| სტატიის ინდექსი |
|---|
| “TORBO, TORBO, Fratre!..,” ანუ, წამოვჭრათ მსოფლიოს წინაშე "საქართველოს საკითხი" |
| გვერდი 2 |
| გვერდი 3 |
| ყველა გვერდი |
(ნაწილი მეოცე)
სათაურში გამოტანილ, ამ სამ ლათინურ სიტყვას "დაწყნარდი, დაწყნარდი, ძმობილოდ" რომ ითარგმნება, უბირი გლეხისაგან წარმოთქმულს, ევროპელთათვის მანამდე უცნობი ხალხის აღმოჩენა მოჰყვა...
ეს ამბავი IX საუკუნის მიწურულს მოხდა, როცა ბულგარელები ბიზანტიის იმპერიის მიწა-წყალს არბევდნენ. ამ ლაშქრობებისას, კარპატებში შეხიზნულ მოსახლეობასაც გაიყოლიებდნენ ხოლმე დამხმარე მუშახელად... ერთ-ერთი კონტრშეტევისას, ბიზანტიელი ასისთავი წამოეწია გლეხს, რომელიც ბულგარელთაგან ნაძარცვ ქონებას თავისი ვირებით მიეზიდებოდა. საცალფეხო ბილიკზე ვირები ერთმანეთს შეეჯახნენ და ტლინკები ყარეს. აი, მაშინ იყო, მდევრის მოახლოებით შეშინებულმა გლეხმა ვირებს რომ შემოუძახა, ზემოხსენებული სიტყვები. გლეხი, ცხადია, მშობლიურ ენაზე ლაპარაკობდა, ანუ ლათინურად, რომელიც იმ მდევარმა ასისთავმაც იცოდა. ბიზანტიელებს, თავიდან საფიქრალი გაუჩინა ბულგარელთა მხარეზე მებრძოლი "რომაელების" ამბავმა; მაგრამ, შემდგომ, შეძლეს გარკვევა დაკებისა და რომაელი კოლონისტების შთამომავლების თვითიდენტიფიკაციის საკითხში. ასე გაცხადდა რუმინელების არსებობის საიდუმლო, ის ჯერ მათმა მეზობლებმა შეიტყვეს, შემდგომ კი, მთელმა მსოფლიომ. საამისოდ საკმარისი აღმოჩნდა ვირისათვის ნათქვამი სამი სიტყვა...
ჩემის აზრით, დასაფიქრებელი ამბავია, რადგან თითქმის სამი ათასი წელია, ქართველი და საქართველო, ცივილიზებული სამყაროს ყურადღებას იქცევს, მაგრამ ჩვენი იდენტიფიცირება ჯერაც ვერ შეძლეს. ის კი, რაც დაადგინეს და რაშიც დარწმუნდნენ, ხშირად არცთუ სახარბიელოა. რატომ მოხდა ასე? იმიტომ, რომ მსოფლიოს თავი ისე ვერ გავაცანით, როგორც საჭირო იყო, ანუ, ვერ წარვმართეთ ისეთი მიზანდასახული პროპაგანდა ჩვენი ეროვნული იდეისა, რომელიც სათანადო იმიჯს შეგვიქმნიდა და მოკავშირეებს შეგვძენდა. სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა. მიზეზი არის ის, რომ არ აღმოგვაჩნდა საამისო კულტურა, თორემ სხვა საფუძველი ამას არ ჰქონია. ნურავის ეგონება, იდეოლოგიური ბრძოლა, ან რაიმეს პროპაგანდა, მხოლოდ დღეს ხდებოდეს და ისტორიის გარიჟრაჟზე მსგავსი არაფერი ყოფილიყოს. ამას ყველა ეპოქაში ახერხებდნენ ის ერები, ვისაც ამისათვის საჭირო თვითორგანიზება და კულტურა ჰქონდათ. ბიბლიის მკვლევარი, ილია შიფმანი, ძველი აღთქმის ბერძნულად თარგმნას, ეგრეთწოდებული სეპტუაგინტას შექმნას, ასეთი მიზეზით ხსნის: "ბერძენ-მაკედონელი დამპყრობლები ყველა არაელინელს ბარბაროსად მიიჩნევდნენ, რომელთა მონად ყოფნა თავად ბუნებამ განაპირობა. ახლო აღმოსავლეთის ძირძველი მოსახლეობის წარმომადგენლები იმედოვნებდნენ, ბერძნულ ენაზე თავიანთი ისტორიისა და მითოლოგიის გადმოცემის; აგრეთვე, სხვა წიგნების ბერძნულად თარგმნის წყალობით, თავიანთი კულტურული ტრადიციების ჩართვას საერთო-ელინურში და იმის მიღწევას, რომ ისინი ეღიარებინათ ელინებად".
როგორც ხედავთ, საქმე გვაქვს იმის ცდასთან, რომ ერმა თავი დააღწიოს მისთვის მიუღებელ მდგომარეობას. აქედან გამომდინარე, შეზღუდვებს, აკრძალვებს, საერთოდ, ყოველივე იმას, რაც არასრულფასოვნების გრძნობას უღვივებდა ებრაელებს. ამიტომ, მათ გეგმაზომიერი პოლიტიკითა და იდეოლოგიური ხასიათის აქციით სცადეს თავიანთი ხვედრის შემსუბუქება.
ეს ამბავი ეგვიპტეში, პტოლემაოს II ფილადელფოსის მეფობის ხანაში მოხდა, ძველი წელთაღრიცხვის III საუკუნეში... ისტორიამ იცის ბევრი მაგალითი იმისა, თუ როგორ იყენებდა ეთნოსი რელიგიას და ევროპაში მიმდინარე რელიგიურ პროცესებს, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის: ირლანდიელებმა ქრისტიანობა ეგვიპტიდან მოსული მისიონერებისაგან მიიღეს V საუკუნეში. ეს ქრისტიანობა არც მართლმადიდებლური იყო და არც კათოლიკური. ამიტომ, როცა XII საუკუნეში კათოლიკური ინგლისი იწყებს ირლანდიის დაპყრობას, ადგილობრივი ქრისტიანობა ანტიკათოლიკური იდეოლოგიის ხასიათს იძენს, რომელზე დაყრდნობითაც, ოთხი საუკუნის მანძილზე ებრძოდნენ ირლანდიელები დამპყრობლებს. XVI საუკუნეში, ინგლისის მეფემ ჰენრი VIII ტიუდორმა რეფორმაციას მხარი დაუჭირა და თავად მოახდინა ეკლესიის რეორგანიზება, რაც, ცხადია, ანტიკათოლიკური ქმედება იყო. ამრიგად, ირლანდიელთა ბრძოლამ იდეოლოგიური საფუძველი დაკარგა. მაშინ მოხდა მეტად საინტერესო რამ: ირლანდიელები თავგამოდებული კათოლიკენი გახდნენ და მოიპოვეს, ჯერ ერთი, ინგლისელებთან – ამჯერად, პროტესტანტებთან, ბრძოლის იდეოლოგიური დასაყრდენი... მეორეც - კათოლიკური სამყაროს თანადგომა: მათ აშკარად ეხმარებოდნენ რომის პაპი, საფრანგეთისა და ესპანეთის მეფეები...
ინგლისს - ირლანდიის ეს დაპირისპირება დღემდე გრძელდება... კონფესიური კუთვნილებისადმი პრაგმატულმა დამოკიდებულებამ, ერს თვითმყოფადობა შეუნარჩუნა და საბოლოოდ დამოუკიდებლობა მოუტანა. საქართველოს ისტორიაში ამ მაგალითის საპირისპირო რამ მოხდა, როცა რელიგიური ინტერესები უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე სახელმწიფოებრივი. საბედისწერო არჩევანი 1492 წელს გააკეთეს საქართველოს მესვეურებმა. როცა მოსკოვი მართლმადიდებლობის ახალ რელიგიურ ცენტრად მიიჩნიეს და, იქედან დახმარების მიღების იმედით, კისრისტეხით იქეთკენ გაიქცნენ... ასეთი გადაწყვეტილების კურიოზულობა მეტად საინტერესოდ შეაფასა ემიგრაციაში მყოფმა ნოე ჟორდანიამ:
"იბადება საკითხი: იცოდნენ კი, ამ ახირებულმა პოლიტიკოსებმა, არათუ მოსკოვის მმართველობის სისტემა, არამედ მისი გეოგრაფიული საზღვარი მაინც? იმ დროს, როცა კახეთი ითხოვს მისგან ჯარით შველას, მისი სამხრეთი საზღვარი გადიოდა მდინარე ოკაზე (დღევანდელი მოსკოვისა და რიაზანის გუბერნიებს შორის), ქვემოთ მდებარეობდა კაზაკების დამოუკიდებელი რესპუბლიკა, იმის ქვემოთ ყირიმისა და ასტრახანის სახანოები, მერმე ჩერქეზები - ერთი სიტყვით, არავითარი საშუალება რუსეთიდან რაიმე სამხედრო დახმარების მიღებისა. პოლონეთი გაცილებით უფრო ახლო მდებარეობდა ჩვენგან, ვინემ მაშინდელი რუსეთი: არც არავითარი რეალური დახმარება მოსკოვიდან არ მიუღია საქართველოს არც ერთი გაჭირვების ჟამს, ხოლო რუსეთში კი მიმოდიოდნენ ქართველები, შედიოდნენ იქ სამხედრო სამსახურში და თავს დებდნენ მოსკოვისათვის”.
დიახ, ყველაფერი ასე იყო და წინდაუხედავი პოლიტიკის წყალობით, წაგებულიც საქართველო დარჩა. შეფასება სწორია, მაგრამ ანეკდოტს ემსგავსება ის ამბავი, რომ წინაპართა მაკრიტიკებელი პოლიტიკოსი, თავად იგივე შეცდომას იმეორებდა და როგორც ქართველ სოციალ-დემოკრატთა ლიდერი, თავისი პარტიული მოძრაობის ცენტრს რუსეთში ხედავდა.
ნოე ჟორდანია და მისი თანამებრძოლნი რუსულ სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში ისე გულმოდგინედ მონაწილეობდნენ, რომ ამას ლენინიც კი შეუწუხებია, თუმცა, კვლავ მოვუსმინოთ თავად ნოე ჟორდანიას: "მივდივარ ქუჩაზე, ხმა შემომესმა უკნიდან: კასტროვ (ეს ჩემი ფსევდონიმი იყო). მოიცადეთ ერთ წუთს, მოვიხედე, ლენინია. დავიცადე და ერთად გადავედით ქუჩის მეორე ნაპირას. მან მითხრა სიტყვა სიტყვით შემდეგი: ქართაველები ნუ ერევით რუსების საქმეში, თქვენ არ იცნობთ ჩვენს ხალხს, მის პსიხოლოგიას, მის ყოფა-ცხოვრებას და რატომ ხელს გვიშლით ჩვენ ჩვენი საქმეები ჩვენებურად, რუსულად მოვაგვაროთ. მიიღეთ ავტონომია, აკეთეთ საქართველოში რაც და როგორც გსურთ, ჩვენ არ ჩაგერევით, ნურც თქვენ ჩაგვერევით! გამიკვირდა, გავოცდი".
ლენინის დაპირებებმა არ უნდა მოგვატყუოს, მას სჩვეოდა ერთის თქმა და მეორის გაკეთება, ამ შემთხვევაში ქართველთა აქტიურობამ შეაწუხა, ამიტომ იყო ჭკუას რომ არიგებდა მათ ლიდერს, ქართველები აშკარად ცდებოდნენ, სხვის საქმეს თავს აკლავდნენ და უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. იმიტომ, რომ მათ ქმედებებს საქართველოსათვის კარგი არაფერი მოუტანია, რუსული სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ორივე ფრთას, "მენშევიკებსაც" და "ბოლშევიკებსაც", ერთგულად ემსახურნენ, მაგრამ არც ერთი მათგანის პოლიტიკა ჩვენი ქვეყნისათვის სასიკეთო არ ყოფილა...
ქართველებს გვახასიათებს: შეგვიძლია ქვეყნიერებას ვამცნოთ გულისნადები და წამითაც არ დავფიქრდეთ, იქნებ, ამით რაიმეს ვავნებთ ერისა და ქვეყნის ინტერესებს. როცა 1921 წლის სამამულო ომში დავმარცხდით და ჩვენი პირველი რესპუბლიკა დაემხო, ეს ტრაგედია ასე შეაფასა მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნოე რამიშვილმა: - "მთავრობამ ყველაფერი გააკეთა გამარჯვებისათვის, მაგრამ, ხალხმა არ ივარგა". უპრეცედენტო მოსაზრებაა, რადგან დღემდე საკუთარი დანაშაული ასე უბოდიშოდ, ვგონებ, არც ერთ მთავრობას არ გადაუბრალებია ხალხისათვის... როგორც არ უნდა შევაფასოთ ასეთი საქციელი, აშკარაა, ეს ისტორიული პრეცედენტია - პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ასპარეზზე დამკვიდრებული - პიროვნების მიერ საკუთარი ერის მიკერძოებული შეფასებისა. შემდეგაც ბევრჯერ გავმხდარვართ მოწმენი, ყოველივე ქართულის მიმართ ტენდენციური დამოკიდებულებისა... ასეთი მიდგომა ცუდია და გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს: თუმცა, მისი წარმოშობის მიზეზები აშკარაა, ქვეყნის ისტორიული ძნელბედობიდან მომდინარეობს.
















