განახლდა:03:01:34 AM GMT

>>> აზრი ექსპერტი სახელმწიფო ატრიბუტიკა და "საქართველოს საკითხი"
ბანერი

სახელმწიფო ატრიბუტიკა და "საქართველოს საკითხი"

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 1357 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font
სტატიის ინდექსი
სახელმწიფო ატრიბუტიკა და "საქართველოს საკითხი"
გვერდი 2
გვერდი 3
გვერდი 4
ყველა გვერდი
(ნაწილი ოცდამეერთე)
"ყოველგვარი ნაშთი ძველთაგანი,
რომელიც გვიმტკიცებს ჩვენი წინაპრების გონიერებას და
მათი შემოქმედების ძალას, დღესაც კიდევ საჭიროა,
შესაწყნარებელია და არა უარსაყოფელი".
აკაკი წერეთელი

გერბის, დროშისა და ჰიმნის შეცვლასთან დაკავშირებით, სხვადასხვა მოსაზრება გამოითქვა და რამდენიმე პროექტიც გამოქვეყნდა.

 

ამ თემაზე მსჯელობა, კარგა ხნის წინ დაიწყო, ჯერ კიდევ, დამოუკიდებლობის აღდგენამდე რამდენიმე წლით ადრე... აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის ერთი ნაწილისათვის, მიუღებელი ყოფილა ჩვენი პირველი რესპუბლიკის დროს დამტკიცებული სახელმწიფო ატრიბუტიკა, რომელიც, მემკვიდრეობით უნდა რგებოდა მეორეს. ოღონდ, რატომ იყო ის მიუღებელი, ამას, დამაჯერებლად ვერავინ ასაბუთებდა და მოწონება-არმოწონებას არ გასცილებია მათი მსჯელობა... ასეთი მიდგომა არასერიოზული გახლავთ, რადგან ქვეყნის უპირველესი სიმბოლოები, განსაკუთრებით კი, დროშა (რომელსაც ყველაზე მეტი მოწინააღმდეგე ჰყავს), - რაიმე ყოფითი საგანი, თუნდაც, საკაბე ან საშარვლე ნაჭერი არ არის, რომ მოგწონდეს ან არა... პარადოქსულია ასეთი დამოკიდებულება, თუნდაც, იმიტომ, რომ არც თუ ძალიან დიდიხნის წინ მწვავედ განვიცდიდით თავისუფლების არქონასთან ერთად, დამოუკიდებელი სახელმწიფოსათვის აუცილებელი ატრიბუტიკის არ არსებობას. საზოგადოების ეს წუხილი თავისებურად აირეკლა კინოხელოვნებაში, ნანა მჭედლიძის ფილმში, "პირველი მერცხალი" ასეთი ეპიზოდია: ფეხბურთის მატჩის წინ, ინგლისელები მღერიან თავიანთ ეროვნულ ჰიმნს, ქართველი ფეხბურთელები ჯერ დაბნეულები შეჰყურებენ ამ სცენას, რადგან არ იციან, რა ქნან, არც ჰიმნი აქვთ, არც სახელმწიფო, რუსეთის იმპერიის გუბერნიად ქცეული ქვეყნის, პატარა, ზღვისპირა ქალაქის მცხოვრებნი არიან, მერე, თითქოს გონს მოეგნენო, იწყებენ ხალხურ სიმღერას... ამით პასუხობენ ინგლისელებს და სურთ გააგებინონ, - ჩვენც ერი ვართო... ცრემლნარევი ღიმილით უცქერდა მაყურებელი ამ ეპიზოდს, რადგან წინაპართა ეს მიამიტური მცდელობა ეროვნული მეობის დაცვისა, მაშინაც, ამ კინოსურათის გადაღებისას, ანუ, სამოცდაათიან წლებშიც, მეტად აქტუალური იყო. იმ ცრემლით, საუკუნის დამდეგის ქართველთა გაჭირვებას კი არა, უფრო, ღირსებააყრილ ჩვენს ყოფას დავტიროდით...

თუ წინაპრებს ჰიმნი არ ჰქონდათ, სახელმწიფო არ გააჩნდათ და ეს იყო მათი საწუხარი, ფილმის თანამედროვე მაყურებელს, ფორმალურად, ერთიც ჰქონდა და მეორეც - საქართველოს სსრ და მისი ატრიბუტიკა, მაგრამ საინტერესოა დამოკიდებულება, რომელსაც მოსახლეობა ავლენდა მათ მიმართ: რამდენჯერმე მომიხდა დავსწრებოდი ეგრეთწოდებულ "საკავშირო მასშტაბის" ღონისძიებას. მაშინ წესად ჰქონდათ ორი ჰიმნის შესრულება: სსრკ-სა და ე.წ."მოკავშირე რესპუბლიკისა". ჩემი ყურადღება მიიქცია იმან, რომ საბჭოთა კავშირის ჰიმნს მეტ-ნაკლები ყურადღებით უსმენდა საზოგადოება, როცა საქართველოს სსრ-სა დაუკრეს, ერთბაშად მოეშვნენ, ალაპარაკდნენ, ზოგი სავარძელშიც ჩაეშვა და ცხადი გახდა, არაფრად უღირდათ ეს მელოდია. ასეთი რამ ბევრჯერ ვნახე, ხალხი თავს არ იტყუებდა, კარგად იცოდნენ ჩვენი სახელმწიფოებრიობაც ფიქცია იყო და მისი ატრიბუტიკაც. ანტიპათიას თავსმოხვეული სიმბოლიკისადმი, ადრეც ავლენდა ქართველობა: პირველადაც ასევე უარჰყო და არ გაითავისა მონარქისტული რუსეთის მიერ შემოთავაზებული ჰერალდიკური ნიშნები და შემდეგ, არც კომუნისტურ რუსეთს გააბრიყვებინა თავი.

როცა სსრკ-ს ნგრევა დაიწყო, მოგვეცა საშუალება, დაგვებრუნებინა წართმეული გერბი, დროშა და ჰიმნი. ეს იმიტომაც იყო აუცილებელი, რომ თავისუფლებისათვის ბრძოლა ეროვნულ სიმბოლიკას საჭიროებდა. სამწუხაროდ, ამის გაკეთება კურიოზების გარეშე ვერ შევძელით: სწორედ, მაშინ გამოჩნდა უამრავი პარტიული დროშა და ემბლემა. პარტიები კი, ჩვენში, მოგეხსენებათ, საჭიროზე გაცილებით მეტია. ამიტომ, მიტინგები და დემონსტრაციები ფეოდალურ ლაშქარს ემსგავსებოდა და ამ დროშათა ზღვაში იკარგებოდა ეროვნული სამფეროვანი დროშა... რაც შეეხება ჰიმნს, ის თითქმის აღარავის ახსოვდა. ეროვნული მოძრაობის გააქტიურების დღეებში მღეროდნენ "შავლეგოს" და "ჩემო კარგო ქვეყანავ"-ს. მაგრამ, იყო ანეკდოტური შემთხვევაც: 1989 წლის დამდეგს, ერთ-ერთი დემონსტრაციის დროს, სიტუაცია რაიმეს სკანდირებას ან სიმღერას ითხოვდა, სიმღერა ვერ გაიხსენეს და დინამო, დინამოო - აყვირდნენ... არადა, ჰიმნის აგუგუნება სწორედ მაშინ იყო საჭირო, მაგრამ კოტე ფოცხვერაშვილის "დიდება" დავიწყებული გვქონდა...

ეს ყველაფერი მეტად საწყენი იყო, რადგან მსგავსი რამ სხვაგან არსად ხდებოდა და ჩვენი ისტორიული ყოფის თავისებურების ბრალი გახლდათ: დაკარგული იყო ტრადიციული ღირებულებები და ვეღარ ვაცნობიერებდით სახელმწიფო ატრიბუტიკის მნიშვნელობას, ჩვენ თავიდან უნდა გვესწავლა ის, რაც სხვა ერებს შესისხლხორცებული ჰქონდათ.

სემიოლოგია (ბერძნელად სემა ნიშანი და ლოგოს მოძღვრება) არის მეცნიერება ნიშანთა სისტემის შესახებ, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს ცივილიზაციის ისტორიაში და მოიცავს ადამიანის მოღვაწეობის ყველა სფეროს: სახელმწიფოებრივს, რელიგიურს, სამხედროს, სამეცნიეროს, კულტურულს, საინფორმაციოს. ნიშანთა სისტემით ურთიერთობა იწყება უხსოვარი დროიდან და დღემდის წარმოადგენს კომუნიკაციის უმნიშვნელოვანეს საშუალებას. სამწუხაროდ, ჩვენი ტრაგიკული, კოლონიურ-კომუნისტური წარსულის შედეგმა - სახელმწიფოებრივი ცნობიერების დაქვეითებამ, ნიშანთა მნიშვნელობის გაგებაც შეუძლებელი გახადა. ადამიანები სიმბოლოებით აზროვნებას გადაეჩვივნენ. არც თუ დიდი ხნის წინ და, ზოგჯერ ახლაც, სახლების კედლებზე და სადარბაზოებში ნახავდით სვასტიკის ან ხუთქიმიანი ვარსკვლავის გამოსახულებას. არ იფიქროთ, თითქოს ეს რაიმე პოლიტიკური პოზიციის სიმბოლური გამოხატულება ყოფილიყო. არა, უბრალოდ ვიღაცეების ხუშტური იყო... ასეთ რამეს მსოფლიოს ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ, რადგან იქ - ნიშანს, სიმბოლოს, თავისი მნიშვნელობა აქვს და მისი მეშვეობით შეხედულებების, მრწამსის დეკლარირება ხდება. ნიშანი აერთიანებს, აკავშირებს, ყოფს, თიშავს. ერთი სიტყვით, ის ცხოვრების წესის განმსაზღვრული, უდიდესი სოციალური ფუნქციის მქონეა. მთელ რიგ ქვეყნებში, ნიშანთა სისტემის მნიშვნელობას, საგანგებო შრომებსა და კოდექსებში აღნიშნავენ.

ამ თვალსაზრისით, მეტად საინტერესოა 1639-1730 წლებში მცხოვრები იაპონელი სამურაის, დაიადოდძი იუდძან სოგენსუკეს ნაშრომში "ბუსიდოსოსენსიუ" (მეომრის გზა) გამოთქმული მოსაზრება: "ძველ კოდექსებში, დარიგებებსა და გადმოცემებში მოთხრობილია, თუ რაოდენ ბევრი მამაცი მეომარი იქნა მოკლული მათივე მოკავშირეების მიერ, - არაფრის გამო, მხოლოდ იმიტომ, რომ მეომარი სამურაები ივიწყებდნენ ემბლემებსა და ამოსაცნობ ნიშნებს, რომელთა ტარებაც აუცილებელი იყო".

მახსენდება გახმაურებული იაპონური ფილმის აკირა კუროსავას "შვიდი სამურაის" ერთი ეპიზოდი: ყაჩაღებისაგან გლეხების დასაცავად სოფლად ჩასული სამურაები დროშას შეკერავენ, - ისეთს, მათ მდგომარეობას და მიზნის არსს რომ გამოხატავს. ყაჩაღებთან პირველსავე შეტაკებისას, თანამებრძოლი დაეღუპებათ, რაც მათზე დამთრგუნველად იმოქმედებს. სევდამ მოიცვა ისინი, მოიღუშნენ, საბრძოლო სულისკვეთება თითქმის სულ გაუქრათ. მათი უიმედობა, ყველაზე მეტად, სასაფლაოზე დაღუპული მებრძოლის დაკრძალვისას გამოჩნდება. ეს რომ შეამჩნია, ერთმა მათგანმა, ის თვითნაკეთი დროშა გამოიტანა და ააფრიალა. დროშის დანახვისთანავე შეიცვალნენ სამურაები: ნაღვლიანი განწყობილება ქრება, ყველანი საბრძოლველად შემართულნი არიან, - მზადმყოფნი დასახული მიზნის შესასრულებლად. მათ დროშა აქვთ, რომლისათვისაც ბრძოლა და თავგანწირვაა საჭირო.

ვერ გვაქვს ქართველებს, ამ მხრივ, საქმე კარგად, ვერ ვიჩენთ სახელმწიფო ატრიბუტიკისადმი სათანადო პატივისცემას: ერთი ხანობა, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, წესად შემოვიდა, ეროვნული ჰიმნის შესრულებისას გულზე ხელის მიდება, გამოხდა ხანი და ეს ლამაზი ჟესტი დავიწყებას მიეცა... იმიტომ, რომ დამოკიდებულება გვაქვს ასეთი, - უყურადღებო, უპატივცემულო, უდიერი... ყველა შესაფერის და შეუფერებელ დროს გერბის, დროშისა და ჰიმნის შეცვლაზე ვლაპარაკობთ. ასე, მაგალითად: აფხაზეთში მიმდინარე სამამულო ომის დროს, გააფთრებული ბრძოლების პერიოდში, 1992 წლის ნოემბრის ბოლოს, ტელევიზიით, დიდი გადაცემა მიეძღვნა სახელმწიფო ატრიბუტიკის შეცვლის საკითხს. ბევრმა გამოთქვა მაშინ აზრი - პოლიტიკოსებმა, საზოგადო მოღვაწეებმა, ბიზნესმენებმა, მასმედიის წარმომადგენლებმა, რიგითმა მოქალაქეებმა, - ყველა იმას ამბობდა თეთრი გიორგი, სამფეროვანი დროშა და "დიდება" არ გვაკმაყოფილებს, სხვა უნდა შეიქმნასო... ასეთ განცხადებებს ახალი სიმბოლიკის მიღება არ დაუჩქარებია, სამაგიეროდ, ის გამოვიდა, რომ აფხაზეთში მებრძოლ ქართველ ჯარისკაცებს ვუთხარით: თქვენ რომ დროშა გიჭირავთ, ეს ის არ არის, რომელიც უნდა იყოს, ახალს დაგიხატავთ და იმას შეანთხიეთ თქვენი სისხლიო... ამით მებრძოლები დავაეჭვეთ სახელმწიფო ატრიბუტიკის კანონიერებაში, ეს იყო და ეს.



Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი