
  • დ) რესპუბლიკის საბჭოს არჩევა ხდება 4 წლის ვადით, პროპორციული სისტემით, საქართველოში მოქმედი პოლიტიკურ პარტიათა წევრებიდან.
    • რესპუბლიკის საბჭო ეწევა საკანონმდებლო საქმიანობას. მისი საკანონმდებლო ინიციატივა ეფუძნება : რესპუბლიკის საბჭოში შემავალ პარტიათა ფრაქციების წინადადებებს, მთავრობის საკანონმდებლო პროექტებს, აგრეთვე პრეზიდენტის საკანონმდებლო რეკომენდაციებს.
    • რესპუბლიკის საბჭო ამტკიცებს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ მთავრობას, მთავრობის მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს და მთავრობის მიერ წარმოდგენილ საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს.
    • იმ შემთხვევაში, თუ რესპუბლიკის საბჭო სამჯერ არ მოიწონებს მთავრობის შემადგენლობას და სამივე შემთხვევაში პრეზიდენტი არ შეცვლის მთავრობის შემადგენლობას – რესპუბლიკის საბჭოს უფლება აქვს არ დაამტკიცოს მთავრობის შემადგენლობა და დაელოდოს პრეზიდენტის მიერ მთავრობის შეცვლილი შემადგენლობის შემოთავაზებას და დაამტკიცოს ის მხოლოდ შეცვლილი სახით.
    • იმ შემთხვევაში , თუ რესპუბლიკის საბჭო მთავრობის შეცვლილ ვარიანტსაც არ დაამტკიცებს და შეიქმნება სამთავრობო კრიზისი, პრეზიდენტს უფლება აქვს დაითხოვოს რესპუბლიკის საბჭო და დანიშნოს პარლამენტის ქვედა პალატის რიგგარეშე არჩევნები.
    • იმ შემთხვევაში , თუ რესპუბლიკის საბჭო სამჯერ არ მოიწონებს ბიუჯეტის პროექტს ან მთავრობის საშიანო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს– მთავრობა ვალდებულია შესწორებები შეიტანოს ზამოხსენებულ დოკუმენტებში და ისინი შესწორებული სახით წარადგინოს.თუ მთავრობა ცვლილებებს არ შეიტანს , მას უნდობლობა გამოეცხადება და ის უნდა გადადგეს.
    • რესპუბლიკის საბჭო გამოსცემს დადგენილებებს, რომელიც სავალდებულოა მთავრობისათვის.
    • რესპუბლიკის საბჭო ამტკიცებს მთავრობის დადგენილებებსა და ბრძანებულებებს, ყველა სახის საერთაშორისო ხელშეკრულებებს და შემდეგ რატიფიცირებისათვის უგზავნის სენატს.
    • რესპუბლიკის საბჭო ამტკიცებს მთავრობის მიერ წარმოდგენილ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლების კანდიდატურებს და რეატიფიცირებისათვის უგზავნის სენატს.
    • რესპუბლიკის საბჭო ამტკიცებს მთავრობის მიერ წარმოდგენილ რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სახეობებსა და შემადგენლობას , სამხედრო ძალების სტრუქტურას და რატიფიცირებისათვის უგზავნის სენატს.
  • ე ) საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური , მას 5 წლის ვადით ირჩევენ. პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს რომელიმე პარტიის წევრი.
    • პრეზიდენტი სენატთან ერთად უზრუნველყოფს ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას .
    • პრეზიდენტი საკუთარი კანცელარიის მეშვეობით შეიმუშავებს სარეკომენდაციო წინადადებებს და უგზავნის მათ მთავრობას.
    • პრეზიდენტი აყალიბებს მთავრობას გამარჯვებული პარტიის ან პარტიათა კოალიციის წევრებიდან და დასამტკიცებლად გადაუგზავნის რესპუბლიკის საბჭოს. პრეზიდენტი საქართველოს რესპუბლიკაზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის საფუძველზე, სენატთან და რესპუბლიკის საბჭოსთან შეთანხმებით აცხადებს სამხედრო მდგომარეობას და სათანადო პირობების შემთხვევაში დებს ზავს.
    • ომის დროს პრეზიდენტი არის უმაღლესი მთავარსარდალი , მაგრამ უფლება აქვს სენატთან შეთანხმებით სამხედრო ხელმძღვანელობა გადასცეს პროფესიონალ სამხედრო პირს, ოღონდ ინარჩუნებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას.
    • პრეზიდენტი მთავრობის წარდგინების საფუძველზე ანიჭებს სახელმწიფო ჯილდოებს, უმაღლეს სამხედრო , სპეციალურ და საპატიო წოდებებს, უმაღლეს დიპლომატიურ რანგებს.
    • პრეზიდენტი მთავრობის წარდგინების საფუძველზე შეიწყალებს მსჯავრდებულთ.
    • პრეზიდენტი სენატთან შეთანხმებით კონსტიტუციის და კანონის გათვალისწინებით ნიშნავს წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებს.
    • პრეზიდენტი არის ეროვნული უშიშროების საბჭოს თავჯდომარე, რომლის წევრები არიან : სენატის თავჯდომარე, რესპუბლიკის საბჭოს თავჯდომარე, მთავრობის თავმჯდომარე, აგრეთვე ავტონომიური წარმონაწმნის საკანონმდებლო ორგანოს თავჯდომარე და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური.
    • ეს ორგანო წარმოადგენს მაკოორდინებელ სტრუქტურას რესპუბლიკის უმაღლეს ინსტიტუციებს შორის და განიხილავს ქვეყნის უშიშროების უმნიშვნელოვანეს საკითხებს.
    • პრეზიდენტთან უნდა შეიქმნას რეფორმების ეროვნული ცენტრი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საზოგადოებრივი საბჭო.
  • ვ ) საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური.
    • მთავრობა წარმართავს რესპუბლიკის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, რომლის შემუშავებაშიც ითვალისწინებს პრეზიდენტისა და რესპუბლიკის საბჭოს რეკომენდაციებს, მთავრობა გამოსცემს ბრძანებულებებს და განკარგულებებს, ხოლო რესპუბლიკის საბჭოში შეაქვს კანონების პროექტები, რომელთა რატიფიცირებასაც სენატი ახდენს.
    • მთავრობა უფლებამოსილია გააუქმოს მისდამი ანგარიშვალდებული აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა აქტები.
    • მთავრობა წყვეტს მოქალაქეობისა და თავშესაფრის მიცემის საკითხებს.
    • მთავრობა უფლებამოსილია შეაჩეროს თვითმმართველობის და ტერიტორიული წარმომადგენლობის სხვა ორგანოების საქმიანობა ან დაითხოვოს ისინი, თუ მათი მოქმედება საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოთა უფლებამოსილების განხორციელებას.
    • მთავრობა რესპუბლიკის საბჭოში წარადგენს რესპუბლიკის ბიუჯეტის კანონს.
4. რეფორმის მიზანი

Dignum est - ღირსეულია, იტყოდნენ რომაელები პიროვნებაზე , ვინც რესპუბლიკისათვის საჭირო და სასრგებლო საქმეს გააკეთებდა. კონსტიტუციის რეფორმის მიზანია– სრულყოს ძირითადი კანონი, რათა სრულფასოვნად ამოქმედდნენ ინსტიტუციები, ამ გზით ჩამოყალიბდეს ყველა დონის მაორგანიზებელი ძალა, რომელიც შესაძლებლობათა რეალიზების საშუალებას მისცემს ღირსეულ ადამიანებს – მოუხმობლებს– რათა აკეთონ რესპუბლიკისათვის საჭირო და სასარგებლო საქმე.

ეს მოსაზრებები შარშან გავუგზავნე საკონსტიტუციო კომისიას წელს კი საზოგადოების სამსჯევროზე გამომაქვს.

Share

კომენტარები 

0 # გიორგი 2012-02-27 21:54  
ეს რეფორმები რათქმანდა იმოქმედებს ჩევნს ქვეყანაზ მადლობა ბატონ პაატას :) ციტირება
 
0 # ელისო 2011-01-06 05:53  
ბატონო პაატა,
მხოლოდ ახლაღა და ისიც შემთხვევით წავაწყდი თქვენს სტატიებს. დიდად მოხარული და მადლობელი ვარ ასე საჭირო და მნიშვნელოვანი ნაშრომისთვის.
სამწუხაროდ, საქართველოდან შორს ვიმყოფები (მხოლოდ ფიზიკურად), და საშუალება არა მაქვს პირადად შეგხვდეთ, ვერც თქვენს კოორდინატებს მივაგენი, ამიტომ გთხოვთ, თქვენ დამიკავშირდეთ. მოქმედების დროა.
ჩემი ელფოსტის მისამართია:
ეს კი ვებგვერდი: www.elisoart.com
ციტირება
 
0 # შაქარიე 2010-11-01 23:41  
 
+1 # qeTino 2010-05-28 00:31  
მივესალმები დროულ ზრუნვას კონსტიტუციისაზე ; თანაც ასე გონივრულს; საბაზო მოდელი სრულიად მიუღებელია: ის არ გულისხმობს სისტემურ ცვლილებებს. გთხოვთ შეეხმიანოთ საზოგადოებრივ საკონსტიტუციო კომისიას და მათტან ერთად ხელი წააშველოთ ამ განწირულ ქვეყანას. ციტირება
 

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი